reportiori.ge - ვინ იყო ვარდენ ღვანკითელი, ვინც აკაკისთან გაპაექრებას ბედავდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 22 სექტემბერი, 2024. 00:39
სხვადასხვა
ვინ იყო ვარდენ ღვანკითელი, ვინც აკაკისთან გაპაექრებას ბედავდა
ავტორი:
27 თებერვალი, 2015. 19:55



მე-20 საუკუნის დასაწყისში ქართულ ლიტერატურულ და თეატრალურ წრეებში კარგად იყო ცნობილი ვარდენ ღვანკითელის სახელი. პროფესიით რკინიგზელი იყო - ამიერკავკასიის რკინიგზაზე გამყოლად მუშაობდა, თუმცა, მისი მოწოდება პოეზია და თეატრი იყო. წერდა ლექსებს "ღვანკითელის" ფსევდონიმით,  გვარად კი ყიფიანი იყო.

ვარდენ ღვანკითელმა განსაკუთრებული პოპულარობა აკაკისთან გაპაექრებით მოიპოვა.


"შენ საჩხერის არწივი  ხარ,

მე - ღვანკითის შევარდენი,

შენც პოეტი, მეც პოეტი,

შენ აკაკი, მე ვარდენი", - ასეთი ლექსი უძღვნა ვარდენმა აკაკის და აკაკი რის აკაკი იქნებოდა, რომ არ ეპასუხა:


"წერე, წერე, ჩემო ვარდენ,

მტერს დაასე ისარიო,

თუ მწერალი არ გამოხვალ,

წერას მაინც ისწავლიო".


როგორც ჩანს, აკაკის ალღომ არ უმტყუნა - ვარდენი პოეტი მართლაც ვერ გახდა და ამ ერთი სახალისო ეპიზოდით შემორჩა ლიტერატურის ისტორიას.


ვარდენ ღვანკითელზე კიდევ ერთი ისტორიაა ცნობილი, რომელიც, ზემოხსენებული ამბისგან განსხვავებით, არ არის სახალისო, სამაგიეროდ, ამ ადამიანის იშვიათ სიმამაცესა და დიდსულოვნებაზე  მეტყველებს.


წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაიამ) 1922 წლის 7 თებერვალს მიმართვა გაუგზავნა გენუის სამშვიდობო კონფერენციას. ქართველი ერის სულიერი მამა საქართველოდან საოკუპაციო ჯარის გაყვანას მოითხოვდა.


უწმინდესს იმედი ჰქონდა, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ უგულებელყოფდა "პატარა საქართველოს ელემენტარულ მოთხოვნილებას" და დაიხსნიდა მას "ძალმომრეობის და სამარცხვინო მონობის კლანჭებიდან". მიმართვას შედეგად ის მოჰყვა, რომ გაცოფებულმა ჩეკისტებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დააპატიმრეს და სახალხო გასამართლებაც  მოუწყვეს.  მისი მაგინებლებიც მოიძებნენ, მაგრამ ყველაფერი ერთი ადამიანის გამოსვლამ "გააფუჭა". სიტყვა მუშაკ-მწერალმა (როგორც მაშინ უწოდებდნენ) ვარდენ ღვანკითელმა ითხოვა. მისცეს ნებართვა. იგი ტრიბუნის ნაცვლად განცალკევებით მჯდომი პატრიარქისკენ წავიდა, მიუახლოვდა, დაიჩოქა და მთელი ერის სახელით შენდობა სთხოვა.

ღვანკითელი სასწრაფოდ გააშორეს იქაურობას.


ავტორი: ლადო გოგუაძე


http://www.kvirispalitra.ge/


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016