ორი დღის წინათ, მოსკოვში, კრემლიდან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მოკლეს. ნიშნავს თუ არა რუსი პოლიტიკოსის მკვლელობა პუტინის რეჟიმის დემონატჟის დასაწყისს? რა პოლიტიკური ქარტეხილები შეიძლება მოჰყვეს ამ ტრაგიკულ ფაქტს? შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ კახა თარგამაძესთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ:
- ნემცოვის მკვლელობა რუსეთის ხელისუფლებისგან არ მოდის, პირიქით, პუტინის ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. არანორმალური ხელისუფლებაც კი არ დაგეგმავდა ქალაქის ცენტრში, ყველას დასანახად მკვლელობას. რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება ამ ფაქტის გამო ძალიან ცუდ დღეშია ჩავარდნილი.
- საქართველოში ფიქრობენ, რომ ნემცოვის მკვლელობა, შესაძლოა, პუტინის რეჟიმის დემონტაჟის დასაწყისი იყოს!
- კარგით რა, ამაზე საუბარი სისულელეა. ღმერთმა აცხონოს, მაგრამ ნემცოვი არ იყო იმ დონის ფიგურა, არ ჰყავდა მხარდამჭერების იმხელა არმია, რომ ხელისუფლებისთვის რაიმე ფორმით საშიში ყოფილიყო. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ეს პოლიტიკურ მკვლელობაზე მეტად პირად ანგარიშსწორებას ჰგავს.
- შეიძლება ამ ფაქტმა პოლიტიკურ ცხოვრებაზე რაიმე გავლენა მოახდინოს? რაღაც გაგრძელება მოჰყვეს?
- ამ ამბის ერთადერთი გაგრძელება დანაშაულის დროულად გახსნა და სიმართლის გარკვევა იქნება! ეს, პირველ რიგში, რუსეთის ხელისუფლების ინტერესებში შედის!
ერთი რამ მინდა იცოდეთ, რუსეთის მოსახლეობაში პუტინს უზარმაზარი მხარდაჭერა აქვს. ის, რაც უკრაინაში ხდება, ნელ-ნელა პუტინის სასარგებლოდ ტრიალდება. დღეს უკვე დამალული აღარ არის, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული, თუმცა, პირიქით მოხდა. პრაქტიკულად, უკრაინის ხელისუფლება ომში დამარცხდა! რა, პუტინმა უთხრა, დაბომბეთ თქვენი ქალაქებიო? საკუთარი მოსახლეობა და ქალაქები თავად დამბომბეს და საშინელ მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი. თურმე, მართალი ყოფილა პუტინი, როცა ამბობდა, არ შეიძლება გადატრიალების გზით სამოქალაქო ომის წამოწყებაო. უკვე ევროპელებმაც გააცნობიერეს, რაც ხდება უკრაინაში - ფაშისტების ხელისუფლება მოვიდა! პრაქტიკულად, უკრაინაში ფაშიზმის აღორძინება დაიწყო!
- არ ვიცი, ვის გულისხმობთ ფაშისტებში, მაგრამ, მთელი ნაცელიტა რომ უკრაინაშია მობილიზებული, ეს ფაქტია... ორიოდე კვირის წინათ მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოს მრჩევლადაც დაინიშნა. როგორც ამბობენ, ცეცხლი უკვამლოდ არ არსებობსო...
- იმ ქვეყანას რა ვუთხარი, საქართველოდან გაძევებული სააკაშვილი და მისი ბანდა რომ შეიფარა, მეტიც, ქვეყანას ამართვინებს?! ქვეყანა კი არა, საშინელებაა! ცხადია, ამ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს - სურთ, საქართველოს უკრაინიზაცია მოხდეს! დღევანდელმა ხელისუფლებამ უნდა ივაჟკაცოს, რომ ეს არ დაუშვას. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველო უკრაინად არ იქცეს! თუ ჩვენ არ დავდექით მაგრად, მიშა ყველაფერზე წამსვლელია, ნება რომ მისცე, ხვალვე გაახვევს სისხლში საქართველოს. ვინც არ უნდა თქვას და რაც არ უნდა თქვას, 2008 წელს ომი სწორედ სააკაშვილმა დაიწყო. ამ კაცმა დაგვღუპა და უარესად უნდა დაგვღუპოს, რათა მილიარდები მოიხვეჭოს და საკუთარი ინტერესები დაიკმაყოფილოს.
- როგორ, შესაძლებელია ისევ დაბრუნდეს ხელისუფლებაში?
- როგორ მიაღწია თავის დროზე საწადელს და მოვიდა ხელისუფლების სათავეში?! არ გახსოვთ, რა იმალებოდა მისი მყვირალა ლოზუნგების უკან?
- მაშინ ბევრმა არ იცოდა, რა იხარშებოდა რევოლუციონერი ლიდერების თავებში და ვინ იყო რეალურად მიხეილ სააკაშვილი...
- მაშინაც გაფრთხილებდით ყველას - ხმამაღლა ვამბობდი, რასაც წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი, რა მიზნები და ამოცანები ჰქონდა. დიახ, გაფრთხილებდით! მაგრამ ვინ დამიჯერა?! ახლა მაინც ნუ გავიმეორებთ ძველ შეცდომებს და ხელმეორედ ნუ გავხვევთ უბედურებაში ჩვენს ქვეყანას. ამის რეალური საფრთხე არსებობს! ასეა თუ ისე, ქვეყანაში დღეს უკეთესი ვითარებაა. ნელ-ნელა კიდევ უფრო წინ წავალთ. ამის იმედი მაქვს. ამბობენ, ლარის კურსის დაცემა ხელისუფლების ბრალაო. ვერ გეტყვით, კონკრეტულად რა ხდება საქართველოს ეკონომიკაში და იყო თუ არა ხელოვნურად შექმნილი საბოტაჟი... ეს ბიძინას უკეთ ეცდინება, მაგრამ ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ობიექტური საფუძვლებიც აქვს. ნახეთ, რა ხდება მთელ მსოფლიოში - დოლარი თითქმის ევროს გაუტოლდა! ევროპასაც საქართველოს ხელისუფლება მართავს?! გასაგებია, რაც ქვეყანაში ხდება, ყველაფერზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა, მაგრამ ყველა ცოდვას ნუ ავკიდებთ მას. შეიძლება, ამ ხელისუფლებას აქვს შეცდომები, მაგრამ გვერდით უნდა დავუდგეთ! ან იქნებ უკეთესი ვარიანტი გეგულებათ? თუ მიშას ფაშიზმი მოგენატრათ? რუსეთი, სამწუხაროდ, სწორი აღმოჩნდა, როცა ყველანაირი გადატრიალება დაგმო და თავის ქვეყანაში ე.წ. ფერადი რევოლუცია არ დაუშვა.
- ალბათ, სწორედ ამის საპასუხოდ გაიხსენა სააკაშვილმა შევარდნაძის კაბინეტში მყოფი კატა... შევარდნაძე ორი დღის წასული იყო, როცა მის ოთახში შევედი და კატა დამხვდა, იმიტომ, რომ იქ იყვნენ თაგვები და ვითრხებიც კიო...
- სააკაშვილზე დიდი თაგვი კაცობრიობის ისტორიას არ ჰყოლია! მღრღნელი, მჭამელი, გამფუჭებელი, გამანადგურებელი - ყველაფერი თვითონ არის! რა თაგვებზე ლაპარაკობს ეს მართლა ვირთხა?! ვიდრე შევარდნაძის სახელს ახსენებს, ამ ნაძირალამ პირში წყალი გამოივლოს! მაპატიოს, გარდაცვლილ ადამიანზე რომ ვსაუბრობ, მაგრამ ედუარდ შევარდნაძის ბრალია, ეს ნაძირლები თავის დროზე რომ არ მოიცილა თავიდან. სულ მაგას ვედავებოდი, მიუჩინეთ თავიანთი ადგილები-მეთქი. შევარდნაძის სააკაშვილთან შედარებაც კი შეუძლებელია. უწესიერესი კაცი იყო. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მეტიც, თავს დავდებ, რომ მას არავისთან ჰქონია კორუფციული გარიგებები. ასეთი რამ გამორიცხული იყო. ჩემზე უკეთ ეს არავინ იცის. ყაჩაღმა სააკაშვილმა კი, მილიარდები წაიღო საქართველოდან. ჰკითხეთ ერთი, საიდან აქვს იახტები ან სახლები შტატებში. თავის ცხოვრებაში ბიზნესთან შეხებაც არ ჰქონია.
ბევრი რამ ვიცი, მაგრამ ყველაფერს ხომ ვერ ვილაპარაკებ!?
- რა იცით კიდევ, ბატონო კახა?
- ბევრი რამ ვიცი, ძალიან ბევრი... ისიც წინასწარ ვიცოდი, რუსეთსა და უკრაინას შორის ვითარება რომ გართულდებოდა. „ასავალ-დასავალშიც" მაქვს ეს ნათქვამი: 2008 წელს, როდესაც საქართველო-რუსეთის ომი დაიწყო, ამ პროცესში მაშინ უკრაინაც უნდა ყოფილიყო ჩათრეული, მაგრამ... დღეს ცდილობენ, საქართველო ჩაითრიონ უკრაინაში განვითარებულ პროცესებში. კიდევ ერთხელ ვამბობ - თუ ჭკუა-გონება არ გვეყოფა და ნაციონალებს რაიმე ფორმით გავაჭაჭანებთ ხელისუფლებაში, ეს პროცესი აქაც გადმოინაცვლებს!
- რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის?
- ხელისუფლებამ უნდა დაიჭიროს ისინი, ვინც დასაჭერები არიან! დამნაშავეებს, მამალ ნაციონალებს, რომლებიც ათასგვარი უბედურების ორგანიზატორები იყვნენ, თავიანთ ნამოქმედარზე პასუხი უნდა აგებინონ! სულ ეს არის! სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებამ სამართლიანობის ბოლომდე აღდგენა ვერ შეძლო!
- საინტერესოა თქვენი აზრი - ვერ იჭერენ თუ არ იჭერენ მიხეილ სააკაშვილს?
- ვერ იჭერენ! ფაქტია, რომ ომის პარტია მას მხარს უჭერს! უნდათ, ჩვენი ქვეყანა ისევ რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენონ. სიმართლე გითხრათ, აღარ მესმის უკვე ქართველების აზროვნება. გეკითხებით, ვისი მეშვეობით უნდა აღადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა? რა თქმა უნდა, იმ ქვეყნის მეშვეობით, ვისთანაც პრობლემა გაქვს. შენს პრობლემებზე ჭიჭიკოსთან ლაპარაკი საკითხს ვერ გადაგვიწყვიტავს! ხომ არ უნდა შევწიროთ მუდმივად თავი ვიღაცის ინტერესებს?! მიშას უკან მდგომ ბანდას მილიარდები ვაშოვნინეთ, მოვაპარინეთ, მთელი ქვეყანა შევაჭმევინეთ და კიდევ ხმამაღალ ნოტაზე გვესაუბრებიან. რაც ყველაზე სამწუხაროა, ქართველ ერს თვალები აქვს დახუჭული. ნუთუ ვაპატიეთ?! მე რომ მკითხოთ, საერთო-სახალხო ყრილობა უნდა შედგეს, ერის მობილიზება მოხდეს და მთელ მსოფლიოს, მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ამ ბანდიტების საქართველოში დაბრუნება მოვთხოვოთ. ხომ ხედავთ, პოლიტიკოსებს აღარ უსმენენ. ქართველმა ერმა უნდა იმოქმედოს და მიიღოს გადაწყვეტილება!
ჩემი თხოვნაა, ქვეყანა გადაარჩინეთ!
- ვის სთხოვთ ამას, ბატონო კახა?
- თქვენ, „ასავალ-დასავალს"! ინტერნეტით ხშირად ვკითხულობ ამ გამოცემას. პირდაპირ გეუბნებით, თქვენი პოზიცია მომწონს და ყოველთვის პატივს ვცემდი „ასავალ-დასავალს", იმიტომ, რომ ქართული პოზიცია გაქვთ! არ გეფერებით, სიმართლეს გეუბნებით! არ ვარ ის კაცი, ვიღაცას მოვეფერო, მეტიც, ჩემი პირდაპირობის გამო ხშირად შემქმნია პრობლემები. სააკაშვილი ყველა ბრუნვაში რომ გახსენებთ, გულზე ადგას „ასავალ-დასავალში" დაწერილი ბევრი სიმართლე და სწორედ ამიტომ გცემთ პატივს. მინდა, ეს იცოდეთ!
ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი
გაზეთი „ასავალ-დასავალი"