ეკონომიკის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბიუჯეტი 400 მილიონი ლარით შემცირდება, რათა ბიუჯეტი იყოს შესაბამისი ეკონომიკური ზრდის პროგნოზთან, რომელიც, სავარაუდოდ, 5%-დან 2%-მდე ჩამოვა. ექსპერტების თქმით, სწორია ადმინისტრაციული ხარჯის შემცირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, თუმცა, ეს არაა საკმარისი.
„უნდა მოხდეს ფინანსური რესურსის უფრო ეფექტიანი გადანაწილება. პირველი, უნდა შემცირდეს ადმინისტრაციული ხარჯები. მთავრობის ადმინისტრაციული ხარჯი მიმდინარე წელს დაახლოებით 12 მლნ ლარით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით და შეადგენს 32,5 მლნ ლარს. ამავე დროს, შესაძლებელია, მოხდეს სხვადასხვა უწყებების გაერთიანება, იმ უწყებებისა, რომელთა ცალ-ცალკე ფუნქციონირება ნაკლებად ეფექტიანია და მესამე, შესაძლებელია, მოხდეს იმ ხარჯების შემცირება, რაც ხელს უწყობს სახელმწიფო როლის ზრდას, მაგ.: სუბსიდიები სოფლის მეურნეობის სექტორში", - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების" ეკონომიკური ანალიტიკოსი ნუცა თოხაძე.
როდის მიმართავს მთავრობა ბიუჯეტის კორექტირების მოთხოვნით პარლამენტს, ეს ჯერ ცნობილი არ არის.
(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)