reportiori.ge - „ჭაბუკები დარჩნენ მარად!“ - იგონებს ვახტანგ კობაიძე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:59
კულტურა
„ჭაბუკები დარჩნენ მარად!“ - იგონებს ვახტანგ კობაიძე
09 მარტი, 2015. 14:25



ინფორმაციამ, მირზა გელოვანის ნეშტს 8 მაისს გადმოასვენებენ და მშობლიურ მიწას მიაბარებენო, ჩემში მოგონებების ტალღა ააგორა.

 

პირველად, მირზა გელოვანის სახელი რომ გავიგე 11-12 წლის ბიჭი ვიყავი. 1957 -62 წლებში, ჩემი ოჯახი თიანეთში ისვენებდა; ერთ საღამოს მამაჩემმა, გოგი კობაიძემ, ზორბა აგებულების, წითური კაცი მოიყვანა... თეიმურაზ გელოვანი, თიანეთის კულტურის სახლის დირექტორი, მამაჩემის მეგობარი და რაც მთავარია, მირზა გელოვანის უმცროსი ძმა... გავიდა ხანი, წამოვიზარდე და ნიკა აგიაშვილის წიგნი „ჭაბუკები დარჩნენ მარად“... შეემატა ჩემს ბიბლიოთეკას... ასე დაიწყო ჩემი ურთიერთობა მირზა გელოვანის პიროვნებასთან და მის პოეზიასთან...

 

 

გავიდა წლები... მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ მირზა გელოვანის საფლავის ნახვის ერთ-ერთი მონაწილე მეც ვიქნებოდი, ასეთი პატივი ერთეულების ხვედრია და მეც ამ ერთეულებში მოვხვდი.

 

 

1979 წლის აგვისტო. თბილისის უნივერსიტეტის მესამე შრომითი სემესტრის გაერთიანებული სამშენებლო რაზმი, სმოლენსკის ოლქის დაბა დესნაგორსკში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე მუშაობდა. მე თქვენი მონა-მორჩილი, ოპერატორი იური მერაბოვი და საშა უნაფქოშვილი მესამე შრომით სემესტრზე, ანუ როგორც მაშინ ვუწოდებდით „ყამირზე“, უკვე მეორე ფილმს ვიღებდით. იმ დროს სამივე უნივერსიტეტის კინო-ტელე ლაბორატორიაში ვმუშაობდით.

 

 

აგვისტო იწურებოდა... ერთ მშვენიერ დღეს ტაქსით დესნაგორსკში ტელევიზიის გადამღები ჯგუფი მოგვადგა... ჩემი სტუდენტობის მეგობარი, დღეს უკვე ცნობილი ლიტერატორი თამაზ ტყემალაძე, რეჟისორი თამილა პატაშური და ოპერატორი ვალოდია მედვედევი. ისინი იღებდნენ დოკუმენტურ ფილმს მირზა გელოვანზე. დესნაგორსკი ყველაზე ახლოწერტილი გახლდათ ბელორუსიის ქალაქ ვიტებსკთან, სულ რამდენიმე საათის სავალი იყო იმ სოფლამდეც, რომლის საძმო სასაფლაოზეც მირზა გელოვანი იყო დაკრძალული. ეს იყო სოფელი სანიკი. სცენარით ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს თან უნდა წაეყვანათ ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებიც და ამაზე კარგი შესაძლებლობა სხვა დროს არ ექნებოდათ. უნივერსიტეტის სამშენებლო რაზმში სხვა ფაკულტეტებთან ერთად ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტთა რაზმიც გახლდათ, რომლი მეთაური თემურ ჟღენტი,ხოლო კომისარი ჯუმბერ ბოლოთაშვილი გახლდათ. თამაზ ტყემალაძემ სწორედ ეს რაზმი და მათ შორის მეც წაგვიყვანა მირზა გელოვანის საფლავთან.

 

 

დილაადრიან ავტობუსით გავემგზავრეთ ბელორუსიისკენ (თან გვირგვინები და ქართული პურ-მარილიც წავიმძღვარეთ. ნახევარ საათში რუსეთ-ბელორუსიის საზღვარზე ვიყავით, საზღვარს ვამბობ, თორემ ორი მომცრო სოფლის ერთ მხარეს სასურსათო მაღაზია იყო, ხოლო მეორე მხარეს წყლის ჭა; სწორედ ეს ორი „ობიექტი“ყოფდა ამ ორ ქვეყანას. გავიარეთ ვიტებსკიც და დაახლოებით ორ საათში უკვე სოფელ სანიკში ვიყავით... სოფელს და საძმო სასაფლაოს ერთი შარაგზა ჰყოფს... სხვა საფლავებიცაა...

 

 

ვალოდია მედვედევმა კამერა გაამზადა და ჩვენც ყველანაირი რიტუალის დაცვით საძმო სასაფლაოს მივადექით, სადაც აღმართულ ობელისკზე იქ დამარხულთა გვარ-სახელებია ჩამოწერილი. აი, აქ მოხდა ის, რასაც არც ერთი ჩვენთაგანი არ ელოდა და არც მოიაზრებდა...

 

 

გზის იქითა მხრიდან, სადაც სოფლის კოხტა სახლები და ბაღები იყო ჩამწკრივებული, ჩვენკენ სანდომიანი სახის, ფაშფაშა ქალბატონი, სამწუხაროდ სახელი აღარ მახსოვს, პატარა ბიჭი და მამაკაცი მოემართებოდნენ. მოგვიახლოვდნენ, მოგვესალმნენ და ჩვენი იქ ყოფნის მიზეზიც გამოგვკითხეს. თამაზ ტყემალაძემ აუხსნა თუ საქართველოდან ამ სიშორეს რამ ჩამოგვიყვანა და რომ ჩვენი თანამემამულე, პოეტი, მირზა გელოვანი აქ იყო დაკრძალული...

 

 

 

ჰოი საოცრებავ... ამ სანდომიანმა ქალბატონმა, ცრემლმორეული ხმით დაიწყო მოყოლა... 1944 წელს, უკვე განთავისუფლებულ მათ სოფელში სამხედრო ნაწილი იდგა, ჯარისკაცები ადგილობრივების ოჯახებში იყვნენ განაწილებული, სამხედრო ნაწილი მდინარე დასავლეთ დვინის, რომელიც მათ სოფლიდან რამდენიმე კილომეტრში იყო, გადასალახად ემზადებოდა... ბრძანებას ელოდებოდნენ... მირზა გელოვანი მათთან ცხოვრობდა და  თურმე საოჯახო საქმეშიც ეხმარებოდა და მოკლე ხანში საკუთარი ძმასავით შეიყვარეს, დედამისი კი „მოი სინოკს“ ეძახდა... მძიმე ბრძოლა გადახდათ, ბევრი დაიღუპა, სამდინარო დაბრკოლება გადალახულ იქნა... შემდეგ, როცა დაჭრილები და მიცვალებულები გამოყავდათ, დედამისმა, მისმა დამ და თვითონ მან სხვა მიცვალებულებთან ერთად მირზა გელოვანის ნეშტიც წამოიღეს და ის პატივისცემით ცალკე დაკრძალეს. იმდენად თვლიდნენ თავის ოჯახის წევრად, რომ საძმო სასაფლაოსთვის ვერ გაიმეტეს. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა... ამ ქალბატონის დედა და დაც გარდაიცვალნენ, დღესდღეობით კი მირზა გელოვანის საფლავს, რომელსაც საძმო სასაფლაოდან 10-15 ნაბიჯი აშორებს ის და მისი ქმარი რუდუნებით უვლიან და პატრონობენ, ეს არყის ხეც მათი დარგულია... ეს იყო 1979 წლის აგვისტოს თვე...


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016