reportiori.ge - 2 მარტს მირზა გელოვანი დაიბადა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 22:27
კულტურა
2 მარტს მირზა გელოვანი დაიბადა
02 მარტი, 2015. 11:15



პოეტი მირზა (რევაზ) გედეონის ძე გელოვანი 1917 წლის 2 მარტს თიანეთის რაიონში, სოფელ ნაქალაქარში დაიბადა. მისი წინაპრები სვანეთიდან ჯერ თელავში გადმოსულან, შემდეგ - თიანეთში. თიანეთში მირზას მამას იქაური ქალი ევა მაჩურიშვილი შეურთავს ცოლად და საბოლოოდ თიანეთში დამკვიდრებულა, სადაც მირზა დაბადებულა და ბავშვობა გაუტარებია.


მირზა ძალიან ცელქი ყოფილა. თურმე მირზას დებს ყოველთვის მიჰქონდათ ამბავი დედასთან მირზას ცელქობის შესახებ. დედაც ამის გამო სულ ტუქსავდა მას.  წერა-კითხვა იცოდა სკოლაში წასვლამდე ისწავლა. პირველი ლექსი მან თავის დას როენას მიუძღვნა.



მირზამ 1935 წელს დაამთავრა თიანეთის პედაგოგიური ტექნიკუმი. მცირე ხნით მასწავლებლობდა. მისი ლექსები 1935 წლიდან იბეჭდებოდა ჩვენს თაობაში" და სხვა ჟურნალ-გაზეთებში. მირზას პირველი ლექსი თეთრი მიწა" რაჟდენ გვეტაძემ დაბეჭდა თავის რომანში ლაშაური საღამოები" (1935 წ.).



პოეტი 1936-39 წლებში თბილისში ცხოვრობდა, უმაღლეს სასწავლებელში არ შესულა, თავისუფალ მსმენელად დადიოდა უნივერსიტეტში. მუშაობდა გამომცემლობა ფედერაციაში", „საბჭოთა აფხაზეთის" რედაქციაში. 1939 წელს მწერალთა კლუბში უკვე პოპულარულ პოეტს ლიტერატურული საღამო მოუწყვეს, სადაც უკანასკნელად წაიკითხა თავისი ლექსები და ბალადები.


მირზა ლიტერატურული ფსევდონიმია. მას ახლობლები რეზოს ეძახდნენ. თავის პირველ ლექსებს კი მზის კაცის" ფსევდონიმით წერდა. მირზა გელოვანის პირველი ლექსი 1933 წლითაა დათარიღებული, უკანასკნელი - 1944 წლით. სულ ათიოდე წელი გაგრძელდა მისი შემოქმედებითი ცხოვრება, მაგრამ მაინც მოასწრო საკუთარი ხმის პოვნა, თავისთავადი პოეტური სამყაროს შექმნა. ხალასი და ალალ-მართალი ლექსებით მირზა გელოვანმა თავისებური ხიბლი შემატა ქართულ ლიტერატურას. მისი საუკეთესო ლექსები მიძღვნილია სამშობლოსადმი, მშობელი ხალხისადმი („თუშის ქალი წყაროზე", 1936; „ფანდური", 1938; „ცხრაკარა", 1938; ბალადა „აონი", 1937; „შავლეგო", 1938 და სხვა). ომის პერიოდის ლექსებს გასდევს მძაფრი სულიერი ტკივილიც და გამარჯვების რწმენაც („ძმათა საფლავთან", 1941; „მელოდე", 1942; „მთაწმინდიდან სმოლენსკამდე", 1943; „დედას", 1943; „ჩემი ლექსები", 1944 და სხვა).



მისი რომანტიული ლექსები (განსაკუთრებით სამიჯნურო) გამოირჩევა ნათელი სახეებით, ლაკონიზმით, ემოციურობითა და ექსპრესიულობით.



აღიარება მოუტანეს ლექსებმა: იჯექი წყნარად", „მთვარე", „შემოღამება საბადურზე", „მახსოვს", „ხრეშად დაცვივდა სიტყვები", ასევე აღსანიშნავია პოემა „შავნაბადა" და სხვა. ომში წასული პოეტი დროდადრო სამშობლოში აგზავნიდა ნაჩქარევად დაწერილ ლექსებსა და წერილებს, რომლებშიც თბილისის მონატრება ჩანდა.



გამოცემულია მირზა გელოვანის ლექსების კრებულები: ლექსები" (1954), „შავნაბადა" (1956), „ცხრაკარა" (1960), „უბის წიგნაკიდან" (1964), „თეთრი მიწა"(1972), „ფრონტული ლექსები" (1975).



მირზა გელოვანი თავის უკანასკნელ მუზაზე, ნინო ახვლედიანზე, დაქორწინებას აპირებდა, მაგრამ ჯერ ჯარში გაიწვიეს, შემდეგ კი ომიც დაიწყო. 1939 წლის ნოემბერში წითელ არმიაში გაიწვიეს.

მე შენი თმები დამაბრუნებენ"- ასე წერდა ომიდან მირზა თავის უმშვენიერეს მუზას ნინო ახვლედიანს. თითქმის ყველა წერილში კი თავის ახლობლებს აიმედებდა:

არ დამიღონდეთ... მე დავბრუნდები"...

დაბრუნებით ტკივილებს წავშლი"...



მირზა ბელორუსიაში, მდინარე დასავლეთ დვინის გადალახვისას 1944 წელს დაიღუპა, მაშინ მხოლოდ 27 წლის იყო.



ახლობლებს დიდხანს ეგონათ, რომ მირზას საფლავი დაკარგული იყო. სინამდვილეში ადგილობრივ მცხოვრებლებს მისი ცხედარი გაუპატიოსნებიათ და ჯერ ცალკე, შემდეგ კი ვიტებსკის ოლქის ბერენკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე დაუსაფლავებიათ. ამის შესახებ მხოლოდ 19 წლის შემდეგ გახდა ცნობილი. ბელორუსმა პიონერებმა მირზას დედას, ევა მაჩურიშვილს, 1963 წლის 13 ივნისს მისწერეს: ჩვენ ტერიტორიაზე, სოფელ სანიკში არის სამხედრო სასაფლაო, სადაც დაკრძალულია თქვენი შვილი მირზა გელოვანი".



ამ დროს პოეტის დედა უკვე გარდაცვლილი იყო. იგი სიცოცხლის ბოლომდე ელოდა, რომ მირზა დაბრუნდებოდა, რადგან შვილის გარდაცვალების ცნობა ახლობლებს არ უჩვენებიათ. პოეტის ცხედრის საქართველოში გადმოსვენებაზე არავის უფიქრია.



1973 წელს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა საქართველოს კომკავშირის პრემია, 1975 წელს - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.



თბილისში არის მირზა გელოვანის ქუჩა. ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე, არის მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკა. თელეთში, თბილისის მახლობლად, დგას მისი ძეგლი. პოეტის საფლავი ისევ უცხო ქვეყანაშია.

 

 

 

 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016