წაყენებული მძიმე ბრალდებების შემდეგ არ გამორიცხავენ, რომ პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. საქმე ის გახლავთ, რომ რამდენიმე კვირაში კანონმდებლებმა ირაკლი ქადაგიძის მოხსენება უნდა მოისმინონ და დაამტკიცონ. თუ არ დაამტკიცეს და საბოტაჟში ამხილეს, მას თანამდებობის ერთი წლით ადრე დატოვება მოუწევს.
ექსპერტების ნაწილი მოვლენების ამგვარი განვითარებას არ გამორიცხავს. თუმცა, მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის მმართველის გადაყენებამ კრიზისის ფონზე შესაძლოა, ვითარება კიდევ უფრო გაამწვავოს, პირველ რიგში, დასავლეთის საფინანსო ორგანიზაციებთან - ყველა აღიარებს,რომ ქადაგიძეს დასავლეთში მაღალი ნდობა აქვს. თუმცა, ვალუტის კრიზისის ფონზე მის მიმართ კითხვის ნიშნები გაჩნდა. და ახლა ქადაგიძეს შესაძლოა, გაუჭირდეს იმის დამტკიცება,რომ რეზერვების დაცვაა მისთვის პრიორიტეტული და არა საბოტაჟი.
გაუჭირდება იმიტომ კი არა, რომ არგუმენტები არ ექნება, არამედ იმიტომ, რომ კრიზისმა უკვე მიიღო პოლიტიკური ხასიათი და პრობლემას იმის მიხედვით აფასებენ, ვის უჭერენ მხარს - ივანიშვილს თუ სააკაშვილს. შესაბამისად, ყოფილი პრემიერი ბრალს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უყენებს; ყოფილი პრეზიდენტი კი მმართველ ეკონომიკურ გუნდს.
თუმცა, პოლიტიკური ელფერი გიორგი ქადაგიძეს ამ კრიზისმა არ შესძინა. პოლიტიკურ თამაშებში ის ჩართულიიყო ამ პოსტზე მის დამტკიცებამდე.
მისი სახელი ორი ბანკის გაკოტრების საქმეში ფიგურირებს. ერთი ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა, მეორე - ბიძინა ივანიშვილს.
პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ, როგორც მაშინდელი მედია წერდა, პრობლემები შეუქმნეს პატარკაციშვილის ფინანსურ აქტივებს: „მთაწმინდის პარკსა" და „ტელეიმედს", შემდეგ „სტანდარტ ბანკს". ბანკის თემაში სწორედ გიორგი ქადაგიძე ფიგურირებს. 2007 წლის ნოემბერში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ამაღლობელის განკარგულებით, „სტანდარტ ბანკში" დროებითი ადმინისტრაცია დაინიშნა. დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად კი - გიორგი ქადაგიძე, რომელიც მანამდე ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ხელმძღვანელობდა.
„ნეტგაზეთის" შეფასებით, „ეს საკმაოდ მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო, რადგან პატარკაციშვილის პოლიტიკაში ჩართვამდე „სტანდარტ ბანკი" ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და წარმატებული ფინანსური ინსტიტუტი გახლდათ. 2007 წელს ეროვნულმა ბანკმა „სტანდარტ ბანკს", „CAMEL" სისტემის მიხედვით, მეორე კატეგორია მიანიჭა, რაც უმაღლესი კატეგორიაა ქართულ კომერციულ ბანკებს შორის".
ქადაგიძის ხელმძღვანელობით მოხდა სწორედ პატარკაციშვილის ბანკის ლიკვიდაცია. თუმცა, ყველა მონაცემით, მას ფუნქციონირება შეეძლო:
„ქადაგიძე აცხადებდა, რომ ბანკის ლიკვიდაცია არ მოხდებოდა და ეროვნული ბანკი მეანაბრეების ინტერესებს დაიცავდა. 2007 წელს კომპანია „სელფორდის" ხელმძღვანელი ირაკლი რუხაძე აცხადებდა, რომ 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ, „სტანდარტ ბანკის" მეანაბრეებსა და კორპორაციულ კლიენტებზე ზეწოლა განხორციელდა და ბანკიდან კაპიტალის გადინება დაიწყო. კაპიტალის გასვლის დინამიკა საკმაოდ მაღალი იყო - ორ კვირაში ბანკიდან 40 მილიონი ლარი გავიდა. სწორედ ლიკვიდურობის პრობლემა გახდა „სტანდარტ ბანკში" დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის მიზეზი. თუმცა მაშინ „სელფორდის" წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ბანკის ფინანსური რესურსების შევსება შეეძლოთ. მათ ამის საშუალება არ მიეცათ". - წერს „ნეტგაზეთი".
ლიკვიდაციის ოპერაცია წარმატებით დასრულდა - 2008 წელს „სტანდარტ ბანკის" აქციების 100 % „ორბანკმა" შეიძინა.
მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ, უკვე „ქართუ ბანკის" გაკოტრების სქემა ამუშავდა. ამ პროცესში გიორგი ქადაგიძე ჩართული იყო უკვე როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი, ვის მფლობელობაშიც იყო არსებული ბანკი, აცხადებს,რომ ქადაგიძემ ამ მცდელობის გამო ბოდიშიც მოიხადა.
პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული თავის დროზე მის დანიშვნასთან დაკავშირებითაც. სანამ პარლამენტმა გიორგი ქადაგიძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე უყარა კენჭი, მანამდე ზუსტად ორი დღით ადრე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად დაამტკიცა. ეს იმისთვის გახდა საჭირო, რომ პრეზიდენტს მისი კანდიდატურის წარდგენის კანონიერი უფლება ჰქონოდა - ამ ორგანოდან ხდება პრეზიდენტის მიერ კანდიდატურის შერჩევა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ქადაგიძე 2009 წელს დაინიშნა, მან ამ პოსტზე სწორედ რომან გოცირიძე შეცვალა. თუმცა, ახალ დანიშვნამდე მოვალეობას დავით ამაღლობელი ასრულებდა.
სააკაშვილის გარდა, მისი ფიგურა თავიდანვე ზურაბ ადეიშვილს დაუკავშირდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ 2006-2007 წლის ივლისამდე ის ზურაბ ადეიშვილის გენპროკურორობის პერიოდში, პროკურატურის ეკონომიკურ დეპარტამენტს ედგა სათავეში, მანამდე საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების ზედამხვედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო უფრო ადრე (2005 წელს) თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი იყო.
ექსპერტები შეფასებისგან თავს იკავებენ.
შესაძლოა, შემთხვევითი არ არის, რომ ზოგიერთი ექსპერტი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბოლო დროს გადადგმულ ნაბიჯებშიც პოლიტიკურ მოტივებს კითხულობს. ვარაუდობენ, რომ გადაყენების ან ვადის ამოწურვის შემდეგ ის შეძლებს პოლიტიკაში ჩართვას. ყველაზე ეფექტური ნაბიჯი რაც გადადგა, ის იყო, რომ კომერციულ ბანკებთან შეხვედრა და მოქალაქეებისთვის იპოთეკური კრედიტის გადავადების გრაფიკის შედგენა ითხოვა. ამან საშუალო ფენაზე იმუშავა. სოციოლოგების განმარტებით, სწორედ ეს ფენაა არჩევნებში გადამწყვეტი. ამ ნაბიჯით კი მან ელექტორატის სწორედ ეს ნაწილი განაწყო დადებითად.
თუმცა, იგივე შეეძლო ხელისუფლებასაც გაეკეთებინა, თანაც გაცილებით ადრე.
ქეთი ხატიაშვილი
გაზეთი „პრაიმტაიმი"