ძვირფასო მკითხველო!
იქნებ, გახსოვთ კიდეც, ვინ არის ქვეყანაში პირველი პირი, რის გარკვევასაც პირადად მე ჩემი დროის გარკვეული ნაწილი უკვე მივუძღვენი!
თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ამაოდ!
ყველა შემთხვევაში, ჯერჯერობით, ეჭვი ამ ოთხ პიროვნებაზე (ივანიშვილი, ღარიბაშვილი, მარგველაშვილი, სააკაშვილი) მაქვს, მაგრამ სინამდვილეში - ჩემი ფეხები! - დაზუსტებით მაინც არაფრის თქმა არ შემიძლია!
ანდა საიდან მეცოდინება, როცა საზღვარგარეთ საქართველოს პირველ პირად კვლავაც სააკაშვილს ასახელებენ: მას იწვევენ გაეროში, ევროკავშირში და, თქვენ წარმოიდგინეთ, წყალში დამხრჩვალთა საზოგადოებაშიც, თუკი ეს დამხრჩვალი კაცი უცხო ქვეყნის მდინარეში გდია გულგამსკდარი!
მეტი კიდევ რა გითხრათ? დღესდღეობით ნატო-ში სააკაშვილს იწვევენ და საქართველოს - არა!
პირველი პირის უფლებათა რაღაც ნაწილი ღარიბაშვილზეც მოდის!
მაგალითად, ბატონი ირაკლის გასარკვევია, მისი რომელი ნგათესავიდან ვინ სად და როდის უნდა დაინიშნოს!
გიორგი მარგველაშვილს, როგორც პრეზიდენტს, მართალია, ქვეყანაში არავინ არაფერს ეკითხება, მაგრამ სხვა სახელმწიფოსთვის ომის გამოცხადება მხოლოდ ამ ჯიგიტის პრეროგატივააა!
ე.ი. ზემოთ ჩამოთვლილ სამივე პირს - ღარიბაშვილს, მარგველაშვილს, სააკაშვილს ხანდახან რაღაც-რაღაცებს კი ეკითხებიან, მაგრამ ყველა ეს პირი ანგარიშს თუ პირში არა, ზურგსუკან მაინც ივანიშვილს აბარებს!
დედას გაფიცებ! ამ ოკრობოკროში გაიგე რამე, მკითხველო?! ვერა?
სხვათაშორის, ვერც მე!
და დიდად საწუხ არს, რომ ასეთივე „ბარდაკია" პარლამენტში!
თუ დილით ხონელმა აკაკი ბობოხიძემ ყინყლი არ ატეხა, იმ დღით „ქუთაისის პარლამენტში" საინტერესო არაფერი ხდება!
ამასაც თავისი მიზეზი აქვს: როგორც ადრე, მშობელი შვილს ვერცერთ უმაღლეს სასწავლებელში რომ ვერ მოაწყობდა და მერე მიჰყავდა „სასოფლოში", ასეა ახლაც: თუ ახალგაზრდა კაცი მეოცნებეთა სიით თავს ვერსად გამოიჩენს, პარლამენტში უკრავენ თავს!
და კიდევ: ამ ხელისუფლების ხელში ან ამ საწყალ ლარს რა გააჩერებდა ერთ ადგილზე!
და მოხდა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო - ეს დალოცვილი ისე მშვიდად და ნარნარად მიიწევს მაღლა, თითქოს ხის ბოძზე ფშვიტინ-ფშვიტინით სოფლის მონტიორი ადიოდეს!
თუმცა, ამ ყველაფერზე მომავალში მოგიყვებით, თუკი, რასაკვირველია, იქამდე უკრაინის მთავრობაში არ გავიჩითე!
გაზეთი „ასავალ-დასავალი"