7 მარტს, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 71-ე წლისთავს, სენაკში - ჟიული შარტავას მუზეუმში, თემატური საღამო გაიმართა. ღონისძიებზე შარტავას ცხოვრება და მოღვაწეობა გაიხსენეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე კახა რუსია, საკრებულოს თავმჯდომარე ხვიჩა ჟიშკარიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წევრები, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის სარდლობა და ჯარისკაცები, საზოგადოების წარმომადგენლები.
ღონისძიების შემდეგ, ქალაქის ცენტრალურ პარკში, გვირგვინებით შეიმკო ჟიული შარტავას მემორიალი და აფხაზეთის ომში დაღუპულთა სკვერში - გენო ადამიას, გურამ გაბესკირიასა და ნოდარ კანკიას ბიუსტები.
გმირის სულის საოხი პანაშვიდი აღევლინა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სენაკის საკათედრო ტაძარში.