reportiori.ge - "არემჯი გოლდი" ხალხს წამლავს, ხელისუფლება დუმს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:29
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
"არემჯი გოლდი" ხალხს წამლავს, ხელისუფლება დუმს!
ავტორი:
27 თებერვალი, 2015. 16:26


ნინო მიქიაშვილი, სპეციალურად „საქართველოს რესპუბლიკისთვის"


იმაზე, თუ რა ხდებოდა ჯორჯიის უნივერსიტეტში, მაშინ, როცა საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს დასაცავად კარვების აქცია მიმდინარეობდა; რომელი მძიმე მეტალებითაა დაბინძურებული ბოლნისისა და დმანისის რაიონები; როგორ ხვდებიან ისინი ნიადაგში; რისი ჭამა შეიძლება და რას უნდა მოვერიდოთ; რა იწვევს ძვლების სიმყიფეს; რატომაა საშიში ჭარხლის მიღება და სიმინდის თმის ნახარშის დალევა, შევხვდი და ვესაუბრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის კონდენსირებული გარემოს ფიზიკის განყოფილების უფროსს ალეკო ღონღაძეს და რადიოლოგიური კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელს პაატა იმნაძეს.



საყდრისის დასაცავად მიმდინარე კარვების აქციის პარალელურად, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული ჯორჯიის უნივერსიტეტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და კულტურის მინისტრმა მიიღეს წერილები, რომელშიც საყდრისის უნიკალურობასა და მისი შენარჩუნების აუცილებლობაზე მიუთითებდნენ. ამასთან, ჯორჯიის უნივერსიტეტისთვის ცნობილი გახდა იმ კვლევის შედეგი, რომელიც ბოლნისისა და დმანისის რაიონების გარკვეულ სოფლებში ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომლებმა ჩაატარეს. შედეგი ამერიკელი მეცნიერებისთვის ძნელად დასაჯერებელი აღმოჩნდა. მათ ნიადაგის ნიმუშების გაგზავნა მოითხოვეს. რადგან ამერიკული კანონმდებლობა ნიადაგის შეტანას კრძალავს, ამიტომ, ჯორჯიის უნივერსიტეტმა ბოლნისსა და დმანისში აღებული ნიადაგის ამერიკაში მოხვედრაზე თავად იზრუნა. ის, რაც ქართველმა მეცნიერებმა თბილისში გამოიკვლიეს, ჯორჯიის უნივერსიტეტმა დაადასტურა. რადგან იქ არსებული ხელსაწყოები თანამედროვე და ეფექტურია, ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევებში ქართველი მეცნიერებისთვის აქამდე უცნობი ფაქტებიც გამოვლინდა.



ჯორჯიის უნივერსიტეტში არის ხელსაწყო (მაღალი მგრძნობელობის მას-სპექტრომეტრი), რომელსაც ბუნებაში გავრცელებულ ელემენტებიდან 84 მეტალის ერთდროულად გაზომვა დიდი სიზუსტით შეუძლია. „აქედან გაგზავნილი ნიადაგის ნიმუშების გაზომვას ორი კვირა დასჭირდა. შედეგით გაოგნებულები დარჩნენ", - გვითხრა ალეკო ღონღაძემ.



პაატა იმნაძის განმარტებით, ფიზიკის ინსტიტუტი კაზრეთთან 1982 წლიდან იყო დაკავშირებული. იქ ფუნქციონირებდა ნეიტრონულ-აქტივაციური ანალიზის ლაბორატორია, ქვეკრიტიკული გამამრავლებელის ბაზაზე. 1993 წელს ლაბორატორია თბილისში გადმოიტანეს, რაც ქვეყანაში შექმნილმა არასტაბილურმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ განაპირობა. ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომელთა თქმით, კაზრეთში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ახლა მადანს ღია კარიერული წესით მოიპოვებენ, არის პოლიმეტალების საბადო, სადაც მენდელეევის მთელი პერიოდული სისტემაა წარმოდგენილი.



„ცნობილია, რომ ჩვენი ყველაზე ძველი საცხოვრისები სწორედ დმანისის რაიონშია აღმოჩენილი. ეს ჩვენი უძველესი ცივილიზაციის ადგილია. ქართველთა წინაპარი უძველესი დროიდან ადნობდა ფოლადს და ფლობდა მაღალი ხარისხის ფოლადის დნობის საიდუმლოს. დიდი ალბათობით, ეს განპირობებული იყო სწორედ იმ უნიკალური პოლიმეტალური საბადოს არსებობით, რომელიც დღევანდელი კაზრეთის ტერიტორიაზეა წარმოდგენილი", - ამბობს პაატა იმნაძე.



ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომელთა განმარტებით, ბოლნისის რაიონში, მადნის ღია კარიეული წესით მოპოვებისა და გადამუშავების შედეგად, ამა თუ იმ ნივთიერების, მათ შორის მძიმე ლითონების კონცენტრაცია ლოკალურ ადგილებში მკვეთრად იზრდება. ეს იწვევს მძიმე ლითონების კონცენტრაციის ზრდას, როგორც მცენარეულ საფარში, ასევე, ცხოველური წარმოშობის საკვებ პროდუქტებში და შესაბამისად ადამიანის ორგანიზმში, რამაც მათ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს.



ალეკო ღონღაძე: „კადმიუმის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების (ზდკ) ზედა კრიტიკული ზღვარი , მცენარეებსა და საკვებ პროდუქტებში, არის 0,1 მილიგრამი კილოგრამში. მადნის მოპოვების მიზნით ქანების აფეთქებისას, ათი ტონა ქანის აფეთქებას თან ახლავს 60 კილოგრამი კადმიუმის გადმოფრქვევა, რომელიც ძირითადად ნიადაგში რჩება და იქიდან მცენარეები ითვისებენ. მაგალითად ავიღოთ მწვანე ამარანტა, იგივე ფხალი, რომელსაც ადგილობრივები საკვებად იყენებენ. სოფელ ბალიჭში მოკრეფილ ამარანტაში კადმიუმის შემცველობა ზდკ-ზე 30-32-ჯერ მეტია. მწვანე ამარანტას საკვებად გამოყენება დაუშვებელია".



მეცნიერის განმარტებით, საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სოფლებში მოყვანილი სიმინდი ჯანმრთელობისთვის უვნებელია, მაგრამ დაუშვებელია სიმინდის თმის გამოყენება, რომელსაც ხარშავენ და სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ სვამენ, მათ შორის, სისხლძარღვების გასაგანიერებლად, ღვიძლისთვის და სხვ. კადმიუმის შემცველობა სიმინდის თმაშიზდკ-ზე 80-ჯერ მეტია. კადმიუმი იწვევს თირკმელების, ფილტვების დაავადებას და ძვლების სიმყიფეს.



ალეკო ღონღაძე: „საქართველოში მოქმედი სტანდარტის მიხედვით კადმიუმის შემცველობა კილოგრამ ნიადაგში არის 0,3-0,5მგ/კგ. 2014 წელს ბალიჭში კადმიუმი იყო 0,24-ზე ნაკლები, მაგრამ ყველში კადმიუმის რაოდენობა ზდკ-სთან შედარებით 3-ჯერ მეტი გახლდათ. რძიდან ყველში კადმიუმის 15% გადადის. წარმოიდგინეთ, რამდენი იყო ძროხის რძეში, რასაც ბავშვებს აჭმევენ! ჩვენ რძის სპეციალისტები არა ვართ. ჩვენ გავზომეთ და დანარჩენს ცალკე კვლევა სჭირდება. ჯორჯიის უნივერსიტეტში დაადგინეს, რომ ბალიჭის ნიადაგში დარიშხანიც არის. ეს აქამდე არ ვიცოდით. სოფელ ქვეშში უფრო მეტია. აქამდე ასევე არ ვიცოდით, რომ ნიადაგში მოჭარბებულად არის სტრონციუმი".



ალეკო ღონღაძის თქმით, იქაური ჭარხალის ჭამა და შაქრის ჭარხლის გამოყენება დაუშვებელია, რადგან მათში თავს იყრის კადმიუმის უდიდესი რაოდენობა, მაშინ, როცა, პომიდორში, ხახვში, ნიორში კადმიუმის შემცველობა არ აღემატება ზდკ-ს.



ალეკო ღონღაძე: „სოფელ დიდ დმანისში ერთ კგ. ნიადაგში 104-105 მილიგრამი ბარიუმია. საყდრისში - 516 მგ. ეს ჯორჯიის უნივერსიტეტის მონაცემებია. ამდენი ბარიუმი ნიადაგში აფეთქების შედეგად ხვდება. მაგალითად, კუპრუმი, იგივე სპილენძი საყდრისში არის 85-89 მგ. კილოგრამში. შეადარეთ - ბარიუმი ხუთჯერ მეტია".



პაატა იმნაძე: „ბარიუმის შენაერთებს მრავალგვარი გამოყენება აქვს. მაგალითად, რენტგენის ყველა კაბინეტი ბარიტითაა გალესილი, რადგან ბარიუმი რენტგენის სხივებს კარგად შთანთქავს. ბარიუმი გამოიყენება აგრეთვე ბირთვული რეაქტორების ბიოლოგიური დაცვისთვის. ძალიან დიდი მოთხოვნაა ცეზიუმზე. მას ფართოდ გამოიყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებში, რის გამოც მისი ფასი მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. სუფთა ცეზიუმი უკვე ოქროზე ძვირად ფასობს. ჩვენი საბადო საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს ელემენტ ცეზიუმს, მაგრამ სამწუხაროდ, ამ სიმდიდრეს სრულებით არ ვიყენებთ".



ალეკო ღონღაძე: „ცეზიუმი საყდრისში, ერთ კგ. ნიადაგში არის 1,44-1,45მგ/კგ. ქვეშსა და კირისციხეში ორს აღემატება. ნახიდურში 2,39-ია. წუღრუღაშენში 1,8 მილიგრამი კილოგრამ ნიადაგში, მაშინ, როცა ოქრო არის ოთხი მეასედი მილიგრამი კილოგრამზე".



აბულმუგის ისტორიულ ხეობაში ნისლის დიდი ფენა ადევს ხოლმე იმ ადგილს, სადაც გამოსატუტი მოედნების გვერდით მადანს დღე და ღამე ფქვავენ. კითხვაზე - რით არის მავნებელი ეს პროცესი? პაატა იმნაძის პასუხი ასეთია - „მძიმე ლითონები გარემოში იფრქვევა, ნიადაგში ჩადის და შემდეგ მცენარისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების საშუალებით ადამიანის ორგანიზმში ხვდება. ყველაზე საშიშია, როცა ორგანიზმში მძიმე მეტალები სასუნთქი გზებით ხვდება, ვინაიდან ფილტვებიდან ისინი თითქმის აღარ გამოიდევნებიან".



საყდრისში მიმდინარე კარვების აქციის დროს ვხედავდით, რომ დაცვის პოლიციის თანამშრომლები იძახებდნენ სასწრაფოს, მათ გული ერეოდათ, ჰქონდათ მაღალი ტემპერატურა. ალეკო ღონღაძე ვარაუდობს, რომ ამგვარი სიმპტომები კადმიუმითა და დარიშხანით გამოწვეული ინტოქსიკაციის შედეგი შეიძლება ყოფილიყო.



კაზრეთსა და ბალიჭში ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანებს კბილები ჩამოშლილი აქვთ. პაატა იმნაძე ამბობს, რომ გარემოში სტრონციუმისა და კადმიუმის მაღალი კონცენტრაცია საშიშია, რადგან ადამიანის ძვლოვან ქსოვილში ეს ელემენტები ქიმიურად ანაცვლებენ კალციუმს და იწვევენ მისი კონცენტრაციის შემცირებას. ძვლებში კალციუმის შემცველობის კლება შესაბამისად ამცირებს ძვლების სიმტკიცეს და მნიშვნელოვნად აზიანებს მათ, მაგალითად კბილებს.



პაატა იმნაძე: „საქართველოში სიმსივნური დაავადებები ძალიან გაახალგაზრდავდა, რასაც შესაძლებელია მნიშვნელოვანწილად, სწორედ მძიმე ლითონებით გარემოს დაბინძურება განაპირობებდეს."



ჯორჯიის უნივერსიტეტიდან კვლევის შედეგი, რომ მიიღეს, ფიზიკის ინსტიტუტმა 2014 წლის 12 დეკემბერს წერილით მიმართა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილს. ქართველმა მეცნიერებმა მათ კვლევის საგანგაშო შედეგების შესახებ აცნობეს და მოსახლეობის ინფორმირება მოითხოვეს.



ჯანდაცვის მინისტრმა ფიზიკოსების წერილი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გადაამისამართა. ამ ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ირმა ხონელიძემ 2014 წლის 31 დეკემბერს ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორ გელა გელაშვილს ასეთი რამ მიწერა:



„...ჩვენ სავსებით ვიზიარებთ თქვენს ყველა მოსაზრებას, თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ წერილში დასმული საკითხების გადაწყვეტა, კერძოდ, მოსახლეობის ინფორმირება, თუ რომელი საკვები პროდუქტია უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის, ეროვნული ცენტრის კომპეტენციაში არ შედის. ეროვნული ცენტრი გამოთქვამს მზადყოფნას თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთოს ზემოაღნიშნული პრობლემის მოგვარებაში".



გია ცაგარეიშვილმა ფიზიკოსების წერილი სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაგზავნა. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პრობლემაში გარკვევა სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაავალა. 2015 წლის 5 იანვრით დათარიღებულ წერილში სააგენტოს უფროსი ზაზა დოლიძე წერს - „2014 წლის სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში ბოლნისის რაიონში აღებულ იქნა სასმელი წყლის 16 სინჯი (მ.შ. 4 დაბა კაზრეთში და 1 სოფელ რატევანში), ასევე ადგილობრივი წარმოების ნედლი რძის 5 ნიმუში და გამოკვლეული იქნა შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიებში. კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ აღებულ სინჯებში/ნიმუშებში მძიმე მეტალების (მ.შ. კადმიუმის, სპილენძისა და თუთიის) შემცველობა არ აღემატება საქართველოში დღეისათვის მოქმედი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ დონეებს". წერილის ბოლოს აღნიშნულია, რომ 2015 წლის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის დაგეგმვისას გაითვალისწინებენ მძიმე მეტალების კვლევას სურსათის სხვა სახეობებშიც.



ალეკო ღონღაძის თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემოწმებული რძე აღებული იყო სოფელ რატევანში არსებული ფერმიდან, სადაც თივა მაღალი მთიდან ჩამოაქვთ და საქონელსაც იქ აძოვებენ. „ეს რძე უსაფრთხოა.საინტერესოა, ბალიჭიდან რატომ არ აიღეს?!" - კითხულობს მეცნიერი.



ხელისუფლების შესაბამისი რგოლებიდან არასათანადო რეაგირების შემდეგ მეცნიერმა დახმარებისთვის ნანი ჭანიშვილს მიმართა, რომელიც „ობიექტივში" საავტორო გადაცემას უძღვება. ჯორჯიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევისა და ქართველი მეცნიერების სანაქებო აქტიურობის შესახებ მეც „ობიექტივის" გადაცემიდან შევიტყვე და ფიზიკის ინსტიტუში მივედი.



ალეკო ღონღაძისა და პაატა იმნაძის თქმით, მადნეულის საბადოზე, სადაც მადნის მოპოვება ღია კარიერებიდან მიმდინარეობს, ნიადაგის, წყლისა და ჰაერის დაბინძურება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.კერძოდ:განხორციელებული აფეთქებების სიძლიერეზე, ტემპერატურაზე, ქარზე, ნალექზე და სხვ. ისინი თვლიან, რომ ამ მიმართულებით შესაძლებელია ფათომასშტაბიანი სამეცნიერო კვლევების დაგეგმვა და განხორციელება. მათი აზრით, აუცილებელია არსებული მდგომარეობის უფრო მეტად სიღრმისეული და ფართომასშტაბიანი განხილვა, მიმდინარე პროცესების დინამიკის შესწავლა:



"ამისათვის, უპირველესად აუცილებელია ბოლნისის რაიონის ყველა სოფელში და მასთან ერთად ჭიათურისა და ზესტაფონის რაიონების სოფლებში სისტემატიური მონიტორინგის ჩატარება. აგრეთვე მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ სხვა კვლევითი ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების შესაბამისი სამეცნიერო პოტენციალი. რაც შეეხება ფიზიკის ინსტიტუტს - აღნიშნული მიმართულებით ის კვლავ გააგრძელებს დაწყებულ კვლევებს. ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხით სახელმწიფოს დაინტერესების შემთხვევაში სხვა უნივერსიტეტებთან ერთობლივი თანამშრომლობით შევძლებთ ამ მძიმე პრობლემის გადაჭრას. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირის ბაზარი ჩვენთვის მხოლოდ თეორიულად იქნება ღია. მძიმე ელემენტებით დაბინძურებულ სურსათს იქ არავინ მიიღებს".


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016