ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება და როცა საჭიროა, მათში ერევა კიდეც. მის გარემოცვასთან დაახლოებულმა წყაროებმა „ალიას" რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოაწოდეს ივანიშვილის განწყობებსადაგარკვეულმოვლენებზემისირეაქციებისშესახებ. ის თურმე ძალზე გაღიზიანებული ყოფილა იმით, მთელი „ნაცმოძრაობა" დამასთანმიბმულისხვაოპოზიციურიპარტიები, ირაკლიალასანიას გუნდის თამადობით, ლარის გაუფასურებაში მხოლოდ მთავრობას რომ ადანაშაულებდნენ და ეროვნული ბანკი არავის უხსენებია. ივანიშვილი გაუცოფებია იმას, რომ მათ ვერც პარლამენტიდან და ვერც მთავრობიდან, კვალიფიციური პასუხი ვერ გასცა ვერავინ, ეროვნულ ბანკს ბრალი არ დასდო იმაში, რაშიც აშკარად დამნაშავე იყო და რამდენიმე დღის განმავლობაში, „ქართული ოცნების" ლიდერები მხოლოდ მთავრობის უდანაშაულობას ამტკიცებდნენ, იმის ნაცვლად, რომ იქით შეეტიათ ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის.
მართლაცდა, ლამის ქვეყანა იქცეოდა და ერთმა კაცმა ვერ გაბედა ეთქვა, რომ ეროვნული ბანკი თავისი უმოქმედობით ლარის გაუფასურებაში დამნაშავეა, სწორედ მან უნდა განახორციელოს სასწრაფო ქმედებები, რომ ლარი გამყარდეს. აი, ბიძინა ივანიშვილმა როცა გააკრიტიკა გიორგი ქადაგიძე, მერე, იცოცხლეთ, მისდგენენ და კაცი არ დარჩა ხელისუფლებიდან, გვარიანად რომ არ გაელანძღა, ზოგიერთები მის იმპიჩმენტზეც კი ალაპარაკდნენ. ისე, ამ გიორგი ქადაგიძეზე ცოტა ადრე ამოგეღოთ ხმა, რა მოხდებოდა? თქვენმა განცხადებამ ლარის კურსის ვარდნა შეაჩერა და 3 დღით ადრე რომ გეთქვათ იგივე, მინიმუმ, 20 პუნქტით აღარ დაეცემოდა ეგ ჩემი ცოდვით სავსე.
ამას წინათ დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კენჭს აღარ იყრის „ქართული ოცნებიდან". ბიძინა ივანიშვილის კულუარებიდან კი ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდეს: დავით საგანელიძეს გულითაც რომ სურდეს, მაინც ვერ იყრის კენჭს „ქართული ოცნებიდან", რადგან მისთვის ბიძინა ივანიშვილს უთქვამს, შენ იმდენი შეცდომა დაუშვი, ათი კაცისთვისაც კი ზედმეტია, ამიტომ პოლიტიკაში ჩვენი გზები გაიყოო. ივანიშვილს საგანელიძისთვის უსაყვედურია, რომ ვერც ერთ არჩევით დონეზე „ქართული ოცნების" საარჩევნო სიები სათანადო დონეზე ვერ დააკომპლექტეო. იგულისხმება, უმთავრესად, აჭარის პარლამენტი, თბილისის საკრებულო და რეგიონებში ასევე, საკრებულოთა უმრავლესობა. ცხადია, საგანელიძე მარტო არ იყო ამ საქმეში, სხვებსაც მიუძღვით წვლილი, რომ ასეთი უნიათო არჩევითი ორგანოები მივიღეთ, „ქართული ოცნება" ნამდვილად ვერც ერთ საარჩევნო დონეზე ვერ ამართლებს ხალხის იმედებს, ამ საქმეში თავად ივანიშვილსაც მიუძღვის ბრალი, მაგრამ საგანელიძე პარტიის ერთ-ერთ ლიდერია, მის გარეშე რაიონის საკრებულოს დეპუტატის წარდგენაც კი არ ხდებოდა და ლომის წილი საერთო ჩაფლავებულ საქმეში სწორედ მას მიუძღვის. წყარო აცხადებს, რომ ივანიშვილი მარტო ამიტომ არ არის უკმაყოფილო საგანელიძით. მისთვის უჩვენებია „ქართული ოცნების" ცენტრალური, რეგიონული და რაიონული ოფისების ორმოცდაათზე მეტი სხვადასხვა დონის ხელმძღვანელის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის დამადასტურებელი ფაქტები. მეტიც, მრავალი მათგანის სპეცსამსახურების მიერ გადაბირების მტკიცებულებები, ამ ხალხის მიერ დაწერილი ხელწერილები, რომ ნებაყოფლობით თანამშრომლობენ მათთან. მათი უმრავლესობა კუდ-ის აგენტი ყოფილა, ნაწილი სამხედრო დაზვერვისა, ნაწილი კი, ჯერ კიდევ 2006-2007 წლებიდან სოდ-ის აგენტი იყო. ივანიშვილს უთქვამს საგანელიძისთვის, აქედან 10 კაცი რომ მაინც გაგეშიფრა, შესაძლოა, ხმა არ ამომეღო, მაგრამ ორმოცდაათზე მეტი აგენტი წამყვან პოზიციებზე ისე დანიშნე, ერთში ეჭვი არ შეიტანე, თუ შეცდი, ეს ხომ უბედურებაა და თუ იცოდი და მაინც დანიშნე, ეს უკვე სხვა საქმეა, უფრო დიდი უბედურებაა და აქ დავსვათ წერტილი, მორჩა, ამის შემდეგ, ჩვენ ვერ ვითანამშრომლებთო. ივანიშვილს „ხურდად" საგანელიძისთვის კიდევ რამდენიმე პარტიული ლიდერის „ნაცმოძრაობასთან" თანამშრომლობის დამადასტურებელი სხვადასხვა სახის მტკიცებულება დაუდია წინ, მათი ფარული შეხვედრების ვიდეო, აუდიო ჩანაწერები, მათ შორის, უცხოეთში მათი ფარული შეხვედრის დამადასტურებელი ფაქტები, ასევე, სატელეფონო საუბრების ჩანაწერები და სხვა სახის ინფორმაციები. ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა ივანიშვილს საგანელიძის კადრები გაუშიფრავს და „ნაციონალების" დროინდელ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში უმხელია და მას მუდამ აყენებდა საქმის კურსშიო.
წყარო აცხადებს, რომ ეს სრულიად საკმარისი მიზეზი იყო ივანიშვილისთვის, რომ საგანელიძეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტი დაეტოვებინა, მაგრამ ივანიშვილს უთქვამს, რაც გააფუჭა, იმაზე მეტს ვეღარაფერს გააფუჭებს და ეს საარჩევნო ციკლი დაასრულოს ამ პოსტზეო. დავით საგანელიძე, როგორც თავად აცხადებს, მალე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტსაც დატოვებს და შესაძლოა, პარლამენტიდანაც წავიდეს. სავარაუდოდ, მან ეს გადაწყვეტილება ივანიშვილთან საუბრის შემდეგ მიიღო, რადგან ექსპრემიერს მისთვის ეს არ მოუთხოვია, თუმცა, საგანელიძესა და ივანიშვილს შორის სხვა უთანხმოებაც ყოფილა, მარტო ეს საკითხი არ გამხდარა მათი წაკიდების მიზეზი. სავარაუდოდ, ახლო მომავალში „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისსა და პარტიის რეგიონულ და რაიონულ ფილიალებში, დიდი წმენდა დაიწყება და ამის მთავარი მიზეზი ის კომპრომატები იქნება, რაც სხვადასხვა დონის პარტიულ ლიდერებზე ივანიშვილს გააჩნია. ასევე, ამავე საფუძველზე, რაიონებში, გამგეობის თანამშრომლები, საკრებულოს რამდენიმე თავმჯდომარე და სხვა თანამდებობის პირები დატოვებენ თანამდებობას.
ბიძინა ივანიშვილმა, ბუნებრივია, წინასწარ იცოდა, რომ „ნაცმოძრაობა" ამ დღეებში ქუჩის აქციებს დაიწყებდა. წყარო აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერი ამ ამბავს ძალიან მშვიდად შეხვდა. დარწმუნებულია, რომ „ნაციონალები" რევოლუციურ პროცესს ვერ ააგორებენ. ამ ამბავმა, შესაძლოა, „ქართულ მაიდანამდე" მიგვიყვანოს, მაგრამ საბოლოოდ, ეს მათ შედეგს ვერ მოუტანს, რადგან არც ხალხი გაჰყვებათ და არც საკმარისი მიზეზები აქვთ საიმისოდ, რომ რევოლუცია ააგორონო, დარწმუნებულია ივანიშვილი. თუმცა, ვისაც საჭიროა ხელისუფლებიდან, ყველას გაათმაგებული სიფრთხილისა და ყურადღებისკენ მოუწოდა, რადგან, თუ მართლა „მაიდანის" მაგვარი მოაწყვეს „ნაციონალებმა", აქედან ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეს ხალხი და ქვეყანა. თუმცა, აქვე უნდა დავსძინო, რომ ის მხოლოდ პრემიერს, რამდენიმე მინისტრსა და საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე, რამდენიმე წევრს ეკონტაქტება, რჩევებსაც მათ აძლევს. ძალიან ბევრს, ვინც ადრე ყოველდღე მასთან სახლში ისხდნენ, საერთოდ აღარ ეკონტაქტება და არც მათ სატელეფონო ზარებს პასუხობს. ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ იმას შიშობს, რომ ქუჩაში გამოსულ „ნაციონალებს" მათგან გამწარებული ხალხი არ გამოენთოს და პირად ანგარიშსწორებაზე არ გადავიდნენ. „ნაციონალებსაც" ეს უნდათ, აქციებსაც ამის იმედით იწყებენ, თორემ პოლიცია მათ რომ არ დაარბევს, ეს მშვენივრად იციან აი, თუ ხალხი დაუპირისპირდა მათ, ეს არასასურველ პროცესებს კი გამოიწვევს, მაგრამ ეს იქნება „ნაცმოძრაობის" დასასრული. როგორც ჩანს, მათი ბოლო ეს არის, უმსხვერპლოდ ამ ქვეყანას არ მოსცილდებიანო.
ბიძინა ივანიშვილმა საგაზეთო და სატელევიზიო ინტერვიუებში ირაკლი ალასანიაზე საკმაოდ ბევრი და უარყოფითი ილაპარაკა. აზრი არც ახლა შეუცვლია მისი და მისი თანაგუნდელების მიმართ. წყარო აცხადებს, ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ „თავისუფალი დემოკრატები" ვერც მარტო და ვერც სხვა პარტიებთან ალიანსში, ხელისუფლებაში ვეღარ მოვლენ. გულდაწყვეტით ის კი აღუნიშნავს, რომ ირაკლის ძალიან ბევრი გავუკეთე, მაგრამ ისიც იმ გზას დაადგა, რაც, საუბედუროდ, ყველაზე პოპულარულია ქართულ პოლიტიკაში, ღალატის გზასო. იქვე უთქვამს, დიპლომატებით დაკომპლექტებული პარტია ვერასდროს მიაღწევს წარმატებას პოლიტიკაში, რადგან ხშირად მყისიერი და ძალიან სარისკო ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, ამის გაკეთება კი მათ უჭირთ. ვიდრე ეგენი გადაწყვეტილებებს მიიღებენ, მანამდე ათასი მატარებელი ჩაივლის და ვერც ერთს ვერ შეახტებიანო. ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი ალასანია რომ არ მოეხსნა, „თავისუფალი დემოკრატები" კოალიციაში იქნებოდნენ და კვლავ მისი კარნახით წარმართავდნენ პოლიტიკას, „ქართული ოცნების" მეხოტბეებად დარჩებოდნენ და ხელისუფლების ნებისმიერ, უგუნურ გადაწყვეტილებასაც კი, ისევე გულმოდგინედ დაიცავდნენ, გაამართლებდნენ, როგორც ამას ორი წლის მანძილზე აკეთებდნენ. მოკლედ, ივანიშვილს სასაცილოდ არ ჰყოფნის ირაკლი ალასანიას ბაქიბუქი, რომ მალე ხელისუფლებაში „თავისუფალი დემოკრატები" მოვლენ.
ლევან ჯავახიშვილი
გაზეთი „ალია"