როგორც „ქრონიკას“ ინკოგნიტო წყარო ატყობინებს, 21 მარტისთვის ზონდერ-ბრიგადების მობილიზება პარტიამ გივი თარგამაძეს დაავალა, მან უნდა იაროს ფარულად სპორტულ ფედერაციებში და ძველი „სასტავები“ შეკრიბოს, დააკვალიანოს, ტრენინგები ჩაუტაროს და ყველას თავისი ადგილი მოუჩინოს. ერთი ასეთი შეხვედრა ძალოსნობის ფედერაციაში უკვე შედგა, ამ დღეებში გივი თარგამაძე იქ ფარულად მივიდა და თავის ძმაკაცებთან თათბირი გამართა, რომელი მწვრთნელები და სპორტსმენებიც არასანდოები არიან, მათ ფედერაციიდან უშვებენ და თან აფრთხილებენ, რომ ჩუმად იყვნენ, თავი არ გაიფუჭონ. სანდო წყაროს ინფორმაციით, ამ მხრივ პრობლემები შეექმნა ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელს, ალექსანდრე ნოზაძეს. თუმცა თავად ბატონი ალექსანდრე „ქრონიკასთან“ საუბარში ამ ფაქტს არ ადასტურებს და ამბობს, რომ შეიძლება ყოფილი სპორტსმენები სადღაც რაღაცაში მონაწილეობენ, ან ძალოვან სტრუქტურებში მიდიან სამუშაოდ, მაგრამ თვითონ არ აპირებს არანაირ მიტინგზე წასვლას და რაიმე ღონისძიებაში მონაწილეობას. არადა, წყაროს ცნობით, გივი თარგამაძე და გიორგი ასანიძე ფედერაციიდან ყველას გაშვებას აპირებენ, ვინც კი უარს იტყვის „ნაციონალების“ აქციაზე, ანუ ვინც წინააღმდეგობას გასწევს და ამ ხელისუფლების დამხობისგან თავს შორს დაიჭერს. კულუარული ინფორმაციით, ამ საქმეში თარგამაძეს რამდენიმე ნაციხარ-ნახიშტარი პიროვნებაც ჰყავს ჩართული, რათა ქურდულ „პონტში“ არაფერი გამოეპაროთ. აღსანიშნავია, რომ სპორტული ფედერაციების დიდ ნაწილში პრეზიდენტები და ვიცე-პრეზიდენტები ისევ „ნაციონალები“ არიან. მაგალითად, ძალოსნობის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი ისევ დავით ბეჟუაშვილი გახლავთ და გივი თარგამაძეს იქ ამიტომაც მიესვლება თავისუფლად. სხვათა შორის, შემთხვევითი არ იყო ჭიდაობის ფედერაციიდან ლუკა კურტანიძის გაძევება, „ნაციონალები“ ყოველთვის ეყრდნობოდნენ იმ სპორტსმენებსა თუ მწვრთნელებს, რომლებსაც წლების განმავლობაში ფულს უხდიდნენ. ახლა ძალიან ბევრს „დარმავოი“ ფულის წყარო შეუწყდა და ბუნებრივია, ისევ მიხეილ სააკაშვილის მოსვლაზე ოცნებობს. ასევე, აგროვებენ ხალხს ყოფილი გუბერნატორები, გამგებლები და მათი მოადგილეები. დღეის მდგომარეობით, კაცზე 100 ლარს ჰპირდებიან, მაგრამ აქციის წინა დღეებში „სტავკა“ რამდენი იქნება, ჯერ თვითონაც არ იციან. 100 ლარი რეგიონებში ბევრისთვის მიმზიდველია და არ არის გამორიცხული, მოსახლეობის ნაწილი წამოეგოს. გარდა ამისა, რეგიონებშიც და თბილისშიც უკვე გამოჩნდნენ ტიპები, რომლებიც ხალხს უმტკიცებენ, 21 მარტს ამ ხელისუფლებას დავამხობთ, მთავრობას გადავაყენებთ და 25 მარტს მიხეილ სააკაშვილი უკვე თბილისში იქნებაო. მეტიც, თეთრი ცხენით ვერა, მაგრამ კაი თეთრი თვითმფრინავით კი ჩამოფრინდებაო. ზოგიერთი ტვინგაცხელებული „ნაციონალი“ შიგადაშიგ იარაღსაც ახსენებს, თუ საჭირო გახდება, ტყვიასაც გავისვრითო. მოსახლეობაში პანიკას თესავენ, „ნაციონალების“ მიერ გავრცელებული მუქარებისა იმ ადამიანებს უფრო სჯერათ, რომლებსაც ჯერ კიდევ ახსოვთ, როგორ დაამხვეს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, როგორ ჩამოიყვანეს მოსკოვიდან ედუარდ შევარდნაძე და როგორ დახვდნენ ქვეყნის მოღალატეები მას თბილისის აეროპორტში. შემდეგ რაც მოხდა, იცით, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, როცა შევარდნაძეც გააგიჟეს და დაიჟინა, უნდა გადავდგეო, იმავე მოღალატეებმა დაუჩოქეს და მისი გადაფურთხებულიც ალოკეს. დღეს ქართველი ხალხის ნაწილი იგივეს გაკეთებას აპირებს. დარწმუნებული ვარ, ეს არ გამოუვათ, მაგრამ ხომ ფიქრობენ? როცა უკვე იარაღსაც ახსენებენ, აშკარად შემაშფოთებელ ფაქტთან გვაქვს საქმე. „ქრონიკის“ წყაროს ინფორმაციით, „ნაციონალებს“ იმედი აქვთ, რომ იარაღს სამეგრელოდან მიიღებენ. როგორც ჩანს, მათ ამ რეგიონის ტყეებში კიდევ აქვთ გადამალული იარაღი და ტყვია-წამალი. საქართველოში 63 რაიონია, „ნაცბანდის“ მეთაურების ბრძანებით, თითო რაიონიდან 1000 კაცზე ნაკლები არ უნდა იყოს. ჯერჯერობით ვისაც ეტრაბახება და „ებლატავება“, ქედმაღლურად აცხადებს, რომ ეს ცოტაა, 3000 კაცს ჩამოიყვანს. ისე, თითო რაიონიდან 1000 კაცი რომ ჩამოიყვანონ, 63 ათასი გამოდის, თბილისელების ადგილი აღარც დარჩება თავისუფლების მოედანზე. ერთი სიტყვით, გივი თარგამაძის ზონდერ-ბრიგადები მწყობრში მოდიან, მიხეილ სააკაშვილის დაპირებით, უკრაინიდანაც ჩამოვლენ გამოცდილი „ბოევიკები“. უკრაინაში მებრძოლმა რამდენიმე მოხალისემ კი თქვა, საქართველოში ჩამოსვლას არ ვგეგმავთო, მაგრამ კიევიდან ყველას არ გამოუშვებენ, სააკაშვილს ახლა მხოლოდ ერთგული ხალხი სჭირდება. სხვათა შორის, უკრაინაში მებრძოლთაგან ყველა არ არის მისი მონა და მომხრე. ჯერჯერობით „ნაციონალებმა“ არ იციან, ხელისუფლებას რომ დაამხობენ, რა უნდა გააკეთონ, სამხედრო საბჭო უნდა შექმნან, სახალხო საბჭო თუ ნაციონალური საბჭო. თუ ვინმეს ჰკითხავთ, პასუხი ასეთია: ჩამოვა მიშა და ყველაფერს დაალაგებს, უპირველესად დასჯის ბიძინა ივანიშვილს, თუ მანამდე არ გაიპარა საქართველოდან, დააპატიმრებს. ესე იგი, ამათი დავთრების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ჩემოდანს ალაგებდეს, უკვე ის დროა. სააკაშვილ-ადეიშვილის მუქარა, ცოტა ხანში მთელ საქართველოს დედას მოგიტ...ნავთო, ძალაშია...
გელა ზედელაშვილი
გაზეთი „კვირის ქრონიკა“