reportiori.ge - ელისო კილაძე: მორიგი მასალა, რომელსაც გამოვაქვეყნებ, სერგო თეთრაძის მკვლელობას ეხება, რაც არანაკლებ რეზონანსული და სკანდალური იქნება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:22
ინტერვიუ
ელისო კილაძე: მორიგი მასალა, რომელსაც გამოვაქვეყნებ, სერგო თეთრაძის მკვლელობას ეხება, რაც არანაკლებ რეზონანსული და სკანდალური იქნება!
ავტორი:
02 მარტი, 2015. 19:03



„ქრონიკა+"-ის მთავარმა რედაქტორმა თავისი ე.წ. ვარდისფერი „ფლეშკიდან" მორიგი სკანდალური ფაქტი გაასაჯაროვა. ამჯერად საზოგადოებისთვის ორი ყოფილი ძალოვანი მინისტრის ფარულად ჩაწერილი საუბარი გახდა ცნობილი, რომელიც არა მხოლოდ უახლოეს ქართულ პოლიტიკას, არამედ თანამედროვე პოლიტიკოსებისა და პოლიტიკის ბევრ მნიშვნელოვან დეტალს ააშკარავებს. საუბარი ჟურნალისტ ელისო კილაძესთან სწორედ ამ თემით დავიწყეთ.


- მართლა ვარდისფერია თქვენი „ფლეშკა"?

 

- მეხსიერების ბარათი, სადაც ე.წ. ფარულ ჩანაწერებსა და დოკუმენტებს ვინახავ, ვარდისფერია, თუმცა, თავისი შინაარსით ბევრისთვის, ალბათ, შავი გახლავთ. მეხსიერების ბარათზე 5 200 ფაილი და 260 ფოლდერია. ეს გახლავთ აუდიო-ვიდეოჩანაწერები, ტექსტური მასალა, დოკუმენტები. ყველაფერი ნანახი თავადაც არ მაქვს, მაგრამ ცხადია, ვიცი, რას ეხება.


- როგორც ჩანს, კარგად უმუშავია თქვენს წყაროს...

 

- გეთანხმებით, ჩანაწერები სისტემატიზებული და კარგად ორგანიზებულია. სპეცსამსახურის ხელი ეტყობა!


საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, რას ფიქრობდნენ და როგორ მოქმედებდნენ პოლიტიკოსები კადრს მიღმა, კულუარებში. ახლახან სწორედ ამ დოკუმენტებიდან გამოვაქვეყნე ასლან აბაშიძისა და ედუარდ შევარდნაძის ფარული ჩანაწერი, სადაც აჭარის ყოფილი ლიდერი, ფაქტობრივად, წინასწარმეტყველებდა იმას, რაც სააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმის დროს გამოვიარეთ - ესენი ხელისუფლებაში რომ მოვლენ, სისხლს მერე დაღვრიანო. საინტერესო იყო ასლან აბაშიძისა და ბადრი პატარკაციშვილის საუბრის აუდიოჩანაწერიც, სადაც გიორგი თარგამაძესთან დაკავშირებით აბაშიძე პატარკაციშვილს პრეტენზიებს უყენებდა - შვილივით მყავდა გიორგი და შენ ჩემგან წასული კაცი არ უნდა მიგეღოო... ერთი სიტყვით, ამ ჯადოსნურ „ფლეშკაზე" თავმოყრილ დოკუმენტებს თანამედროვე პოლიტიკურ ცხოვრებაში ბევრი სიცხადის შეტანა შეუძლია.

 

- რაც შეეხება რამდენიმე დღის წინათ გამოქვეყნებულ ვალერი ხაბურძანიასა და ირაკლი ოქრუაშვილის ფარულ ჩანაწერს...

 

- გარდა იმისა, რომ ამ ჩანაწერით ძალიან ბევრი უცნობი და საინტერესო დეტალი გამომზეურდა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რაც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ითქვა. ორი ინფორმირებული პირი, ყოფილი ძალოვანი მინისტრები, რომლებიც რუსეთში „ფე-ეს-ბე"-ს კარზე იმყოფებოდნენ, ამბობს, რომ ივანიშვილი რუსული პროექტი არ არის! კანტორაში, ანუ „ფე-ეს-ბე"-სა თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენასთან დაკავშირებით არ ყოფილა. ყველაფერი ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული პიარ-აქცია იყო. ფარული ჩანაწერიდან კარგად ჩანს ირაკლი ალასანიას ორმაგი სტანდარტი. ადამიანი, რომელმაც თანამდებობიდან წასვლამდე გააკეთა განცხადება, ევროატლანტიკურ კურსს საფრთხე ექმნება და ხელისუფლება საქართველოში რუსული გავლენების გაფართოებას უწყობს ხელსო, თურმე, თავად ყოფილა რუსული სპეცსამსახურების პროექტი - სისტემატური ურთიერთობები ჰქონდა ჩურკინთან, გაერო-ში რუსეთის მუდმივ წარმომადგენელთან. თუ ასე არ არის, გამოვიდეს ალასანია და საკუთარი არგუმენტებით დაასაბუთოს, რომ ტყუილია.


კიდევ ერთი შოკისმომგვრელი ფაქტი, რომელიც ამ ჩანაწერის გაცნობის შედეგად გაირკვა. ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელსაც პროდასავლური იმიჯი აქვს, თურმე, დიდი ხანია, ურთიერთობა ჰქონია რუსულ სპეცსამსახურთან. როგორც ვალერი ხაბურძანია ამბობს, დავით უსუფაშვილი რუსეთიდან ჩამოსულ ემისრებს ხვდებოდა, რომელთა მეშვეობითაც იღებდა და გასცემდა ინფორმაციებს, ანუ რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ამყარებდა კავშირებს. ვალერი ხაბურძანია არის კონკრეტული რესპონდენტი, რომელმაც ეს საჯაროდ განაცხადა. ჯერჯერობით პარლამენტის თავმჯდომარის ან რესპუბლიკური პარტიის მხრიდან საპასუხო განცხადება არ მომისმენია.


ფარული ჩანაწერიდან გაირკვა, რომ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გუბაზ სანიკიძეც ყოფილა ჩართული რუსულ მოლაპარაკებებში. მას თანხასაც უგზავნის ირაკლი ოქრუაშვილი. სანიკიძემ უნდა გააკეთოს განმარტება, მოუგონეს ეს ყველაფერი თუ მართლა იყო მათ შორის მოლაპარაკება. რა თქმა უნდა, ოქრუაშვილის საუბარს აპრიორად ვერ მივიჩნევთ, თუმცა, ამისთვის საჭიროა, თითოეულმა მათგანმა თავისი სიმართლე დაამტკიცოს!

 

- საიდან მტკიცდება აუდიოჩანაწერების ავთენტურობა? იქნებ, თქვენს „ფლეშკაში" თავმოყრილი კომპრომატები თანამედროვე ტექნოლოგიის მონტაჟის შედეგია და თავის მართლებაც არ ღირს...

 

- მზად ვარ, ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის, ირაკლი ალასანიას, ფირის დედანი გადავცე. შეუძლიათ, წაიღონ და დაამტკიცონ, რომ ჩემს ხელთ არსებული ფარული ჩანაწერები მონტაჟია. მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერი რამდენჯერმე მოვისმინე, საუბრის დროს წყვეტა არ არის, აზრიც მშვენივრად ებმის ერთმანეთს, ვაპირებ, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს თავადაც მივმართო, რომ ფირის ავთენტურობაში ყველა დარწმუნდეს.

 

- ე.წ. ვარდისფერ „ფლეშკაში" თავმოყრილ ჩანაწერებში კიდევ რა გაუხმაურებელი სკანდალები იმალება?

 

- მორიგი მასალა, რომელსაც უახლოეს მომავალში გამოვაქვეყნებ, სერგო თეთრაძის მკვლელობას ეხება, რაც არანაკლებ რეზონანსული და სკანდალური იქნება! მაქვს მამხილებელი დოკუმენტები როგორც ყოფილ, ასევე ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკოსებზე. მერწმუნეთ, ჩემს ხელთ არსებული ჩანაწერები ძალიან ბევრ ადამიანს უფრთხობს ძილს. ბევრი საინტერესო დეტალი გამომზეურდება როგორც ნაციონალების, ასევე „ოცნების" წარმომადგენლებზე. წინ კიდევ უფრო დიდი სიურპრიზები გელით! ერთადერთი, არასოდეს გამოვაქვეყნებ მასალებს ჩემს კოლეგებზე, თუმცა, კომპრომატები მათზე არის!

 

- კითხვა, რომელიც ერთნაირად აინტერესებს „ოცნების" და ნაცების წარმომადგენლებს - რატომ მოხვდა ფარული ჩანაწერები მაინცდამაინც ელისო კილაძის ხელში?

 

- ამ კითხვაზე მეც არ მაქვს ცალსახა პასუხი. ალბათ, ჩემს წყაროს ჰქონდა გარანტია, რომ მასალებით არ ვივაჭრებდი და ყველა მათგანს გამოვაქვეყნებდი. ძალიან კარგად იციან ნაცებმა, რომ ეს მათ მიერ მოწოდებული მასალები არ არის. ეშინიათ, რადგან არ იციან, კიდევ რა სკანდალური დოკუმენტები ინახება ჩემს სეიფში. ანალოგიურად ნერვიულობენ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ: არასოდეს გამოვაქვეყნებ მასალებს ჟურნალისტებზე და არასოდეს გავასაჯაროვებ პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებს.


- პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებიც თქვენს ხელთაა?

 

- არაერთხელ მითხვამს, რომ არსებობს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები. დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე კი, არაფერს ვამბობ. დიახ, ჩემი მეხსიერების ბარათი ამ მაკომპრომეტირებელ მასალებსაც ინახავს! უსაფრთხოების ყველა ზომა მიღებული მაქვს. ახლა, ნაცებმა და „ოცნებამ" ერთმანეთში არკვიონ, ვინ მომცა დოკუმენტები. პირადად მე, არასოდეს გავამჟღავნებ წყაროს, თუ, რა თქმა უნდა, თავად ჩემმა წყარომ არ გადაწყვიტა ამის გამხელა.

 

- მართლაც ასეა - დღემდე მსჯელობენ როგორც „ოცნების" წარმომადგენლები, ასევე ნაცები - რა ფენომენია ელისკო კილაძე? ნაცებს ემსახურება თუ ქოცებს?

 

- კარგად ინფორმირებული ჟურნალისტი ვარ. ვაკეთებ იმას, რაც მევალება. სულ ეს არის ჩემი ფენომენის ანი და ჰოე. ვერ მიხვდა ეს ხალხი, რომ ჩემზე კომპრომატები არ არსებობს და არც ამგვარი პასკვილების მეშინია. თუმცა, „ქართული ოცნების" გულშემატკივარი რომ ვარ, არასდროს დამიმალავს. როგორ ფიქრობთ, ნაციონალებს ჩემს მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერი რომ ჰქონოდათ ხელთ, ოქრუაშვილის წინააღმდეგ არ გამოაქვეყნებდნენ? ჩემთვის ინახავდნენ?! მაგრამ, არ გამოვრიცხავ, არქივში ისე გადადეს ჩანაწერი, ნორმალურად არც ჰქონდათ მოსმენილი. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ რატომაც არ გამოაქვეყნეს, ცხადია - ჩანაწერი პირდაპირ ადასტურებს, რომ ივანიშვილი კრემლის პროექტი არ არის!


- დღეს ქვეყანაში მშვიდი პანიკაა. ეს ფრაზა თქვენ გეკუთვნით...

 

- როცა 22 დეპუტატი უმრავლესობის ლიდერს უპირისპირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ პარტიაში ვითარება უფრო და უფრო რთულდება. კოალიციასა და პარტიის შიგნით დაპირისპირებები კულმინაციას აღწევს! ამის დასტურია გუბაზ სანიკიძის ვიცე-სპიკერად დანიშვნა. დიახ, სანიკიძე ვიცე-სპიკერად სწორედ იმიტომ დაინიშნა, რომ „ფორუმს" კოალიცია არ დაეტოვებინა. მათ სარფიანად ივაჭრეს ამ პოსტისთვის. ერთი სიტყვით, ხავერდოვანი რევოლუციისკენ მივდივართ, მეტიც, ეს პროცესი ბათუმიდან უკვე დაიწყო. „ქართულმა ოცნებამ" აჭარაში უმრავლესობა დაკარგა. ასევე პრობლემები შეექმნა უმრავლესობას ოზურგეთსა და თერჯოლაში, ჩემი ინფორმაციითა და პროგნოზით, მალე მათ რუსთავი და სამეგრელოც მიჰყვება. მცოცავი ანექსია გაზაფხულზე თბილისის საკრებულოსაც მოუახლოვდება და, სავარაუდოდ, აპრილის დასაწყისში საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლებს. ძალიან სახიფათო პროცესი მიდის! ნიშანდობლივი იყო ირაკლი ალასანიას მიერ „ტაბულას" ეთერში გაკეთებული განცხადება - ისინი „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ეძებენ მთავრობის შეცვლის გზებს და 18 დეპუტატის გადაბირება სჭირდებათ. მან პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ნაციონალებს შეუერთდა და მათი ერთობლივი გეგმა მთავრობის ხავერდოვანი გზით შეცვლაა. 18 მოღალატე გამოჩნდება თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ მაჟორიტარები რომ მერყევი ადამიანები არიან, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობიდან" „ქართულ ოცნებაში" გადაბარგებულები, ეს ფაქტია! რეალურია საფრთხე, რომ ივანიშვილს მართვის სადავეები ხავერდოვანი გზით წაართვან და ნაციონალების გეგმის განსახორციელებლად „მაიდნის" მოწყობა საჭირო აღარ გახდეს. დიახ, არსებობს საფრთხე, რომ ჩემს მიერ მრავალგზის დასახლებულმა ფარულმა ალიანსმა მთავრობის შეცვლა მოახერხოს. ამ შემთხვევაში ან ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს, ან მთავრობა გადადგეს და პროცესების მართვა ივანიშვილმა თავის თავზე აიღოს. დიდი ძალისხმევა და გონიერება მართებთ, რომ 1 ოქტომბრის მონაპოვარი წყალს არ გაატანონ. ქვეყანაში უმადურობის აპოთეზია. ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, ვერც მარგველაშვილი გახდებოდა პრეზიდენტი, ვერც უსუფაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარე და ვერც ღარიბაშვილი - პრემიერი. იმის ნაცვლად, რომ მუშაობით თავი მოეკლათ, ყველა თავისთვის „გაიქაჩა". - იყიდე, გაყიდე, ივაჭრე - ქარვასლას დაემსგავსა ქვეყანა! პარტიის გაძლიერებაზე ზრუნვის ნაცვლად, ხელისუფლებაში მოაზროვნეები - „რა, სად, როდის" წარმომადგენლები მოჰყავთ. უკაცრავად, მაგრამ ნიკა გვარამიას და მისი მეგობრების ხელით აპირებთ „ქართული ოცნების" გაძლიერებას?! ერთი მოაზროვნე უკვე გყავთ უმრავლესობაში და როგორც ააშენა „ოცნება", კარგად გამოჩნდა.


არაერთხელ მითქვამს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნაციონალია და მისგან დიდი საფრთხეა მოსალოდნელი, ლარის კურსის დაცემაც ხელოვნური საბოტაჟია-მეთქი, მაგრამ ვიდრე ეს ბიძინა ივანიშვილმა არ გააჟღერა, ყველა დუმდა. აი, კიდევ ერთხელ გამართლდა ჩემი სიტყვები!

 

- ბოლო დღეებში კორუფციასა თუ სხვა დანაშაულში ბრალდებული არაერთი ჩინოვნიკი ჩამოაშორეს თანამდებობას, მათ შორის, მერიაშიც...

 

- დიახ, მერის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი აღარ არის, რასაც წინასწარ ვამბობდი. დარჩა ვინმე, ვისაც კიდევ ეპარება ეჭვი ჩემი „ჩიტის" კომპეტენციაში?! თბილისის მერიაში უფრო დიდი წმენდა არის მოსალოდნელი - ვიცე-მერებთან ერთად ყველა სამსახურის უფროსი შეიცვლება. და მაინც, უფრო აქტიური და ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. გარდა ამისა, სუსტი ეკონომიკური გუნდი გვყავს. ხადური არ არის ის პიროვნება, რომელიც ამ გარდამავალ პერიოდში ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს!


მოკლედ, რასაც ვამბობდი, მათ შორის, თქვენთან ინტერვიუებში, ყველაფერი ერთი-ერთში ხდება. დღესაც ვამბობ, რევოლუციის საფრთხე არსებობს, თუმცა, ეს შესაძლოა, უფრო ხავერდოვანი გზით მოხდეს. აღმოჩნდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" უფრო კარგად ორგანიზებული გეგმა აქვს, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა.


თუ ივანიშვილს სურს, ქვეყანა საფრთხიდან იხსნას, ის უნდა დაბრუნდეს,  პარტიაში მაინც. „ასავალ-დასავალის" საშუალებით კიდევ ერთხელ ვთხოვ, მოვუწოდებ ბატონ ბიძინას, თუ გსურთ, ხელისუფლება გადაარჩინოთ, დროა, უფრო აქტიური და ქმედითი ნაბიჯები გადადგათ! სიტუაციის დასაძლევად თქვენი ჩარევა აუცილებელია!


ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016