შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის, იაკობ გოგებაშვილის მედლის კავალრის, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, ღირსების ორდენის კავალრის თემურ ჟღენტის მოსაგონარი საღამო გაიმართა. საღამოზე მისმა მეგობრებმა და მოსწავლეებმა გაიხსენეს თემურ ჟღენტის მოღვაწეობის პერიოდი, მასთან ერთად გატარებული დრო.
საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის მეგობრები აცხადებენ, რომ თემურ ჟღენტი წლების მანძილზე უდიდეს საქმეს აკეთებდა და დიდი წვლილი შეიტანა ახალგაზრდების აღზრდასა და განათლებაში.
თემურ ჟღენტი გახლდათ არაერთი უნივერსიტეტის აღორძინების ხელშემწყობი. იგი სათავეში ედგა მოსწავლე ახალგაზრდობის სახლს, საბავშვო ანსამბლ „მზიურის" დაარსების პერიოდში.
სხვადასხვა წლებში გახლდათ შოთა რუსთაველის თეატრის დირექტორი, ასევე სერგო ზაქარიაძის სახელობის ხელოვნების კოლეჯის დირექტორი.
თემურ ჟღენტმა დააარსა ფოლკლორის ლაბორატორია. ინსტიტუტებში შეიტანა ქორეოგრაფის სპეციალობა.
მისი დაარსებულია ანსამბლი „როკვა", ასევე, ომარ სიხარულიძესთან ერთად ანსამბლი „ქალგულო".
თემურ ჟღენტი გარდაიცვალა 72 წლის ასაკში. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.