სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენობაში განთავსებული ქართული სპორტის მუზეუმი წლეულს 50 წლის ხდება. ნახევარსაუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით, მუზეუმი წლის მანძილზე სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლებს.
23 თებერვალს, ქართული სპორტის მუზეუმში სახელოვანი ქართველი ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის საუკუნოვანი იუბილე აღინიშნა: გამოიფინა მოთამაშის ფოტოები, დიპლომები, ჯილდოები, სხვადასხვა ნივთები და ექსპონატები.
ფოტოგამოფენის გარდა, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისის მოსწავლეებმა სტუმრებს წარუდგინეს ბორის პაიჭაძის შესახებ მომზადებული პროექტი, ხოლო ქართული სპორტის მუზეუმს გულშემატკივრისგან საჩუქრად გადაეცა საბჭოთა კავშირის ნაკრების ფეხბურთელების ავტოგრაფებით დამშვენებული ბურთი.
ბორის პაიჭაძის საიუბილეო ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები, ოჯახის წევრები, ვეტერანი ფეხბურთელები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები დაესწრნენ.