ნანა ყეინიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, „ოცნების" საარჩევნო ბლოკის წევრი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. უახლოეს წარსულში ვიცე-სპიკერობა მოინდომა, მაგრამ გუბაზმა მოუჯოკრა. ახლა საფინანსო-საბიუჯეტი კომიტეტის თავმჯდომარის ადგილი გამონთავისუფლდა და ონოფრიშვილის შეცვლაზე ოცნებობს. სკანდალური წარსულის მქონე ჩინოვნიკი, რომელსაც პირველი დეკლარაცია შევსებული აქვს 2012 წლის 19 დეკემბერს. უძრავ ქონებაში პარლამენტარს მითითებული აქვს ორი საცხოვრებელი ბინა და ასევე, ორი მიწის ნაკვეთი. ფასიანი ქაღალდები დეკლარაციაში მითითებული არ არის, ასევე, ის მოძრავი ქონებაც არ არის დასახელებული, რომლის ღირებულებაც 10 000 ლარს აღემატება. რაც შეეხება ჩინოვნიკის საქართველოს საბანკო, ან საკრედიტო დაწესებულებებში არსებულ ანგარიშს, ან შენატანს, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს, ან თავად მეანაბრეს, ან მისი ოჯახის წევრს, ეს სია ასე გამოიყურება:
ნანა ყეინიშვილი „თიბისი ბანკი", დეპოზიტი, 2 258.00 ამერიკული დოლარი.
ნანა ყეინიშვილი „საქართველოს ბანკი", 5 787.00 ლარი.
დეკლარანტს საკუთრებაში არსებული ნაღდი ფული აღნიშნული არ აქვს, სამეწარმეო საქმიანობაში ის და მისი ოჯახის წევრები არ მონაწილეობენ, ასევე არ არის აღნიშნული, რა არასამეწარმეო საქმიანობას ეწევა დეკლარანტი და მისი ოჯახი, გრაფა „საქართველოში, ან სხვა ქვეყანაში დეკლარანტისა და მისი ოჯახის წევრების მიერ წინა წლის პირველი იანვრიდან დღემდე დადებული, ან მოქმედი ხელშეკრულება, რომლის საგნის ღირებულებიც აღემატება 3000 ლარს". ეს გრაფაც ცარიელია.
ქონებრივი დოკუმენტის მიხედვით, პარლამენტარი არც საჩუქრებს იღებს და არც თანხობრივი გასავალი აქვს ოჯახში.
ახლა ვნახოთ, რა შეიცვალა უმრავლესობის წევრის დეკლარაციაში 2015 წლისთვის.
ნანა ყეინიშვილი, პარლამენტარი, დაბადებული საქართველო, ახმეტა, 1962 წლის 19 ოქტომბერს.
დეკლარანტის უძრავი ქონების ნუსხა ასეთია:
ნანა ყეინიშვილი, საცხოვრებელი ბინა, საქართველო, თბილისი, დიდი დიღომი, მე-4 კვარტალი, მე-9 კორპუსი, ბ. 59. ფართობი 80.00 კვ.მ.
ნანა ყეინიშვილი, საცხოვრებელი სახლი, საქართველო, თბილისი, ზემო ბეთანია, ფართობი 250.00 კვ.მ.
ნანა ყეინიშვილი, მიწის ნაკვეთი, საქართველო, თბილისი, ზემო ბეთანია, ფართობი 2 700.00 კვ.მ.
ნანა ყეინიშვილი, მიწის ნაკვეთი, საქართველო, თბილისი, ნახშირგორა, ფართობი 600.00 კვ.მ.
დეპუტატს მოძრავი ქონება კვლავ არ აქვს აღნიშნული. მოძრავი ქონების გრაფაში, ფასიანი ქაღალდების აღსანიშნი გრაფაც კვლავ ცარიელია.
რაც შეეხება გრაფას „საქართველოს, ან სხვა ქვეყნის საბანკო, ან საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიში, ან შენატანი, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს დეკლარანტს, ან მისი ოჯახის წევრს", აქ ვკითხულობთ:
ნანა ყეინიშვილი, „თიბისი ბანკი", დეპოზიტი, 120.00 ევრო.
ნანა ყეინიშვილი, „ბანკი ქართუ", სახელფასო, 3 461.00 ლარი.
ნაღდი ფულის აღმნიშვნელი გრაფა კვლავ ცარიელია, ცარიელია სამეწარმეო საქმიანობის აღმნიშვნელი გრაფაც. რაც შეეხება გრაფას „საქართველოში, ან სხვა ქვეყანაში თქვენი, ან თქვენი ოჯახის წევრის მიერ შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო, სამეწარმეო საქმიანობის გარდა", აქ ვხედავთ შემდეგ ჩანაწერს:
ნანა ყეინიშვილი, საქართველოს პარლამენტი, წევრი, მიღებული შემოსავალი 61 790.00 ლარი.
ახლა დროა ჯვარი დავუსვათ მის ახლანდელ ყოფას და ცალი თვალით პარლამენტარის წინა ცხოვრებაში შევიხედოთ.
ნანა ყეინიშვილი განათლებით აგრონომია, სპეციალობით მეხილე-მებოსტნეა და იმის ნაცვლად, რომ ამერიკული პეპლისა თუ კოლორადოს ხოჭოს განადგურებაზე ეფიქრა, 2001 წლიდან 2012 წლამდე საქართველოს „წითელი ჯვრის" საზოგადოების პრეზიდენტი იყო. მე პირადად კარგად მახსოვს, რა სკანდალთანაც იყო დაკავშირებული ნანას არჩევა იმ არცთუ ისე შორეულ 2001 წელს.
გასულ წელს „წითელი ჯვრის" ხელმძღვანელის საქმიანობის შესახებ გაკეთდა დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით „მგელი ცხვრის ქურქში" და ჩვენ რომ გვეგონა, ის საშინელი მგლები მოვიშორეთ, თურმე სადა ვბანაობდით? ფილმში დინჯად, ხმის აუწევლად ჟურნალისტები გვიამბობენ, როგორ არხეინად კურირებდა ყეინიშვილი „წითელ ჯვარს" 11 წლის მანძილზე, როცა ოთხ წელიწადზე მეტი არ ჰქონდა უფლება, რომ ამ თანამდებობაზე ყოფილიყო, როგორ გადააქცია ეს ორგანიზაცია საკუთარ შპს-დ და შემდეგ საკუთარ შვილს გადაულოცა. ის, რომ ყეინიშვილს არაჩვეულებრივი სახლი აქვს ახმეტაში, რომ „წითელ ჯვარში" გაფორმებული ჰყავდა უამრავი ნაცნობ-ნათესავი. რომ... მოკლედ, ისეთი ჟურნალისტური გამოძიებაა, რომლის შემდეგაც, წესით, ამ ადამიანის საკითხი უნდა დასმულიყო, მაგრამ საქართველო განა ის ქვეყანაა, სადაც რამე ხდება, წესით?
საინტერესოა, რა უმაგრებდა ზურგს დღევანდელ პარლამენტარს მთელი ამ წლების მანძილზე, როცა ნაციონალების ტაშ-ფანდურა მიმდინარეობდა? რა და ის, რომ მისი მეუღლე ცნობილი ურუზმაგ ქარქუსოვია! ის ცნობილი ურუზმაგი, ნაციკების დროს დროებით ადმინისტრაციაში რომ იყო და 2007 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ რომ მუშაობდა და თავის წილ მშვენიერ ხელფასს დაუყვედრებლად იღებდა ძვირფასი ნაციონალებისგან. შეგახსენებთ, რომ ურუზმაგი და მისი ძმა ჯემალ ქარქუსოვი საქართველოს ხელისუფლების მომხრე ცხინვალის ალტერნატიულ მთავრობაში მოღვაწეობდნენ, ჯემალი - შინაგან საქმეთა მინისტრად, ურუზმაგი კი - ეკონომიკის მინისტრად და დიმიტრი სანაკოევთან ერთად „მართავდნენ" როგორც ალტერნატიულ სამხრეთ ოსეთს, ისე საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილ საგანგებო ფინანსურ პაკეტს. 2009 წელს დაარსდა ორგანიზაცია, „ჩვენი საქართველო გაბრწყინდება", რომლის უკანაც ნანა ყეინიშვილი და მისი მეუღლე იდგნენ. საქართველო ჩვენთვის როგორ გაბრწყინდა, ეს ყველამ ვნახეთ, ამ ხალხისთვის კი საქართველო ისედაც გაბრწყინებულ-გაბრდღვიალებული იყო მაშინაც და ახლაც უღრუბლოა... მოკლედ, როგორც ამბობენ, ეს ის ოჯახია, ვის მიმართაც სააკაშვილი ბოლომდე პირნათელია.
„ქრონიკამ" ამას წინათ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ვწერდით, რომ ნაცებიდან ყველაზე მეტი შატალისტი ერთი ენაგრძელი თარგამაძეა, რომელიც ამდენს ქაქანებს და მაინც ვერაფერს გვაგებინებს და „ოცნებიდან" კი ნანა ყეინიშვილი ყოფილა! ნანა, პირადად მე, ორი რამით დამამახსოვრდა: ერთი, „ლ-ების" შეუდარებელი ტონალობით ნარნარად მორაკრაკე პარლამენტში რომ აცხადებდა: ბატონი ბიძინა ჩვენი და საქართველოს ხსნაა და ის რომ არა, ჩვენ კიდევ იმ კლანჭებში ვიქნებოდით, რაშიც 9 წელი ვიტანჯებოდითო და რაზეც თავად ნაციონალებიც აყირავდნენ სიცილისგან; და მეორე მაშინ, როცა აკაკი ბობოხიძის ნათქვამთან დაკავშირებით ჩხუბი ატყდა დარბაზში და ნანა თეთრი მანდილის როლში რომ მოექცა მოჩხუბართა შორის...
დეკლარაციის მიხედვით, თბილისში ყეინიშვილის სახლი დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონშია, ეს სულ ბოლო რაიონის ბოლო სახლი აღმოჩნდა, შემდეგ ქალაქი აღარაა. მეზობლები ვერ ხვდებიან, ვისზე ვსვამ კითხვას, ბოლოს იქაური მარკეტის გამყიდველთან მგზავნიან, რომელმაც „ყველაფერი იცის". მისგან ვიგებ, რომ ნანა ყეინიშვილი აქ ცხოვრობდა, მაგრამ უკვე დიდი ხანია, არ უნახავს. ეს დიდი ხანი კი, წლებია.
- სხვა სახლიც აქვს სადმე?
- არ ვიცი, გენაცვალე. აქ რომ არ ჩანს და არ არის, ეგ ვიცი.
მოკლედ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს დეკლარაციები კარგად არის შესასწავლი, რადგან პირადად მე უამრავჯერ დავაფიქსირე, რომ დეკლარანტი ან მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს, ან რაღაცას მალავს და პატრონი არ არის, ეს რომ გააკონტროლოს...
ავტობუსის გაჩერებაზე ბავშვიანი და თეთრბოტასიანი მელოტი კაცი ზის, შლაპა ახურავს და ფშვინავს, ვინ იცის, რიო-დე-ჟანეირო ესიზმრება. გვერდით რომ ჩამოვუჯექი, ცალი თვალი გაახილა. ჯდომით გაბეზრებული მელაპარაკება. თურმე ცხოვრობდა დიდუბეში და ბინა გაყიდა, აქეთ გადმოვიდა, მაგრამ ვერ ეგუება ამ უბანს, ქარები იცის ცუდიო. რომ იგებს, ვის საძებრად მოვედი ამ ქალაქის ბოლოს, ამბობს, რომ ყეინიშვილს პირადად არ იცნობს, მაგრამ ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ იხსენებს, რომ ნანას ვიცე-სპიკერობა მონდომებია, როცა აბაშიძის წასვლაზე დაწყებულა ლაპარაკი პარლამენტში.
- პრემიებს ვუხდით, ხელფასებს ვუხდით და რატომ? მე აგერ რა ფეხსაცმლით დავდივარ და მაგათ არ იციან, რა ჩაიცვან და დაიხურონ და რას აკეთებენ? რა საჭიროა ამდენი უვარგისი პარლამენტარი და პროკურორი?
- არ ვიცი.
- არც მე არ ვიცი. გუბაზ სანიკიძეს რაში ვუხდით ხელფასს? საგანელიძეს? ზვიად ძიძიგურს? ის ფეიქრიშვილი რომ შეათრია პარლამენტში? რაში ვუხდით იმერლიშვილს ფულს, ამიხსნის ვინმე? ესაა უშიშროება, რაც ვაზაგაშვილს დაემართა? ანდა ჩაფიძეს, რომ მარტო გათხოვილიყო? რატომ არ ელოდებოდნენ, რომ ვაზაგაშვილს ეს დაემართებოდა. ხომ ვხედავდით, რომ არ ჩერდებოდა ეს კაცი და იძიებდა ბოლომდე? ხოდა, მეტი რა უნდა გითხრა? რაც ქვეყანაა,ის პარლამენტარები გვყავს. არ უნდა გაგიკვირდეს...
თამარ ოქრუაშვილი
გაზეთი „კვირის ქრონიკა"