„საერთო გაზეთს“ ერთ-ერთი ცნობილი ფინანსისტი დაუკავშირდა, რომელმაც ამ ეტაპზე ვინაობის გამხელა არ ისურვა. როგორც აღნიშნა, იგი თავადაც აღმოჩნდა ირაკლი ქადაგიძის კრიმინალური საქმიანობის მსხვერპლი და დაგვპირდა, რომ სათანადო კვლევა-ძიების შემდეგ, ამაზე ღიად ისაუბრებს. მანამდე კი მის ვინაობას ინკოგნიტოდ დავტოვებთ:
– გაოგნებული ვარ, როგორ ბედავს ქადაგიძე, ხელისუფლების მხრიდან, ბანკზე თავდასხმაზე ასე უტიფრად ისაუბროს. იგი, დღეს, ბრიფინგების გამართვის ნაცვლად, ციხეში უნდა იჯდეს. ნორმალურ ქვეყანაში ასეც იქნებოდა. მან ხომ არაერთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ჩაიდინა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მარტო იმ უმოქმედობისთვის, რაც ლარის გაუფასურების პროცესთან მიმართებაში გააკეთა, მინიმუმ თანამდებობიდან უნდა გადამდგარიყო. მოდით, თანმიმდევრულად გავიხსენოთ მისი „საგმირო საქმენი“: 2012 წლის არჩევნების დროს, როცა „ბანკი ქართუ“-დან გარკვეული საარჩევნო ხარჯები ფინანსირდებოდა, „ეროვნულმა ბანკმა“ კონტროლის პალატასთან ერთად ყველაფერი გააკეთა რათა, ეს, არაკანონზომიერ ხარჯებად ჩათვლილიყო და მეორეც, ვითომ, ბანკის ინტერესების დაცვის მიზნით, ქადაგიძემ „ქართუ ბანკს“ მმართველი ორჯერ დაუნიშნა. მაშინ, ჯარიმამ 100 მილიონს გადააჭარბა და ამან ბანკი სერიოზულად დააზარალა. გარდა ამისა, ბანკის კრედიტორებს გარკვეული შეღავათები მისცა, რითაც ბანკი, ასევე, აზარალა. ბუნებრივია, მათ კარგად ესმოდათ, რომ „ბანკი ქართუ“ ასე ვერ გაკოტრდებოდა იმიტომ, რომ დამფუძნებელი ძალიან მდიდარი კაცია, მაგრამ ამით შესანიშნავ პიარს იკეთებდნენ – საზოგადოებას დარღვევების შესახებ ატყობინებდნენ. სამართლებრივად თუ შევაფასებთ, ეს, ეროვნული ბანკის მხრიდან, უფლებამოსილების გადაჭარბებაა, რაც მოქმედი კანონმდებლობით ისჯება. ვიმეორებ, ნორმალურ ქვეყნებში ამას არავინ გაპატიებს. თუ გახსოვთ, არჩევნების მერე ბიძინა ივანიშვილი შეხვდა ქადაგიძეს. ბატონმა ბიძინამ, თქვა ირაკლი ნიჭიერი, ჭკვიანი ახალგაზრდააო და არ შეეხო მას, ინდულგენცია მისცა, დატოვა თანამდებობაზე. არ დაუჯერა მაშინდელი ბანკის მმართველს, რომელიც ამტკიცებდა რომ არჩევნებში გამარჯვებისთანავე ქადაგიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრულიყო. მნიშვნელობა არ აქვს ნიჭიერია თუ უტვინო, დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ახლა, „ეროვნული ბანკის“ მხრიდან ბოლო დროის სერიოზულ დარღვევას გადავხედოთ: ლარის კურსის პირველი, სერიოზული რყევის ნიშნები 3 ნოემბერს გამოჩნდა და 25 ნოემბრამდე „ეროვნულ ბანკს“ არაფერი გაუკეთებია. 25 ნოემბერს 40 მილიონი დოლარი გამოიტანა გასაყიდად, შემდეგ – 2 დეკემბერს და მერე 4 თებერვლამდე თითი აღარ გაუნძრევია. ამდენი დროის ფუჭად გაფლანგვა, შეცდომაზე მეტად უარესია. აქ, ძალიან სერიოზული მაქინაცია იკვეთება. იანვარში არანაირი ინტერვენცია არ მომხდარა, სამაგიეროდ მოხდა თებერვალში, როცა უკვე დევალვაცია პიკს მიუახლოვდა. ეს მინიმუმ ორი რამის ირიბი მტკიცებულებაა: ან არაპროფესიონალიზმის ან საბოტაჟის.
– თქვენ, ჩემთან საუბარში, სხვა ძველი ცოდვებიც ახსენეთ, მათ შორის ის, რაც თავად გადაგხდათ და საზოგადოებისთვის ცნობილი არაა.
– დიახ, ანალოგიური გააკეთა „ბანკ-რესპუბლიკასთან“ მიმართებაშიც, სადაც ნორმატივები გააძლიერა. გარკვეული ინტერესები აქაც იკვეთება, ეს უკვე მიშიზმია. „ბანკი-რესპუბლიკის“ მეპატრონე პაპაშვილი, მაშინ იძულებული გახდა ფრანგები შემოეყვანა და დიდი ფრანგული ბანკის „ჟენერალის“„კრიშა“ დაეხურა, რათა არ დაჩაგრულიყო. ასევე, გახმაურებული და ძალიან საეჭვოა, რაც აშკარა კვლევის საგანია, თუ როგორ შეიქმნა „ლიბერთი-ბანკი“, ყოფილი „სახალხო ბანკი“ თავის ხელმძღვანელობით, დამფუძნებელთა სტრუქტურით და ა.შ. როგორ გადასკუპდა მაშინდელი პრემიერი „ლიბერთი-ბანკის“ მმართველად, როცა საბანკო სისტემაში „საქართველოს ბანკიდან“ შემოვიდა. მაშინდელმა „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელმა და დამფუძნებელმა „ლიბერთი-ბანკის“ დღევანდელი მმართველი, როგორც ახალგაზრდა ბანკირი სხვების რჩევით მოიწვია. აქ, ძალიან დიდი კითხვის ნიშნებია.
მის მიმართ იმპიჩმენტი კარგა ხნის წინ უნდა დამდგარიყო, თუნდაც, იმის გამო, რაც „ქართუ-ბანკთან“ დაკავშირებით გააკეთა. მეტსაც გეტყვით, კრიმინალური ქმედება განახორციელა ქადაგიძემ ჩემს მიმართაც. იგი, პირდაპირ უკავშირდებოდა ბანკებს და ეუბნებოდა ჩემთვის კრედიტი არ მოეცათ. ასევე, პირადად დაუკავშირდა ერთ-ერთ მსხვილ კომპანიას და უთხრა ჩემთვის რეკლამა არ მოეცათ. თუარა კრიმინალი, სხვა რა სახელი შეიძლება ეწოდოს ამას?! თუნდაც, მარტო ამის გამო, ქადაგიძე დიდი ხნის დასჯილი უნდა იყოს. ამ ეტაპზე თავს შევიკავებ იმ კომპანიის დასახელებისგან, ვის ხელმძღვანელსაც მან ჩემთვის რეკლამის მოცემა აუკრძალა. ეს პირადად, იმ კომპანიის ხელმძღვანელისგან ვიცი. ჯერ არ არის ამის თქმის დრო, ამას სათანადო კვლევა-ძიება სჭირდება და მჯერა ეს დრო მალე დადგება. ძიების საგანია ისიც, რაც ლართან დაკავშირებით მოხდა. დიდი ალბათობით აქ რაღაც სხვა მოვლენებთან გვაქვს საქმე. მსგავსი კრიმინალური ქმედებები, ნორმალურ ქვეყნებში, პატიმრობით ისჯება იმიტომ, რომ ამით ზარალი მიადგა ქვეყანას და მის მოსახლეობას.
– ზემოთ აღნიშნეთ, რომ ქადაგიძე, ამ ყველაფრის მერე მინიმუმ უნდა გადამდგარიყო?
– რა თქმა უნდა, უნდა გადადგეს. გიორგი ქადაგიძე კრიმინალია და უნდა დაისაჯოს! მის მიერ ჩადენილი ნაკლები კი არ არის ვიდრე იური ვაზაგაშვილზე განხორციელებული ტერაქტი იყო
თამარ შველიძე
გაზეთი „საერთო გაზეთი“