თეატრალური სცენის დიდოსტატი და თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი გასულ კვირას პარლამენტში „ნაციონალურ მოძრაობას" ძალიან მწვავედ დაუპირისპირდა, სააკაშვილის თანაპარტიელებს მხდალები უწოდა და ურჩია, წადით, უკრაინაში ბრძოლის ველზე დაიღუპეთ, უკრაინელი ხალხი გმირებად გაღიარებთ და საქართველოც დაისვენებსო! ზაზა პაპუაშვილი როგორც თეატრალურ სცენაზეც და საერთოდ, ცხოვრებაში, თავისი გულწრფელი ემოციით გამოირჩევა. წინამდებარე ინტერვიუც, თუ შიგადაშიგ ჩემს მიერ დასმულ კითხვებს ე.წ. სასუნთქ პაუზად ჩავთვლით, ზაზა პაპუაშვილის ემოციური პოლიტიკური მონოლოგია, რომელსაც უნიჭიერესი მსახიობი „ასავალ-დასავალის" ფურცლებზე კითხულობს.
- გასულ კვირას პარლამენტში ძალიან მწვავე და ემოციური გამოსვლა გქონდათ. რამ გამოგიყვანათ მდგომარეობიდან?
- სამწუხარო რეალობაა, რომ ნაციონალები პარლამენტში არიან წარმოდგენილნი! ხოლო ის, რომ ნაციონალები ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის რამდენიმეპუნქტიან გეგმას გვთავაზობენ, საერთოდ, მარაზმია! თუ რამე სასიკეთო გეგმა ჰქონდათ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინ განეხორციელებინათ, ვინმემ ხელი შეუშალა?!
საერთოდ, ნაციონალების აბსურდული, დემაგოგიური, დესტრუქციული რიტორიკა ძალიან ძნელი ასატანია და ჩემი ემოციური გამოსვლაც ამან განაპირობა!
ნაციონალები ისევ ძველ კარტს ათამაშებენ, მაგრამ საქართველოს მოსახლეობა ამ საკენკს აღარ აკენკავს!
- რას გულისხმობთ?
- ვგულისხმობ რუსეთის თემას და რუსეთზე გაუთავებელ ლაპარაკს! ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რუსეთის ფაქტორი - ის ჩვენი მარადიული მეზობელია, რომელსაც ვერ ამოვჭრით და სხვაგან ვერ გადავიტანთ, ამიტომაც ისე მოქცევა გვმართებს, როგორც ჩვენი წინაპრები იქცეოდნენ და ქვეყანას იცავდნენ!
რას აკეთებდნენ ჩვენი მეფეები? - ქვეყანა აწიოკებისაგან რომ გადაერჩინათ, ხშირად ხარკსაც იხდიდნენ, შვილებს მძევლად ატანდნენ მტერს, თავიანთ დებსა თუ ქალიშვილებს მტერზე ათხოვებდნენ, ოღონდ საქართველო გადაერჩინათ!
მე არ მინდა, ჩემი ქვეყანა ორი ზესახელმწიფოს ჯახის დროს შუაში გაიჭყლიტოს და გაქრეს!
არ შეიძლება, გიჟებივით ვიძახოთ - პროევროპელები ვართ, პროამერიკელები ვართ, პრორუსები ვართ, პრო... პრო... პრო... ამდენი „პროს" ძახილში საქართველოზე აღარ ვლაპარაკობთ! პატრიოტიზმზე კი აღარ ვლაპარაკობთ!
მიკროფონთან დგომით და რუსეთის ხმამაღალი გინებით რა მივიღეთ, ვინმემ გამაგებინოს!
- რაც მივიღეთ, კარგად ვხედავთ - დაქუცმაცებული და ნაწილ-ნაწილ დაშლილი ქვეყანა!
- დიახ, დღე-ნახევარში წაგებული ომი მივიღეთ! ბრძოლის ველიდან სამარცხვინოდ გაქცეული მთავარსარდალი მივიღეთ!
რატომ ელაპარაკებიან რუსეთს სხვა ქვეყნების ლიდერები და რატომ არ უნდა ველაპარაკოთ ჩვენ?! ჩვენს მეფეებს დამპყრობლებთან არ ჰქონდათ საუბარი და დიალოგი?!
გამაგებინეთ, თუნდაც 2008 წლის ომის დროს რა ხარისხის დახმარება მივიღეთ ჩვენი მეგობრებისაგანა? - მხოლოდ შეშფოთება, აღშფოთება, წყალი და პამპერსი?!
დიახ, ჩვენ ჩვენი ფასეულობებით ევროპული ოჯახის წევრი ვართ და არავისთან სამათხოვრო არა გვაქვს ამ ოჯახის წევრობა! დიახ, მსოფლიო ცივილიზაცია საქართველოს გვერდს ვერ აუვლის! გვერდს ვერ აუვლის ქართულ დამწერლობას, ქართულ პოლიფონიას, ქართულ ხუროთმოძღვრებას!
- თუმცა, ფაქტია, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივა ძალიან შორეულ იმედად მოჩანს!
- დიახ, ევროპული ქვეყნების ლიდერები და ნატო-ს წარმომადგენლები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ნატო-სა თუ ევროკავშირში მიღების პერსპექტივა არ არსებობს!
არადა, ამ პატარა ქვეყანამ - საქართველომ - გაიღო ყველაფერი ძვირფასი რამ, რაც კი გააჩნია - ჯარისკაცების, ახალგაზრდა ყმაწვილების სისხლი! ამაზე მეტი რაღა უნდა მოითხოვონ ამ პატარა, გაჭირვებული ქვეყნისაგან?! ჩვენ სიცოცხლეც კი მივეცით თავისუფლებას!
ჩვენი მრწამსი არ არის სააკაშვილის მრწამსი! სააკაშვილი არ არის საქართველო! სააკაშვილი არის კრიმინალი, რომელიც ციხეში უნდა იჯდეს!
2008 წელს საქართველომ კი არ დაიწყო ომი, არამედ კრიმინალმა სააკაშვილმა შეუწყო ხელი პროვოკაციას და პირდაპირ მტრის ზრახვების თანამონაწილე გახდა!
დიახ, ომი და დავიდარაბა საქართველოს პოზიცია არ არის! ეს არის კრიმინალი სააკაშვილის პოზიცია!
საერთოდ, მეჩვენება, რომ საქართველო გონზე ვერ არის, რაღაც სჭირს, რაღაც დაავადება აქვს შეყრილი!
- რას გულისხმობთ?
- შეხედეთ, ტელევიზიები რას ჰგვანან! როგორ ლაპარაკობენ, რა ლექსიკა აქვთ, რა თემატიკა აქვთ! დეგრადაციაა ყველგან!
ვიღაც ვიგინდარამ ცოლი სცემა თუ ცოლისდას თავში რაღაც ჩაარტყა, ეს ამხელა რანგში რატომ არის აყვანილი და ტელევიზიებში ამაზე ამხელა ისტერიკა რატომ არის ატეხილი?! ვის სჭირდება ამ თემით სპეკულაცია და რას ემსახურება ეს პროპაგანდა?!
გავიგეთ, რომ გარეშე მეტრი გვყავს, მაგრამ ქვეყნის შიგნით რა ხდება, გამაგებინეთ!
გამაგებინეთ, ჩვენს თავთან, გვართან, ჯიშთან, ჯილაგთან კონტაქტი რატომ დავკარგეთ?!
- თქვენ თქვით, რომ სააკაშვილი არის კრიმინალი და იგი უნდა იჯდეს ციხეში, თუმცა, სააკაშვილი დღეს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველია და თბილ კაბინეტში ზის!
- ეს ჩემთვის სრულებით გაუგებარია! როგორც იტყვიან, გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ეს უკრაინის ხელისუფლების არჩევანი არ არის და უფრო სხვა ძალების მიერ მართული პროცესია!
სააკაშვილებსა და მის ძმაბიჭებს საკუთარი სამშობლო არ ჰყვარებიათ და სხვისი როგორ უნდა შეიყვარონ, არ მესმის!
ვდარდობ უკრაინაზე, ძალიან ვდარდობ და ამიტომ ვეუბნები უკრაინელებს - სააკაშვილი და ნაციონალები რა უბედურებასაც დაგმართებენ, მერე ჩვენ - ქართველებს არ დაგვაბრალოთ! ხელი ჩვენკენ არ გამოიშვიროთ!
ძმებო, უკრაინელებო, არ დაგავიწდყეთ, რომ ჩვენ პატიოსნად გაფრთხილებდით - სააკაშვილისა და მისი დამქაშების თანამდებობებზე დანიშვნა კი არა, ქვეყანაში შეშვება არ შეიძლება!
- თქვენ ნაციონალებს პარლამენტის ტრიბუნიდან მოუწოდეთ, წადით ყველანი უკრაინაში და გმირულად დაიღუპეთო!
- დიახ, მოვუწოდე სწორედ იმ რიტორიკიდან გამომდინარე, რაც მათ აქვთ!
კიდევ ვუმეორებ ნაციონალებს - თუ ასეთი ვაჟკაცები და ბრძოლისუნარიანები ხართ, უკრაინაში თანამდებობებსა და კაბინეტებში დასაჯდომად რატომ მიდიხართ, ფრონტის წინა ხაზზე იომეთ! ღმერთმა გადაგარჩინოთ, მაგრამ, თუ დაიღუპებით, უკრაინელები გმირებად გაღიარებენ და საქართველოც დაისვენებს!
ესაუბრა ჯაბა ხუბუა
გაზეთი „ასავალ-დასავალი"