საპატრიარქო ზესტაფონში, მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში სასულიერო პირებსა და მრევლს შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საპატრიარქოს განცხადება მედიას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, ქორეპისკოპოსმა თეოდორე ჭუაძემ გააცნო.
როგორც მეუფე თეოდორემ განაცხადა, არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეიქმნება.
"პატრიარქმა და ჩვენ ორივე მხარეს მოვუსმინეთ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება კომისია, რომელიც ერთ კვირაში ჩავა ადგილზე, შეაგროვებს მასალებს და წარუდგენს პატრიარქს, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. მინდა მოვუწოდო ყველას, მრევლს, მორწმუნე ადამიანებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ღვთის მადლით დაელოდონ პატრიარქის გადაწყვეტლებას",- აღნიშნა ქორეპისკოპოსმა.
შეგახსენებთ, რომ ზესტაფონში, მრევლმა საპროტესტო აქცია გამართა.
აქციის მონაწილეები მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მთავარეპისკოპოსს, მეუფე ვახტანგს უპირისპირდებიან.
მათ მეუფე ვახტანგ ახვლედიანის რეზიდენციის კარი აჭედეს და მეუფის ეკლესიიდან განკვეთა მოითხოვეს.
მრევლი მეუფე ვახტანგს საკუთარ მრევლთან არაკეთილსინდისიერ მოპყრობაში,ასევე ეპარქიის ქონების - დაახლოებით მილიონი ლარის გაფლანგვაში ადანაშაულებს.