„ნაციონალები" პარლამენტიდან უკვე ქუჩის აქციებზე გადადიან და 21 მარტს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გრანდიოზულ მიტინგს მოაწყობენ. როგორც „ნაციონალების" ერთერთი ლიდერი, პარლამენტარი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს: „საქართველოს მოსახლეობა იმყოფება უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში. მიუხედავად ამისა, მთავრობას არ სურს ამ საკითხებზე მსჯელობა და უარს აცხადებს იმ გეგმის განხილვაზე, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ. ივანიშვილი დასცინის მოსახლეობას და მოუწოდებს, დაიქირაონ ბანკირები და ისე დააბანდონ ფული. უმრავლესობას არ ესმის ხალხის ენა. რადგან საკითხის განხილვა არ ხდება აქ, პარლამენტში, მოხდება თბილისში რუსთაველის გამზირზე".
მეორე მამალი „ნაციონალი", ნუგზარ წიკლაური კი ამბობს, რომ ეს იქნება ერთჯერადი აქცია, მაგრამ უფრო მასშტაბური აქციების დასაწყისი: `ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს უნიათო ხელისუფლება გავისტუმროთ. უკვე ყველანი ერთად დავრწმუნდით, რომ ეს ხელისუფლება პრობლემების მოგვარებასა და გამოსწორებაზე არ ფიქრობს".
სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე? „ნაციონალების" ცენტრალურ ოფისში ლიდერებმა დახურული სხდომა 28 თებერვალს გამართეს, სადაც საუბარი იყო დაანონსებულ აქციასა და მის დაფინანსებაზე. ასევე ისაუბრეს, რამდენი ათასი კაცი უნდა გამოიყვანონ 21 მარტს რუსთაველზე და როგორ განვითარდება მოვლენები შემდეგ. „ქრონიკის" ინფორმატორის თქმით, „ნაციონალების" გენერალური გეგმაა, 21 მარტს ქუჩაში უნდა გამოიყვანონ მინიმუმ 50 ათასი კაცი. ამ აქციებს აფინანსებენ ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა, ანუ ფული წამოვა მათი გარეთ დარჩენილი ბიზნესებიდან და როგორც შეხვედრაზე ითქვა, ამ მხრივ პრობლემა არ იქნება. იგივე წყაროს ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა „ნაცლიდერებთან" თავიანთი ადვოკატების საშუალებით კონტაქტობენ. ვანოს შემოუთვლია, ფული იქნება, არ დაზოგოთ, ოღონდ ეს ხელისუფლება მოვაშოროთო. რატომღაც ყველას გამორჩა და ყურადღების მიღმა დარჩა კუკავა-შალამბერიძე-ღლონტის მიერ დაანონსებული აქცია ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან, რომელიც 4 მარტს უნდა გაიმართოს სოლოლაკში. ეს აქციაც „ნაციონალების" დაფინანსებით და მათი გეგმის მიხედვით იმართება. უბრალოდ, ეს იქნება უფრო მცირემასშტაბიანი მხოლოდ ნიადაგის მოსასინჯად. 2014 წლის მარტში, ანუ ზუსტად ერთი წლის წინათ რომ ირაკლი ღლონტს პარტია „რეფორმატორები" „ნაციონალებმა" შეუქმნეს და დღემდე ისინი აფინანსებენ, ამას თავად „ნაციონალებიც" არ მალავენ. ის კი არა, ბოლო დროს იგივე „ნაციონალებში" ერთი ამბავი იყო ატეხილი, ღლონტს პარტიისთვის ფული მივეცით და გაფლანგაო. ერთი პერიოდი მის მოცილებასაც აპირებდნენ, მაგრამ „გაყრა-გაგდების" პროცესი გადაიდო, რადგან საგაზაფხულო აქციებისთვის ღლონტი ისევ საჭიროა. ამ ადამიანს კონკრეტული დავალებები მისცეს და ერთი უკვე შეასრულა კიდეც - მან პარტია „თავისუფალი საქართველოს" ლიდერებთან, კახა კუკავასთან და ალექსანდრე შალამბერიძესთან არა მხოლოდ საერთო ენა გამონახა, „ნაციონალების" ხარჯზე ფინანსური პრობლემებიც მოუგვარა. სწორედ ამის გამოძახილი იყო 26 თებერვალს ფინანსთა სამინისტროსთან გამართული აქცია სლოგანით: „შემოულაწუნე!" სადაც კახა კუკავა და ალექსანდრე შალამბერიძე ირაკლი ღლონტთან ერთად პლაკატებით მიცვივდნენ. კუკავამ მაშინ განაცხადა, ხელისუფლებას სურს იგივე საქართველოში, რაც საბერძნეთში ხდება, ამას არ დავუშვებთო. მართალია, კუკავა აზრზე არ არის, რა სურს საბერძნეთის ხელისუფლებას, მაგრამ ვინაიდან ფულს სუნი არ უდის, ანუ ნებისმიერ კუპიურას ერთნაირი სუნი აქვს, „ნაციონალების" წისქვილზეც მშვენივრად დაიწყო წყლის დასხმა. დაუკვირდით, „ნაციონალები" ღიად აცხადებენ, რომ მომავალ აქციებზე მთავრობის გადადგომას მოითხოვენ, კახა კუკავამ და ალექსანდრე შალამბერიძემ კი უკვე მოითხოვეს ჯერ ფინანსთა მინისტრის, შემდეგ კი მთელი მთავრობის გადადგომა. იგივე კუკავამ მშვენივრად იცის, რომ ირაკლი ღლონტი „ნაცმოძრაობის" ახალგაზრდულ ფლანგს წარმოადგენს, მაგრამ ინკოგნიტო წყაროს ინფორმაციით, მას იმდენი შესთავაზეს, რომ ნამდვილად უღირს თავისუფლების მოედნიდან სოლოლაკში აღმა-დაღმა სირბილი. მაშ ასე, „ნაციონალური მოძრაობის" გრაფიკი ასე ლაგდება: 4 მარტი, შეკრება რესპუბლიკის მოედანზე, დრო - 19 საათი. ამ აქციაში მანქანების კოლონაც მონაწილეობს, რომელიც გაემართება სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან. დაუკვირდით, კოლონა სოლოლაკში იქნება დაახლოებით 20-21 საათზე, როცა უკვე ღამეა. ამ დროს ძალიან იოლია პროვოკაციების მოწყობა და ბუნებრივია, პოლიციასაც გაუჭირდება სიტუაციის გაკონტროლება, რაც შემდგომში აუცილებლად გახდება დავისა და გარჩევის საგანი. „ნაციონალების" ოცნებაა, რომ 4 მარტის აქცია ბიძინა ივანიშვილმა დაარბიოს. მათთვის ისიც კი „ბაირამობა" იქნება, თუკი ვინმეს დააპატიმრებენ, ან თავში წამოარტყამენ. ღამის საათებში ამ ყველაფერს გადაიღებენ და შემდეგ მსოფლიოს აუწყებენ, ივანიშვილმა დაგვარბიაო. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საკმარისი არ იქნება პირადი დაცვა, ყოფილი პრემიერის რეზიდენცია უნდა გაძლიერდეს სახელმწიფო დაცვის ხარჯზეც, ეს პროცესიც გაამუქებს სიტუაციას. შემდეგ, ანუ უკვე გრანდიოზულ აქციას „ნაციონალები" გეგმავენ 21 მარტს, მაგრამ როგორც ნუგზარ წიკლაური ამბობს, ეს იქნება პერმანენტული აქციების დასაწყისი. მართალია, ზოგი ამბობს, რომ ეს არის „ნაციონალების" დასასრულის დასაწყისი, მაგრამ ამ საქმეს აშკარად უდის „მაიდანის"სუნი. „ქრონიკის" ინფორმატორისვე თქმით, თებერვალში თბილისში შემოვიდა მეორადი საბურავებით დატვირთული 20 ტრაილერი. ეს ბიზნესია და ვერ აკრძალავ, მაგრამ საქმე ის არის, რომ ტრაილერები სადღაც გაქრა, „ნაციონალებმა" საბურავები თავიანთ საიდუმლო საცავებში გადამალეს. იგივე ინფორმატორის თქმით, ბოლო თვეებში „ნაციონალებმა" უამრავ ადგილას მოაწყვეს საიდუმლო საცავები. წესით, ქართულ სპეცსამსახურებს მათი აღმოჩენა არ უნდა გაუჭირდეთ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ჩანს რაღაც პასიურობა. 21 მარტს „ნაციონალები" თბილისში ძალიან დიდ შევსებას ელოდებიან სამეგრელოდან, ახალაიების მომხრეები რუსთაველზე იქნებიან. შემდეგი აქცია კვლავ კუკავა-შალამბერიძე-ღლონტის თაოსნობით გაიმართება 28 მარტს, თბილისში, შაბათ დღეს, 15 საათზე, პარლამენტის წინ, რუსთაველზე. აქ უკვე ფორმატი შეცვლილია, თითქოს ეს არის 9 აპრილისთვის მზადების საორგანიზაციო შეხვედრა. თუმცა იქნება იგივე მოთხოვნები. „ნაციონალების" გეგმის მიხედვით, აპრილიდან უკვე უნდა დაიწყოს პერმანენტული (დაუშლელი, მუდმივი) აქციები. კიევში მორჭმით მჯდომ მიხეილ სააკაშვილს გაცემული აქვს ბრძანება: „მოაწყვეთ მეორე „მაიდანი", გამოიწვიეთ ქაოსი, დაარბევინეთ თავი, აცემინეთ, თუ საჭირო იქნება, მოატ...ვნევინეთ და მოაკვლევინეთ კიდეც. ფული და მხარდაჭერა იქნება!"
როგორც ხედავთ, სურათი ნათელია, როლები და ფული განაწილებულია, დავალება გაცემულია. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოიქცევა ქართველი ხალხი, ხელისუფლება და თავად ბიძინა ივანიშვილი.
გელა ზედელაშვილი
გაზეთი „კვირის ქრონიკა"