წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში მცხოვრები 87 წლის ჟენია ჯიშკარიანისათვის მყუდრო და კომფორტული სახლის აშენების გადაწყვეტილება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა მიიღო.
,,მშენებლობის დაწყებამდე საჭირო გახდა მოხუცისათვის კუთვნილი მიწის დარეგისტრირება, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა, სახლის უმოკლეს ვადაში აგებას წლევანდელი ზამთრის კარგმა ამინდებმაც შეუწყო ხელი, მოკლედ ყველაფერი გაკეთდა, რათა ათეული წლების მანძილზე ვაგონში მცხოვრები ქალბატონისათვის, რომელსაც ოჯახის ყველა წევრი დაღუპულები ჰყავს და შრომისუუნაროა ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები შეგვექმნა", განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონტანტინე მამისეიშვილმა და აქვე დასძინა, რომ მსგავსი ტიპის სოციალური პროექტების განხორციელება მომავალშიც არის დაგეგმილი.
ჟენია ჯიშკარიანს ახალმოსახლება მიულოცა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.
„როგორც კი ჩამოვედი იმერეთში პირველი გასვლა იმ დღესვე მქონდა საჩხერეში. ეს გასვლები იქნება სისტემატური, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს სოციალურად დაუცველ ადამიანთა დახმარება და თანადგომა. ჩვენი დღევანდელი ერთადყოფნა ზუსტად ამის მაგალითია. მსგავსი ღონიძიებები იქნება ყველა რაიონში. სოციალურად დაუცველი ადამიანების თანადგომა არის ჩვენი მთავარი საზრუნავი", - აღნიშნა გივი ჭიჭინაძემ.
ჟენია ჯიშკარიანი სამხარეო ადმინისტრაციის პირველმა პირებმა მაცივრით დაასაჩუქრეს, სტუმრებმა ეზოში სიმბოლურად დარგეს ხეხილის ნერგები.