reportiori.ge - ორიოდე სიტყვა ”უფლისწული ბორისის” სიკვდილის გამო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 16:43
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ორიოდე სიტყვა ”უფლისწული ბორისის” სიკვდილის გამო
03 მარტი, 2015. 20:36

 

 

 

ახალი წლიდან მოყოლებული, ანუ მას მერე რაც "რეპორტიორთან" თანამშრომლობას შევუდექი, ერთი უმნიშვნელო, მაგრამ მაინც არცთუ სასიამოვნო კანონზომიერება შევნიშნე. აღმოვაჩინე, რომ ჩემი წერილების ჭეშმარიტი მოტივატორი - პიროვნულად ჩემგან სრულიად დამოუკიდებელი მიზეზების გამო - ხშირად რაღაც მკვლელობა და უბედურება ხდება. ასე იყო „შარლი ებდოს" რედაქციის ამოხოცვის დროს იანვარში, ასე მოხდა მოგვიანებით - იური ვაზაგაშვილის შვილის საფლავზე აფეთქებისას, ასე ხდება ამჟამადაც - მოსკოვის შუაგულში ხიდზე მოსეირნე ბორის ნემცოვის სასიკვდილოდ დაცხვრილვასთან დაკავშირებით.




ფრიად არასასიამოვნო მარტიროლოგია, მაგრამ პუბლიცისტურ ბედს ხომ ვერსად გაექცევი კაცი!




ბორის ელცინის მმართველობის ხანაში, ერთი პირობა ნემცოვს "უფლისწულ ბორისის" მეტსახელიც კი მიაკერეს - იმდენად პერსპექტიულ პოლიტიკოსად მიიჩნევდნენ მას 90-იანების შუაწელში. მართლაც, პირველი თუ ბორის გოდუნოვი იყო და მეორე კიდევ - ბორის ელცინი, ახალ პოსტსაბჭოთა რუსეთში არც არავის გაუკვირდებოდა, მესამე „მძლავრი ბორისი" ბორის ნემცოვი რომ აღმოჩენილიყო (დედის ეთნიკური წარმოშობის მიუხედავად). მაგრამ კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო... მრავალი მიზეზის გამო ნემცოვის პოზიციები შესუსტდა, ელცინის ჯალაბის კარზე პუტინის აღმასვლის ფონზე მან დაკარგა სახელისუფლებო ბერკეტები და, თავის უეცარ სიკვდილამდე, რუსულ საზოგადოებას ერთი რიგითი და მუდმივი ლიბერალური ოპოზიციონერის ამპლუაში ევლინებოდა. გითხრათ მართალი, პირველი ანალოგია, რაც მის დემონსტრატიულ მკვლელობასთან დაკავშირებით თავში მომივიდა, ეს წინა საუკუნის პირველ ნახევარში, ფაშიზმისკენ სწრაფად მიმაქროლ იტალიაში, 1924 წელს მომხდარი ერთი ფრიად გახმაურებული მკვლელობა გახლდათ. თუ გახსოვთ, ფილმიც გადიოდა ასეთი 70-იანებში - "მატეოტის მკვლელობა". მაგრამ მერე, პირველმა პუბლიცისტურმა რეაქციამ რომ გადამიარა, მივხვდი, რომ ანალოგია სუსტია და მოიკოჭლებს. მუსოლინი იმ მკვლელობის დროს, მართალია, უკვე მონარქიული იტალიის პრემიერი იყო - ფაშისტურმა პარტიამ არჩევნების თავხედური გაყალბების გზით უმრავლესობა მოიპოვა პარლამენტში, - მაგრამ ამ პოსტის დაკავება მაშინ ჯერ კიდევ არ აძლევდა ხელში ყოფილ მგზნებარე სოციალისტს ყველა აუცილებელ საშუალებას გენეტიკურად მშფოთვარე და ანარქიულად განწყობილი იტალიელების მყისიერად მოთვინიერებისა და ქვეყანაში პირადი დიქტატურის რეჟიმის დასამყარებლად.



დეპუტატ მატეოტის საპარლამენტო გამოსვლები დიდ პრობლემას უქმნიდნენ ახალგამომცხვარ დუჩეს და, მუსოლინის აზრით, ესოდენ ძლიერი ოპოზიციონერი ასეთ გაურკვეველ ვითარებაში მართლაც ნებისმიერ ფასად მოსაშორებელი იყო.



ისტორიკოსებმა მოგვიანებით დაადგინეს, რომ, თუმცა ამგვარად "მოშორების" პირდაპირი ბრძანება დუჩეს არ გაუცია, მაგრამ ვიწრო წრეში ის არ ერიდებოდა თავისი სურვილების დაუფარავად და ემოციური ფორმით გამოთქმას და... მოკლედ, ასიამოვნეს ლიდერს დაახლოებულმა პირებმა... სხვათა შორის, მაშინ, მკვლელობის ცხელ კვალზე შედგა გამოძიებაც და სასამართლო პროცესიც, საქმე - მიუხედავად "შავპერანგიანთა" მზარდი გავლენისა - თითქმის გაიხსნა კიდეც და ფაშისტური პარტიის ზოგიერთმა ფუნქციონერმა ციხეშიც კი ამოყო თავი (მცირე ხნით). თვით მუსოლინის აღიარებით, რომში მაშინ რამდენიმე ენერგიული კაცი ერთ გუნდად რომ შეკრულიყო და ასეთ გუნდს ქვეყნის შიგნით და გარეთ მიზანმიმართულად ემოქმედა, სულაც გადაყვებოდა ამ სკანდალს მისი მთავრობა (სამწუხაროდ, ვერ შეიკრა). ერთი სიტყვით, მატეოტის მხრიდან მუსოლინი ხიფათს რეალურად ელოდა და გავლენიანი ოპოზიციონერის ფიზიკური არსებობა მისთვის სერიოზული პრობლემა გახლდათ.



ახლა კი ომისწინანდელ იტალიას შევეშვათ და ისევ დღევანდელ რუსეთში გადმოვინაცვლოთ. რა ასეთ პრობლემას წარმოადგენდა უბედური ნემცოვი პუტინისთვის და მისი მთავრობისთვის? არანაირს! მოსწონს ეს ვინმეს, თუ არ მოსწონს, მაგრამ არ გახლდათ ცოცხალი "უფლისწული ბორისი" მიმდინარე რუსულ შიდა პოლიტიკაში სათანადოდ მაღალი რანგის ფიგურა. აი, გარდაცვლილი ნემცოვი კი - რა ვიცი, რა ვიცი... მაგრამ საყოველთაო რეაქციამ უკვე ყველაფერს გადააჭარბა. და მისი არსი ორი მკვახე სიტყვით შეიძლება გამოიხატოს: ტყუილები და თვალთმაქცობა.





მოკლედ, კაცი ჯერ არ გაციებულა, გამოძიება ახალი დაწყებულია და მკვლელობის ხუთი ვერსია მაინც არსებობს (აღარ ჩამოვყვები, დაინტერესებული პირები ადვილად მიაკვლევენ მათ სხვადასხვა საიტებზე), მაგრამ განა ამ მოსაზრებამ ოდნავ მაინც შეუშალა ხელი რუს "ლიბერალ-დემოკრატებს", უკრაინელ მოფაშისტო ბანდეროველებს ან ქართველ "მიშისტებს" (და არა მარტო "მიშისტებს") სულ რაღაც ერთ დღეში გაეხსნათ საქმე და დაენიშნათ დამნაშავე - რუსეთის პრეზიდენტის სახით? არ შეუშალა და ვერც შეუშლის - თუმცა ნემცოვის ხვედრი მათ ისევე აინტერესებთ, როგოც მე შარშანდელი თოვლი.




მე, მართალია, პუტინისა და მისი ოლიგარქიული რეჟიმის ვერ დამცველად და ვერ ქომაგად გამოვდგები, მაგრამ იმისი კი მწამს, რომ ბუნდოვან სიტუაციებში ადამიანები რაღაც ფორმალურ ლოგიკას მაინც უნდა მივყვეთ და გარკვეული პატივი ვცეთ ჭეშმარიტების ცნებას. გარდა ამისა, მე არ მესმის (და ვერც ვერასდროს გავიგებ), რისთვის უნდა შეეწიროს (მორიგ ჯერზე) ქართველი ხალხი და ქართული მოაზროვნე საზოგადოება ჩვენი "ნაციონალების" სრულიად გამჭვირვალე ზრახვების აღსრულებას და კვლავაც გადაყვეს მათ მდაბიურ და არანაკლებ გამჭვირვალე "ოპოზიციურ" ინტერესებს.




საზოგადოდ, როგორც ოდითგანვეა ცნობილი, პოლიტიკური მკვლელობები იხსნება ჩადენის მომენტშივე. ხშირად კი უფრო ადრეც, ჩადენამდე, მკვლელი კი ინიშნება საკუთარი პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიებიდან და წამიერი კონიუნქტურული ინტერესებიდან გამომდინარე. სრულიად ზედმეტია რაიმე მოკვლევა, გამოძიება, მოწმეთა გამოკითხვა, დაკავებულთა დაკითხვა, მით უმეტეს არაა საჭირო მოვლენის ღრმად გაანალიზება, დედუქცია და შერლოკ ჰოლმსის მიერ მოგონილი სხვა უღირსი ფანდები. ვინც საკითხში ერკვევა, იმან ისედაც ყველაფერი იცის, ხოლო ვისაც რაღაც დამატებითი და მოკირკიტე კითხვები ებადება, ის გახლავთ სულელი, მტარვალი და კაცობრიობის მტერი. ეგ არახალია.




ცხადია, სულსწრაფი და "პატრიოტი" ვაი-პოლიტიკანებისთვის არაფერს ნიშნავს ის ისტორიულად დადასტურებული გარემოება, რომ მსგავსი საქმეები ბოლომდე ზოგჯერ ათწლეულობის მანძილზე  ვერ იხსნება (კიროვის, კენედის, პალმეს, ჟვანიას და სხვათა მკვლელობები) და მარტო საქართველოს უახლეს ისტორიაში, 80-იანი წლებიდან მოყოლებული (პატარიძედან კიწმარიშვილამდე), შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ათიოდე გაუხსნელი და საეჭვო  "სველი" საქმე მაინც.




ხოლო თუკი მსგავსი ხასიათის მკვლელობებს ვიღაც-ვიღაც პოლიტიკური ქორვაჭრები (ან მათზე მიტმასნილი და საქმეში ჩაუხედავი ჭორიკანები, რომელთა სახელი "ოხლოსია") ერთ-ორ დღეში ხსნიან, დანარჩენ, ჯერ კიდევ ბოლომდე გაურყვნელ, საზოგადოებას, სრული უფლება აქვს ასეთი მიდგომა შიზოფრენიის სიმპტომად მიიჩნიოს და მისი მატარებლები შესაბამისადვე მონათლოს - აშკარა შემთხვევებში, ცხადია. და არ უნდა იყოს საქართველოში საშიში ამის ხმამაღლა თქმა!




ბოლო-ბოლო, მთავარი ხომ დემოკრატია და ადამიანის უფლებათა დაცვაა! მათ შორის აგრესიულად განწყობილი, ფსიქიურად არამდგრადი და უტიფარი პერსონებისგან.




მე კი, ვაკვირდები რა მიმდინარე მოვლენებს, ვხედავ - ან რა ძნელი დასანახი ეგაა - რომ ბორის ნემცოვის მკვლელობის გამოყენებას ჩვენი მშობლიური "ლიბერალ-დემოკრატი ნაციკოები" საკუთარ ეგოისტურ ინტერესებში ცდილობენ. ნუ, მაგათ რომ ჰკითხო, ოკუპანტზე წიხლი ყოველთვის ამაგია, ხოლო ლოგიკასთან და სიმართლესთან ეგენი ყოველთვის მწყრალად იყვნენ და იქნებიან: ერთ რამეს ნანობენ მხოლოდ - ცხრა წელი ჰქონდათ და ეგ როგორ მოუვიდათ, რომ ყველა თავის მოწინააღმდეგე ბოლომდე ვერ "ჩარეცხეს"! თავად ბორის ნემცოვი და მისი ბედი (თუ უბედობა) მათ იმთავითვე ფეხებზე ეკიდათ, ჰკიდიათ და ეკიდებათ, ეგ გასაგებია, მაგრამ აი იმ "ოცნებისტებს" რა ვუყოთ, დღეს "ნაცებს" რომ ეჯიბრებიან პუტინისა და რუსეთის "გაშავების" საქმეში? ამათაც ოღონდ პაწია დივიდენდები მოიპოვონ და... ისე კი ის აჯობებდა, გამოფხიზლების ჟამს დაუსვან საკუთარ თავს მარტივი კითხვა: რაში აწყობდა ეს ამბავი პუტინს? თავის თავს უწყობს დესტაბილიზაციას და "მაიდანს"? მე კი "მეოცნებეთა" ასეთ პოზიციასთან დაკავშირებით მხოლოდ პატარა სინანულის გამოხატვა შემიძლია - ეჰ, მაინც რამდენი ყოფილა საქართველოში 80-90-იანი წლების "დემოკრატიული" პროპაგანდის უიღბლო მსხვერპლი...




ისე კი, როდესაც ნებისმიერი პოლიტიკური მკვლელობის განხილვამდე მივა საქმე, კარგი იქნებოდა, ყველას ერთად გაგვეხსენებინა პოლიტიკის "ოქროს წესი", რომელიც ჯერ კიდევ ძველმა რომაელებმა დაადგინეს და რომელიც ასე ჟღერს: CUI PRODEST? ანუ ეძიეთ: ვისთვისაა ესა თუ ის ქმედება ხელსაყრელი.




მერწმუნეთ, კრიმინალური პოლიტოლოგიის დარგში მას მერე არავის ბევრი არაფერი გამოუგონებია.




 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016