საქართველოში ორფაზიანი პოლიტიკური ციკლია, გაზაფხულიდან შემოდგომამდე და პირიქით... შემოდგომა გადავაგორეთ ისე, რომ „ნაციონალების“ დაანონსებული აქცია ჩაფლავდა და ვერავის ვერ გადაუღუნეს უკანალში ხელკეტი... აი, მოვიდა გაზაფხულიც და ავოეეე... „ოცნებას“ რამსი გაექცა, ლარი წაექცა, კოალიცია დაექცა და „ნაცების“ წისქვილზე წყალი დაესხა. ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით „ნაცები“ 21 მარტს აქციას მართავენ. კვლავ არის მოლოდინი, რომ აქცია ცუდი სცენარით დასრულდება, თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი „ნაციონალების“ უკან რეალურად დგას დასავლეთი. ცალკე აღებული, ეს ძალა განწირულია ქუჩაში უმისამართო გდებისთვის და ვისაც ამქვეყნად ღირსება შერჩენია, წარმოუდგენელია ამ კრიმინალური ძალის დაძახილზე ქუჩაში დადგეს და ხელისუფლებაში მოსასვლელი პლაცდარმის როლი ითამაშოს, რაც არ უნდა გაუთანაბრდეს მათი ეკონომიკური და სოციალური დონე საარსებო მინიმუმს, ამ კრიმინალური რეჟიმის გვერდით დადგომა ნიშნავს მომავალში უფრო მეტი მამაკაცის ცოცხით ხმარებას, ციხეებში სექსუალური ძალმომრეობის აღდგენას, წამებას, უკანონოდ ქონების ჩამორთმევას და რაც მთავარია, ახალი ტერიტორიების დაკარგვას, ომის დაწყებას და ქვეყანაში ცეცხლის დანთებას! „ნაციონალებმა“ წვრილფეხა, ხელმოცარული ოპოზიციის ნაწილი იყიდა, ისინი „ნაცებს“ გვერდითა ფლანგიდან ამაგრებენ. ეს, დიახაც რომ, ღალატია, მაგრამ ამ ხელისუფლებას მოუწევს მწარე რეალობას თვალებში ჩახედოს და დაინახავს, რომ „ნაციონალების“ გათავხედება მეტწილად მათი ბრალია, როცა დამნაშავეს არ სჯი, ის მოგიბრუნდება და შენ დაგსჯის!
„კვირის ქრონიკის“ კითხვებს პასუხობს „სახალხო კრების“ წევრი, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე:
– „ნაციონალებისგან“ მე ველი ყოველგვარ უბედურებას, რაც კი შეიძლება დედამიწის ზურგზე მოხდეს! უზნეობა, გათახსირებულობა, სამშობლოსთვის ზურგში ხანჯლის ჩაცემა! ესენი მზად არიან, საკუთარი ოჯახი გაყიდონ, ოღონდ კი ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ტელევიზიები კი ცდილობენ, საზოგადოებას ტვინი გამოურეცხონ, მაგრამ გამორიცხულია, ხალხს დაავიწყდეს 9-წლიანი ჯოჯოხეთი და არსებული ხელისუფლებისადმი უკმაყოფილების მიუხედავად, „ნაციონალების“ გვერდით დადგეს.
– ფიქრობთ თუ არა, რომ „ნაციონალების“ გათავხედება, ამ ხელისუფლების უუნარობის ბრალია?
– დიახ, სწორედ იმიტომ, რომ „ნაციონალებს“ ვერ მიხედეს, თავის დროზე ვერ მოთოკეს და არ გაასამართლეს, როგორც ფაშისტური ორგანიზაცია, ამიტომაც გათავხედდნენ ისინი და ახლა აქციების გამართვით გვემუქრება ეს დამნაშავე ძალა, რომელსაც ხელები ხალხის სისხლში აქვს გასვრილი. არც ერთი ნორმალური ქართველი მათ ხმას არ მისცეს, ეს კარგად უწყის სააკაშვილმა. მისი დღევანდელი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ეგ კაცი ფსიქიკურად კარგად ვერ არის, პოლიტიკურად, ზნეობრივად, მორალურად გახრწნილი, აშშ-ს ყურმოჭრილი მონაა და ასრულებს მათ გეგმას, რომელიც ქადაგებს ერთს, რომ ქვეყანაში უნდა იყოს ერთპოლუსიანი სამყარო, უნდა შეიქმნას პლანეტარული იმპერია, რომლის სათავეში უნდა იყოს თავად ამერიკა. ეს არის ამერიკის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანი, ამ მიზნის გამო დაიწყეს მათ უკრაინაში მოქმედება. არ მითხრათ ახლა, რომ რუსეთს აწყობდა უკრაინაში არეულობა, არეულობა დაიწყეს არა იმიტომ, რომ უკრაინის ხალხს რამე წაშველებოდა და რაღაცა სიკეთე მოეტანათ... 48-მილიონიანი ქვეყანა მიწასთან გაასწორეს. დღეს უკრაინა აღარ არის ქვეყანა, აღარ არის რესპუბლიკა და მათი ცინიზმი იქამდე მიდის, რომ აქედან განდევნილი, მოძულებული ხალხი, რომელთაც საქართველოსთვის ბოროტების, უმეცრებისა და უნიჭობის მეტი არაფერი გაუკეთებიათ, ისინი წამოწიეს წინ... არ მითხრათ პოროშენკო ნიშნავს ამ ხალხს, ამას ამერიკელები აკეთებენ, რომ მსოფლიოს დაანახონ, რაც გვსურს, იმას ვაკეთებთ ყველგანო. ეს არის, ასევე, გამოწვევა ჩვენი ხელისუფლებისთვის. არსებულ ხელისუფლებას შეიძლება, რაღაც ეშლება, მაგრამ ძირითადი წამყვანი ძალა ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი უფროსი მეგობრის სახით გამოკვეთილია ის, რომ ისინი აზროვნებენ ქართულად. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ „ნაციონალები“ არიან ნაძირალები და მათთან თანამშრომლობას არ ვაპირებო, ეს კი აშშს ელჩს რიჩარდ ნორლანდს არ მოეწონა. ამერიკელებს სააკაშვილი არ ეთმობათ, რადგან მათი მორჩილი და ნების აღმსრულებელი სააკაშვილია. დასავლეთისთვის მთავარია, მოისყიდოს ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლება, სხვანაირად არც ფიქრობენ. ამავე დროს ამ ხელისუფლებამ შეიძლება ჩაიდინოს დანაშაული, რასაც სააკაშვილი სჩადიოდა, როცა გაუსამართლებლად ხოცავდა ახალგაზრდებს ქუჩაში, ამოწყვიტა ოჯახები, მოაკვლევინა პრემიერ-მინისტრი, მოაკვლევინა გურამ შარაძე, უწესიერესი ქართველი ადამიანი... ნარკოტიკის, იარაღის ვაჭრობა იქნება თუ სხვა რამ, ყველაფერს იმიტომ პატიობდნენ, რომ სააკაშვილი იყო მათი მონა-მორჩილი, სააკაშვილის ფაქტორი დგას იმაზე, რასაც საქართველოს დანგრევა ჰქვია, ამიტომაც ეს კაცი, რომელიც ნერონისა და კალიგულას დონის დიქტატორი იყო (აზროვნებით ისინი მაღლა იდგნენ, მაგრამ ქცევით სააკაშვილმა გადაუჯოკრა მათ), დემოკრატიის შუქურად გამოაცხადეს. ახლა, მოდი და დამარწმუნეთ, სადაც სააკაშვილს „დემოკრატიის შუქურას“ ეძახიან, იმ ქვეყანას დემოკრატიაზე ოდნავ მაინც ჰქონდეს წარმოდგენა, არავითარი დემოკრატია ამერიკას არ აინტერესებს, ეს არის მითი! აქედან გამომდინარე, „ნაციონალებმა“ იციან, რომ ქართველი ხალხი არასოდეს აირჩევს მათ, მაგრამ, მეორე მხრივ, იციან, რომ ამერიკა და მოჩვენებითი ყალბი ევროპა მათ ყველა ნაბიჯს გაამართლებს, რაც უკრაინაში დაიწყეს, ფულს რომ ურიგებდა აჯანყებულებს ნულანდი, ამასვე გააკეთებენ აქ. ესენი შეიძლება მხოლოდ გადატრიალების გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში, როგორც მოვიდნენ ვითომ უსისხლო რევოლუციით და ამას „ვარდების რევოლუცია“ დაარქვეს, ჩემი თვალით ვნახე, პარლამენტში ვიყავი, მიშას ვარდი ხელში მიაჩეჩეს, მის უკან სულ ავტომატიანი ხალხი იდგა, მიაწვნენ და ტრიბუნაზე ააგდეს. მეორეც, ჩემი თვალით მაქვს ნანახი, ცხონებული ჯემალ გოგიტიძის კაბინეტი ერთჯერადი შპრიცებით იყო სავსე, მორფინისტები და ყაჩაღები შემოცვივდნენ და ამას დაარქვეს „ვარდების რევოლუცია“. ერთი სიტყვა თუ დაძრა ამის შესახებ ამერიკამ?! ახლაც ამის იმედი აქვს მიშას, მაგრამ ახლა უნდა იცოდნენ მათ, რომ ქართველი ხალხი ამას ვერ აიტანს და ვერ მოითმენს, და სწორედ იმის შიშით, რომ ქართველი ხალხი უპირებდა მიხეილ სააკაშვილს დამხობას, დასავლეთმა ამიტომ დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებასა“ და ივანიშვილს, რადგან იცოდნენ, რომ, თუ რევოლუცია გარდაუვალი იქნებოდა, ქართველი ხალხი „ნაციონალებს“ განდევნიდა, მათ კუდებს ამოძირკვავდა და ვერავინ გაჭაჭანდებოდა. მათთვის მთავარი იყო, რომ შენარჩუნებულიყო მათი ხალხი სისტემაში. ალასანიამ და „რესპუბლიკელებმა“ გააცოცხლეს „ნაციონალები“, პოლიტიკური მიცვალებულები ამოიყვანეს და სული შთაბერეს!
– პოლიტიკურ „ფრანკენშტეინებს“ აქვთ ძალა, გამოიწვიონ პოლიტიკურად ტექტონიკური ძვრები? დავით კირკიტაძე ჩამოვიდა ამერიკიდან, მასზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და თქვა, რომ აქციაში მიიღებს მონაწილეობას. ამბობენ, უდესიანმა 100-კაციანი ზონდერბრიგადა შექმნაო, ხალხი ჩამოჰყავთ რეგიონებიდან, სერიოზული სამზადისი აქვთ დაწყებული, თბილისში იქნება „მაიდანი“?
– ესენი უბედურებას მოაწყობენ! თვითონ მოკლავენ ვიღაცას და მერე ატეხენ არეულობას! ეს არის ამათი გეგმა... რომ ჩამოვიდა ის კირკიტაძე, ხომ არის საქმე აღძრული, რატომ არ იჭერენ?! თუ ნორლანდის ეშინიათ ნისკარტივით რომ ჩამოუშვია ცხვირი და ყველა კრებას რომ ესწრება, პროკურატურაში, რომ შექმნეს სპეციალური განყოფილება, ნახეთ, ნორლანდი როგორ იყო? ყვანჩალა რომ ცხვირს ჩამოუშვებს, ისე იჯდა, ნორლანდის ჭკუის და ვიღაც კახპა დედაკაცის, ვიქტორია ნულანდის გადასაწყვეტია საქართველოს ბედი? ვინ ჰკითხავთ მაგათ? რას ერევიან ჩვენს საქმეში? მაგრამ ეს ასე არ დამთავრდება, ახლა რომ დაიწყებენ ეს გაკაპასებულები, ვითომ დიდი პატრიოტები, და გაჰყვირიან, ნატოს ბაზები უნდა გავხსნათო, რუსული ტანკები რომ გამოჩნდება აი, ნახავთ, როგორ გაიქცევიან! მაგათ ფულიც აქვთ და უცხოეთში ვილებიც, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ?! ახლა, თუ ამათ დაუშვეს ცეცხლის დანთება, ჩათვალეთ, რომ ძალიან ცუდი ამბები დატრიალდება. საქართველო აღარ იქნება, ამის მიღწევა უნდათ ამათ, რაც არის ამერიკელების მიზანი, ქართველების გარეშე, საქართველოს ტერიტორია, რომ საჰაერო სივრცე მიმართონ რუსეთისკენ, რუსეთი ამას არ დაუშვებს, ეს უნდა იცოდნენ... ვინც „ნაცების“ აქციაზე მივა, ჩათვალეთ, რომ ის არის საქართველოს მტერი და მოღალატე, რეგვენი და 10 ლარზე გაყიდული! ასეთი ადამიანებისა მე არ მწამს. თუ ადამიანი აზროვნებს, უნდა მიხვდეს, სად ვიყავით და სად ვართ დღეს. ჩვენ მივიღეთ თავისუფლება, სადაც შეიძლება შენს ოჯახში, ქუჩაში თუ მეგობართან ისაუბრო თავისუფლად და არ გქონდეს იმის შიში, რომ გისმენენ, არ გეშინოდეს დაჭერის. ამ 9 წლის განმავლობაში შიმშილით რომ უხმებოდათ კუჭი და ჩვენს ხარჯზე სააკაშვილი და მისი ბანდა რომ გამდიდრდნენ, კარგად გაიხსენონ, იარაღის ვაჭრობა, ნარკობიზნესი მათ ხელში იყო, გარყვნეს ახალგაზრდობა!
– ბატონო ელიზბარ, „ნაციონალები“ აქციის მოწყობის ოფიციალურ მიზეზად ასახელებენ ეკონომიკურ კრიზისს, ლარის 30-პროცენტიან გაუფასურებას, თუმცა აქ საბოტაჟის ნიშნებზე საუბრობენ ექსპერტები. როგორ ფიქრობთ, სამოქალაქო დაპირისპირება იქნება და შეძლებს ხელისუფლება ვითარების განეიტრალებას?
– ეყოფა ხელისუფლებას დემოკრატობანას თამაში, ამ ნაძირალებთან და ყაჩაღებთან ეს არ შეიძლება, ესენი არიან მკვლელები. არ იჭერენ იმიტომ, რომ ნორლანდი ამას არ უშვებს, სანდო წყაროებიდან ვიცი, რომ ჟვანიას მკვლელობა არის გახსნილი, მაგრამ ნორლანდს არ უნდა, რომ გამოქვეყნდეს, მიშას მოკლულია ჟვანია! მაგრამ ამას ვერ გაბედავდა, თუ გარე სახელმწიფოს მითითება არ იყო, ისევე, როგორც მიშა ვერ გაბედავდა ომის დაწყებას დამოუკიდებლად, ეს წრუწუნა, მშიშარა, ამერიკელების წაქეზებით ლომად იქცა, ამიტომ, თუ ამათ არ დაიწყეს დაჭერები იმ ხალხის, ვინც იდეოლოგიის შემქმნელია – ბოკერია, გაბაშვილი, თარგამაძე, და დღესაც მათი იდეოლოგიით ხელმძღვანელობენ „ნაცები“... აი, ამათ რომ დაიჭერენ, მერე ყველა თავის ადგილს იპოვის. როგორც სააკაშვილი ბრძანებდა, ნულოვანი ტოლერანტობა, ყველანი ციხეში! თუ არ მოხდა „ნაციონალების“ გასამართლება და ეს ხელისუფლებამ არ გააკეთა, ჩვენ გვაქვს ძალა, რომ სახალხო სასამართლო გავმართოთ და ესენი გავასამართლოთ, როგორც ნაცისტები და ხალხის მტრები. თუკი ხელისუფლება დამნაშავეებს არ დაიჭერს, მაშინ არა მხოლოდ თავს დაკარგავენ, საქართველოს დაკარგავენ, საქართველოს!
– ვიცე-სპიკერმა გუბაზ სანიკიძემ შემაშფოთებელი განცხადება გააკეთა, შეიძლება ისეთი რამე მოხდეს ქვეყანაში, რომ დენი სანატრებელი გაგვიხდეს, რადგან პოტენციური საფრთხეების წინაშე ვდგავართო. როცა ხელისუფლების წარმომადგენელი ამ განცხადებას აკეთებს, ეს რას ნიშნავს?
– მე არ ვიცი, რას გულისხმობდა გუბაზ სანიკიძე, აქამდე ის ხმას არ იღებდა, ჩვენი ელექტროენერგია დამოკიდებულია რუსეთზე, დიდი ელექტროჰესები ხომ მიჰყიდა სააკაშვილმა რუსეთს, შეგიწყვეტს და დამთავრებულია ჩვენი საქმე, შეიძლება ამას გულისხმობდა.
– საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ნატო ახალ წევრებს ვეღარ მიიღებსო, მაისში რიგის სამიტზე ვიზა-ლიბერალიზაცია არ განიხილებაო, რუსეთმა სამხედრო წვრთნები წამოიწყო სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, თქვენი აზრით, რა ხდება?
– იცით, რომ ნატოში არავინ არ მიგვიღებს ამ პრობლემებით. თუ ვაღიარებთ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენი არ არის, მაშინ გვეტყვიან, მიგიღებთ, ოღონდ 20 წლის შემდეგო. რუსეთმა რომ გამოუშვას 5 ტანკი, საკმარისია. რა, ამერიკა გამოგვიგზავნის შეიარაღებას? მეტი არაა ჩემი მტერი, ამერიკა ჩვენ არ დაგვეხმარება! ორი დიდი სახელმწიფო ყოველთვის მონახავს საერთო ენას, აქლემების ჭიდაობაში კოზაკი იჭყლიტებაო, ნათქვამია. ამ ხელისუფლებამ უნდა გაანძრიოს თავი, ქართველი ერი და სამშობლო იღუპება, ესაა მთავარი! რუსეთი 3 დღეში დაამთავრებს საქართველოს ამბავს, ამერიკას რაში ენაღვლება, თუ ომი დაიწყება, ის გამარჯვებაზე კი არ ფიქრობს, სხვებს აბრძოლებს, ღმერთმა ნუ ქნას ასეთი სცენარით წავიდეს ვითარება, ამას ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს. „ნაციონალებს“ ყველა სისაძაგლეზე შეუძლიათ ხელის მოწერა და ისინი აქ უკრაინის სცენარს განიხილავენ, აქ მკვლელობები გაგრძელდება, რომ უფრო დაძაბონ ვითარება და ვაზაგაშვილი არ იქნება უკანასკნელი. ნემცოვის მკვლელობაზეც ხომ ხედავთ, რა მოხდა, კავკასიელები აიყვანეს... ისიც მოკლეს იმიტომ, რომ რუსეთში არეულობა გამოეწვიათ, გამოდის ტეფტი და ამბობს, უდიდესი პატრიოტი კაცი მოკლესო... ტეფტი არ იყო, „ვარდების რევოლუცია“ რომ მოაწყო?! ის დააწინაურეს რუსეთში, გადაღებულია კადრები, ნემცოვი რომ მიდის ტეფტთან და როგორ არიან ერთ ამბავში, ნემცოვს დასავლეთი აფინანსებდა და კადრების გამოქვეყნების შემდეგ შეწყვიტეს ურთიერთობა. ყველამ თავისი მკვდარი იტიროსო, მაგრამ ეს მარგველაშვილი რომ გამობრძანდა აქ და ამბობს, უდიდესი პატრიოტი იყოო, ვის დასტირის, ვის? შარაძე რომ მოკლეს, ხმა ამოიღო? გედევან ფოფხაძე რომ ამბობს, ვაზაგაშვილის მკვლელობის კვალი ყოფილი ხელისუფლების მაღალ პირებამდე მიდისო და ეს არეულობის მოწყობის მიზნით გააკეთესო, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მკვლელობები კიდევ იქნება, ამით არ დასრულებულა. სააკაშვილი იყო სისხლისმსმელი, რაც ამ ბნელებმა მოუტანეს ქვეყანას, ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს! ნაციონალებს ეს ხელისუფლება თუ ვერ მიხედავს, ჩვენ მივხედავთ, როცა ქართველ კაცს გაუჭირდებოდა, თოხს დებდა და თოფს იღებდა! ასე ავიღებთ თოფებს, ხმლებს, კალმებს ხელში და ჩვენ მივუჩენთ სისხლისმსმელ „ნაციონალებს“ ადგილს!
ნინო სამხარაძე
გაზეთი „კვირის ქრონიკა“