მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მთავრობაში მუშაობა არც ისე ხავერდოვანია, როგორც ამას „რუსთავი 2" და „ნაციონალთა" მიერ კონტროლირებადი სხვა მედიასაშუალებები წარმოგვიდგენენ. კი, სააკაშვილმა მოახერხა და უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩეველი გახდა, მაგრამ მალე მის თავზე საავდრო ღრუბლები მოიყრიან თავს და იმ რეფორმატორის იმიჯს, რის წყალობითაც ეს პოსტი მიიღო, ლაფში ამოსვრიან. ძალიან მალე უკრაინული მედია გადმოყრის კომპრომატებს სააკაშვილისა და მისი იმ გარემოცვის წევრების შესახებ, რომლებიც უკრაინაში წაიყვანა და მაღალ პოსტებზე დაასაქმა. მიხეილ სააკაშვილი ან ამერიკის უშუალო დავალებებით დანიშნეს ამ თანამდებობაზე, ან მას მართლა „დავერბოვკებული" ჰყავს პრეზიდენტი პოროშენკო, როგორც ამას ვწერდით, ან ორივე ერთად. თუმცა, მიშა ამ კონკრეტულ შემთხვევაში რომ ამერიკის ინტერესების გამტარებელია უკრაინაში, ეს სადავო არ არის. რამდენად კეთილსინდისიერად, უკრაინისთვის რამდენად სასარგებლოდ ასრულებს ამ დავალებებს, ეს სხვა საქმეა. ეს კითხვა უკვე უკრაინის ხელისუფლების წამყვან პირებსაც გაუჩნდათ.
„ქრონიკას" „ნაცმოძრაობასთან" დაახლოებულმა წყაროებმა სააკაშვილის უკრაინული ცხოვრების შესახებ მეტად საყურადღებო ამბები შეატყობინეს. აღსანიშნავია, რომ რასაც მოგახსენებთ, ისიც და ბევრად მეტი, თავად „ნაცმოძრაობის" პოლიტიკურმა ლიდერებმაც იციან. ცხადია, ისევ იმ თანაგუნდელებისგან, ვინც უკრაინაში მუშაობს და სააკაშვილის ყოველი ფეხის ნაბიჯი ჩინებულად იცის.
რამდენიმე დღის წინ მიშა და უკრაინაში პორტირებული რამდენიმე მაღალჩინოსანი კიევის ერთ-ერთ პრესტიჟულ ბარში შეკრებილან. წყარო აცხადებს, რომ იქ იმყოფებოდა უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე გია გეწაძე, დანარჩენი ქართველობის ვინაობას კი ვერ ასახელებს. რამდენიმესაათიანი მოლხენის შემდეგ, სააკაშვილი გვარიანად გამომთვრალა და ბარში ერთ-ერთი ლამაზმანისთვის დაუდგამს თვალი. საკუთარი დაცვის წევრი მიუგზავნია ამ გოგონასთან და ერთი ღამის გატარება შეუთავაზებია. უცხო გოგონას მიშას დაცვის ბიჭისთვის სილა გაუწნია, მერე კი ბარის დაცვის თანამშრომლები მოუხმია. სააკაშვილი, გია გეწაძე და მათი თანმხლები ქართველები დაცვას ბარიდან გამოუყრია და მათი მაღალ-მაღალი პოსტები საერთოდ არ გაუთვალისწინებია. მოგვიანებით გაირკვა, რომ გოგონა, რომელსაც სააკაშვილმა ერთი ღამით სექსი შესთავაზა, უკრაინაში მეტად გავლენიანი ბიზნესმენის შვილი ყოფილა. ეს ბიზნესმენი წარსულში პეტრო პოროშენკოს ბიზნესპარტნიორიც გახლდათ. ბარის მფლობელებმა ეს ყველაფერი ჩინებულად იცოდნენ და იმიტომაც იყო, რომ ქართველი სტუმრების მაღალ-მაღალი პოსტები ფეხებზე დაიკიდეს. ეს სკანდალი უკრაინის სამთავრობო წრეებში გახმაურებულა და სააკაშვილისთვის რამდენიმე მაღალჩინოსანს მიუთითებია, ცოტა წესიერად მოიქეცი, აქ საქართველო არ გეგონოს, თორემ დიდ შარში გაეხვევიო. მეორე დღესვე მისი წარმომადგენლები ბარს ეწვივნენ და მის მფლობელებს სთხოვეს, ეს ამბავი არ გაეხმაურებინათ, თავად სააკაშვილს კი, უკრაინელი ბიზნესმენის ქალიშვილისთვის დაურეკავს, ბოდიშიც მოუხდია და ყვავილებიც გაუგზავნია, მივქარე და მაპატიეო. ახლა იმას არ ვამბობ, რომ უკრაინელი გოგონები გავაზე ბუზს არ ისვამენ. უბრალოდ, ღირსეული ქალები ყველგან არიან, მეორეც, კაცია და გუნება, არ უნდა მიშა და მორჩა.
რამდენიმე დღის წინ სააკაშვილი ფრანგული ტელეარხ „ფრანს-24"-ის სტუმარი იყო და საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა ამ არხს. ვინც მისი ეს ტელეინტერვიუ ნახა, ყველა დამერწმუნება, რომ მიშა რაღაც ვერ იყო ფორმაში, მისი მოდუნებული მიმიკა, მიბნედილი თვალები, მიხრა-მოხრა, ლაპარაკის მანერა ძალიან წააგავდა „კაიფში" მყოფი ადამიანის ანალოგიურ ქმედებებს. ცხადია, მისი ეს ტელეინტერვიუ მთელმა უკრაინულმა პოლიტიკურმა ბომონდმა ნახა და რაც ჩვენ შევამჩნიეთ, არც მათ გამოჰპარვიათ. უკრაინის რადას თავმჯდომარე, ვლადიმერ გროისმანი ისე ყოფილა მისი ამ გამოსვლით აღშფოთებული, რომ სააკაშვილისთვის დაურეკავს და გვარიანად გამოულანძღავს, - შენ, ბიჭო, უკრაინას წარმოადგენ, უკრაინის სახელით გამოდიხარ და ცოტა თავი გააკონტროლეო. მერე კი გროისმანს მიშას ეს გამოსვლა პოროშენკოსთვის უჩვენებია და უთქვამს, ეს დამთხვეული, ვიდრე რომელიმე ტელევიზიის სტუდიაში არ ჩასძინებია, მოიშორე თავიდანო. მართალია, გროისმანი პოროშენკოს ბლოკის წევრი, მისი თანამოაზრეა და ამიტომაც გახდა რადას სპიკერი, თავიდან ის მხარსაც უჭერდა სააკაშვილის უკრაინაში დასაქმებას, მაგრამ მასზე ძალიან მალე შესცვლია შთაბეჭდილება. გროისმანი სხვაზე ადრე მიმხვდარა, რომ აქტიური პიარის გარეშე დარჩენილი სააკაშვილი არანაირ პოლიტიკურ ფასეულობას არ წარმოადგენს და პირიქით, ზედმეტი ტვირთი და თავის ტკივილია უკრაინის ხელისუფლებისთვის. ეს კაცი ბოლო მომენტში თურმე პოროშენკოს ურჩევდა, სააკაშვილის გამო საქართველოს ხელისუფლებას ნუ გადავიკიდებთ, ძებნილ კაცს სოლიდურ პოსტს ნუ ჩააბარებ, კონსულტანტად დანიშნეო, მაგრამ პოროშენკოს, ამერიკელებს თუ ორივეს ერთად, თავისი გაუტანიათ. უკრაინის ხელისუფლებაში უკვე ღიად ლაპარაკობენ, რომ მიშა „კაიფში" იყო და მისი გამოსვლა ქვეყნის დიდი სირცხვილიაო. სხვათა შორის, „ფრანს- 24"-ისთვის მიცემულ სააკაშვილის ამ ინტერვიუს რუსული ტელეარხები ატრიალებენ შესაბამისი კომენტარებით: პოროშენკოს მთავარი მრჩეველი და რეფორმატორი განგრეულ „კაიფში" ინტერვიუებს იძლევა და უკრაინის ხელისუფლება თუ ამ ნარკომანის იმედზეა, კარგად ჰქონიათ საქმეო. ამის გარდა, უკრაინის ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელმა პოროშენკოს მოუტანა ამბავი, რომ სააკაშვილის, კლინიკური ნარკომანის ქცევები ფრანგულ ტელევიზიაში შემთხვევითი არ არის და მათაც ხშირად უნახავთ ზომაზე მეტად ამჩატებული მისი მრჩეველი. არა, ახი კია უკრაინელებზე, ვის მიათრევდით პრეზიდენტის მრჩევლად, არ უნდა იცოდეთ? მისი პრეზიდენტობის დროსაც აქტუალური იყო ეს თემა. ერთ ფაქტს გავიხსენებ და თქვენი ხმის ჩასაკმენდად ესეც საკმარისია. 2012 წლის 17 აპრილს, მახათას მთაზე, მშენებარე ეკლესიის საძირკვლის გაჭრის კურთხევისას, იმჟამად ჯერაც პრეზიდენტი სააკაშვილი არანორმალურ მდგომარეობაში გამოცხადდა. ყველას ემახსოვრება ის კადრები, რამდენიმე ცდის მიუხედავად, „დი-ვი-დი"-ს დისკი ჯიბეში რომ ვერ ჩაიდო, მერე კი, დაცვამ სხვა რომ ვერაფერი მოუხერხა ამჩატებულ პრეზიდენტს, სადაც პატრიარქი და სხვა მაღალი მღვდელმსახურები იყვნენ, იქ მიიყვანა. სააკაშვილი კი, რომ არ წაქცეულიყო, სრულიად უბოდიშოდ პატრიარქის სავარძელში მიესვენა, ვიდრე ცოტა აზრზე არ მოვიდა. ამ ფაქტის გარდა, არაერთი ინფორმაცია გავრცელებულა მედიით, რომ სააკაშვილი კოკაინის სისტემატური მომხმარებელია და მას განსაკუთრებით იმ პერიოდში მიეძალა, როცა „ნაცმოძრაობამ" საპარლამენტო არჩევნები წააგო, მიშას ძალაუფლება ხელიდან გამოეცალა და დეპრესიის დასაძლევად ნარკოტიკზე უკეთესი საშუალება ვერ გამოძებნაო.
ბარში და „ფრანს-24"-ის ეთერში მომხდარმა სკანდალმა მას ერთი მეგობარიც დააკარგვინა. მიშას სერიოზული შელაპარაკება მოსვლია კიევის მერთან და „მაიდანის" ერთ-ერთ შემოქმედთან, ვიტალი კლიჩკოსთან. კლიჩკოს გაუფრთხილებია სააკაშვილი, შენს იმიჯს მიხედე, უკრაინას ნუ არცხვენ უცხოეთში და აქ კიდევ, იმ ბიზნესმენებს ნუ გადაგვკიდებ, ვინც გვაფინანსებდა და დღესაც გვერდში უდგას ჩვენს ხელისუფლებასო. ცხადია, იმ გოგოს მამა იგულისხმა, მიშას სექსზე უარი რომ უთხრა. „ქრონიკაში" ამ წერილის დაბეჭდვის შემდეგ, არ არის გამორიცხული, მიშა კიევიდან „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში ჩაერთოს კლიჩკოსთან ერთად ხელიხელგადახვეული, იმის ნიშნად, რომ ჩემსა და კლიჩკოს შორის არანაირი დაპირისპირება არ არის და ჭორებს მიყრიანო, რაც არაერთხელ გაუკეთებია კიდეც. თუმცა, ეს არაფერს ნიშნავს. ჩვენი წყარო გვეუბნება, კლიჩკო მიშასთან უბრად არის, ჯერ ამის გახმაურებას თავადაც ერიდება და უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც, მაგრამ ეს ამბავი, მალე უკრაინულ მედიაშიც გააქტიურდება და კლიჩკოს მიშაზე გაბრაზების ეს და კიდევ სხვა, ჩვენთვის უცნობი მიზეზებიც გახმაურდებაო.
ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ახლა მოგახსენებთ. იუსტიციის მინისტრის მოადგილე გია გეწაძეც და გენპროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე უკრაინაში კორუფციის აღმოსაფხვრელად იბრძვიან და ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგეს, დაჭერები დაიწყეს. ორივენი სააკაშვილს უთანხმებდნენ თავიანთ სამოქმედო გეგმას, რადგან უკრაინაში მათი რეალური პატრონი ის არის. გეწაძესა და საყვარელიძეს სააკაშვილისთვის გადაუციათ იმ 50 მაღალჩინოსნის სია, რომელთა დაჭერასაც ახლო მომავალში აპირებდნენ. ესენი არიან თავდაცვის, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, მძიმე მრეწველობის, შს სამინისტროს წამყვანი პირები - მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტებისა და სამმართველოების უფროსები, ასევე, რამდენიმე ქალაქის მერი, გუბერნატორი და ვიცე-გუბერნატორი. ეს სია სააკაშვილს პოროშენკოსთვის უჩვენებია და ცხადია, მისი დასტურიც ნდომებია, რომ ეს ხალხი დაეჭირათ. ჩემთვის უცნობია პოროშენკოს რეაქცია, მაგრამ წყაროს ინფორმაციით, ეს სია პოროშენკოს რადას სპიკერისთვის უჩვენებია. გროისმანი გადარეულა. სიაში მყოფი ყველა მაღალჩინოსანი „მაიდანის" მოვლენების აქტიური მხარდამჭერი ყოფილა, მათ შორის, მისი პარტიის წევრები. ბევრი ისეთიც, ვინც ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლებას მაშინ გაერიდა და პროტესტის ნიშნად გადადგა, როცა ჯერ არავინ იცოდა, როგორ დასრულდებოდა რევოლუციური პროცესები უკრაინაში. მოკლედ, ამ ხალხმა თავი, მინიმუმ, საციხედ გასწირა, იქნებ სასიკვდილოდაც კი და რევოლუციას დაუჭირა მხარი. დღეს კი, მათი მხარდაჭერით მოსული ხელისუფლება, კონკრეტულად, ამ ხელისუფლების ქართველი წარმომადგენლები, მათ დაჭერას ითხოვენ. ვლადიმერ გროისმანს პოროშენკოსთვის პირდაპირ უთქვამს, - სააკაშვილი შენი ყველაზე ერთგული ხალხის დაჭერას პირებს, ყველაზე უღალატო ხალხი უნდა, რომ ჩამოგაცილოს და ეს მხოლოდ ერთადერთ კაცს შეიძლება აწყობდეს, ვლადიმირ პუტინსო. მოკლედ, გროისმანი სერიოზულად ეჭვობს, რომ სააკაშვილი ორმაგ თამაშს თამაშობს, ცალი ხელით რუსეთის საქმეს აკეთებს, ძირს უთხრის პოროშენკოს ერთგული კადრების ჩამოცილებით, მეორე ხელით კი ამერიკისას - სიტყვით რუსეთს ებრძვის. გროისმანი იმაზეც გაბრაზებულა, სააკაშვილი ძალიან ბევრის უფლებას აძლევს საკუთარ თავს, მიხედოს თავის საქმეს, თუ ვინმეა დასაჭერი, პრეზიდენტს ეს გენერალურმა პროკურორმა უნდა მოახსენოს და არა მისმა მრჩეველმაო. პოროშენკოს გარემოცვაში ხმები გავრცელებულა, რომ სააკაშვილმა ეს 50-კაციანი სიაც თავად გადასცა გეწაძესა და საყვარელიძეს, საქმე კი ისე შემოატრიალა, რომ ვითომ მათ მოუტანეს ამ ხალხის სია, როგორც კორუმპირებული ჩინოვნიკებისა. გამოდის, სააკაშვილს ვიღაცამ დაუკვეთა, რომ ეს ადამიანები უკრაინის ხელისუფლებიდან სამარცხვინოდ ჩამოეცილებინა. ამ ვერსიას აქტიურად განიხილავენ უკრაინის მმართველი წრეები. უკრაინის სახელისუფლებო წრეებში ამბობენ, რომ პოროშენკოს სააკაშვილის მოცილება უნდა, მაგრამ ამას ვერ ახერხებს, გათამამებული მიშა ყველგან ცხვირს ჰყოფს. მისი პოლიტიკური მადისა და ამბიციების დასაშოშმინებლად, დასაბალანსებლად, ვლადიმირ გროისმანს იყენებს, რადგან იცის, რომ ის სააკაშვილს ვერ იტანს და ამიტომაც გააცნო ეს სიაცო. ამ 50-კაციანი სიიდან რამდენიმეს ვინაობა პოროშენკოს ახლო გარემოცვისთვის გამხდარა ცნობილი და ყველა ერთ აზრზეა, რუსეთის აგენტისა და უკრაინის მტრის მეტს, ამ ხალხის დაჭერა თავში აზრად არავის მოუვა, იანუკოვიჩს რომ გაემარჯვებინა, დღეს ეს ხალხი ცოცხალი არ იქნებოდა და ამათ თავს ვიღაც ვიგინდარა სააკაშვილს და მის მიერ ჩამოთრეულ ქართველებს არ დავანებებთო და ბევრ მათგანს ეს პოროშენკოსთვისაც უთქვამს. ცხადია, ამის შემდეგ პოროშენკომ სააკაშვილს უთხრა, რომ ვერც ერთს იმ 50-კაციანი სიიდან ვერ დაიჭერდა, მათი დამსახურების გამო. თუ მაინცდამაინც მათი კორუმპირებულობის უტყუარი ფაქტები გიჭირავთ ხელში, მაჩვენეთ და მათ თანამდებობას დავატოვებინებ, ეგენი უკრაინის გმირები არიან და რომ დავიჭირო, ხალხი ამას არ მაპატიებს და მაგ ამბავს შეიძლება მეც გადავყვეო. ასე ჩაეშალათ გეწაძესა და საყვარელიძეს მორიგი „ანტიკორუფციული რაუნდი" უკრაინაში.
უკრაინელი ჟურნალისტების ნაწილმა შეიტყო სააკაშვილის „საქმენი საგმირონი", მაგრამ ჯერ თავს იკავებენ ამ და სხვა ამბების გახმაურებისგან, უკრაინის პროდასავლურმა მედიამ ერთგვარი მორატორიუმი გამოაცხადა - ვიდრე უკრაინა რუსეთთან ფაქტობრივ ომშია ჩართული, ყველა მედიასაშუალება თავს შეიკავებს პოროშენკოსა და მისი ახლო გარემოცვის მძაფრი კრიტიკისგან, მხოლოდ იმ შემთხვევაში არ იმოქმედებს ეს მორატორიუმი, თუ კონკრეტული პოლიტიკოსის ან ჩინოვნიკის საქციელი უკრაინის ინტერესებს სერიოზულ ზიანს მიაყენებს. ვისზეც მოგახსენეთ, იმ მედიასაშუალებების ჟურნალისტთა ერთი ნაწილისთვის ცნობილი გახდა სააკაშვილის 50-კაციანი სიისა და ამ სიასთან დაკავშირებით რადას სპიკერის რეაქცია. უკვე უკრაინელი ჟურნალისტებიც ეჭვობენ, რომ სააკაშვილის ერთადერთი მიზანი უკრაინაში მისი პოლიტიკური რეანიმირებაა და სერიოზულად ფიქრობენ, რომ მისი ანტირუსული რიტორიკის უკან, რუსული ინტერესების გამტარებელი პოლიტიკოსი იმალება. დავსძენ, რომ ეს ის ჟურნალისტები არიან, რომლებიც „მაიდანზე" იდგნენ 24 საათის განმავლობაში და რამდენიმე მათგანი დაჭრეს კიდეც. ვფიქრობ, ცხადზე უცხადესია, ეს ხალხი სააკაშვილს ერთი ადგილის თამაშს არ აპატიებს და მალე მისი უკრაინული ტინგიცობის კიდევ სხვა შემთხვევებს გავიგებთ. მოკლედ, უკრაინული მედია, აქამდე გუნდრუკს რომ უკმევდა სააკაშვილს, მალე მის კომპრომეტირებას დაიწყებს და ვინც ცაში აიყვანა, ძირს სწორედ ისინი დასცემენ.
ამ ფონზე ძალიან ლოგიკური ახსნა აქვს სააკაშვილის განზრახვას, „რუსთავი 2"-ის ფილიალი გახსნას უკრაინაში. თუ მიშამ ეს გააკეთა, მისი მიზანი გასაგები იქნება. ეს კაცი ხედავს, რომ პიარის გარეშე, საქართველოშიც და უკრაინაშიც ნულია, კაპიკის ფასი არ აქვს, „რუსთავი 2" კი მას საკუთარი პიარისთვის სჭირდება უკრაინაში, რათა ის ნეგატივი გადაფაროს, რომელსაც მალე კომპრომატებად გადმოუყრის უკრაინული მედია, და რეფორმატორისა და რუსეთთან მებრძოლი გმირის იმიჯი შეინარჩუნოს.
ლევან ჯავახიშვილი
გაზეთი „კვირის ქრონიკა"