reportiori.ge - ვინ დაადანაშაულა ალეკო ელისაშვილი კორუფციულ გარიგებებში?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:42
ინტერვიუ
ვინ დაადანაშაულა ალეკო ელისაშვილი კორუფციულ გარიგებებში?
ავტორი:
23 თებერვალი, 2015. 15:10


მეუბნებიან, რატომ გაჩუმდი, რატომ გაიტრუნე, შენც ხომ არაფერში ხარ გარეულიო?"



დავით ნარმანიასა და მისი გუნდის დანაშაულებრივ უმოქმედობაზე, იმ შეცდომებზე, რაც საკრებულომ ამ გუნდის დამტკიცებისას დაუშვა, და თბილისის  გადაუწყვეტელ პრობლემებზე მხოლოდ ოპოზიციონერი დეპუტატები ლაპარაკობენ და ყველაზე ხშირად და ხმამაღლა - დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი:

 

- ალეკო, ასეთი არაფრის მაქნისი მთავრობა თუ ეყოლებოდა თბილისს, ამას ნამდვილად არავინ ელოდა. საკრებულომ, აშკარაა, დიდი შეცდომა დაუშვა, რომ დავით ნარმანიას მიერ შეთავაზებული ვიცე-მერები და მერიის საქალაქო სამსახურების უფროსები  ლამის ტაშ-ფანდურით დაამტკიცა.


- საკრებულომ შეცდომა მაშინ დაუშვა, რომ ჯერ დაამტკიცა მთავრობა და მერე დავიწყეთ ამ მთავრობის წევრთა მოსმენები, მერე გაგვაცნეს თავიანთი ხედვები, სამოქმედო გეგმები და ა.შ. ამას მე მაშინაც ვაპროტესტებდი და ვამბობდი, რომ ორი კვირით გვიან დაემტკიცებინა საკრებულოს მთავრობის წევრები, ამ ორ კვირაში კი მოგვესმინა მათთვის, გაგვეგო, ვინ რას წარმოადგენს და რისი გაკეთების უნარი აქვს, რამდენად გააზრებული ჰქონდათ ის პრობლემები, რაც უნდა გაეკეთებინათ... არაო, მაშინ მიკიჟინებდნენ, გვიანდება, ნარმანიას საჩქაროდ უნდა დავუმტკიცოთ მთავრობა, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს საქმეების კეთება, ეგ ორი კვირა თბილისი მთავრობის გარეშე როგორ დავტოვოთო? 27 კაცი ისე დავამტკიცეთ, რიხინ-რიხინით, არც ერთი მათგანისთვის არ მოგვისმენია. რა გააკეთეს ნარმანიამ და მისმა გუნდმა, ყველანი ვხედავთ, 6-7 თვე ისე გავიდა, არაფერი გაკეთებულა. არ სჯობდა, ის ორი კვირა მოგვეცადა მაშინ, ცოტა ჯეროვანი და ხეირიანი ხალხი შეგერჩია, ნორმალური მთავრობა დაგვემტკიცებინა და ეს 6-7 თვე არ დაგვეკარგა? ორი კვირა როგორმე გაძლებდა თბილისი მთავრობის გარეშე. ახლა რომ ჰყავს მთავრობა, რას ამბობ, ძალიან დაეტყო რა ქალაქს. ნარმანიამ მთავრობის წევრების ბიოგრაფიები წაიკითხა და მათ სახელსა და გვარებსა და ბიოგრაფიებს მისცეს საკრებულოს წევრებმა ხმა. აი, ეს არის სათავე იმ უბედურებებისა, რაც დღეს სჭირს თბილისს. დღეს ელემენტარული საკითხებია ქალაქში მოუგვარებელი და არავინ არ იცის მერიაში, ეს საკითხები როგორ მოაგვაროს. არანაირი გეგმა არ არსებობს, არანაირი ხედვა არ არსებობს. ახლა ირკვევა, რომ ზოგი მაღალჩინოსანი ნარკოტიკების გამო ნასამართლევი ყოფილა, ზოგი გაგებაში არ არის, რა უნდა გააკეთოს, ზოგი ტყემალზე ზის და ისიც ვერ გაუაზრებია, საერთოდ, სად და რატომ მოხვდა.


- რაც უფრო დროულად შეიცვლებიან ნარმანიას გუნდის წევრები, მით უკეთესი იქნება. ხომ არ აპირებთ, საკრებულოს სხდომაზე დააყენოთ კონკრეტული ვიცე-მერებისა და საქალაქო სამსახურების უფროსების შეცვლის საკითხი? გადახედოს და გადაახალისოს ეს არაფრის მკეთებელი გუნდი და შეწყვიტოს ხალხის შეურაცხყოფა.


- კი, გადახალისება აუცილებელია, იმიტომ, რომ ამდენი თვე გავიდა და ვინ რის გაკეთებას აპირებს, რა გეგმა აქვს, კაცმა არ იცის. მერიის ტრანსპორტის სამსახური ავიღოთ. ის ჯართადქცეული „ყვითელი ავტობუსები" ძლივსღა დახრიგინობენ, მძღოლები მე შემომჩივიან, უკვე აღარ იქოქება, ვეღარ დადიან ეს ავტობუსები. სანამ რაღაც დიდი ტრაგედია არ დატრიალებულა, მანამდე არ უნდა მიხედონ ამ პრობლემას? ვერ გაიგეს, რომ მგზავრთა გადაყვანა აღარ შეიძლება ამ „სანდრაბუსებით"? ან საცობების პრობლემა ავიღოთ. ხელი გაუტოკებია ვინმეს ამ საკითხის მოსაგვარებლად? ან „მარშრუტკების" საკითხს, მძღოლებსა და დამქირავებლებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს გადახედეს? ეს ხალხი კაბალურ პირობებში მუშაობს, დილით რომ გამოდიან სახლიდან, 80 ლარი აქვთ ვალი და წელში გაწყვეტამდე მუშაობენ. ამ საკითხის მოგვარებასაც ჰპირდებოდა ნარმანია მძღოლებს, მაგრამ არც მას, არც სატრანსპორტო სამსახურის მესვეურთ, თითიც არ გაუტოკებიათ. არავინ არაფერს არ აკეთებს, სხედან ფართო და ნათელ კაბინეტებში, იღებენ დიდ ხელფასს, დანამატებსა და პრემიებს, მოსახლეობა კიდევ მანქანებით მომსახურების, საწვავის, მობილურისა და სხვა ხარჯების ფულს უხდის და „გრიალებენ", რა. ეს ქალაქი წყალმა რომ წაიღოს ერთ დღეს, მგონი, ეგენი ვერც გაიგებენ. ასე არ შეიძლება და ეს მარტო ტრანსპორტის სამსახურს არ ეხება. ერთადერთი, რომელთანაც პრეტენზია არ მაქვს, ეს მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურია, ვიცი, რომ გამართულად და კარგად მუშაობენ, ყველა დანარჩენ სამსახურთან კი უამრავი კითხვა მაქვს.


საკრებულო ახლა უნდა დუღდეს ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარების გზების ძიებით უნდა იყოს დაკავებული, მაგრამ ისე არხეინად არიან, თითქოს პარიზის საკრებულოს წევრები იყვნენ, არადა, დაიქცეს ლამის ეს ქალაქი. საკრებულო და მერია ახლა კვალიფიციური სპეციალისტების ძიებით უნდა ვიყოთ დაკავებული, ვინც  საქმე იცის, ვინც ამ ათასგვარ პრობლემას მოაგვარებს, ბევრია ასეთი ადამიანი, მაგრამ ახლოს არ იკარებენ არავის, თავად არ იციან, რა და როგორ გააკეთონ და ვინც იცის, მათი დანახვა არ უნდათ. მე აუცილებლად დავაყენებ საკითხს საკრებულოში, რომ მოვიდეს დავით ნარმანია და ჩააბაროს საკრებულოს თავისი 6-თვიანი მუშაობის შედეგები, ასევე, უნდა დავიბაროთ ვიცე-მერები თუ საქალაქო სამსახურების უფროსები, მათაც უნდა ჩაგვაბარონ ანგარიში. საკრებულოს სხდომა ღია უნდა იყოს და მოქალაქეები უნდა დაესწრონ. წინასწარ ვიცი, რომ სათქმელი არაფერი ექნებათ, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს. ცხადია, ამის შემდეგ დავაყენებ კონკრეტული საქალაქო სამსახურების უფროსების გადაყენების საკითხსაც. რომელი სამსახურების უფროსებისას, ამას ამ დღეებში დავაკონკრეტებ, ჯვარი არავისზე არ დაგვიწერია. არ იცი, საქმე როგორ უნდა გააკეთო? წადი სახლში. თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა მოვუწოდო თბილისელ ამომრჩევლებს. მოითხოვონ საკრებულოს 6-თვიანი მუშაობის ანგარიში და ჩაიბარონ ის საკრებულოს წევრებისგან, როგორც პროპორციული სიით არჩეული დეპუტატებისგან, ასევე, მაჟორიტარებისგან. დაიწყონ საკრებულოს თავმჯდომარით და ყველა დეპუტატს მოსთხოვონ ანგარიში, ჩემი ჩათვლით. შესაბამისად, მერიასაც მოსთხოვონ, რა გააკეთა. არ შეიძლება არაფრის კეთებაში 50 დეპუტატი ხელფასს იღებდეს, ასევე, მერიაში უამრავი ადამიანი ხელფასებსა და პრემიებს იღებდეს.


- ალეკო, თბილისისთვის მარადიულ პრობლემაზე, „სითი პარკზე" რას იტყვი? ბოლოს და ბოლოს, არ უნდა დაადგეს საშველი ამ ხალხის გამღლეტავი კომპანიის თბილიდან გაძევებას? დავით ნარმანიას შემოყვანილი უცხოური აუდიტორული კომპანია ამოწმებს „სითი პარკს", მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. „სითი პარკი" ძველებურად ატყავებს ხალხს და ამ აუდიტორულ კომპანიას რაიმე ხელჩასაჭიდი რომ ეპოვა, ეს უკვე გვეცოდინებოდა. გადავუხადოთ რა ის ჯარიმა, რაც მერიას „სითი პარკთან" კონტრაქტის ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში დაეკისრება და დაისვენებს ხალხი.


- მე ვაპირებ ამ მხრივ ძალიან აქტიურ მოქმედებას. ბოლოს დავით ნარმანიამ თქვა, რომ იანვრის ბოლოს უცხოური აუდიტორული კომპანიის დასკვნა მექნება და მერე გეტყვით, რას ვაპირებთ „სითი პარკთან" დაკავშირებითო. შეგნებულად ხმას არ ვიღებდი, მერე ჩემთვის რომ არ დაებრალებინათ, ხელი შეგვიშალა და რაღაც პროცესი დააზარალაო. ისედაც ხომ მაბრალებენ, რომ საკუთარი პიარის მიზნით ვლაპარაკობ სახალხო პრობლემებზე. ახლა უკვე თებერვლის შუა რიცხვებია და ნარმანიამ კიდევ გატეხა სიტყვა, ამიტომ აღარ გავჩუმდები. ამას პირველად ვამბობ, მეც მეუბნებიან, რატომ გაჩუმდი, რატომ გაიტრუნე, შენც ხომ არაფერში ხარ გარეულიო? „სითი პარკთან" დაკავშირებით მერიის უმოქმედობა ყოველგვარ ზღვარს გადასცდა. მართლა არ შეიძლება, 7 თვის განმავლობაში ერთ ადგილს ტკეპნიდე და არაფერს აკეთებდე. 1 კვირის შემდეგ დავიწყებ აქტიურობას და ყველაფერს გავაკეთებ, რომ „სითი პარკთან" კონტრაქტი შეწყდეს და ეს კომპანია თბილისიდან გავაგდოთ. ეს ქალაქი ჩვენია, თბილისელები დატანჯა „სითი პაკმა" და უნდა მოშორდეს აქედან. ნარმანიას თუ არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, ჩვენ, მოქალაქეებმა, უნდა ვაჩვენოთ „სითი პარკს", რა შეგვიძლია და რისი გამკეთებლები ვართ. კონკრეტულად ჯერ არ ვიტყვი, რას და როგორ ვაპირებ, მაგრამ „სითი პარკს" ძალიან სერიოზულად რომ შევანჯღრევთ, ეს ვიცი...

 

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016