reportiori.ge - დავით თარხან-მოურავი: 2012 წლის 15 სექტემბერს სააკაშვილს ამერიკიდან უთხრეს – მორჩა, შენი ხელისუფლებაში დარჩენა შეუძლებელია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:43
ინტერვიუ
დავით თარხან-მოურავი: 2012 წლის 15 სექტემბერს სააკაშვილს ამერიკიდან უთხრეს – მორჩა, შენი ხელისუფლებაში დარჩენა შეუძლებელია!
ავტორი:
09 მარტი, 2015. 13:11


პოლიტიკურ ორბიტაზე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა. სწორედ, ამ პოლიტიკური ძალის დამსახურებაა კოალიცია „ქართული ოცნების" ტრიუმფალური გამარჯვება, რომ არა მათ მიერ მოპოვებული ციხის სკანდალური კადრები, შესაძლოა კოალიცია „ქართული ოცნება" უმრავლესობით ვერ მოსულიყო, თუმცა ხელისუფლება ამ გამარჯვებისთვის მზად არ აღმოჩნდა და ეს მათი მოქმედებებიდანაც ჩანს. საინტერესოა, რა ხდება ამ პოლიტიკურ ძალაში, რამდენად რეალურია, ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადება, რომ ისინი „პატრიოტთა ალიანსთან" კონსულტაციების რეჟიმში არიან, რატომ შეხვდნენ ამ პოლიტიკური ძალის ლიდერები „ცეერუ"-ს დირექტორს, რა საუბრები ჰქონდათ ობამას თანაშემწესთან და რა სცენარი განიხილება აშშს პოლიტიკურ ისტებლიშმენტში... თუ რატომ სძულთ „ნაციონალებს" ეს ძალა, ცხადია, ძნელი მისახვედრი არ არის, სწორედ ამ ძალამ სააკაშვილი გააშიშვლა და დასავლეთს მისი რეალური სახე ანახა. ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „კვირის ქრონიკა" გათავაზობთ ინტერვიუს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერთან დავით თარხანმოურავთან.


 

- თქვენი აზრით, რა ხდება? დასავლეთმა ყველგან აურია სიტუაცია და მიატოვა. რატომ? რაში აწყობს დაუსრულებელი ომები და არეულობა?


- მსოფლიო წესრიგი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოყალიბდა, რადიკალურად შეიცვალა და ახლა, დიდი ზესახელმწიფოები ცდილობენ, ვისაც რა შეუძლია, ის მიიტაცონ და ჩვენ ქართველებმა ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ არც სირია და არც უკრაინა, არავის აინტერესებს. ზესახელმწიფოების ინტერესი არის ის, ვინ უფრო მეტს მიიტაცებს. დასავლეთ უკრაინა მიიტაცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ყირიმი და რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორია მიიტაცა რუსეთმა. რუსეთს სურს, რომ მთელი შავიზღვისპირეთი, რაც უკრაინას აქვს, სულ წაიღოს. შექმნიან უზარმაზარ სახელმწიფოს, რომელსაც ნოვორასიას დაარქმევენ და ამას არც მალავენ... თუ ვინმეს ჰგონია, დასავლეთი დაინტერესებულია, რომ ეს ომი მორჩეს, ეს არის შეცდომა. დასავლეთში არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ სტრატეგია, რაც შეიძლება მეტ ადგილას იბრძოლონ. ვაიძულოთ რუსეთი, რომ ჩავრთოთ ომში, იომოს და ის ნელ-ნელა გამოიფიტება, შეიძლება რუსეთი ამ ბრძოლებში გასკდეს 17 ნაწილადო... აქ არის რაღაც ლოგიკა, ვერ იტყვი, რომ სისულელეა, მაგრამ არავინ უფიქრდება, რამდენ ხანს გასტანს ეს ომი. თუ 5 წელიწადს გასტანს, გარწმუნებთ, რომ რუსეთი 17 ნაწილად არ გასკდება. ეს შეიძლება 10 წლის შემდეგ დაემართოს, მაგრამ ამ პერიოდში, სანამ ეს ომი იქნება, იგივე უკრაინელებს ამ 10 წელიწადში რა მოუვათ, ეს ვინმეს აინტერესებს?.. ეს არც არავის აინტერესებს და ეს არის სწორედ საქმე!.. ვინც ამას ფიქრობს, იმას ხალხი არ აინტერესებს, მეორე ინტერესიც აქვთ, ეს ყოველთვის ბანალურია და ეს არის დიდი ფული. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინაში იხარჯება უზარმაზარი ფული, აქ ლაპარაკია არა მილიარდებზე, არამედ ტრილიონებზე. ეს ფული პოლიტიკურ ჯგუფებში ტყდება და ნაწილებად იყოფა. აი, ეს არის გეგმა.

 

- უკრაინაში დასავლეთის რა ჯგუფი მოქმედებს და მიხეილ სააკაშვილი მათთვის რატომ არის რუსეთთან წინააღმდეგობაში მიზნის მიღწევის საშუალება?


- ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სირიაში აშშ-ს სხვა ჯგუფი მოქმედებს, ლიბიაში - სხვა... უკრაინა ჩაბარდა ბუშების პოლიტიკურ ჯგუფს - მამა-ბუში, შვილიბუში და ამ ჯგუფში შედის ჩვენთვის, ყველასთვის ცნობილი მაკკეინი და ტერნერი. საერთოდ, ეს ჯგუფი ამერიკაში გავლენიანია... დააკვირდით, ამ ჯგუფმა დღეს პოზიციები უფრო მეტად გაიმყარა, მაკკეინმა და ტერნერმა წინსვლა მოიპოვა. მაკკეინი სენატში შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე გახდა, ტერნერი კი გახლავთ ნატოში შემავალი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე, თვითონ კონგრესმენია. პოზიციები გაიმაგრეს და დღეს ეს გუნდი უკრაინის მიმართულებას ხელმძღვანელობს, ამაზე თანხმობა აქვთ თეთრი სახლიდან და სახელმწიფო დეპარტამენტიდან. დღეს მათ მოიპოვეს უკრაინა, როგორც რესურსი. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, აქ არის ერთი საინტერესო მომენტი, ვიდრე ის პრეზიდენტი გახდებოდა, სააკაშვილი არ იყო არც მაკკეინის და არც სხვა რომელიმე პოლიტიკური  ჯგუფის წევრი, შევარდნაძის ხელშეწყობით გაიცნეს დასავლეთი სააკაშვილმაც და ზურაბ ჟვანიამაც. როცა სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, მან საკმაოდ ჭკვიანად დაიწყო ფულის ხარჯვა ამერიკაში ლობირებაზე, რასაც, ჩემი აზრით, ქართული სახელმწიფო ყოველთვის უნდა აკეთებდეს. ოღონდ ერთი სხვაობით, ბატონი სააკაშვილი ფულს ხარჯავდა საკუთარი თავის ლობირებაზე და ეს არის დიდი შეცდომა... ჩვენ კი ამ ფულს საქართველოს ლობირებაზე უნდა ვხარჯავდეთ. მათ ლობისტურ ჯგუფებთან დაამყარეს ურთიერთობები, ხელისუფლებამაც ძალიან კარგად იცის, ვინ არის ეს ლობისტური ჯგუფი... მაგრამ მათ სახელებს მნიშვნელობა არ აქვს, მე შემიძლია გითხრათ, ვისთან ვმუშაობთ ჩვენ. ჩვენ ვმუშაობთ ებრაელ ლობისტებთან, მიმაჩნია, რომ ეს ლობისტური ჯგუფები შედეგის კუთხით უფრო უკეთესია, თუმცა ჩვენ არ გვაქვს ფართომასშტაბიანი მუშაობა, რადგან ამას სჭირდება ბევრი თანხა, მე მაქვს მათთან ნაცნობობა, ამ ნაცნობობის ხარჯზე გაკეთდა რამდენჯერმე დახმარება, მაგრამ ეს არ არის მუშა მექანიზმი, ამას სჭირდება თანხები, რაც ჩვენ ახლა არ გვაქვს. ჩემზე საერთოდ არ მაქვს საუბარი, ვამბობ, რომ სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ჩვენი და სხვისი კავშირებიც, ეს არის მთავარი. ჩვენ მათ ვთავაზობთ, თუ თქვენ არ იცნობთ ლობისტურ ჯგუფებს, ჩვენ გაგაცნობთ, მაგრამ არც ეგ უნდათ. იცით, სააკაშვილი რას აკეთებდა?.. მკაფიოდ ჩამოყალიბდა კონკრეტულ ლობისტურ ჯგუფებზე, დაიწყო მათთან მუშაობა, ძალიან სასარგებლოდ. ამ კუთხით ბოკერია უფრო ჭკვიანია და ქმედითუნარიანია, რომ იცოდეთ და მიაღწიეს შედეგს. მთამთავარი შედეგი მაინც ისაა, რომ სააკაშვილმა მოახერხა და ის გახდა ბუშის, მაკკეინისა და ტერნერის ჯგუფის წევრი. აი, ეს არის მისი ყველაზე მთავარი მიღწევა, 2008 წლისთვის მან უკვე მიაღწია ამას, მისი მმართველობის პერიოდში დაახლოებით 8 მილიარდი მიიღო ქვეყანამ ამერიკისგან, რაც მათი დახმარებით მოხდა. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ფული იყოფოდა და უკან ბრუნდებოდა, რასაც „ატკატი" ჰქვია, სხვათა შორის ამ გზით ბევრი სხვა სახელმწიფო მოქმედებს, მაგალითად, ისრაელი ყოველ წელს ამერიკისგან 6-ნახევარ მილიარდ დახმარებას იღებს, რა თქმა უნდა, საქართველომ დიდი ფული უნდა დახარჯოს, რომ ამერიკამ რამდენიმეწლიანი დახმარება გამოგვიყოს, წელიწადში, მაგალითად, 3 მილიარდით დაგვეხმაროს, როგორც ამ რეგიონში ყველაზე სტრატეგიულ პარტნიორს. გეტყვით, რომ სააკაშვილი ამ კუთხით მუშაობდა, მას ჰქონდა იმედი, რომ წელიწადში 2-მილიარდიან დახმარებას მისცემდნენ, მაგრამ ვერ მოახერხა, ეს ხელისუფლება კი საერთოდ არ მუშაობს ამ კუთხით. ეს ფულადი დახმარება არის საჩუქარი, მე ვამბობ, იმას, რა უნდა გაკეთდეს, რომ ამერიკა ყოველ წელს 3 მილიარდი დოლარით დაგვეხმაროს, დაიქირაოს ლობისტები, დახარჯოს ფული და მიიღოს დახმარება!

 

- 2012 წლის არჩევნების შემდეგ, სააკაშვილს დასავლეთში აღარ ესალმებოდნენ, ხელისუფლების უნიათობის გამო გახდა ის დასავლეთისთვის საჭირო?


- სააკაშვილმა ამ ჯგუფში კარგად მოიკიდა ფეხი. ჩემი აზრით, ეს იყო ყველაზე დიდი მიღწევა მის ცხოვრებაში, მაგრამ შემდეგ მისთვის დადგა ყველაზე მძიმე დრო, როცა გამოვაქვეყნეთ ციხის სკანდალური კადრები. სხვათა შორის, მაშინ დიდი სამუშაო შესრულდა, რაზეც არავინ არასდროს არ საუბრობს. ეს ისე მარტივად კი არ მომხდარა, ტელევიზიით კადრების გასვლის შემდეგ, სააკაშვილი დაეცა დასავლეთში და არა საქართველოში... დასავლეთში, როცა ჩვენ ეს კადრები უბრალოდ კი არ გავავრცელეთ, ბრიუსელში წამების კომიტეტი იქნებოდა თუ ადამიანის უფლების დაცვის კომიტეტი, ევროკომისია, ყველას ვაჩვენეთ, ბრიუსელი, სტრასბურგი, ვაშინგტონი. ამ სამ ქალაქში მოხდა კადრების ჩვენება სენატორების გარკვეული ჯგუფებისთვის, ნახეს ეს კადრები, ჩატარდა შესაბამისი სამუშაოები და ისინი დარწმუნდნენ, რომ აქ მართლაც სერიოზული დანაშაულებია ჩადენილი სააკაშვილის ხელისუფლების მიერ. 2012 წლის 15 სექტემბერს სააკაშვილს ამერიკიდან უთხრეს, - მორჩა, შენი ხელისუფლებაში დარჩენა შეუძლებელია. მათ უთხრეს, რომ ნახეს ციხის სკანდალური კადრები... სააკაშვილმა ეს არ დაიჯერა, მან სპექტაკლები დადგა, ხან თამაზაშვილს დააბრალა, ხან ივანიშვილს და ა.შ... მაგრამ 18 სექტემბერს გამოქვეყნდა ეს კადრები და სააკაშვილმა მერე თქვა, რომ ეს იყო სისტემური დანაშაული... ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ მას სურდა ამის თქმა და ეთანხმებოდა თავის ნათქვამს, ამერიკიდან უთხრეს, შენი ხელისუფლებაში დარჩენა მიუღებელიაო. იმათ გადააყენეს, თორემ სააკაშვილი თავისით არ გადადგებოდა, მაინც იბრძოლა და 40% დაიწერა. ახალი ხელისუფლება რომ ბოლომდე მიწოლოდა, 30%-ზეც თანახმანი იყვნენ. ის 10%-იც ხელისუფლებამ აჩუქათ.


- ივანიშვილმა ციხის სკანდალური კადრების გამოქვეყნებამდე არ იცოდა, რომ ეს კომპრომატი ხელში გეჭირათ?

 

- თვითონ რას ამბობს? ხომ ამბობს, არ ვიცოდიო... ჩვენ რაიმე საფუძველი გვაქვს, რომ წინასწარ მან ამის შესახებ რაიმე იცოდა?.. ციხის კადრების საკითხი არანაირად არ იყო დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილთან, ეს გააკეთა „ობიექტივმა". კონკრეტული ხალხი იყო, ვინც ამ თემასთან დაკავშირებით იბრძოდა, კადრების ნაწილი ჩვენ მოვიპოვეთ ლადო ბედუკაძისგან, მაგრამ ეს იყო პირად წამებასთან დაკავშირებული კადრები, ხოლო კადრები, რომლებიც სისტემურ კრახს უკავშირდებოდა, გააკეთა აკობიამ, რომელსაც არავინ არ იცნობს, ამას ყველა მალავს და ამ დროს აკობია იყო კაცი, რომლისთვისაც ჩვენ შევკერეთ სპეციალური ჯინსები,  ღილში კამერა ჩავამაგრეთ, რომელიც შევიდა ციხეში და ეს კადრები გადაიღო და გამოიტანა. ამ საქმეში იყო ლომია, ირმა ინაშვილი და შემდეგ მოხდა ამ კადრების გასაჯაროება ბრიუსელში, სტრასბურგსა და ვაშინგტონში. მე ახლა სულ კადრებზე არ მინდა ლაპარაკი, სხვა რამ მინდა გითხრათ, რომ ამ სამუშაოს შედეგად დაეცა სააკაშვილი, მას ჰქონდა უმძიმესი პერიოდი, როდესაც გამარჯობას არავინ ეუბნებოდა, ის გახდა პოლიტიკური გვამი, ამ დროს ჩვენ ხელისუფლებას ვეუბნებოდით, ახლა დადგა სხვა ეტაპი, ახლა უნდა ჩავიდეთ ვაშინგტონში, ვნახოთ მთელი სენატორები, მთელი კონგრესმენები, სახელმწიფო დეპარტამენტს გავაცნოთ ეს კადრები, ვაჩვენოთ ამის ტირაჟირება... მერე იცით, რომ ამას მოჰყვა კასრების კადრების მოპოვება, სადაც პირდაპირ პოლიციის შენობაში აუპატიურებდნენ ხალხს. ვეუბნებოდი, ეს კადრები უნდა ვანახოთ, რომ სააკაშვილი ვეღარასოდეს ვეღარ ადგეს ფეხზეო. ხელისუფლებამ ეს არ ქნა...

 

- სააკაშვილი შეძლებს დასავლეთის მხარდაჭერით ხელისუფლების დამხობას?


- საქართველო სააკაშვილისთვის სამშობლოა და ყოველთვის ექნება გეგმა საქართველოში დაბრუნდეს. სააკაშვილი ილუზიებში იმყოფება სულ, რომ მიხეილ აღმაშენებელია. მერე ჰქონდა ილუზია, რომ მეფე გახდებოდა. ახლა აქვს ილუზია, რომ საქართველოში დაბრუნდება. მე ვფიქრობ, ის ვერასდროს დაბრუნდება, მაგრამ მთავარია ის, რომ ბევრი რამის გაფუჭებას შეძლებს. მას აქვს ფული, მათ შორის აქ მოპარული, უკრაინაშიც ბევრ ფულს შოულობს, ამიტომ სულ დაძაბავს სიტუაციას. დღეს მათ „მიშა მაიდანი" უნდათ, „ევრომაიდანი" ხომ იყო, თბილისში ახლა „ევრომაიდანს" ვერ მოაწყობენ, იმიტომ, რომ, რა შუაშია აქ ევროპა, ჩვენ ისედაც ევროპისკენ მივიწევთ. ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე გვაქვს ხელი მოწერილი, ამიტომ სურს სააკაშვილს „მიშა მაიდანის" მოწყობა და ხელისუფლების შეცვლა, სწორედ ამ ილუზიებშია ის. ამიტომ ცდილობს, სულ ხელოვნურად შექმნას დუღილის ტემპერატურა... ამერიკის სენატში, კონგრესსა და თეთრი სახლის ადმინისტრაციაში დებილები არ სხედან, ისინი სააკაშვილს ეუბნებოდნენ, კი მაგრამ, კოალიციაში ხომ არის „რესპუბლიკური პარტია", ირაკლი ალასანია... ესენიც მტრები არიან?!. მერე მან ახალი თეორია ჩამოაყალიბა, - კი, არის ირაკლი ალასანია, „რესპუბლიკელები", პროდასავლური იდეოლოგიის მიმდევრები, მაგრამ ესენი სუსტები არიან... მერე სააკაშვილმა ამერიკელებს შესთავაზა ასეთი გეგმა, - შევქმნით კოალიციას, სადაც გავერთიანდებით ჩვენ, „რესპუბლიკელები", ალასანია, მარგველაშვილი. თუ ესენი გაერთიანდნენ, სულაც არ არის საჭირო რევოლუცია. სააკაშვილი ამ გეგმაზე ძალიან გაძლიერებულად მუშაობდა, ეს გეგმა არა მარტო განიხილება, ამერიკაში ერთ-ერთ სენატორთან მქონდა შეხვედრა, ამ შეხვედრას ირმა ინაშვილთან ერთად კიდევ ოთხი კაცი ესწრებოდა. ამ სენატორმა გვითხრა, - თქვენ პატრიოტული ძალა ხართ და სააკაშვილთან ერთ ნავში რატომ არ სხდებითო... ეს იყო პირველი შეხვედრა და მას კარგად არ ჰქონდა გაცნობიერებული, ვინ ვიყავით ჩვენ. საუბრიდან გაიგო, რომ სრულიად შეუძლებელია ჩვენ ერთ ნავში აღმოვჩნდეთ, ჩვენ ვუთხარით მას, რომ სააკაშვილი ნავში კი არა, ციხეში უნდა იჯდეს, კონკრეტული ფაქტებით დავუმტკიცეთ, რომ სააკაშვილი და მისი რეჟიმი არის დამნაშავე. სხვათა შორის ამ სენატორმა საუბარში თქვა, რომ პროდასავლური ძალები უნდა ისხდნენ ერთ ნავში და ჩამოთვალა: მიხეილ სააკაშვილი, „რესპუბლიკური პარტია", ირაკლი ალასანია და მარგველაშვილი... ეს მისი აზრები იყო და ამ სენატორს ასეთი აზრი განა ალასანიამ გაუჩინა, მარგველაშვილმა, ან „რესპუბლიკელებმა"?.. ეს სენატორი იყო იმ სენატორთა ჯგუფში, რომელიც არის „ნაცმოძრაობის" მეგობარი. ეს კაცი იყო ლობისტების გავლენის ქვეშ და ზუსტად იმას გვეუბნებოდა, რა აზრსაც ნერგავდა სააკაშვილის ჯგუფი. შემდეგი შეხვედრა იყო „ფრიდომ ჰაუსში", დირექტორმა პირდაპირ გვითხრა, რომ სააკაშვილის გუნდი ლობირებდა ალასანიას, „რესპუბლიკელების", „ნაციონალებისა" და მარგველაშვილის ერთ ნავში ჩასხდომის გეგმას. სახელმწიფო დეპარტამენტში მე შევხვდი ყველაზე დიდ კაცს, ვინც კავკასიის საკითხებს კურირებს და მასთანაც დაახლოებით ეს საუბარი გვქონდა. მე მას ვუთხარი, თუ ასე გააგრძელებთ, თქვენ ქართველი ხალხის ნდობას დაკარგავთ, მერე იყო „ცეერუ"-ს დირექტორთან შეხვედრა... მოკლედ, ძალიან ბევრი შეხვედრა მქონდა.


_ „ცეერუ"-ს დირექტორს რა საკითხზე ელაპარაკეთ?


- მე ბევრ ადამიანს შევხვდი, ეს იყო ერთ-ერთი მიმართულება. მაგალითად, შევხვდი ობამას თანაშემწეს, რომელიც ყოველდღიურად ხვდება ბარაკ ობამას. ჩემთან შეხვედრის შემდეგ ის ორი საათის შემდეგ ხვდებოდა ამერიკის პრეზიდენტს, ამ დონის შეხვედრები ჩვენმა ლობისტმა ებრაელებმა მოაწყვეს. უამრავ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის თურქეთის თემაზე.


- რეალურად, რას ფიქრობენ ისინი საქართველოს ხელისუფლებაზე?

 

- იმის ნაცვლად, რომ მე და ინაშვილს ქვეყანაზე გველაპარაკა, იმის მტკიცება გვიწევდა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება სულაც არ არის რუსეთის აგენტი... მინდა გითხრათ, რომ სააკაშვილი ნერგავდა იმ აზრს, რომ საქართველოს ხელისუფლებას პრორუსული ძალები მართავენ, მაგალითად, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ხალხი ესაუბრა ამერიკაში ალასანიას და მათი ჭკუით კეთილ რჩევას აძლევდნენ, რომ ის მისულიყო სააკაშვილთან. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი საუბარი იყო უსუფაშვილთან და მარგველაშვილთანაც, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა...

 

- ჯერ ყველაფერი წინ არის... რაში გამოიხატება, რომ სააკაშვილის პროდასავლური ძალების ერთ ნავში ჩასხდომის გეგმა არ გამოვიდა?


- როგორც კი „რუსთავი 2"-მა და მიხეილ სააკაშვილმა დაიწყეს იმის ახსნა, რომ დავით უსუფაშვილი რუსეთის აგენტია, უკვე მივხვდი, რომ ეს ამბავი არ გამოვიდა და ასევე, ალასანიას მისამართითაც გააკეთეს მკვახე განცხადება. ალასანიასაც და უსუფაშვილსაც ესმით, რომ სააკაშვილთან ერთ ნავში ჯდომა არ გამოვა. ახლა ამერიკაში დაიწყო საუბარი, რომ ალასანია, „რესპუბლიკელები" და მარგველაშვილი გაერთიანდებიან. წავიკითხე, საქართველოში წერენ, რომ ამ ჯგუფს ჩვენ და ლევან ვასაძეც ვუერთდებით.


- მე კი პირიქით გავიგე, რომ თქვენ კონსულტაციები გქონდათ ნინო ბურჯანაძესთან...


- მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არავისთან არ ვერთიანდებით, ნინო ბურჯანაძესთან არანაირი კონსულტაცია არ გამიმართავს...

 

_ თქვენი აზრით, რა მოხდება 21 მარტს „ნაციონალების" აქციაზე, მოვლენები ცუდი სცენარით დასრულდება?


- თქვენ მეკითხებით, რა მოხდება 21 მარტის აქციაზე. მე გიპასუხებთ - არაფერი!.. წინა აქციაზე ვნახეთ, რომ 10 ათასი კაცი ვერ გამოიყვანა, ჩვენ ერთ დაძახილზე 25 ათასი კაცი შევკრიბეთ... თუნდაც 10 ათასი კაცი შეკრიბონ კვლავ, შეიკრიბებიან და დაიშლებიან. 200 კაცი რომ დაჯდეს სახლში და არ წავიდეს, ერთ კვირაში დაიღლებიან და წავლენ... რა უნდათ, რისთვის ატარებენ აქციას?

 

- ისინი მოითხოვენ ხელისუფლების გადადგომას და აქციაზე უხმობენ ამ ხელისუფლებისგან შეურაცხყოფილ ყველა ადამიანს და აპროტესტებენ ეკონომიკურ კრიზისს...


- სასაცილოა, როცა სააკაშვილი საუბრობს ეკონომიკურ კრიზისზე, კაცი, რომელიც ბიზნესმენებს იჭერდა და ციხეში სვამდა, ციხეში ხალხს აწამებდა და პატიმრებს აუპატიურებდა, რომელიც ბიზნესმენებს ატერორებდა და პირდაპირ ეუბნებოდა, - ან ფულს მოიტანთ, ან ციხეში წახვალთო. სააკაშვილმა 8 მილიარდი დოლარი მიიღო დახმარება 10 წლის განმავლობაში. დაახლოებით 8 მილიარდი დოლარი აიღო სახელმწიფო სესხი. ეს არის თუ არა 16 მილიარდი დოლარი?.. დაახლოებით 8 მილიარდი დოლარი კი წაართვა ბიზნესმენებს, 24 მილიარდის ამ 10 წელიწადში რამე აშენდა?!. 24 მილიარდი იშოვა სააკაშვილმა და ალბათ, 5 მილიარდი დახარჯა. რაც გაკეთდა, ეს არის იმ ფულით გაკეთებული, ხალხს რომ წაართვეს... ეს ხელისუფლება ხალხს ფულს არ ართმევს და მადლობა ღმერთს, რომ ასე არ იქცევა... მაგრამ ხელისუფლების სიდურაკე და სისულელე არის ის, რომ თავისი ქმედებებით ხალხში შიში დათესა, კვლავ გაჩნდა შიში, რომ მიშა მობრუნდება. ამ ხელისუფლებას არაფრის უნარი აღარ აქვს, ასეთი უცოდინარი და უუნარო ხელისუფლება არის იშვიათობა. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად გარწმუნებთ, რომ „ნაციონალები" ხელისუფლებაში აღარასდროს მობრუნდებიან.

 

ნინო სამხარაძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016