მახსოვს, დედაჩემი რომ გარდაიცვალა, თითქოს ყველაფერმა ჩემთვის აზრი დაკარგა. ძალიან დიდხანს არაფერი მიხაროდა, რადგან მინდოდა, ჩემს მცირე წარმატებას მაინც მოსწრებოდა. მე ხომ მისი ერთადერთი შვილი ვიყავი. ის კი ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ ჯერ კიდევ ბენზინგასამართ სადგურზე ვმუშაობდი.
ოცი წლის ვიყავი, დილით ბათუმის უნივერსიტეტში დავდიოდი, ლექციების მერე კი უკვე მესამე წელიწადი სრულდებოდა, რაც გორკის ქუჩაზე ბენზინს ვასხამდი. დედაც და მამაც პენსიონერები იყვნენ და ორივეს პენსია თვეში 28 ლარი გამოდიოდა. მამაჩემი, მიუხადავდ სოლიდური ასაკისა და საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის სტატუსისა, ერთ-ერთ პროფილაქტიკაში დარაჯად მუშაობდა. დედაჩემი, მიუხედავად ავადმყოფობისა, სახლის წინ ხანდახან მზესუმზირას ყიდდა. პროფესიით ექთანი იყო, მაგრამ ჩემი დაბადების შემდეგ აღარ უმუშავია. მთლიანად შვილის გაზრდაზე გადაერთო. არც ჯანმრთელობა უწყობდა ხელს. თითქმის ბავშვობიდან გული აწუხებდა. დიაგნოზი - პაროქსიზმული ტაქიკარდია. შეტევა საშუალოდ კვირაში ერთხელ ემართებოდა. ზოგჯერ თავისით გაუვლიდა, ზოგჯერ სასწრაფოს გამოძახება მჭირდებოდა, ზოგჯერ კი სასწრაფოც ვერაფერს ახერხებდა და უკვე საავადმყოფოში მიგვყავდა. მთელი ბავშვობა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მაქვს გატარებული. თვეში ან ორ თვეში ერთხელ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დედაჩემის პულსს ვდარაჯობდი. დავდიოდი დერეფანში და საათობით ველოდებოდი, როდის გაუვლიდა შეტევა. პარკეტზე რამდენიმე ადგილი მქონდა მონიშნული და თუ იქ დიდხანს გაუნძრევალდ დავდგებოდი, დარწმუნებული ვიყავი, გაუვლიდა. ზოგჯერ კართან მივიპარებოდი და ღრიჭოდან მონიტორს ვაკვირდებოდი, რათა მენახა, გულისცემა ჩადგა თუ არა ნორმაში. მე და დედაჩემი ფაქტობრივად ერთმანეთს ვუვლიდით; ის - მე, მე - მას. მთავარი იყო, როცა ცუდად გახდებდა, მასთან ვყოფილიყავი, რომ სასწრაფო გამომეძახებინა. სასწრაფოს გამოძახება არ იყო მარტივი საქმე. ჩვენს კორპუსში ტელეფონის ხაზი ჯერ მოყვანილი არ იყო. ამიტომ დასარეკად მეზობელ კორპუსში მივდიოდი. იქაც სულ რამდენიმე ოჯახს ჰქონდა ტელეფონი და ყველანი მიცნობდნენ. წნევის გაზომვა როდის ვისწავლე, არც ამხსოვს. ადელფანი ან კლოფელინი და ცხელი წყალი ფეხებისთვის - ეს იყო მაშინ წნევის დასარეგულირებელი საშუალებები. წლების განმავლობაში ვუმკლავდებოდით ამ ყველაფერს, თუმცა ბოლომდე სანიმუშო შვილი მაინც ვერ გამოვდექი. როცა იმ ასაკში შევედი, რომელ ასაკშიც ბიჭები ცოტა ვირდებიან ხოლმე, ზოგჯერ ვეჩხუბებოდი რაღაც სისულელებზე. კულინარიუული ნიჭი არ ჰქონდა. ამიტომ საჭმელი ძირითადად უგემური ან დამწვარი გამოსდიოდა და ამაზე ვჩხუბობდი. ეს ალბათ ყველაზე დიდი სისულელეა, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია. ეს რომ მახსენდება, საშინლად მრცხვენია.
1999 წლის 5 იანავრს კი, როცა მე 20-ის ვიყავი, დედაჩემი კი 59-ის. გავიღვიძე და გვერდით საწოლში დედაჩემს გადავხედე... სულ ასე ვაკეთებდი, თუ მე უფრო ადრე ვიღვიძებდი, ვაკვირდებოდი, სუნთქავდა თუ არა. იმ დილით ჩემკენ ზურგით იწვა გვერდზე საწოლზე, ამიტომ დავუძახე, ერთხელ, ორჯერ, ხმა აღარ გამცა...
ალბათ, ყველა ასაკში რთულია დედის დაკარგვა, მაგრამ, როცა 20 წლის ხარ...
დაახლოებით ორ თვეში თავი დავაღწიე ბენზინგასამრთ სადგურს და ჟურნალისტის პროფესიას შევეჭიდე. იყო ახალი სამსახური, ახალი საქმე, მაგრამ არ იყო სიხარული.
მაპატიეთ, თუ დაგასევდიანეთ.
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი