მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელის საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და სავარაუდოდ, შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება. სხვა განმარტებებს ამ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა არ აკეთებს.
„პრაიმტაიმისთვის" კი ცნობილი ხდება, რომ 10 წლის შემდეგ განახლებულმა გამოძიებამ უკვე დაჰკითხა ის პირები, ვისაც ამ საქმესთან შეხება ჰქონდა. ერთ-ერთი ასეთი საკვანძო მოწმე ზეზვა ასაბაშვილია. ის ლევან სამხარაულის მკვლელობის თვითმხილველია. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ზეზვა ასაბაშვილმა გამოიყვანა ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი სახლიდან მკვლელობის დღეს, და პირველად სწორედ ასაბაშვილი დაჭრა ფეხში მკვლელმა. ამის შემდეგ კი ლევან სამხარაული გამიზნულად მოკლა. ოფიციალური ვერსიით, ლევან სამხარაულსა და ზეზვა ასაბაშვილს მათივე თნაკლასელი დავით მჭედლიშვილი 2005 წლის 22 მაისს ცეცხლსასროლი იარაღით გაუსწორდა. ამავე ვერსიის თანახმად, დავით მჭედლიშვილმა მკვლელობის შემდეგ თავი 2 გასროლით მოიკლა. ძიების მასალებში მკვლელი ფსიქიკურად გაუწონასწორებელ პირად არის მოხსენიებული. მომხდარ მკვლელობას კი მე-10 კლასში დავით მჭედლიშვილსა და ლევან სამხარაულს შორის მომხდარი კონფლიქტი დაედო საფუძვლად. თუმცა ამ ვერსიას არ ეთანხმებიან სამხარაულის კლასელები. ძიების თავდაპირველი ვერსია ეჭვქვეშ არ დამდგარა წინა ხელისუფლების დროს. მეტიც, მაშინდელმა პროკურატურამ სამხარაულის საქმეზე გამოძიება მკვლელობიდან რამდენიმე დღეში შეწყვიტა და სრული სურათი მომხდარ ფაქტზე, შეიძლება ითქვას, არ დადებულა. სწორედ ეს მიზეზი დაასახელა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა და საქმეს მსვლელობა 10 წლის შემდეგ მისცა. ამის შემდეგ სამხარაულის საქმე ისევ მიჩუმათდა, თუმცა ზურაბ ჟვანიას საქმეზე პასუხისგებაში მიცემული ექსპერტის, ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესებმა სამხარაულის მკვლელობა კვლავ რეზონანსული გახადა. ამ ეტაპზე არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, პროკურატურამ უკვე დაჰკითხა რამდენიმე მოწმე, მათ შორის სამხარაულის კლასელები, რომლებსაც ეჭვი აქვთ, რომ ქვეყნის პირველი ექსპერტის მკევლელობა წინასწარ მომზადდა და მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა. სამხარაულის კლასელების სახელით გავრცელებულ წერილში, რომელიც განახლებულ გამოძიებამდე რამდენიმე თვით ადრე პრესაში გამოქვეყნდა, იმ პირების ვინაობა სახელდებოდა, ვინც, მათი თქმით, მკვლელობას ამზადებდა. კერძოდ, ყვარლის რაიონის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი გელა ფიცხელაური, რომელიც მკვლელს, დავით მჭედლიშვილს დაუახლოვდა და სწორედ ის დაეხმარა იარაღის შეძენაში. ამავე წერილში საუბარია ზეზვა ასაბაშვილზეც, რომელმაც მკვლელობის დღეს გამოიყვანა სახლიდან სამხარაული, რის შემდეგაც მკვლელი მათ მანქანას დაედევნა და შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა. შემთხვევის უშუალო მონაწილეა ზეზვა ასაბაშვილი, რომელმაც, სავარაუდოდ, იცის, რა საუბარი შედგა მოკლულსა და მკვლელს შორის. ასევე, რა მიზნით გამოიყვანა ლევან სამხარეულის სახლიდან, მაშინ როცა ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი ყვარლიდან თბილისში წამოსასვლელად ემზადებოდა. ზეზვა ასაბაშვილი მკვლელობის დეტალებზე არ საუბრობს. ჩვენ მასთან დაკავშირებას შევეცადეთ, თუმცა მოწმე დუმილს არ არღვევს. მიზეზად მისი სამსახურებრივი მდგომარეობა სახელდება. უკვე წლებია, ასაბაშვილი შსს-ში მუშაობს. ასაბაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით კომენტარს არც პროკურატურა აკეთებს. „პრაიმტაიმს" კი ასაბაშვილის ახლო მეგობარი პირად საუბარში უყვება, რომ თავად ასაბაშვილსაც გამოუთქვამს ეჭვები მკვლელობის ვერსიასთან დაკავშირებით და ის არ გამორიცხავდა, შეკვეთილი მკვლელობა წინასწარ დაეგეგმათ. პასუხი კითხვაზე: რა აძლევდა ამის თქმის საფუძველს ასაბაშვილს. მისი მეგობარი ამბობს, ზეზვა ლევან სამხარაულის ვიზიტს იხსენებდა, რომელიც შეერთებულ შტატებში შედგა მის მკვლელობამდე. ლევანი პირველი გაეცნო ფედერალური ბიუროს მასალებსო და სერიოზულ საქმეზე იყო. სწორედ ეს გაიხსენა რატომღაც ზეზვამ, თუმცა კონკრეტიკისგან თავი შეიკავა. ჩვენთვისაც გასაგები გახდა, რაზეც საუბრობდა. ამის იქით საუბარი არ წასულა. ფაქტია, რომ ის ჟვანიას აქმეს გულისხმობდა. ანუ ჩვენი წყაროს ცნობით: „მოწმე სამხარაულის ვიზიტს იხსენებდა მის მკვლელობამდე. ის პირველი გაეცნო FBI-ს მასალებს და სერიოზული საქმე იყო... ამბობდა, შეკვეთილი მკვლელობააო... პროკურატურა მალე სკანდალურ შედეგებს დადებს".
ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია, რა უთხრა გამოძიებას 10 წლის შემდეგ ასაბაშვილმა. თუმცა მისი ჩვენება, ალბათ, ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. ლევან სამხარაულის მეგობარს, სავარაუდოდ, იმ გარემოების ახსნაც მოუწევს, როგორ გადაურჩა ის სიკვდილს და რატომ ესროლა მას მჭედლიშვილმა ფეხში. ხოლო სამხარაულის მიმართულებით სროლა მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტა, რაც დარწმუნდა, რომ ის გარდაცვლილი იყო. რამ გამოიწვია მჭედლიშვილის ასეთი მოქმედება, თუ ის ფსიქიკურად შეურაცხადი იყო და რა საუბარი უძღოდა მკვლელობას წინ? ამ კითხვებს ცხელ კვალზე დაწყებულმა გამოძიებამ პასუხი ვერ გასცა, რადგან ადეიშვილის უწყებამ საქმეს მსვლელობა არ მისცა. მართალია, მთავარმა პროკურატურამ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გამოძიება განაახლა, მაგრამ, როგორც ირკვევა, ოჯახისთვისაც უცნობია, გამოიკვეთა თუ არა ახალი გარემოებები. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენს კითხვებს ლევან სამხარეულის დამ, მარიტა სამხარაულმა უპასუხა:
- მარიტა, გამარჯობა, რა ეტაპზეა განახლებული გამოძიება თქვენი ძმის საქმეზე?
- გამოძიებასთან დაკავშირებით ჩემთვის ცნობილი ახალი არაფერია.
- თუ იცით, დაიკითხა თუ არა საქმეზე ზეზვა ასაბაშვილი?
- გამოძიებას დაველოდებით. ზეზვას დაკითხვაში საინტერესო და ახალი, ჩემი აზრით, არაფერია.
- ის ხომ მკვლელობის ერთადერთი თვითმხილველია?
- არა, ზეზვაზე ის ვიგულისხმე, რომ გასაკვირი არ არის, რომ მას დაჰკითხავდნენ. თავს შევიკავებ ყველანაირი ეჭვის გამოთქმისგან გამოძიების დასრულებამდე.
- თქვენი აზრით, რატომ დაანონსდა ლევან სამხარაულის საქმის ხელახალი გამოძიება? ფიქრობთ თუ არა, რომ პროკურატურას ახალი სამხილები აქვს?
- რაც მთავრობა შეიცვალა, მას შემდეგ აანონსებენ ჟვანიასა და ლევანის საქმეს, ასე არ არის? ასე რომ, სამხილებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ალბათ, დაიდება და გამოძიებაც საბოლოოდ დასრულდება.
სამხარაულის საქმეზე გამოძიების დასრულებას ელოდება, სავარაუდოდ, ზურაბ ჟვანიას ოჯახიც. ქართული მედია და პოლიტიკოსები სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელის მკვლელობას ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცულ საქმეს პირდაპირ უკაშირებდნენ. მეტიც, ზოგიერთი ამ ორ მკვლელობას ერთ საქმედ განიხილავს, რადგან ლევან სამხარაულის ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობდა გარდაცვლილი პრემიერის ცხედრის გამოკვლევა. და მასვე მოუწია ფედერალურ ბიუროსთან თანამშრომლობა და იმ დასკვნის გამოქვეყნება, სადაც მნიშვნელოვანი უზუსტობა გაიპარა, რომელიც მოგვიანებით თარჯიმანს დაბრალდა. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელის საქმეში, რაზეც სამედიცინო ექსპერტები ვერ თანხმდებიან. საუბარია დავით მჭედლიშვილის თვითმკლელობაზე. კერძოდ, სამხარაულის მკვლელმა, ოფიციალური ვერსიით, ორი იარაღით მოიკლა თავი. მჭედლიშვილს ერთი ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი, ხოლო მეორე - გულში, შემთხვევის ადგილზე კი ორი იარაღი იქნა ნაპოვნი. სწორედ ამ გარემოებას ვერ ხსნიდნენ სამედიცინო ექსპერტები და მათთვის დღემდე გამოცანად რჩება, როგორ შეძლო დავით მჭედლიშვილმა ორი იარაღიდან ერთდროულად გასროლა და ორი სასიკვდილო ჭრილობის მიყენება თავისა და გულის არეში.
ირაკლი მამალაძე
გაზეთი „პრაიმტაიმი"