ლარის გაუფასურების ძირითადი მიზეზი საგარეო ვალების უკონტროლო აღებაში უნდა ვეძებოთ. ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალის 75% 2006-2012 წლებში იქნა აღებული.
ლარის კურსი - ფრაზა, რომელსაც პროფესიის მიუხედავად ყველა ყველაზე ხშირად ახსენებს. თუმცა, როდესაც ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის პირობებში, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 20%-ზე მეტად იცვლება და როდესაც მკვეთრი ცვლილებები რამდენიმე დღეში ხდება, ამგვარი დაინტერესება და საკითხის ამგვარი აქტუალობა სრულიად ბუნებრივია.
ყველაზე ხშირად ლარის კურსის ცვლილების მიზეზებზე და პროგნოზებზეა საუბარი. თუმცა ორივე ამ მიმართულებით ბუნდოვანება საკმაოდ დიდია. გამომდინარე იქედან, რომ ლარის დოლართან მიმართებაში დაცემის უამრავი მიზეზი სახელდება, რომლებიც ხშირად ერთმანეთს ეწინააღმდეგება, რთულია ერთმნიშვნელოვნი პასუხის გაცემა, თუ რამ გააუფასურა ლარი. არანაკლები ბუნდოვანებაა პროგნოზების მიმართულებითაც, კურსის პროგნოზირებას ახალი სტატისტიკა ჭირდება, საგადასახდელო ბალანსის უახლესი სტატისტიკა, რომელიც ლარის კურსის ცვლილების ფუნდამენტურ ფაქტორების გაანალიზების საშუალებას იძლევა, ჯერ მხოლოდ გასული წლის მესამე კვარტალის სურათს ასახავს.
სწორედ საგადასახდელო ბალანსსა და ლარის კურსს შორის კავშირზე გავამახვილებ ყურადღებას ამ სტატიაში. მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ ლარის კურსის განმსაზღვრელ ფუნდამენტურ ფაქტორებზე და 2000-2014 წლების მაგალითზე განვიხილოთ, თუ როგორ გავლენას ახდენდა ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები გასულ წლებში ლარის კურსზე.
ლარის სტაბილურობა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული უცხოურ კრედიტებზედა გრანტებზე, ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკა ვერ უზრუნველყოფს იმ მოცულობის უცხოური ვალუტის მოზიდვას, რომელიც ლარის სტაბილურობას შეუწყობს ხელს. ამის მოსაზრების გასამყარებელ არგუმენტად 2000-2014 წლებში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე და კაპიტალის და ფინანსური ანგარიშების ტენდენციები მოყვანაც საკმარისია.
ეკონომიკა, რომელიც ვერ უზრნველყოფს დოლარის მოზიდვას
ლარის დევალვაციის ფონზე ხშირად მიდის საუბარი მთავრობის უუნარობაზე და არგუმენტად მოყავთ ის ფაქტი, რომ წინა ხელისუფლების დროს ლარის კურსი დოლართან მიმართებაში უფრო მყარი იყო. მაგრამ, თუ გადავხედავთ საგადასახდელო ბალანს, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ საქართველოსდა დანარჩენ მსოფლიოს შორის ეკონომიკურ ოპერაციებს, ანუ ქვეყანაში შემოსულ და ქვეყნიდანგასულ უცხოურ ფულად მასას ასახავს, ნათლად იკვეთება, რომ 15 წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურა არ შეცვლილა ისე, რომ მოეზიდა უცხოური ვალუტა ექსპორტის ზრდის და სხვა წყაროების გზით. სავაჭრო ბალანსი იყო და რჩება მკვეთრად დეფიციტური, რის გამოც ინვესტიციების, გზავნილების და სხვა წყაროებით მიღებული უცხოური ვალუტის მასა, მხოლოდდა მხოლოდ ანეიტრალებს, აბათილებს ქვეყნიდან გადინებულ უცხოურ ვალუტას. ანუ რა მოცულობის უცხოური ვალუტაც შემოდის, იმდენი გადის.
ეს ტენდენცია კარგად ჩანს დიაგრამა 1-ზეც, სადაც ყოველწლიურად დეფიციტურ მიმდინარე ანგარიშს, პროფიციტური კაპიტალის და ფინანსური ანგარიში აბალანსებს.
მიმდინარე და კაპიტალის და ფინანსური ანგარიში აჩვენებს უცხოური ვალუტისიმ მასას, რომელსაც იზიდავს ეკონომიკა კრედიტების და გრანტების გარეშე. თუ დიაგრამა2-ს შევხედავთ, ნათლად დავინახავთ ქართული ეკონომიკის „ტრაგედიას უგმიროდ", ანუ იმ რეალობას, რომ 15 წლის განმავლობაში, რეალურად, კრედიტების და გრანტების გარეშე მოზიდული უცხოური ვალუტის მასა 100 მილიონ დოლარს ოდნავ აღემატება. 15 წლის განმავლობაში მხოლოდ 8-ჯერ გადააჭარბა ქვეყანაში შემოსულმა უცხოური ვალუტის მოცულობამ, ქვეყნიდან გასულივალუტის მოცულობას, თანაც უმნიშვნელოდ.
საინტერესოა, როგორ ვითარდებოდა ლარის კურსი ასეთ პირობებში. დიაგრამა 3 სწორედ ლარის დოლართან მიმართებაში ბოლო 15 წლის ტრენდს ასახავს. ტრენდს თუ დავაკვირდებით, იმ ფონზე, როდესაც ეკონომიკა ვერ იზიდავდა უცხოურ ვალუტას და მიმდინარე ანგარიში იყო მკვეთრად დეფიციტური, ლარი დოლართან მიმართებაში მყარდებოდა.
ამ ტენდენციების შემხედვარე, ჩნდება კითხვა - როგორ ხდებოდა ლარის გამყარებადა სტაბილურობის შენარჩუნება, თუ ეკონომიკა ვერ ახდენდა უცხოური ვალუტის მოზიდვას? ამ კითხვაზე ნათელი პასუხი საგარეო ვალის სტატისტკაშია.
საგარეო ვალით გამყარებული ლარი
საგარეო ვალის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ბოლო 15 წელიწადში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი (როგორც სახელმწიფო, ისე კერძო) თითქმის 6-ჯერ გაიზარდა და2014 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 13 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. სამთავრობო სექტორის სახელმწიფო ვალი დროის იგივე პერიოდში 3.5-ჯერ გაიზარდა. თუმცა საინტერესოა ვალის ზრდის ტემპი წლების მიხედვით. ეს ტენდენცია ნათლად ჩანს დიაგრამა 4-ზე.
როგორც დიაგრამაზე ვხედავთ, ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალის ზრდის ტემპი განსაკუთრებით მაღალი 2006-2012 წლებში იყო. ანუ ეკონომიკა, რომელიც განვითარებით ვერ იზიდავდა უცხოურ ვალუტას, იზიდავდა მას ვალებით, რაც იყო ლარის სტაბილურობის და უცხოური რეზერვების ზრდის წყარო.
დღეს ხშირად მიდის საუბარი იმაზე, განსაკუთრებით ოპოზიციის მხრიდან, რომ მათ უზრუნველყვეს რეზერვების ზრდა და ლარის სტაბლურობა, თუმცა იშვიათად საუბრობენ იმაზე, რის ხარჯზე მოხდა ეს „მიღწევა". რეზერვების და ლარის სტაბილურობის წყარო მომდინარეობდა არა ეკონომიკის წინსვლიდან, არამედ საგარეო კრედიტების შემოდინებიდან. ვინაიდან, ქვეყნის მთლიანი საგარეოვალის 75% 2006-2012 წლებში იქნა აღებული, ანუ 15 წლის ნახევარ პერიოდში აღებული იქნა საგარეო ვალის 75%.
სწორედ, ეს კრედიტები უზრუნველყოფდა რეზერვების ფორმირებას და ლარის მხარდაჭერას, მაგრამ 2013 წლიდან ქვეყანამ საგარეო ვალის დიდი მოცულობით დაბრუნება დაიწყო და როგორც დიაგრამაზე 4-ზე ჩანს, საგარეო ვალმა ზრდა პრაქტიკულად შეწყვიტა. შესაბამისად, დეფიციტური საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის ფონზე, ქვეყანაში უცხოური ვალუტის მნიშვნელოვანი წყარო, საგარეო კრედიტები, „გამოგვეცალა", რის გამოც რეზერვების (იხილეთ დიაგრამა 5) ზრდა და ლარისკურსის მხარდაჭერა ვერ ხერხდება.
თუმცა, ეს არის საკითხის ერთი მხარე, გარდა უცხოური ვალუტის შემოდინებისა, მნიშვნელოვანია ეროვნული ვალუტის მასის ზრდის დინამიკა, რომელიც ასახულია დიაგრამა6-ზე.
მართალია, ლარის მასის ტრენდი მზარდია, თუმცა მისი ზრდის ტემპი ჩამორჩება უცხოური კრედიტების შემოდინების ტემპს. თუ მთლიანი საგარეო ვალი 2006-2012 წლებში დაახლოებით 6-ჯერ გაიზარდა, იგივე პერიოდში სარეზერვო ფული 3,4-ჯერ, ხოლო M2 აგრეგატი 3,7-ჯერ გაიზარდა. უცხოური და ადგილობრივი ფულის მასების მსგავსი დინამიკა ქმნიდა ლარის გამყარების და რეზერვების გაზრდის შესაძლებლობას. თუმცა, როდესაც საგარეო ვალის ზრდის ტემპი განულდა, ფულის მასის ზრდის ფონზე ეროვნულმა ბანკმა კრედიტებით შევსებული რეზერვების ხარჯვა არ დაიწყო და ლარის დევალვაციის გზას დაადგა.
ამდენად, რამდენი ლარის კურსის ვარდნის რამდენი მიზეზიც არ უნდა ვეძებოთ, რამდენიც არ უნდა ვაბრალოთ მთავრობას რეალობა ერთია, ლარის სიმყარე დაფუძნებული იყო უცხოურ ვალებზე და როდესაც დიდი მოცულობით დავიწყეთ ვალების გადახდა, რის გამოც საგარეო ვალის ზრდის ტემპი პრაქტიკულად გაჩერდა, ლარსაც „საყრდენი" გამოეცალა. არსებობს პრობლემის გადაჭრის ორი გზა: პირველი, ლარის სტაბილურობის მხარდაჭერა კვლავ საგარეო კრედიტებით, რაც წლების მანძილზე ხდებოდადა მეორე, ეროვნული ვალუტის სტაბილურობის მიღწევა ეკონომიკური ზრდით, რომელიც წლების მანძილზე არ ხდებოდა.
ავტორი: ნოდარ ჭიჭინაძე
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი