პარლამენტში სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის განხილვა უკვე დაიწყო. ჯერ საკომიტეტო მოსმენები მიმდინარეობს და მომავალ კვირაში სესიაზეც გაიტანენ. რა იცვლება კანონით პატიმრებისა და ციხეების თანამშრომლებისთვის? როგორ მოხდება თანამშრომელთა შერჩევა? რა ნიშნით გადანაწილდებიან პატიმრები და ვის ექნება შეღავათები?
„ალიას" სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილე, კახა კახიშვილი ესაუბრა:
- ბატონო კახა, საკომიტეტო განხილვისას ბრძანეთ, რომ ამ რეფორმით რეჟიმი გამკაცრდება, მაგრამ უფრო ჰუმანური გახდებაო. ეს რას ნიშნავს?
- თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყანაში აუცილებლად უნდა იყოს დაცული ადამიანის უფლებები, მეორე მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის საპატიმრო დაწესებულებები, სარეჟიმო დაწესებულებები და თითოეულ რეჟიმს სჭირდება დაცვა. აქედან გამომდინარე, ისეთი მიდგომა, რომ ოღონდ ბუნტი ნუ იქნება და რაც უნდათ, ის უკეთებიათ, ვერ იქნება. ამიტომ ჩვენ ვუყურებთ რეფორმის ფარგლებში იმას, რომ მსჯავრდადებულებმა სამართლიანი მიდგომები იგრძნონ, კონკრეტულად, თუ ეკუთვნის, აუცილებლად მიიღებს და თუ არ ეკუთვნის, ვერ მიიღებს, მიუხედავად იმისა, ვინ დგას მის უკან და რა პრივილეგიებით უნდა, რომ ისარგებლოს. ასეთი მიდგომა რომ იქნება, თავად მსჯავრდადებულებიც მიხვდებიან, რომ უნდა დაემორჩილონ რეჟიმს. როცა ვსაუბრობთ რეჟიმების თემაზე, აღვნიშნავთ, რომ იქნება მკაცრი რეჟიმის დაწესებულება, ნაკლებად მკაცრი რეჟიმის, მაღალი რისკის, დაბალი რისკის. ეს იმას ნიშნავს, რომ სამინისტრო შეეცდება, მოახდინოს მსჯავრდადებულების ფილტრაცია მათი შემოყვანისთანავე. მსჯავრდადებულებს ახლა ანაწილებს დეპარტამენტის თავმჯდომარე, ეს მისი დისკრეციული უფლებაა, მაგრამ ახლებური მიდგომებით ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას, რომ მსჯავრდადებულების განაწილება მოხდეს მულტიდისციპლინური ჯგუფის დასკვნის საფუძველზე. იმისთვის, რომ მოვახდინოთ მსჯავრდადებულების ფილტრაცია და ე.წ. კრიმინალური მენტალიტეტის მსჯავრდადებულების განცალკევება სხვა მსჯავრდადებულებისგან, რომელთაც უნდათ, რომ სრულად მოიხადონ სასჯელი, დაბალი რისკის დაწესებულებაში ყოფნის დროს მათ უფრო მეტი შეღავათი ექნებათ, ეს დადებითად აისახება მისი პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების საკითხზე, ან თუ უნდათ, შეწყალების საკითხზე, ამ მსჯავრდადებულებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ ისინი არიან დაცულები. ისინი მხოლოდ თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებისგან კი არ უნდა დავიცვათ, არამედ სხვა მსჯავრდადებულებისგანაც.
- როგორ აპირებთ მსჯავრდადებულების გადანაწილებას?
- მხოლოდ დანაშაულის კატეგორიაზე დამკვიდრებული გადანაწილება არის არასწორი და პრაქტიკამაც აჩვენა. ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს უმძიმესი დანაშაული, მაგრამ თავისი ბუნებით არ იყოს კრიმინალური მენტალიტეტის, მისი გადაყვანა მაღალი რისკის დაწესებულებაში იმის გამო, რომ დიდი დანაშაული ჩაიდინა, არ არის გამართლებული. რადგან ამ რეჟიმის დაწესებულებაში იქნებიან განთავსებულნი კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანები. მეორე მხრივ, ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს ნაკლებად მძიმე დანაშაული, მაგრამ ამავდროულად, იყოს აშკარად კრიმინალური მენტალიტეტის მატარებელი. ასეთი ადამიანი არ უნდა განთავსდეს დაბალი რისკის დაწესებულებაში. მოგეხსენებათ, ქურდული სამყარო ყოველთვის ცდილობს გავლენების მოპოვებას, ისიც გათვალისწინებულია, რომ შესაძლოა, მიზნად იყოს დასახული დაბალი რისკის დაწესებულებაში მათი იდეალების დამცველი პირის ,,მივლინება", რომ ეს გავლენები დაამყაროს. ამისთვის, როგორც პრაქტიკამ გვაჩვენა, სხვადასხვა ხერხებს იყენებენ, სპეციალურად სჩადიან ხოლმე ნაკლებად მძიმე დანაშაულს, რომელიც არ არის მრავალი წლით დასჯადი, ხვდებიან დაწესებულებაში და ცდილობენ, გაატარონ ქურდული ტრადიციების მატარებელი პოლიტიკა. ამას ჩვენ აღვკვეთთ.
- პაემნების ნაწილში რა ცვლილება იქნება?
- მაღალი რისკის დაწესებულებაში შეზღუდული იქნება პაემნები, სატელეფონო ზარები, დაბალში კი, რა თქმა უნდა, მეტი პაემანი იქნება. პირობით განთავისუფლების დროს კომისია გაითვალისწინებს ყოფაქცევას და ის, რომ დაბალი რისკის დაწესებულების მსჯავრდადებულს მეტი უპირატესობა ექნება, ეს გარანტირებულია ამ რეფორმით.
- კიდევ რა სიახლეებს უნდა ველოდოთ თქვენი რეფორმებით?
- მაგალითად, იგივე მულტიდისციპლინური ჯგუფის შექმნა, დაწესებულების დებულების შემუშავება. დღეს არც ერთ ციხეს არ აქვს დებულება, არც ერთმა თანამშრომელმა არ იცის მისი უფლებამოსილება და ასრულებს მხოლოდ დირექტორის მითითებას. ეს თავისთავად ქმნის პრობლემას ამ თანამშრომლის ქმედების შეფასებისას. როცა ადამიანმა არ იცის, რა უნდა აკეთოს, აკეთებს ყველაფერს, რასაც დაავალებენ. ახალი პოლიტიკით ეს საკითხი დარეგულირდება, ის ხელს მოაწერს დებულებას, რომ გამოირიცხოს თავის მართლება, არ ვიცოდი, რომ ამის უფლება არ მქონდაო. გენინსპექციას მიეცემა უფლება, პრევენციულად შეამოწმოს დაწესებულება, რადგან ახლა მხოლოდ ფაქტის შემდეგ ხდება მოკვლევა. ახალი რეფორმით, პოსტფაქტუმ კი არ მოხდება გამოძიება, პრევენციულად ავიცილებთ გართულებებს, რადგან მას ექნება ფუნქცია, ნებისმიერ დროს შეამოწმოს დაწესებულება. შემუშავებულია დებულებები სათვალთვალო კამერების შესახებ, დღემდე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თვალთვალი ხორციელდებოდა ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე, ერთი პირის გადაწყვეტილებით. რამდენ ხანს უნდა ყოფილიყო ჩართული, ამას ერთი ადამიანი წყვეტდა. გლობალური მასშტაბით იქნება ეს რეფორმა.
- უფლებადამცველები ამბობენ, რომ სისტემაში ისევ რჩებიან ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს დანაშაულებს სჩადიოდნენ. ამ მხრივ რა ხდება?
- სისტემაში თანამშრომლები ხვდებიან ან კონკურსში გამარჯვების, ან ვინმეს პროტექციით, ქუჩიდან ხვდებიან სისტემაში და უნდა იმუშაონ რთულ ადამიანებთან. ამ მხრივაც იგეგმება ცვლილებები. ადამიანი, რომელიც მოთავსებულია იზოლატორში, რომელმაც იცის, რომ 10 წელი უნდა იყოს ციხეში, იმყოფება დეპრესიაში. მასთან სპეციალური მიდგომაა საჭირო. დაგეგმილია სავალდებულო სწავლება. ადამიანი, რომელიც კონკურსში გაიმარჯვებს, სანამ მუშაობას შეუდგება, კურსანტის რანგში მივლინებული იქნება ჩვენს სასწავლო ცენტრში, სადაც 2 კვირის მანძილზე გაივლის სწავლებას, დაეუფლება საკუთარ უფლებამოსილებას, რათა იყოს უფრო მომზადებული. ამ სწავლების შედეგად გავლილი გამოცდების დროს აღებულ ქულებზე იქნება დამოკიდებული თითოეული თანამშრომლის ხელფასი. შეიძლება ორ ადამიანს ერთნაირი სამსახური ჰქონდეს, მაგრამ სხვადასხვა ხელფასი. სწორედ ქულები განსაზღვრავს ამას. ასევე, კრიზისების მართვის მექანიზმებს გავწერთ კანონით.
- ეს რას ნიშნავს?
- თუ რომელიმე დაწესებულებაში მოხდება ბუნტი, ან დაუმორჩილებლობა, კანონმდებლობა ბოლომდე არ არეგულირებს, რა უნდა გააკეთოს დირექტორმა, როგორ კოორდინაციაში უნდა იყოს დეპარტამენტის დირექტორთან და მინისტრთან. ამას დავარეგულირებთ ამ კანონით და უზრუნველყოფილი იქნება კონკრეტული გადაწყვეტილების კოორდინებული მიღება, რომ გაუგებრობები და გამწვავება ავირიდოთ თავიდან. რეფორმის ფარგლებში იგეგმება დეპარტამენტის ლიკვიდაცია და მის ბაზაზე შეიქმნება სპეციალური სამსახური, არ იქნება საქვეუწყებო დეპარტამენტი, როგორც აქამდე იყო სამინისტროში. ასევე ვარეგულირებთ მინისტრსა და დეპარტამენტის დირექტორს შორის ურთიერთობას. დღეს ეს პრობლემა არ არის, მაგრამ არავინ იცის, ხვალ რა იქნება, ამიტომ კანონით გავწერთ ამას. ასევე, ყველა ოფიცერია, ვინც დეპარტამენტში მუშაობს. ახლა გაიყოფა ეს სტრუქტურა, ზოგი დარჩება სამხრეების ქვეშ, დანარჩენები კი იქნებიან საჯარო მოხელეები, როგორიცაა იურისტები, ბუღალტრები. სოციალური მუშაკები, ასევე, არიან ოფიცრები და მათი სამხრეების მიმართ დიდი ნდობა არაა, ახლა ისინი გახდებიან სამოქალაქო პირები.
- როდის იქნება სასესიო განხილვა?
- პაკეტი უკვე შესულია პარლამენტში და მეორე ნაწილს სტრუქტურულად დავალაგებთ. უფრო მეტად ციხეების დეცენტრალიზაციისკენ მივდივართ. შეიძლება, სოციალური სამსახური ცალკე ერთეულად გამოვყოთ. ჯერ შედგა საკომიტეტო განხილვა და მომავალ კვირას გავა სესიაზე. მივილტვით იმისკენ, რომ მოხდეს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება. უნდა შეიცვალოს მიდგომები სისტემის მიმართ სისტემურად და არა ისე, როგორც ძველ დროს იყო, წამების გზით რომ ხდებოდა მსჯავრდადებულების მოთოკვა და დამორჩილება.
ჟანა ასანიძე
გაზეთი „ალია"