reportiori.ge - სანდრო ბრეგაძე: წარმოუდგენელია, რომ 2012 წლის გამარჯვებიდან ორი წლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ გაბედავდა და ისაუბრებდა ქუჩის აქციებზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:41
ინტერვიუ
სანდრო ბრეგაძე: წარმოუდგენელია, რომ 2012 წლის გამარჯვებიდან ორი წლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ გაბედავდა და ისაუბრებდა ქუჩის აქციებზე
ავტორი:
02 მარტი, 2015. 16:42

 

 

 

„ქრონიკასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დააანონსა, რომ „ნაციონალები" გაზაფხულზე გეგმავენ აქციებს, თუმცა მინისტრის ეს ფრაზა უფრო იუმორით ნათქვამს ჰგავდა, რადგან გომელაური დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დესტაბილიზაციის წყარო ქვეყანაში ვერ გახდება, ფაქტობრივად, მინისტრის პათოსი სწორია, ხშირ შემთხვევაში თავად ხელისუფლებაა დესტაბილიზაციის წყარო, თუკი სახელმწიფო ძლიერია, ის არ უშვებს დესტაბილიზაციის მცდელობასაც კი... თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად ხალხი შეშფოთებულია, როგორ ბედავს „ნაციონალური მოძრაობა" და ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნით როგორ გეგმავს 21 მარტს ფართომასშტაბიანი აქციის მოწყობას.


ის, რომ დღეს ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია და ლარი ტოტალურ ინფლაციას განიცდის, ეს არ ნიშნავს, რომ ხალხი „ნაცმოძრაობის" ხმას აჰყვება. მაგრამ ფაქტი თავისთავად გამაოგნებელია, როცა „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნით ქუჩის აქციებს გვიანონსებს. ამ ხელისუფლებას ასობით ახალგაზრდა არ მოუკლავს ქუჩაში, არ უწამებია, არ გაუუპატიურებია ხალხი, შანტაჟისა და გამოძალვის მიზნით ბიუჯეტი არ შეუვსია და რეკეტიორობით არ მოუნდომებია ლარის კურსის შენარჩუნება. სასაცილოა, როცა „ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ხალხს აღარ უსმენს, ეს ის ძალაა, რომელიც ცხრა წლის მანძილზე იყო ყრუ, ბრმა, მუნჯი და ზურგშექცევით იდგა ამომრჩეველთა წინაშე. ეს ის ძალაა, რომელიც მოჩვენებით ბედნიერებას და ვირტუალურ კეთილდღეობას ქმნიდა და ვიღაცები ამ სატყუარას ჭამდნენ. ქართველი ხალხი თქვენს დაძახილზე თუ მივა, მაშინ ჩავთვლი, რომ ამ ქვეყანაში ტყუილად უცხოვრიათ ღირსებისთვის მებრძოლ ადამიანებს. მაშინ ჩავთვლი, რომ ფურთხის ღირსი ყოფილა ეს ხალხი, მონური მორჩილების და არა თავისუფლების... დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე „ქრონიკასთან" ინტერვიუში აცხადებს:


_ მართლაც წარმოუდგენელი და საოცრებაა ჩემთვის, რომ 2012 წლის გამარჯვებიდან ორი წლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა" გაბედავდა და ისაუბრებდა ქუჩის აქციებზე. ეს არის ნონსენსი და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის იმ კოჰაბიტაციის შედეგი, რომლითაც ჩვენ შანსი მივეცით „ნაციონალურ მოძრაობას", პოლიტიკურად გადარჩენილიყვნენ. პირადად მე თავიდანვე ვფიქრობდი, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ჯერ მოსულიერდებოდა კოჰაბიტაციის შედეგად და შემდეგ, შეტევაზე გადავიდოდა. პირდაპირ გეტყვით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" დაგეგმილი აქვს ქვეყანაში არეულობები. კერძოდ, ე.წ. „თბილისური მაიდანის" გაკეთება, ამაზე ოცნებობენ - გივი თარგამაძე, გიგა ბოკერია, მიხეილ სააკაშვილი... ამისკენ გეშავენ მათ მიერ კონტროლირებად ახალგაზრდებს „თავისუფალი ზონიდან" და სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, მაგრამ მათ დღემდე ეს არ გამოსდით...


- ფიქრობთ თუ არა, რომ გაზაფხულზე თბილისური „მაიდანი" მათ გამოუვათ და სწორედ გაზაფხულს გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილი, როცა ის 2015 წელს საქართველოში დაბრუნებას აანონსებდა?


- 21 მარტს და შემდგომში დაგეგმილი აქციები ეს ყველაფერი გაკეთებულია იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს გადატრიალება, სააკაშვილის დაბრუნება და რევანში. დიახ, სააკაშვილმა ერთ-ერთ უკრაინულ არხთან ღიად განაცხადა, არჩევნების გზით „ქართული ოცნების" დამარცხება წარმოუდგენელია, მაგრამ ის 2016 წლის არჩევნებამდე დაბრუნდება საქართველოში. ამით სააკაშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ გადატრიალების გზით ხელისუფლებაში აპირებს მოსვლას, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ამ გეგმის განხორციელება სააკაშვილს და მის პოლიტიკურ ძალას არ გამოუვა, ვფიქრობ, არც ახლაა გვიან, მოხდეს იმ რეჟიმის გასამართლება, რაც 9 წლის განმავლობაში „ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა და წერტილი დაესვას „ნაციონალური მოძრაობის" პარპაშს. „ნაციონალური მოძრაობის" ყოფნა საპარლამენტო ოპოზიციაში, ეს არის ნონსენსი, ეს დაახლოებით იგივეა, რომ ფაშისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ, ფაშისტური პარტია ყოფილიყო „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის" ოპოზიციაში და გერმანიაში ჩვეულებრივი პოლიტიკური საქმიანობა წარემართა. რომ არ მომხდარიყო ნიურნბერგის პროცესი და არ გასამართლებულიყო ფაშისტური პარტია, გერმანია ვერ განვითარდებოდა. ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს დღეს.


- „კიევის მაიდანს" მოჰყვა სისხლისღვრა და ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან, კულუარული ინფორმაციით, რას გეგმავენ „ნაციონალები" - სნაიპერების დაქირავებას, სისხლისღვრასა და რუსეთთან ფრონტის ხაზის განახლებას?


- ძალიან საცოდავი გეგმა აქვთ „ნაციონალებს", მათ ჰყავთ ნემო ბურჭულაძის ბიჭი, ვინმე მუხრან ბურჭულაძე, შეიძლება მას პირდაპირ ვუწოდოთ „მისტერ არარაობა", ჩემს უბანში ცხოვრობს და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში სწორედ მუხრან ბურჭულაძის დაბეზღებების შედეგად დაჭერილია ბევრი მისი თანატოლი. მუხრან ბურჭულაძეს ვანო მერაბიშვილთან ჰქონდა დამბეზღებლის ფუნქცია. სწორედ ამ მუხრან ბურჭულაძეს დავალებული აქვს ე.წ. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დაწყება და 7 მარტს გეგმავს ამ ე.წ. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პრეზენტაციას და ის მოითხოვს აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ფორმატის გაუქმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში აპირებს აქციების დაწყებას. მისი მიზანია როგორმე ხელისუფლებას მიაწეროს პრორუსულობის იმიჯი, რათა შემდგომში მიეცეთ საშუალება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" გზა გაუხსნან ე.წ. „მაიდანისთვის" და გადატრიალებისთვის. ეს არის „ნაციონალების" საცოდავი გეგმა, რომელიც აქვთ მათ წინასწარ გაწერილი. 7 მარტს იგეგმება ერთი აქცია, 21 მარტს - მეორე, შემდგომში კი ამას უნდა მოჰყვეს პერმანენტული აქციები, მათი გეგმის მიხედვით უნდა მოხდეს სხვადასხვა წვრილი პოლიტიკური პარტიების ყიდვა „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, პოლიტიკური ვაჭრობის პროცესი უკვე დაწყებულია, სავაჭრო დახლზე საკმაოდ ბევრი წვრილი პოლიტიკური პარტია დევს.


- კონკრეტულად, რომელი პოლიტიკოსები აპირებენ, მიეყიდონ „ნაციონალურ მოძრაობას"? მაინტერესებს, მათ სიაში არის თუ არა კახა კუკავა, რომელმაც პოლიტიკიდან წასვლა დააანონსა, თუმცა ძალიან გააქტიურდა. მიუხედავად იმისა, რომ კუკავა პრორუსულ ძალასთან ასოცირდება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის „ნაცმოძრაობასთან" დადგეს ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნით?


- მე ვერასოდეს დავიჯერებ და არც მინდა დავიჯერო, რომ კახა კუკავა „ნაცმოძრაობის" გვერდით აღმოჩნდება, თუმცა ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნის გამო... თუმცა „მონაციონალო" პარტიებთან ის რამდენჯერმე დავინახე და ძალიან გამიკვირდა. ღმერთმა ნუ ქნას კახა კუკავა მათ გვერდით ვნახო, მაგრამ არიან სხვები, მაგალითად, ძალიან ბევრი პარტია დარჩა თამაშგარე მდგომარეობაში, სწორედ მათი ყიდვის პროცესი მიმდინარეობს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს პროცესი ჯერ დასრულებული არ არის. „ნაციონალურ მოძრაობას" შეფერილობისთვის სჭირდება, რომ გვერდით ჰყავდეს წარსულში ოპოზიციაში მყოფი პარტიები, რათა მან გაიკეთილშობილოს თავისი იმიჯი. ვინც აპირებს, რომ მიეყიდოს „ნაციონალურ მოძრაობას", ამას მათ არ ვურჩევდი, რადგან ეს მათთვის არ იქნება სერიოზული შედეგის მომტანი. რაც შეეხება იმას, როგორ მიიღებენ მონაწილეობას გადატრიალებაში „ნაციონალური მოძრაობის" წევრები და სხვა წვრილი პარტიები, პირდაპირ გეტყვით, რომ მათ სნაიპერების მოძებნა არ დასჭირდებათ, უკრაინაში გაწვრთნილი სნაიპერები ჰყავთ, მე მაჩვენეს ფოტოკადრები სააკაშვილის ბატალიონის წევრების, რომელიც გადაღებულია ყაზარმაში. იცით, იქ როგორი ყაზარმაა? არის ორადგილიანი საწოლები თითო ოთახში და შუა კედელზე ყველა ოთახში, სადაც სამხედროები არიან განთავისუფლებული, ჩამოკიდებულია სააკაშვილის დიდი ფოტოსურათი. მე ვერ ვიტყვი, რომ იქ ყველა „სააკაშვილისტია".  რა თქმა უნდა, იქ არიან მებრძოლი პატრიოტები, რომლებიც თავისი იდეისთვის, თავისუფლებისთვის იბრძვიან, მაგრამ იქ არის დიდი რაოდენობა მებრძოლების, რომლებიც სააკაშვილის „ვერბოვკაში" არიან, კერძოდ კი, მიხეილ სააკაშვილის კონტროლირებადი პირები ამ მებრძოლების „დავერბოვკებას" ახდენენ. მათ ჩაყვანილი ჰყავთ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად აწარმოებენ ქართველი მებრძოლების ტვინის გამორეცხვას, ერთ-ერთი მათგანია გიგი კალანდაძე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სად დაიმალა, ღმერთმა იცის და თუ არ ვცდები, სერჟანტობიდან პირდაპირ გენერლობა მიიღო. გიგი კალანდაძის დაქვემდებარების ქვეშ ვინც არის, ყველა მებრძოლი, ჩათვალეთ, რომ შეიძლება გამოყენებული იყოს საქართველოში სნაიპერებად, დივერსანტებად, ზონდერებად და უამრავი სიბინძურის გამკეთებლად. თუ ვინმე ფიქრობს, რომ სააკაშვილს თავისი ხალხი უკრაინაში იმიტომ ჩაჰყავს, რომ ამ ქვეყნის აყვავება უნდა, ის ადამიანი ან ბრიყვია, ან ვიღაცის დავალებას ასრულებს. სააკაშვილს თავისი ზონდერფორმირების წევრები ჩაყვანილი ჰყავს იმისთვის, რომ გაატაროს ტრენინგი და ეს დესანტი საჭირო დროს გადმოსხას საქართველოში. ეს ზედაპირზე იმდენად ჩანს, რომ სიღრმეებში ჩაძიება აღარ სჭირდება. რა თქმა უნდა, „ნაციონალებს" ამ ჯგუფის იმედი აქვთ, რომ მოაწყობენ პროვოკაციებს, ბევრი სოსანაშვილი გამოჩნდება. თუმცა დღეს შემიძლია, ცალსახად გითხრათ, სამართალდამცავი სტრუქტურები, სადაც გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, მაქსიმალურად მობილიზებულები არიან, ისინი მაქსიმალურად ძლიერები არიან, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერი მცდელობა, რომელიც „ნაციონალების" მხრიდან იქნება პროვოცირებული, სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან იქნება აღკვეთილი. სამართალდამცავი სტრუქტურიდან საკმაოდ ბევრი ძველი კადრი წავიდა სტრუქტურიდან და შეივსო ახალი კადრებით, რომლებიც პატრიოტები არიან და ისინი არ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის" იმ სისხლიან რეჟიმთან, რომელიც საქართველოში 9 წლის განმავლობაში იყო. რა თქმა უნდა, სიფრთხილე საჭიროა და ჩვენ უნდა ველოდოთ „ნაციონალების" და  მარგინალი ჯგუფების მხრიდან სერიოზულ გააქტიურებას.


- ყოველგვარი დესტაბილიზაციის წყარო არის ხელისუფლება, თუ ძლიერია იგი, დესტაბილიზაციის საფრთხეც არ არსებობს. არის მეორე ფაქტორიც, დასავლეთს მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია, „ნაციონალებმა" მიზანს მიაღწიონ. არის თუ არა დასავლეთი დაინტერესებული საქართველოში ხელისუფლების შეცვლით?


- სააკაშვილს დასავლეთის მხარდაჭერა კი არ აქვს, არამედ იქ არიან გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც სააკაშვილს, რა თქმა უნდა, მხარს უჭერენ, ეს გახლავთ ერთგვარი მაფიოზური პოლიტიკური დაჯგუფებები, რომლებიც სააკაშვილთან ფინანსურად არიან დაკავშირებულები. არაერთი პოლიტიკოსი, რომელიც ნოდარ დუმბაძის ტერმინით, „კალოშით ჩამოვიდა", სააკაშვილმა საქართველოდან ოფიციალურ მილიონერად გაუშვა. ამას გარდა, მათ ჰყავთ ლობისტები, რომელთაც წლების განმავლობაში ბოკერიას უწყება მილიონობით ამერიკულ დოლარს უხდიდა ლობისტურ მომსახურებაში. რა თქმა უნდა, ეს დაჯგუფებები მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ სააკაშვილს რევანშის განხორციელებაში ხელი შეუწყონ, მაგრამ ეს არ უნდა აღვიქვათ, როგორც დასავლეთის პოლიტიკა. სააკაშვილს არც გერმანიის კანცლერი, არც ამერიკის პრეზიდენტი და არც საფრანგეთის პრეზიდენტი ხელსაც კი აღარ ართმევდა მისი მმართველობის ბოლო წლებში. ყველას გვახსოვს ევროპასთან ასოცირების რატიფიცირების შემდეგ გამოვიდა და თქვა, ახლა მივდივარ გერმანიის კანცლერთან შესახვედრადო. რეალურად ეს იყო ტყუილი, ის ჩასაფრებულია დერეფნებში და ერთი სული აქვს, რომელიმე პოლიტიკური ლიდერი გამოჩნდეს და ეცეს, შემდეგ ფოტო გადაიღოს და „ნაციონალების" მიერ კონტროლირებად ტელევიზიებში გამოაქვეყნოს ეს ფოტო. ამით ქმნის იმ ილუზიას, თითქოს მას დასავლეთი მხარს უჭერს. მისი ლობისტები კი უცხოეთში სტატიებს უკვეთენ, ცდილობენ, რომელიმე პოლიტიკოსს დააკავშირონ იგი, გიმეორებთ, რეალურად მას დასავლეთის ოფიციოზი მხარს არ უჭერს, მაგრამ რას მოიმოქმედებს იგი, ეს სხვა თემაა. ჩვენ აღშფოთებით ვუყურებთ უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების დანიშვნას, მაგრამ მე გეტყვით, რომ ძალიან მოკლე ხანში ეს ადამიანები გაიშიფრავენ თავს და თითოეულ მათგანს უკრაინა გამოაბუნძულებს. ისინი დიდხანს ვერ შეაფარებენ უკრაინას თავს, ეს მათ მშვენივრად იციან და მათი დაბრუნების ერთადერთი შანსია რევანში, სხვაგან მათ წასასვლელი აღარ აქვთ. ამას დავუმატოთ ის ფაქტი, რომ ციხეში ჩვენ გვიზის სამი არაოფიციალური მილიონერი, ეს არის ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა, ბაჩო ახალაია. ამ ადამიანებმა ათასგვარი მაქინაციით იშოვეს ფულები, ჩემი ინფორმაციით, ამ ადამიანებს სერიოზული ზეწოლის ქვეშ ჰყავს სააკაშვილი, კეზერაშვილი და დანარჩენი „ნაციონალები", მათ შორის პარლამენტარები, მათ პირდაპირ ეუბნებიან, ჩვენ ვსხედვართ ციხეში, საშინელ მდგომარეობაში, თქვენ კი წასულები ხართ უცხოეთში, არაფერს არ იკლებთ და პირდაპირ მუქარას უთვლიან, თუ ციხიდან არ გამოგვიყვანთ, იძულებული გავხდებით, ვილაპარაკოთ ყველაფერი, რაც რეალურად ხდებოდა. დანაშაული რეალურად მოდიოდა თქვენგან, თქვენ იყავით ინსპირატორები, ყველაფერს მოვყვებით, რა და როგორ იყო და ამის სანაცვლოდ მოვიპოვებთ თავისუფლებას ან სასჯელი მაინც შეგვიმსუბუქდებაო. ასეთ მუქარას თითქმის ყოველდღიურად  უთვლიან სააკაშვილს და მას აჩქარებენ. მათი ციხიდან გამოსვლის ერთადერთი შანსი კი არის სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლებაში რევანშისტული ძალების მოსვლა. სააკაშვილისთვის რეალურად ტვირთია მერაბიშვილიც, ახალაიაც და უგულავაც, მაგრამ სააკაშვილი იძულებული იქნება, ამ ტვირთს ანგარიში გაუწიოს, პროცესები დააჩქაროს, თუმცა ვიტყვი, რომ ჩემი გადასახედიდან ეს პროცესები არის მკვდრადშობილი. დღეს წარმოჩინდა „ნაციონალური მოძრაობის" ჩანერგილების დესტრუქციული, საბოტაჟური და დივერსიული საქმიანობა.


- ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ექს-პრემიერმა ლარის ინფლაციის პროცესში პირდაპირ დაადანაშაულა. სხვათა შორის, კულუარებში არაერთხელ ითქვა, რომ გიორგი ქადაგიძის დაჭერის საკითხი მწიფდებოდა. მას 2016 წლის მარტში ეწურება ვადა. თუმცა დღემდე მისი იმპიჩმენტის საკითხიც კი არ დამდგარა. რას ფიქრობთ ამ პერსონაზე?


- პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე გახლავთ ეკონომიკური დივერსიის მომწყობი  იროვნება, რამაც გამოიწვია ლარის კურსის ასეთი ცვალებადობა და ეკონომიკური კრიზისის შექმნის მცდელობა. გიორგი ქადაგიძე პირდაპირ დაკავშირებულია ზურაბ ადეიშვილთან, ხოლო მისი უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გახლავთ ზურაბ ადეიშვილის თითქმის ოჯახის წევრი. მისი გვარი და სახელია მალხაზ ღუღუნიშვილი, რომელიც ადეიშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს იყო იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის უფროსი. როცა ასეთი დივერსანტი ჰყავთ „ნაციონალებს" ჩანერგილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტად და ეროვნული ბანკის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად, კიდევ კარგად არის ლარის საქმე.


- „ოცნების" ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, გიორგი ქადაგიძე თავის მეგობრებში არ მალავდა, რომ მას დაკავებას უპირებდნენ. ვინ გადაარჩინა იგი? პირადად თქვენ კი მოითხოვდით, რომ ეროვნულ ბანკს გაესაჯაროებინა „ნაციონალური მოძრაობის" გადარიცხვები. თუ არ გადადგა ქადაგიძე, რას აპირებს ხელისუფლება?


- რაც იყო სასამართლოში კუბლაშვილი, რომელმაც გააუპატიურა ქართული სამართალი, იგივეა ქადაგიძე ეროვნულ ბანკში. თუ ქადაგიძე 2016 წლის მარტამდე დარჩება ამ თანამდებობაზე, როცა მას ვადა ეწურება, ჩათვალეთ, როცა სააკაშვილს მოუნდება, მაშინ აწევენ დოლარის კურსს, გამოიწვევს კრიზისს. ქადაგიძე - ეს არის სააკაშვილის ხელისბიჭი და „ნაცმოძრაობის" მარიონეტი. ის დღემდე არის მათი ყურმოჭრილი მონა. რასაკვირველია, უნდა გასაჯაროვდეს მისი საქმიანობა, ყველა ფინანსური გადარიცხვა და ჩვენთვის ნათელი გახდება „ნაციონალური მოძრაობის" შავი ფულის მიმოქცევაც. ახლა რასაც გეტყვით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუმცა ჩემი მხრიდან ამ კომერციული ბანკის სახელს შეგნებულად არ ვიტყვი, თუმცა მიგანიშნებთ, რომ ეს ბანკი ნარინჯისფერებშია გადაწყვეტილი. ჩემი ინფორმაციით, ამ კომერციულ ბანკში დღესაც კი აქტიურად მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის" ფულების გადარიცხვა-გადმორიცხვა, სწორედ ამ ბანკის მეშვეობით ხდება „ნაცმოძრაობისა" და კონკრეტული დაჯგუფებებისთვის ფინანსური რესურსების გადარიცხვა. სწორედ ეს ბანკია ძალიან ახლო კავშირში ეროვნულ ბანკთან, ეს გახლავთ სააკაშვილის მიერ დატოვებული ერთგვარი სიმსივნე, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას ჭამს.


- სანდრო, თქვენ კომერციული ბანკი ახსენეთ ნარინჯისფერებში გადაწყვეტილი და ყველამ იცის, რომ ეს  არის „საქართველოს ბანკი". სხვათა შორის, ხელისუფლების წარმომადგენელმა ნანა ყეინიშვილმა „იმედის" ღია ეთერში ახსენა, რომ ამ ბანკის მიმართ ხელისუფლებას სერიოზული პრეტენზიები აქვს. უკრაინაში ნაშოვნი და ოფშორებიდან შავი ფულის გადმორიცხვა ხდება „საქართველოს ბანკით" „ნაციონალების" დასაფინანსებლად?


- დიახ, და თქვენ კიდევ აზრზე არ ხართ, რა ხდება ამ ბანკის მეშვეობით... „ნაციონალების" მთელი შავი ფული მოდის ამ ბანკში, ვინც უნდა განახორციელოს კომერციულ ბანკში ფინანსური მონიტორინგი, იქ კვლავ „ნაციონალები" სხედან და ხელისუფლების წარმომადგენლებს არ უშვებენ, რომ შავი ფულის მოძრაობა შეისწავლონ.

 

ნინო სამხარაძე

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016