5 მარტს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომა პრეტენზიებით დაიწყო. მას შემდეგ, რაც ეკონომიკური ბლოკის მინისტრებისგან 2015 წლის ბიუჯეტის ორი თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინა, აშკარად უკმაყოფილო დარჩა და თითიც დაუქნია, მოგიწევთ პასუხისმგებლობის აღება შეუსრულებელ სამუშაოებზეო. საქმე ეხება რეგიონებში შეჩერებულ პროექტებს, რომელთა ჩაშლის მიზეზი, როგორც ჩანს, ფინანსთა სამინისტროში დევს. თუმცა ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, არც ქვედა რგოლებში, ანუ გამგეობებსა და საკრებულოებშია მთლად კარგად საქმე:
„ეს იქნება გამგებელი თუ საკრებულოს თავმჯდომარე, ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ მისი პასუხისმგებლობის საკითხს. ეს გეხებათ თქვენ, მინისტრებსაც, რომ მაქსიმალურად გააკონტროლოთ თქვენს სამინისტროებში მიმდინარე სამუშაოები და მათი განრიგი. ზოგადად, რაც მე მესმის, ეს არის ის, რომ გამგებლებსა და არჩეულ მერებს გაუჩნდათ განცდა, რომ ისინი არიან ხელშეუხებლები. მინდა მათ ვუთხრა, რომ ძალიან ცდებიან იმიტომ, რომ მათ აიღეს პასუხისმგებლობა ჩვენი პოლიტიკური ძალისა და ხალხის მიმართ. ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, თუ ისინი არაეფექტურები არიან და დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებენ, აუცილებლად მოხდება მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. მე მინდა ყველამ გაითვალისწინოთ ეს!“
მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან რეალურად თანხების ხარჯვა არ არის დაწყებული, თუმცა 82 მილიონზე მეტი უკვე გადარიცხულია. ირაკლი ღარიბაშვილი დაინტერესდა, რატომ არ არის ათვისება დაწყებული. ფინანსთა მინისტრმა უპასუხა, როგორც ჩანს, აქ მექანიზმი ცოტა ბიუროკრატიულიაო. ხადურის თქმით, მომავალ კვირაში დაგეგმილია შეხვედრა საკრებულოების წარმომადგენლებთან და გამგებლებთან მოხდება ამ საკითხების დეტალურად გავლა. ნოდარ ხადურმა რომ გვერდით პროკურორ-გამომძიებლები მოისვას და რეგიონების ხელმძღვანელებს ისე შეხვდეს, უკეთესი იქნება. თან ისიც არ დაავიწყდეს, როდის გადარიცხა პროექტებისთვის 82 მილიონი ლარი. მთავრობის სხდომის დამთავრების შემდეგ თვითონვე გამოვარდა „გატისკული“ და აღიარა, იანვარში გადავრიცხეთო. რეგიონების ხელმძღვანელები თავს იმართლებენ, იანვარ-თებერვალი ზამთრის თვეებია, გზებს ვერ დავაგებთ და მშენებლობებს ვერ დავიწყებთო. ეს ერთი მიზეზია, მაგრამ მთავარი მაინც სულ სხვა რამეა: ინფრასტრუქტურულ პროექტებში ბოლო ორი წლის განმავლობაში მიდიოდა მეგობრულ-ძმაკაცური ტენდენცია, ანუ ტენდერებში იმარჯვებდნენ გამგებლების, მერებისა და გუბერნატორების ნათესავები და მათთან დაახლოებული პირები, მაგრამ მას შემდეგ, რაც რამდენიმე ადამიანი დაიჭირეს, შეშინდნენ. ამ ჯოკია ბოდოკიას საქმემ კიდევ უფრო მეტს დააწყებინა ჟიმჟიმი, ერთმა ბოდოკიამ ლამის მთლიანად გააჩერა საქართველოს ინფრასტრუქტურა. ეს ახლა დაიწყო პრემიერ-მინისტრმა საუბარი ამ თემაზე, თორემ ჩვენ კარგა ხანია ვწერთ, რა ხდება რეგიონებში. სხვათა შორის, გამგებლები თუ მერები დამოუკიდებლად არ აფუჭებენ საქმეს. მაგალითად, როგორც სენაკის საკრებულოს წევრი, ინგა ქარდავა ამბობს „ალიასთან“ საუბარში, მათ ზემოდან პარლამენტარები „კრიშავენ“:
„სენაკის დღევანდელი გამგებლის, გოჩა დგებუაძის უკან გურამ მისაბიშვილი და მისი ხროვა დგას. მას ზურგს უმაგრებს ზვიად ძიძიგური. თუ გახსოვს, სენაკში 2013 წელს წყალდიდობა მოხდა, ჩამოსულები იყვნენ კალაძე და ნარმანია. რაც თანხები ჩამოვიდა სარემონტო და სარეაბილიტაციო ობიექტებისთვის, ყველაფერი ამ კორუმპირებულმა გამგებელმა, დგებუაძემ თავის საკუთრებაში არსებული ტექნიკით ძმების კომპანიებს პირდაპირი შესყიდვით შეასრულებინა. ამის უფლება გამგებელს არ ჰქონდა. „საქართველოს კანონი საჯარო სამსახურისა და შეუთავსებლობის შესახებ“ პირდაპირ ავალდებულებდა გამგებელს, საკუთარი ოჯახის წევრებისთვის არ დაედო ხელშეკრულებები. პრემიერ-მინისტრმა, ალბათ, არ იცის, რომ სენაკის გამგებლის, გოჩა დგებუაძის სახელზეა შპს „აკოს“ – 50% წილი, ხოლო 50% მეუღლის სახელზეა გაფორმებული. დგებუაძის ძმებს ეკუთვნით სამშენებლო კომპანიები – შპს „ჯიემჯი“, შპს „სენკაპიტალი“ და შპს „ბალავარი“. ამ ადამიანებს ადრე მფარველობდნენ ძმები ჩხენკელები, ახლა მფარველობს სამეგრელოს გუბერნატორი. თავიდან არ მჯეროდა, როცა გუბერნატორს ახსენებდნენ, მაგრამ სენაკის გამგებელი ამ ყველაფერს არავის გააკეთებინებს. გუბერნატორის ზემოთ კი დგანან ზვიად ძიძიგური და გურამ მისაბიშვილი, ესენი არა მხოლოდ კოლეგები, ძმაკაცებიც არიან. გოჩა დგებუაძე თანამდებობებზე მისაბიშვილის ხალხს, ანუ პორტირებულ „ნაციონალებს“ ნიშნავს. 2014 წლის ბიუჯეტიდან რესტორნებში დაახლოებით 35 ათასი ლარი გახარჯა. მისაბიშვილს მიშას საყვარელ რესტორნებში დაჰყავს ზვიად ძიძიგური. ამას წინათ ძიძიგურს უთქვამს, კარგი მასპინძელია არქიფო სეთური მისაბიშვილიო. მისაბიშვილი კვალს არსად არ ტოვებს, მაგარი მაფიოზია, სენაკის გამგებელს როგორც უნდა, ისე ხმარობს. ესე იგი, სქემა ასეთია: ძიძიგური-მისაბიშვილი-გუბერნატორი-გამგებელი-მათი ნათესავები და ახლობლები. სენაკის გამგებელი რესტორანში რომ დათვრება, ყველაფერს ლაპარაკობს, ვინ სად დაანიშვნინეს და ვინ როგორ მფარველობს. სენაკში ახლა სკვერებისა და ტროტუარების გაყიდვა დაიწყეს, თავიანთი ბიზნესები რომ გაიფართოონ. ხეებს უკანონოდ ჭრიან. გურამ მისაბიშვილი ტრაბახობს, ზვიად ძიძიგური „ჩემს გულიზე“ ყველაფერს გააკეთებსო, ჩემი ინფორმაციით, თეკლათში მდებარე გაზგასამართი სადგურის მეწილეები ძიძიგური და მისაბიშვილი არიან. მე ფაქტებს ვდებ, ახლა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა დაავალოს შესაბამის უწყებებს და გამოიძიონ, აქ უბრალო პასუხისმგებლობაზე არ არის ლაპარაკი, რომ ვიღაცას სამსახურიდან გაუშვებენ, ძალიან ბევრი ციხეშია გასაშვები“.
როგორც ხედავთ, ძალიან მძიმე ბრალდებებია, მაგრამ ამას ამტკიცებს და ამაზე ლაპარაკობს საკრებულოს წევრი და არა ვინმე შემთხვევით გამვლელი. თითქმის იგივეს ამბობს „სახალხო კრების“ წევრი, ლაშა ამირეჯიბი, რომელიც ძალიან კარგად ერკვევა ქვემო ქართლის საკითხებში და ფლობს საჭირო კულუარულ ინფორმაციას. მისი თქმით, ქვემო ქართლი სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მხოლოდ საარჩევნო ხმების „ბეღელს“ წარმოადგენდა და იქ მცხოვრებთა ბედი რომ არავის აინტერესებდა, ეს უცხო არავისთვის არ არის, მაგრამ, საუბედუროდ, იგივე ხდება დღესაც:
„მდგომარეობა აქ უფრო რთულადაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ადგილობრივ „ბოსებს“ აქ მფარველობს მმართველი პარტიის დეპუტატი ზვიად ძიძიგური და იწყობს თავის პირად ცხოვრებას, პარალელურად ეწევა „ნაცებისთვის“ სასათბურე პირობების შექმნას. პარტიული კუთხით ძიძიგური „უპრავებს“ საქმეებს ადგილობრივ ხელმძღვანელებს, რომელიც ჯერ კიდევ არ დაიღალა ნაცებთან“ ერთად რესტორნებში მაგიდაზე ცეკვით. აი, ესენი აძლევენ „ნაცებს“ ბევრი ყბედობის საბაბს, ესენი ანებივრებენ ნადირაშვილის დებს და მათ ახლობლებს რუსთავის სამსახურებში. მათ გაუკვალესგზარუსთავშინაცებისლიდერისძმას, ოთარ ურგენიძეს უკრაინის საელჩოში. „,ოცნების“ ყველა წევრი მათი მხარდამჭერია და მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ოპოზიციურად არის განწყობილი, ასე მივიღეთ ქვემო ქართლის უმეტეს რაიონებში მწვავე რეალობა. ყველაზე დიდი რაიონიდან, გარდაბნიდან დავიწყებ. 2012 წლის ოქტომბრიდან აქ უკვე მესამე გამგებელია, რომელიც თავისი არაკომპეტენტურობით, მისი წინამორბედების მსგავსად, ანგრევს თვითმმართველობას. ყოფილი გამგებლის, ნუგზარ ჩადუნელის მსგავსად, გარსევან ნიორაძეც მოექცა მავანთა გავლენის ქვეშ და სხვების მითითებით მოქმედებს, რომლის შედეგიც არის უსამართლობა, ინფრასტრუქტურული პროექტების უხარისხოდ შესრულება, ტენდერების დროს ტენდენციურობა, კადრების არასწორი შერჩევა, „ნაცების“ წახალისება, არაპროფესიონალიზმი და სხვა. არც ერთი კადრი არ ინიშნება და არ თავისუფლდება ზემოდან მითითების გარეშე და შედეგიც სახეზეა, ისევ ონიანები, დადეშქელიანები, ბენდელიანები, ელბაქიძეები, ავალიანები და ხარძიანები არიან თანამდებობებზე, ნიორაძისა და საკრებულოს თავმჯდომარის, ვაჟა გენგაშვილის დაპირისპირებაზე რომ არაფერი ვთქვათ. ერთს პარტია, ხოლო მეორეს ვიღაც სხვა უმაგრებს ზურგს და არის ერთი გაწევ-გამოწევა. ჯერ თითი თითზე არ აქვთ დადებული, ამ დროის განმავლობაში სოფლებშიც არ ჩასულან, სადაც ზოგან ისევ „ნაციონალები“ ჰგონიათ ქვეყნის სათავეში. ამაზე ცუდი მდგომარეობაა რუსთავში და სხვა რაიონებში. პროკურატურა უნდა დაინტერესდეს მარნეულის გამგეობაში დანიშნული ზოგიერთი თანამდებობის პირის წარსულით და დღევანდელი საქმიანობით. მათი დანიშვნის სანაცვლოდ აღებულ ქრთამებზე ლაპარაკობს მარნეულის მოსახლეობა. არავინ დაინტერესებულა, დღემდე სად გაქრა 2013 წელს გარდაბნის გამგეობის მიერ 80 000 ლარად ნაყიდი „პრადოს“ მარკის ავტომანქანა, არ გარკვეულა დღემდე სად, ვის ოჯახსა და ვის პირად ინტერესებს ემსახურება სახელმწიფოს ქონება. ამ თანამდებობის პირების მიზანმიმართული მუშაობით ინგრევა სამსახურები. მინდა, მეგობრულად გავაფრთხილო შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი მირიან მჭედლიშვილი, რომ მიაქციონ ყურადღება თავიანთ სტრუქტურებს და საერთო სიტუაციას ქვემო ქართლში, თორემ მერე გვიანი იქნება“.
აი, ამ ფონზე ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ტრაბახობს, ამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოში არასდროს განხორციელებულა და სიზმარშიც არ უნახავს ჩვენს პოლიტიკურ ოპოზიციასო. ბოლოს და ბოლოს, თვალთმაქცობასაც აქვს თავისი საზღვარი, მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილთან ამბობ, რომ 82 მილიონი ლარი გაუხარჯავია, პროექტები შეჩერებულია, გარეთ გამოდიხარ და ჟურნალისტების საშუალებით მოსახლეობას „აბოლებ“, ამდენი პროექტი საქართველოში არავის დასიზმრებია, მათ შორის ჩვენს პოლიტიკურ ოპოზიციასო. თუკი ასეა, პატივცემულო ნოდარ, მაშინ რატომ უნდა შეხვდეთ რეგიონების ხელმძღვანელებს, უბრალოდ ენა გეფხანებათ თუ ფეხის გულები? დაუკვირდით ხადურის განცხადებას:
„ეს მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია, ყველა წელთან შედარებით, მათ შორის 2014 წელთან შედარებითაც. ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილშიც არის გადაჭარბებები. ორჯერ მეტია, ვიდრე შარშან და მე მინდა გითხრათ, რომ ამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოში არ განხორციელებულა. მინდა, ყველა დავაწყნარო, დავამშვიდო, ყველა პროექტი, რომელიც დაწყებულია, რომლის დაწყებაც იგეგმება ინფრასტრუქტურაში, შესრულდება მიუხედავად იმისა, ამ წუთას რა მდგომარეობაა“.
ესე იგი, მიუხედავად იმისა, რა მდგომარეობაა ახლა, მაჩვენებელი მაინც რეკორდულია. ამაზე დიდი სიბრძნე ხადურს ჯერ არ უთქვამს. სხვათა შორის, მთავრობის სხდომაზე არავის უხსენებია ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი შავლიაშვილი, მთელი დაწოლა წავიდა ფინანსთა მინისტრისკენ, რომელიც აშკარად „აჭრილი“ იყო ჟურნალისტებთან. ხომ არ დგას ნოდარ ხადურის „ჩამოლაბორანტების“ საკითხი დღის წესრიგში? შავლიაშვილზე უკვე არაერთხელ ითქვა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამჯერად ჯოხი ამ ადამიანზე გადატყდება. თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ფაქტი ერთია, პრემიერ-მინისტრი უკვე ინფორმირებულია, რომ რეგიონებში ისე არ არის საქმე, როგორც უნდა იყოს.
გელა ზედელაშვილი
გაზეთი „ალია“