reportiori.ge - ნოდარ ბუჯიშვილი: მამუკა ხაზარაძე ავად რომ არ ყოფილიყო, იმ დღეს მერაბ კოსტავას ხელს არ მოუქნევდა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:34
ინტერვიუ
ნოდარ ბუჯიშვილი: მამუკა ხაზარაძე ავად რომ არ ყოფილიყო, იმ დღეს მერაბ კოსტავას ხელს არ მოუქნევდა!
ავტორი:
24 თებერვალი, 2015. 20:45

 

 

 

მერაბ კოსტავას თანამებრძოლი ზუსტად 26 წლის შემდეგ დუმილს არღვევს!

 

წმინდა წერილში წერია - „საკვირველნი და შეუცნობელნი არიან გზანი უფლისანი!" სწორედ შეუცნობელი და საკვირველი ამბავი შეგვემთხვა ჩვენ, როცა 1989 წლის 18 თებერვალს ზონდერკომკავშირლების მიერ „გეპეის" პირველ კორპუსთან დარბეული მერაბ კოსტავას მიტინგის მთავარი საიდუმლო ზუსტად 26 წლის შემდეგ, 2015 წლის 18 თებერვალს გაიხსნა!


მოგეხსენებათ, ჩვენი გაზეთის რესპონდენტები იმ სამარცხვინო დარბევის შესახებ საოცარ ისტორიებს ჰყვებიან და თითს „გეპეის" მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის კომკავშირის კომიტეტის მაშინდელი მდივნის მამუკა ხაზარაძისკენ იშვერენ - მაგან კომკავშირლების მიერ მიტინგის დარბევის დროს საქართველოს ეროვნულ გმირზე - მერაბ კოსტავაზე ხელი აღმართა და მიიტყიპაო!


საქვეყნოდ ცნობილია ის ამბავიც, რომ თავად მამუკა ხაზარაძე არათუ მერაბ კოსტავაზე ხელის აღმართvaს, არამედ იმ დღეს „გეპეიში" ყოფნის ფაქტსაც კატეგორიულად უარყოფს, აქაოდა, ავად ვიყავიო! თუმცა, ხაზარაძის მიერ მიტინგის დარბევაში მონაწილეობა-არმონაწილეობის შესახებ არსებობს მამუკა ხაზარაძისავე ორი განსხვავებული და ურთიერთსაპირისპირო ჩვენება.


გაზეთ „რეზონანსის" 2001 წლის 10 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში - „ნომენკლატურული რევანში ქართული სისხლის საფასურად", რომელსაც ლაშა ტუღუში და ელისო ჩაფიძე აწერენ ხელს, მოხმობილია მამუკა ხაზარაძის ციტატა, სადაც ის სიტყვასიტყვით აცხადებს: „შემდეგ ათ-ათკაციანი ჯგუფების გადათვლა დაიწყო. პირველები კორპუსიდან გამოვედით მე და ჩემი ფაკულტეტის ბიჭები. დანარჩენები დარჩნენ"...


„რეზონანსის" ზემოხსენებული ნომრის გამოსვლიდან ზუსტად 11 წლის შემდეგ, 2012 წლის 9 თებერვალს, ინტერნეტგამოცემა „For.ge"-ს კორესპონდენტს, ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილს მამუკა ხაზარაძე 1989 წლის 18 თებერვლის მიტინგის სამარცხვინო დარბევის შესახებ სულ სხვა რამეს ეუბნება: „ამ ცუდ ფაქტში, რომელიც, სამწუხაროდ, მოხდა (ვთვლი, რომ ჩვენს უახლეს ისტორიაში ეს ძალიან სამარცხვინო ლაქაა), მე არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია მარტივი მიზეზის გამო - იქ არ ვყოფილვარ, ავად ვიყავი. რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად ხელს შევუშლიდი ამ ყველაფერს. ეს შეიძლება დაადასტუროს ყველამ, მაგრამ სისულელეა ახლა ამაზე ლაპარაკი. მე რატომ მისვამთ მაგ კითხვას? ვიღაცები ცდილობენ, რომ რაღაცაში გამრიონ, მაგრამ ეს არ გამოუვათ. მე არანაირი სურვილი არ მაქვს, რამე ვამტკიცო (იხ. ინტერნეტგამოცემა „For.ge", 2012 წლის 9 თებერვალი, 1989 წლის 18 თებერვლის სისხლიანი მიტინგი". სანტიაგო გაუჩო).

რაც შეეხება საიდუმლოს გახსნის დღეს, ანუ 2015 წლის 18 თებერვალს,  ყველაფერი მედიაკავშირ „ობიექტივის" 16 თებერვლის პირდაპირი ეთერიდან დაიწყო, როცა თქვენი მონა-მორჩილი გადაცემას ვუძღვებოდი და სტუმრად „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" პრეზიდენტი, პოლიტოლოგი ზაალ კასრელიშვილი მყავდა.


სტუდიაში დარეკა ჩემთვის უცნობმა პიროვნებამ და სიტყვასიტყვით ასეთი რამ განაცხადა - „მამუკა ხაზარაძესთან ომში წაგეხმარებით რაღაცაში... მამუკა ხაზარაძემ „გეპეისთან" მერაბ კოსტავაზე გაიწია!"


ეს რომ მოვისმინე, სტუმარს პირდაპირ ეთერშივე ვთხოვე - ძალიან დამავალებთ, თუ ეთერის მიღმა დამიკავშირდებით, ჩემი მობილური ტელეფონის ნომერი გაზეთში სათანადო ადგილზეა მითითებული-მეთქი!"


უცნობი დამთანხმდა - აუცილებლად დაგირეკავთო!


გადაცემა დამთავრდა თუ არა, რამდენიმე წუთში ჩემი ტელეფონი აწკრიალდა - უცნობი მირეკავდა, რომელიც ეროვნული მოძრაობის ძველ ჯარისკაცად და ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თანამებრძოლად, 1955 წლის 23 ნოემბერს დაბადებულ ნოდარ ბუჯიშვილად გამეცნო!


სამი ვაჟის მამა და შვილიშვილების ბაბუა, ბატონი ნოდარი, რომელიც აფხაზეთის ომის მონაწილე და „წმინდა ილია მართლის საზოგადოების" დამფუძნებელია, დღეს უკეთილშობილეს მეუღლესთან, ქალბატონ რუსუდანთან ერთად ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბაისუბანში ცხოვრობს.


1989 წლის 18 თებერვლის მიტინგის სამარცხვინო დარბევის დეტალები, ზუსტად 26 წლის შემდეგ, 2015 წლის 18 თებერვალს, ნოდარ ბუჯიშვილმა დეტალურად გაიხსენა!

 

- ბატონო ნოდარ, უპირველეს ყოვლისა, მინდა, დაგიდასტუროთ ჩემი და ჩვენი რედაქციის ღრმა პატივისცემა... და მაინც, რა მოხდა 1989 წლის 18 თებერვალს თბილისში, „გეპეის" პირველ კორპუსთან?


- 18 თებერვალს აქცია გვქონდა დაგეგმილი... ქალაქკომში განაცხადი შევიტანეთ, რომ მიტინგს ვგეგმავდით, მაგრამ როგორც ყოველთვის, მაშინაც უარი გვითხრეს. ჩვენ ხელისუფლებას არ დავემორჩილეთ, შევიკრიბეთ სულმნათი მერაბ კოსტავას ეზოში და დავიძარით. ჯერ მილიციამ გადაგვიკეტა გზა, ხოლო ტელევიზიის შენობასა და „გეპეის" კორპუსს შორის ე.წ. „ვასმოი პოლკი" ჩაგვიდგა.


- ბატონო ნოდარ, კარგად გაიხსენეთ, ე.წ. მერვე პოლკის ჯარისკაცებს რკინის ჩაჩქანები, ე.წ. „კასკები" ხომ არ ეხურათ თავზე?

 

- კი, ბატონო, ნამდვილად ეხურათ! შავი ფორმები ეცვათ და „კასკები" ეხურათ! ნაცრისფერი სამხრეები ეკეთათ, რომელსაც გარშემო წითელი ზოლი მოჰყვებოდა.


- ბევრნი იყვნენ მერვეპოლკელები?

 

- ალბათ, 500-700 კაცი იქნებოდა! „კასკებიც" ეხურათ, ჯავშანჟილეტებიც ეცვათ და ხელკეტებიც ეჭირათ...


- თუ გახსოვთ, ვიდეოკამერით იღებდნენ ამ ყველაფერს?


- კი, რა თქმა უნდა, „პირველი არხი" იღებდა... იური მეჩითოვიც იღებდა, თუ არ ვცდები ფოტოსურათებს. იური სულ ჩვენთან ერთად დადიოდა...


- თქვენ მაშინ რა ფუნქციას ასრულებდით მიტინგზე და სად მუშაობდით?


- 1988 წლის 23-28 ნოემბრის ცნობილი აქციების შემდეგ, რომელსაც გიორგი ჭანტურია უძღვებოდა, რუსთავის მეტალურგიული ქარხნიდან გამათავისუფლეს. პირადად დამიბარა მეტალურგიული ქარხნის დირექტორმა გურამ ქაშაკაშვილმა და გამომიცხადა - სამსახურიდან გათავისუფლებული ხარო! რაც შეეხება ჩემს ფუნქციას, მე და ჩემი მეგობრები, თუ შეიძლება ასე ითქვას, მერაბ კოსტავას დაცვის ფუნქციას ვასრულებდით. ამას ფარულად ვაკეთებდით და მერაბმა ეს რომ გაიგო, ძალიან გვიწყინა, რა დავიმსახურე საიმისო, რომ მე დაცვის ობიექტი ვარო?! ვიცოდი და ვგრძნობდი, რომ მერაბს მოგვიკლავდნენ და ამიტომ სულ მის გვერდით ვიყავით. „გეპეის" პირველ კორპუსთან რომ მივედით, მერაბმა მეგაფონით დაიწყო საუბარი - ჩვენ დაპყრობილი ერი ვართ და უნდა გავთავისუფლდეთო! ამ დროს „გეპეის" პირველი კორპუსის კარი გახსნა და იქიდან ვიღაცამ შეიგინა...


- ბატონო ნოდარ, ამ დროს თქვენ სად იყავით?

 

- მერაბ კოსტავას ვედექი გვერდით... „გეპეის" პირველი კორპუსის დიდი კარი რომ გაიღო, გამოვარდნენ კომკავშირელი აქტივისტები და ატყდა ჩხუბი. მერაბს ცოტა მაღალი ბიჭები ვედექით გვერდით... ამ დროს მოვარდა მამუკა ხაზარაძე და მერაბ კოსტავას მთელი ძალით მოუქნია ხელი, უნდოდა ჩაერტყა. მერაბს ხელი არ მოხვედრია, რადგან ჩვენ შევუშალეთ ხელი და მერაბს ვერ მიწვდა. ამასობაში მამუკა ხაზარაძეს ერთმა ჩვენიანმა კარგადაც მოსცხო.


- თავდამსხმელი ნამდვილად მამუკა ხაზარაძე იყო? ხომ არ ცდებით?

 

- კი, რა თქმა უნდა, მამუკა ხაზარაძე იყო, მაგის სახეს რა დამავიწყებს.


- თქვენ მამუკა ხაზარაძეს მაშინ იცნობდით?

 

- ჩემი მეგობარი, იაგო ბადაგაძე იცნობდა და მაგან მითხრა - ეგ არის რუსთავის ქალაქკომის მდივნის ძალიან ახლო ნათესავი მამუკა ხაზარაძეო!


- რუსთავის ქალაქკომის მდივანი მაშინ ვინ იყო?

 

- თემურ ხაზარაძე! ჩემმა მეგობარმა იაგო ბადაგაძემ გამიმეორა - თემურთან ჩამოდის რუსთავში და ვიცი, რომ მამუკა ხაზარაძეაო!

 

- დღევანდელი გადასახედიდან იმ თავდასხმის მომენტს რომ იხსენებთ, ნამდვილად მამუკა ხაზარაძემ აღმართა ხელი მერაბზე?

 

- კი, ეგ იყო ნამდვილად!

 

- მამუკა ხაზარაძე ირწმუნება - იმ დღეს „გეპეიში" საერთოდ არ ვყოფილვარ, ავად ვიყავიო!

 

- მამუკა ხაზარაძეს ბევრი რამის თქმა შეუძლია... ისე კი, მამუკა ხაზარაძე ავად რომ არ ყოფილიყო, იმ დღეს მერაბ კოსტავას ხელს არ მოუქნევდა! კაცი თერთმეტი წელი ტანჯვაში იყო, ციხიდან რომ გამოვიდა, ადამიანის ფერი არ ჰქონდა, ძარღვში სისხლი არ ჰქონდა ცხონებულს და ასეთ კაცს რომ ხელს მოუქნევ, კარგად მყოფი როგორღა ხარ?


- კიდევ ერთხელ გეკითხებით - მერაბ კოსტავას მამუკა ხაზარაძის ხელი  მოხვდა?

 

- აი, ასე რომ მოუქნია ხელი, ბიჭები ვედექით მერაბს და არ მივუშვით, თორემ მოარტყამდა...


- ბატონო ნოდარ, მამუკა კაციტაძე თუ გახსოვთ 1989 წლის 18 თებერვლის მიტინგიდან?

 

- მამუკა კაციტაძეც იმ ჯგროში იყო... 1993 წელს, აფხაზეთის ომში მამუკა კაციტაძეს შევხვდი და ვუთხარი - გპატიობ, რომ მაშინ იქ იყავი-მეთქი! მამუკა კაციტაძემ მითხრა - შენ საიდან იცი ეგ ამბავიო? - როგორ, საიდან ვიცი, ბიჭო, მერაბს კუდში დავდევდი-მეთქი!


- ვის მხარეს იყო მაშინ მამუკა კაციტაძე?

 

- კომკავშირლების მხარეს იყო, აბა, ვის მხარეს იყო?!


- მეტი არაფერი უთქვამს კაციტაძეს?

 

- არაფერი, „გაატარა" , რა... მეც „გავატარე", ომში ვიყავით და იქ მტერი მეც და მამუკა კაციტაძესაც ერთი გვყავდა.

 

- ბატონო ნოდარ, მამუკა კაციტაძე ამბობს, მე მაშინ „გეპეის" კლუბის თავმჯდომარე ვიყავი და ეროვნული მოძრაობის მხარეს ვიდექიო!

 

- ფიქრია ჩიხრაძეც ამბობს, დისიდენტი ვიყავიო! მაგენი ერთი „კამანდა" იყვნენ... 9 აპრილის მერე რომ დაინახეს, სხვა გამოსავალი აღარ იყო, „გაკეთილშობილდნენ" და გადმოხტნენ აქეთ!

 

- ამ თავდასხმის შესახებ მერაბ კოსტავასთან არ გისაუბრიათ? და საერთოდ, იცოდა კი, ვინ მოუქნია ხელი?


- მერაბმა მაშინ გვითხრა - კომკავშირლებს შევუნდოთო! მერაბი სხვანაირი კაცი იყო... მამუკა ხაზრაძეს კი, მერაბს რომ მოუქნია, რა დამავიწყებს?! მაგის დავიწყება შეუძლია მხოლოდ სიკვდილს!


- ხომ არ გახსოვთ, რა ეცვა იმ დღეს მამუკა ხაზარაძეს?

 

- ვერ აღვიდგენ, 26 წელია გასული...


- ჩვენ შეგვიძლია, გაჩვენოთ ფოტოსურათი, ასევე ვიდეომასალა, რომელზეც, ჩვენი ღრმა რწმენით, მიტინგის დამრბეველი ხაზარაძეა ასახული. შეგიძლიათ, ამოიცნოთ?

 

- მანახეთ! აი, ეს არის, ქუდიანი, მაგას რა დამავიწყებს!


- ახლა ვიდეოკადრებს განახებთ!

 

- აი, აი, ეგ არის მამუკა ხაზარაძე, მაგის დავიწყება როგორ შეიძლება?! ეგ სამარის კარამდე მემახსოვრება! მერაბი ისეთი სტიქია და ისეთი მოვლენა იყო, მერაბზე ხელის ამწევ კაცს რა დამავიწყებს?! ეგ არის, სწორედ მამუკა ხაზარაძეა!


- დღევანდელი გადასახედიდან, 26 წლის შემდეგ, რას ეტყვის ნოდარ ბუჯიშვილი მერაბ კოსტავაზე ხელის ამწევ მამუკა ხაზარაძეს?

 

- იმ პერიოდში, როცა მამუკა ხაზარაძე და მისთანები კომუნისტობდნენ და იცავდნენ სისხლიან რეჟიმს, შიშით ყლაპავდნენ ნაპარავ ლუკმას, ხოლო დღეს არამ ლუკმას ყლაპავენ სიამოვნებით! აი, ამით წერტილს ვუსვამ ყველაფერს...

 

- ბატონო ნოდარ, მამუკა ხაზარაძის გარდა, რომელი ცნობილი კომკავშირლების გვარები გამოიკვეთა მიტინგის დამრბეველეთა შორის?

 

- სხვებს ვეღარ ვიხსენებ, მაგრამ მამუკა ხაზარაძე იყო გამოკვეთილი, რადგან მერაბს ხელი მოუქნია. ამიტომ დამამახსოვრდა და სანამ ცოცხალი ვარ, ამას რა დამავიწყებს?! ერთ წამსაც ვერ დავივიწყებ, რადგან მერაბზე ხელის აწევა როგორ შეიძლებოდა, მის ტანჯულ სხეულს კიდევ შეხება უნდოდა? ჩვენ მამუკა ხაზარაძეს მოვკლავდით, მაგრამ ეს პიროვნება თვალთახედვიდან გაქრა. მერე 9 აპრილიც მოხდა და ასე მინავლდა ეს ამბავი... თან სულმნათი მერაბიც გვეუბნებოდა - ხომ კომკავშირლები არიან, მაგრამ მაინც შევუნდოთ და ერთად ვაშენოთ ქვეყანაო!


- მამუკა ხაზარაძეს თუ შეხვედრიხართ?

 

- არა, არასოდეს!


- რომ შეხვდეთ, რას ეტყვით?

 

- რა უნდა ვუთხრა... თვითონ ხომ იცის, ვინც არის? ამდენი რამ გამოვიარე, ახალგაზრდა როდის ვიყავი, აღარც კი მახსოვს... ან რას იბრალებენ და რას ლაპარაკობენ? გაჩუმდეს მაინც ხაზარაძე... გამოვიდეს სახალხოდ ტელევიზიით, ბოდიში მოიხადოს და თქვას - ხალხო, ასე და ასე მომივიდა, მერაბ კოსტავაზე ხელი ავწიეო! შეცდომა ვის არ მოსვლია, ხოლო ბოდიშის მოხდა ვაჟკაცი კაცის საქმეა! მოიხადოს ბოდიში, მით უფრო, რომ მერაბ კოსტავამ მაგათ ყველას შეუნდო! მოკლედ, ვეღარ მოვიცალეთ მამუკა ხაზარაძისთვის, რადგან უამრავი ტრაგედია მოხდა - მერაბი მოგვიკლეს, მერე აფხაზეთის ომი, ინფარქტიც გადავიტანე... ისე კი, მამუკა ხაზარაძე რომ გაგველახა, განა სიამოვნებას ვიგრძნობდით ამით? მაგისთანას ხელი არც უნდა გაარტყა!


P.S. პატივცემულო მკითხველო წინამდებარე საგაზეთო ინტერვიუს არანაირ კომენტარს არ გავუკეთებ, ერთს კი ვიკითხავ, - ხაზარაძევ, ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ ისევ მართალი ხარ და ისევ ცილს გწამებენ?


ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016