reportiori.ge - ვალერი ხაბურძანია: სააკაშვილის მოსასმენი „ვირუსი“ ისევ თქვენს კომპიუტერშია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:22
ინტერვიუ
ვალერი ხაბურძანია: სააკაშვილის მოსასმენი „ვირუსი“ ისევ თქვენს კომპიუტერშია!
ავტორი:
04 მარტი, 2015. 13:03



უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია აცხადებს, რომ თავის დროზე სააკაშვილის მიერ დანერგილი მოსმენის ამერიკული სისტემა დღეს ისევ მუშაობს. ყოფილი მინისტრის აზრით, „ვირუსი", რომლითაც სააკაშვილი და ამერიკელები არა მხოლოდ გვისმენდნენ, არამედ გვიყურებდნენ კიდეც, დღესაც კვლავაც ბევრი ჩვენგანის კომპიუტერშია.


- ბატონო ვალერი, პირველ რიგში, პრესაში გამოქვეყნებულ ჩანაწერზე რა კომენტარს გააკეთებთ - რას გეგმავდით თქვენ და ირაკლი ოქრუაშვილი?

 

- ამაზე არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ. ისეთს არაფერს ვლაპარაკობ, რაც კანონსაწინააღმდეგოა. რა თქმა უნდა, თუ ჩანაწერში მართლა მე ვლაპარაკობ.

 

- არანაკლებ საინტერესოა, ვის ხელშია ეს ჩანაწერები და ვინ ააშკარავებს მათ პერიოდულად?

 

- პირადად მე უკვე მეორედ აღმოვჩნდი ფარული მიყურადების მსხვერპლი, თუმცა, არა ჩემი მიზეზით, რადგან, ყოველთვის ვცდილობ, ფრთხილად ვიყო. მაგრამ, როცა ადამიანთან სახლში მიხვალ და მას კომპიუტერი აქვს ჩართული, ვერ ეტყვი, რომ გამორთოს. მართალი გითხრათ, მაშინ არც ვფიქრობდი, რომ ასე მასობრივად უსმენდნენ ყველას.


- სწორედ ეს არის ყველაზე საინტერესო... ვინ გვისმენს და როგორ?

 

- თავის დროზე, განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სააკაშვილმა, როგორც სჩვევია, შეაწუხა ამერიკელები - რუსმა ჰაკერებმა შემოგვიტიეს, ჩვენი სამთავრობო საიტები გაანადგურეს და იქნებ თავის დასაცავად რამე პროგრამა მოგვცეთო. ამერიკელებმა მისცეს პროგრამა და თან გააფრთხილეს, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოეყენებინათ. არადა, სააკაშვილს სწორედ ამ მიზნით სჭირდებოდა და გამოიყენა კიდეც!


- რა პროგრამაა ეს და მოსმენა როგორ ხორციელდება?

 

- ხალხისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, ამას „ვირუსს" დავარქმევ. ამა თუ იმ პიროვნებით თუ დაინტერესდნენ, მისი კომპიუტერის მეხსიერებაში შეჰყავთ ეს პროგრამა, რომელიც ჩართულ მდგომარეობაში მყოფი კომპიუტერის ყველა დეტალს ააქტიურებს, მათ შორის მიკროფონს. უფრო მეტიც, შესაძლოა, გააქტიუროს ვიდეოხედვაც!


- ანუ ამ „ვირუსის" საშუალებით შეუძლიათ, არა მხოლოდ ხმას მოუსმინონ, არამედ ვიდეოთვალთვალიც განახორციელონ?

 

- რა თქმა უნდა! მაგრამ ეს ყველაფერი არ არის - „ვირუსი" მონაცემებს რომელიღაც კონკრეტულ სერვერზე აგზავნის, ამერიკელები კი ვირუსს იმ ფორმთ არ შექმნიდნან, რომ მონაცემები მხოლოდ სააკაშვილის სპეცსამსახურების სერვერებს გადასცემოდა. დარწმუნებული ვარ, ინფორმაციები მიდიოდა ამერიკაშიც... აკი, იმავე ამერიკელებს სულ ახლახან გაუმჟღავნდათ, რომ უსმენდნენ თვით ანგელა მერკელს!


- ანუ სააკაშვილის პარალელურად ამერიკელებიც გვისმენდნენ?

 

- რა თქმა უნდა, და, როგორც ჩანს, ეს მოსმენები დღესაც გრძელდება!

 

- ანუ ასე მარტივად შეუძლიათ, ეს მოსასმენი „ვირუსი" ნებისმიერი ადამიანის კომპიუტერში აამოქმედონ?

 

- ცხადია, და წლების განმავლობაში სწორედ ამას აკეთებდნენ!


- გამოდის, რომ ანტივირუსული პროგრამა ამ „ვირუსს" ვერ იჭერს?


- ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი ანტივირუსიც კი უძლურია. მე ვსაუბრობ ხალხისათვის გასაგებ ენაზე და ახლაც არავინ იცის, კიდევ რამდენი ადამიანის კომპიუტერშია დარჩენილი ეს „ვირუსი". უამრავი ფაილი გატანილია ქვეყნიდან და დასეირნობს აქეთ-იქით. სულ რაღაც ერთი პატარა „ფლეშკით" შეძლებდნენ ყველაფრის წაღებას.


- ვინ წაიღო და ვის ხელშია დღეს ეს ჩანაწერები, რომლებიც პერიოდულად ქვეყნდება?

 

- ყველას აქვს, ყოფილი ხელისუფლების ჩინოვნიკებსაც და დღევანდელ სამართალდამცავებსაც. ვისგან და როდის ხდება მათი გამჟღავნება, ეს უკვე აღარ ვიცი!


- მოსმენის ამერიკული პროგრამა დღესაც მოქმედებს?

 

- შეიძლება, იმ დოზით ვერა, მაგრამ ისევ რომ მუშაობს, ამაში დარწმუნებული ვარ - ეს ფაქტია!


- ვინ სარგებლობს დღეს ამ პროგრამით, ხელისუფლება?

 

- მისი გამოყენება შეუძლია დღევანდელ ხელისუფლებასაც და, სამწუხაროდ, იმასაც, ვინც ეს პროგრამა დანერგა, ანუ „ნაციონალურ მოძრაობას"! კიდევ ვიმეორებ: არავინ იცის, ეს „ვირუსი" კიდევ რამდენი ადამიანის კომპიუტერშია დარჩენილი! ამიტომ შეამოწმეთ ან გამოცვალეთ კომპიუტერები, რადგან სააკაშვილის მოსასმენი „ვირუსი" ისევ თქვენს კომპიუტერშია. თუნდაც, „ვინდოუსი" გადააყენეთ, რადგან ეს განსაკუთრებით „ვინდოუსს" ეხება. სხვათაშორის, „ეფლის" კომპიუტერები ამ „ვირუსისგან" შედარებით დაცულია. ახლა ყველა რიგითი მოქალაქე ნუ დაპანიკდება. მათ სჭირდებათ ადამიანები, რომლებსაც რაღაც დანიშნულება აქვთ.


- საინტერესოა, მხოლოდ ამერიკა გვისმენს თუ რუსეთიც? სააკაშვილმა თავის დროზე ასეთივე პროგრამა რუსებსაც ხომ არ მოსთხოვა?

 

- რუსები სააკაშვილს ზამთარში თოვლს არ მისცემენ. თუმცა, არსებობს ჰაკერული ჯგუფები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ.


- ბატონო ვალერი, ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთეთ ასევე მოქმედი პოლიტიკოსების რუსეთთან ურთიერთობებზე...

 

- რუსეთთან ურთიერთობა დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში მომაკვდინებელ კომპრომატად ითვლება. არადა, ამ დროს არ არსებობს მოქმედი პოლიტიკოსი, რომელსაც რუსეთთან უშუალო ან შუალობითი კავშირი არ ჰქონია.


- რა სახის კავშირებზე საუბრობთ?

 

- მიდიოდა ჩვეულებრივი მოლაპარაკებები - ჩვენ თუ მოვალთ ხელისუფლებაშ, თქვენ რა პოზიციას დაიჭერთ და ასე შემდეგ. მე ამაში მომაკვდინებელს ვერაფერს ვხედავ. მთავარია, პოლიტიკოსმა არ ჩაიდინოს დანაშაული, მაგალითად, ქვეყნის ღალატი, ანუ მთავარია, რას სთხოვ და სანაცვლოდ რას ჰპირდები. ახლა, თუ დაჰპირდი, ხელსუფლებაში მოსვლისთანავე მთელ საქართველოს ჩაგაბარებო, ეს დანაშაული და ქვეყნის ღალატია.


- როგორ ფიქრობთ, სააკაშვილს ხელისუფლებაში მოსვლამდე ასეთი თხოვნები ჰქონდა?

 

- აუცილებლად ჰქონდა და ფაქტიც სახეზე იყო, როცა მას საკრებულოს თავმჯდომარეობისას რუსული წარმოების ჯავშნიანი მანქანა ჰყავდა. ეს პირველი ფაქტი იყო, მერე კი ლამის მთელი ქვეყანა რუსებს ჩააბარა. რაც მთავარია, „კრიმინალების წინააღმდეგ მებრძოლი" სააკაშვილი რუსეთთან ურთიერთობებს ძირითადად კრიმინალური სამყაროს მეშვეობით ამყარებდა. მე არ ვამბობ, რომ ეს ურთიერთობები აუცილებლად პირველი პირის დონეზე იყო, მაგრამ არის ჯგუფები, რომლებიც ასეთ დროს აქტიურდებიან ხოლმა და სააკაშვილი მათთან ნამდვილად ურთიერთობდა. არამარტო სააკაშვილი, ოქრუაშვილსაც აუცილებლად ექნება ასეთი ინფორმაცია და მეც მესმოდა საუბრები, რომ ახალაიებისა და მერაბიშვილის მხრიდან რუსული სპეცსამსახურების მისამართით იყო ასეთი შემოთვლები - სააკაშვილს ჩავაჩოჩებთ და ჩვენ დაგვეხმარეთო. ამიტომ თავი დაანებონ პრორუსულობის ბრალდებით ვიღაცების დამუნათებას.


- დიახ, ნაციონალები ივანიშვილს და მის მიერ მოყვანილ ხელისუფლებას რუსეთის მარიონეტებად მოიხსენიებენ...

 

- თუ შედეგით ვიმსჯელებთ, რუსებისთვის ყველზე სასურველი შედეგი საქართველოში სააკაშვილმა დააყენა.


სხვათაშორის, ძალიან საინტერესოა ვანო მერაბიშვილს რუსულ სპეცსამსახურებთან ურთიერთობის ისტორია. ის მოსკოვში ერთ-ერთ დახურულ კავშირგაბმულობის ნაწილში მუშაობდა, სადაც გამორიცხულია, „კგბ"-ს რეკომენდაციის გარეშე მოხვედრილიყო. რუსულ სამხედრო სამსახურში მოხვედრას თავდაცვის მინისტრის დონეზე თუ არა, მისი მოადგილის დონეზე მაინც სჭირდებოდა საქმის ჩაწყობა და ხომ საინტერესოა, ადიგენელი ბიჭი იქ როგორ აღმოჩნდა, თანაც ისეთ სამსახურში, რომელსაც რუსები ჯარის ენაზე „საჩკაობას" ეძახიან? არაფერი საკეთებელი არ გაქვს, წვრთნებში არ მონაწილეობ, ზიხარ თბილად და უსმენ ტელეფონს, ანუ, ვანომ მოსმენის უნარები რუსულ სამხედრო სამსახურში აითვისა.

 

- სხვათაშორის, ქართველი პოლიტიკოსების რუსებთან ურთიერთობების შესახებ თქვენს განცხადებას ირაკლი ალასანია გამოეხმაურა...

 

- კი, ბავშვურად დაიმუქრა, არავის ვაპატიებ ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ღირებულებების წინააღმდეგ წასვლასო. პოლიტიკაში საყმაწვილო სენი არავის წადგომია და თუ ალასანიას წაადგება, ღმერთმა ხელი მოუმართოს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კრისტალური დასავლეთუმეები არ არსებობენ და არც შეიძლება არსებობდნენ. სწორედ ამის დასამტკიცებლად მოვიყვანე ირაკლი ალასანიას მაგალითიც, რომ ჯერ კიდევ 2004 წლიდან, როცა ის პოლიტიკაში შემოვიდა, მის მიმართ ჩურკინის კარგი განწყობა თვალშისაცემი იყო. მანვე მოუხერხა შემდეგ ლაროვთან შეხვედრა. ასევე საინტერესოა, საიდან და ვის მიერ დაფინანსდა მაშინ ალასანია? მე არ მგონია, აუდიტის სამსახურს ეს შეემოწმებინა. ის კი შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკელები ფულს არ იძლევიან. მისი რუსულ სპეცსამსახურებთან ურთიერთობის ფაქტებიც შემიძლია გავიხსენო. თუმცა, მახსოვს, ყველაზე მეტად ირაკლის ერთმა ქმედებამ შემაშფოთა. „ფე-ეს-ბე"-ს დირექტორის მოადგილე პორონიჩევი გვყავდა სტუმრად. როდესაც ვაცილებდით, მოვიდა ალასანია და პორონიჩევი გვერდით გაიყვანა. ისინი ტრაპზე ავიდნენ და იქ რამდენიმე წუთი საუბრობდნენ. მოგვიანებით ირაკლიმ მითხრა, ისევ მამაჩემის საფლავის მოძებნაზე ვისაუბრეთო. მე ეჭვი არ შემპარვია, რამდენიმე თვის შემდეგ, როცა მოსკოვში ჩავედი, ეს ჩანაწერი მომასმენინეს. ირაკლი ალასანია პორონიჩევს ეუბნებოდა, რომ მას აქვს პირდაპირი გასასვლელი შევარდნაძეზე, რომ არ იყო საჭირო ვალერი ხაბურძანია და ამ ფუნქციას თვითონ შეასრულებდა.


პროდასავლელმა ალასანიამ რუს ოლიგარქ ივანიშვილის მილიონსაც კარგად მოჰკიდა ხელი 2011 წელს. რუსული წარმოშობის ფულზე არც მანამდე უთქვამს უარი, როცა გაერო-დან ვითომდა პროტესტის ნიშნად გამოქცეულმა საარჩევნო კამპანია გააჩაღა.


მე ირაკლის მოვუწოდე და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ - ნუ იქნები ამერიკელებზე უფრო ამერიკელი, თავი დაანებე საქართველოში ამერიკელების ბაზების და დამღუპველი რაკეტების განლაგებისათვის საქმიანობას. არგუმენტები საინტერესო აქვთ - აბა როგორ, პუტინის მონები გავხდეთო? მონობა ის არ არის, ამერიკის ელჩს თვალებში რომ შესციცინებენ და მის ყველა დავალებას უსიტყვოდ ასრულებენ? საქმე ისე მიდის, რომ ამერიკის ელჩი ჩვენს პოლიტიკოსებს მალე მათრახსაც დაარტყამს!

 

- ამბობთ - 2016 წლის არჩევნებზე რუსეთი საქართველოს ხელისუფლებაში მისთვის სასურველი ძალის მოყვანას შეეცდებაო... ვინ მიგაჩნიათ დღეს ასეთ ძალად საქართველოში?


- მთლად ასე არ მითქვამს. დღეს რუსეთს საქართველოსთვის არანაირად არ სცალია. მე ერთადერთ რესურსს ვხედავ - იქნებ ქართულმა დიასპორამ გამოიღვიძოს და მოახერხოს ის, რომ რუსეთთან ნორმალური დამოკიდებულების მქონე ძალა მოიყვანოს ხელისუფლებაში!


- დღევანდეილ ხელისუფლება ასეთი არ არის?

 

- დღევანდელმა ხელისუფლებამ, უბრალოდ, რიტორიკა შეცვალა და აღარ იგინება. სხვა მხრივ ყველაფერი ძველებურადა.  ხომ ხედავთ, უახლოეს მომავალში ნატო-ს სასწავლო ცენტრი იხსნება საქართველოში სპეცდანიშნულების რაზმის მოსამზადებელი ოთხი ბაზა უკვე არსებობს. ისინი, ფაქტობრივად, ამერიკელების მიერ არის შექმნილი და მე მიკვირს, ასეთ შემთხვევაში, კიდევ ერთის აშენება რა საჭიროა? მაგრამ ეს იქნება სასწავლო ცენტრი, სადაც ჩამოვლენ მაღალი რანგის ოფიცრები, გაგრძელდება აქტიური გადმობირებითი მუშაობა, ტვინების მოპარვა და მათი გაუკუღმართება. ეს იქნება ნატო-ს არა სამხედრო ბაზა, არამედ თეორიულ-პრაქტიკული ბაზა. აქედან დაიწყება გარკვეული პროცესების მართვა წმინდა გონებრივ დონეზე. დაიწყება გარკვეული ჯგუფების მომზადება...


- რა ჯგუფების, ბატონო ვალერი?

 

- რა ჯგუფები უნდა მომზადდეს კავკასიაში? შეიძლება მომზადდეს ჯგუფები სირიისთვის, ირანისთვის და რუსეთისთვისაც.


- შეიარაღებული?

 

- შესაძლოა, არ შეაიარაღონ, მაგრამ თეორიულად დაიწყებენ მათ მომზადებას. ხაზგასმით ვამბობ, ქვეყნის დაცვითი თვალსაზრისით ამ ბაზას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება.

 

- გასაგებია, რომ დაცვის თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, მაგრამ რაც შეეხება საფრთხეს?

 

- ჩათვალეთ, რომ ნატო-ს ცენტრზე რუსეთის მხიდან მუდმივად დამიზნებული იქნება რაკეტა.

 

- აუცილებლად უნდა გკითხოთ სააკაშვილისა და მისი გუნდის მოღვაწეობაზე უკრაინაში...

 

- სააკაშვილი უკრაინაში „კრიშავს" საკუთარი ძმის ბიზნესს. დავით სააკაშვილი არის კიევის კეზერაშვილი, რომელიც იქ ბენზინგასამართ სადგურებსა და ნავთობბაზებს ფლობს. პარალელურად, სააკაშვილი აკეთებს ფულს.


- რისთვის?

 

- რა თქმა უნდა, საქართველოში არეულობის მოსაწყობად!


თუ ისე მოახერხა ფულის მოპარვა, რომ უკრაინელებმა ვერ გაიგეს, იქ ბაზას გააკეთებს, მაგრამ სააკაშვილის გემოვნების მასშტაბები რომ ვიცი, ისე მოპარვას ვერ მოახერხებს, რომ არ გაუგონ. ჩვენ 9 წელი გავუძელით. ვნახოთ, უკრაინელები რამდენს გაუძლებენ. ტერიტორიების 20 პროცენტი უკვე დააკარგვინა...

 

- ბატონო ვალერი, როგორც თავად თქვით, ხელისუფლებაში მოსვლის ყველა მსურველს უწევს თხოვნითი საუბრები რუსეთთან. როგორ ფიქრობთ, სააკაშვილს ასეთი საუბრები რუსეთთან ამჯერადაც აქვს?


- მოდით, ერთი რამ ვაღიაროთ - პოლიტიკაში შეუძლებელი არაფერია, ამდენად, გამორიცხვითაც არაფერს გამოვრიცხავ.

 

ესაუბრა ნონა ბენდელიანი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016