„ასავალ-დასავალის“ წინა ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუს ელისო კილაძესთან საზოგადოების მხრიდან, როგორც ყოველთვის, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სწორედ ამ ინტერესიდან გამომდინარე, გთავაზობთ კიდევ ერთ საუბარს „ქრონიკა+“-ის მთავარ რედაქტორთან, რომელიც არც ამჯერად ღალატობს ჩვეულ სტილს და სკანდალურ ფაქტებს ასაჯაროებს.
– „ასავალ-დასავალის“ წინა ნომერში თქვენს მიერ დაანონსებული ინფორმაცია უკვე გაასაჯაროვეთ – სერგო თეთრაძის საქმეზე ფარული ჩანაწერი გამოქვეყნდა.
– ჩანაწერის მიხედვით, პოლიციის მაღალჩინოსანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პრივატულად შეხვდა და ესაუბრა პატიმარს. 2012 წლის 13 ნოემბერს, ხელისუფლების შეცვლიდან ერთი თვის თავზე, ანუ მაშინ, როცა მინისტრთა კაბინეტი დაკომპლექტებული იყო, სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით პატიმარი კონკრეტულ გვარებს ასახელებდა და ჩვენების მიცემას ითხოვდა, მეტიც, მზად იყო, ტელევიზიითაც გამოსულიყო. როგორც ჩანაწერშია ნახსენები, მინისტრმა ირაკლიმ ეს ყველაფერი იცოდა, მაგრამ ჩანაწერი მთელი 2 წლის მანძილზე სეიფში ინახებოდა და ნაციონალური რეჟიმის მიერ ჩადენილი ყველაზე მძიმე დანაშაული დროულად არ გაიხსნა. პოლიციის მაღალჩინოსანმა ზურაბ ჩიკვაიძემ უნდა თქვას, რომელმა ირაკლიმ გააგზავნა პატიმართან და სად წავიდა ოპერატიული ინფორმაცია?! რატომ არ მოჰყვა მას შესაბამისი რეაგირება ჯერ კიდევ 2012 წლის ნოემბერში? ქვეყანა სწორედ იმან დაღუპა, რომ „ქართული ოცნების“ მანდატებით ხელისუფლებაში მოსული ადამიანები ასეთი ტიპის დამნაშავეებს ხელს აფარებდნენ.
– თქვენ რომელ ირაკლიზე ფიქრობთ?
– ჩემი ვარაუდით, ირაკლი ალასანიას დავალებით ესაუბრებოდა პატიმარს სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილე ზურაბ ჩიკვაიძე. თანაც ამბობს, რომ ირაკლი მისი ბავშვობის მეგობარია. აქედან გამომდინარე, უფრო თბილისში გაზრდილი ირაკლი უნდა იყოს. კარგი იქნებოდა, ირაკლი ღარიბაშვილს კომენტარი გაეკეთებინა და აღნიშნულ საქმეში მისი ალბათობა გამოერიცხა... სხვათაშორის, ორიოდე დღის წინათ დამიკავშირდა ჩანაწერის მთავარი გმირი, პატიმარი გიორგი (ყოველი შემთხვევისათვის თავი ასე წარმომიდგინა) – რატომ გაასაჯაროვეთ ჩანაწერიო. როგორც მითხრა, ის მძიმე დანაშაულისთვის გაასამართლეს და პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ორჯერ არის შეწყალებული. რასაკვირველია, მინისტრის გვარი არ დაასახელა. დიდი ეჭვი მაქვს, მისი გამოჩენა ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილი მორიგი პროვოკაცია იყოს!
მოწმის სტატუსით უკვე დავიკითხე. იმედი მაქვს, გამოიძება უახლოეს მომავალში გასცემს შეკითხვბეს პასუხს!
– მორიგი პროვოკაცია ახსენეთ... რას გულისხმობთ?
– აბსოლუტურად ყველაფერი ვიცი, რა სქემით მოქმედებს ხელისუფლების ე.წ. კახური დაჯგუფება, როგორ ემზადება რევანშისთვის, რა პროვოკაციები ჰქონდა და აქვს დაგეგმილი ჩემს წინააღმდეგ.
– რაზე საუბრობთ?
– ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, ბატონი თამაზაშვილი მერაბიშვილის გზით წავიდა! ჩემს წინააღმდეგ ე.წ. კოლეგების მიერ პასკვილები შემთხვევით არ ქვეყნდება. ხაზგასმით ვამბობ, „ქრონიკა+“-ში არანაირ კულუარულ გარიგებებს არა აქვს ადგილი და არც არასდროს ექნება! გაცილებით მსუყე რაღაცებს გვთავაზობდნენ, მაგრამ ფულს არ დავხარბებივართ. ადამიანები, რომლებიც 40 ათას დოლარზე ევაჭრებოდნენ „ქართულ პარტიას“ – ჩანაწერების მიყიდვას ჰპირდებოდნენ, ჩემს ჟურნალისტურ სტანდარტებზე ნუ ილაპარაკებენ! კოლეგების საქმიანობაში არ ვიქექები, პირობა მაქვს დადებული, ჟურნალისტებზე არ დავწერო, მაგრამ, თუ ჩემს წინააღმდეგ თავდასხმები გაგრძელდება და წითელ ზღვარს გადმოკვეთენ, ყველა მათგანი ადეკვატურ პასუხს მიიღებს, შემსრულებელთან ერთად დამკვეთსაც ვამხელ! ჩემს წინააღმდეგ ბინძური კამპანიის დამკვეთი კი პრემიერის სიმამრი, ბატონი თამაზაშვილია! ვურჩევ, ზომიერების გრძობამ არ უღალატოს. კიდევ ძალიან ბევრი რამ მაქვს სათქმელი...
– თქვენს ხელთ არსებული ე.წ. ვარდისფერი „ფლეშკიდან“ როდის და ვისზე უნდა ველოდოთ მორიგ ფარულ ჩანაწერს?
– არ მაქვს გადაწყვეტილი, რომელ მასალას გამოვაქვეყნებ, მაგრამ ერთ პირობას ვიძლევი – ის მასალები, რომლებიც ვანო მერაბიშვილზეა, აუცილებლად გამოქვეყნდება, რაც უნდა დიდი ფული შემომთავაზონ და რამდენიც არ უნდა ეცადონ ჩემს წინააღმდეგ კომპრომატების მოძიებას. პირდაპირ ვამბობ – თუ ვინმეს ჩემზე რაიმე კომპრომატი აქვს, მოვუწოდებ, გამოაქვეყნოს – არ მეშინია!
– არ დაგიმალავთ, ბევრი ფიქრობს, რომ თეთრაძის საქმეზე გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერით ბაჩო ახალაია „გააპრავეთ“...
– ეს იყო ყველაზე სამარცხვინო ტყუილი, რაც ბოლო დროს ჩემს წინააღმდეგ გავრცელდა. კომენტარი მოიგონეს, თუმცა, 2-დღიანი მოთხოვნის შემდეგ საინფორმაციო სააგენტო „ივერიონმა“ წაშალა. სადმე დავწერე ან ვთქვი, რომ ბაჩო ახალაია თეთრაძის საქმეში უდანაშაულოა? თუ დავწერ და ან ვიტყვი, ჩემს სიტყვებს უკან არ წავიღებ! დავდე ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ „ოცნების“ ხელისუფლების რომელიღაც მინისტრი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენლებს ხელს აფარებდა. ეს არის ნაციონალების „გაპრავება“?! ჩემი და ნანუკა ჟორჟოლიანის მეგობრობა არ ნიშნავს იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვუჭერ მხარს. ხაზგასმით ვამბობ, „ნაციონალურ მოძრაობას“ არასოდეს, არცერთ სიტუაციაში არ „გავაპრავებ“. ამ რეჟიმის მთელი სიმკაცრე საკუთარ თავზე გამოვცადე!
ჩემს წინააღმდეგ აგორებულმა ბინძურმა კამპანიამ ძველი დრო გამახსენა, როდესაც ოჯახის წევრებს უწყობდნენ პროვოკაციებს – ჩემი შვილი ორჯერ იქნა დაკავებული, ოღონდ, ხაზგამით ვამბობ, არა მორფინისტობისთვის, როგორც ეკა ბესელიამ სოციალურ ქსელში უსინდისოდ დაწერა, არამედ მარიხუანას მოხმარებისთვის. მთელმა ქუთაისმა იცის, რომ მისი ანალიზები სუფთა იყო. ვანო მერაბიშვილმაც კი ვერ გაბედა მისთვის ნარკოტიკების ჩადება. ამ თემაზე დღეს საჯაროდ პირველად ვსაუბრობ. ურცხვად რომ ამბობენ, თითქოს, ნაციონალებთან დაახლოებული პირი ვარ, სწორედ მათ შევახსენებ, როგორ მომიწყო პროვოკაცია „რუსთავი 2“-ის მაშინდელმა ჟურნალისტმა ნანა ლეჟავამ, რასაც ჩემს მეუღლესთან ვანო მერაბიშვილის ზარი მოჰყვა. ის კასეტა მომთხოვეს, რომელსაც ვინახავდი. მასზე ერთ-ერთი კანონიერი ქურდის ქორწილი იყო ჩაწერილი, სადაც იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი ნანა ლეჟავა უსინდისოდ ვაჭრობდა – 14 წლის შვილს 5 ათასი დოლარის სანაცვლოდ კასეტის ასლის გადაღებას სთხოვდნენ. ჩვენს უარს მეუღლის სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა, რომელიც იმხანად ქუთაისის პოლიციის მაღალჩინოსანი იყო. ყველა ფრთხილად იყოს, მათ შორის, ის ადამიანები, ვისაც წლების განმავლობაში მართლაც კუდები ჰქონდა გადანასკვული სააკაშვილის ხელისუფლებასთან. ჩემი შვილი სააკაშვილმა ორჯერ დაიჭირა და ბესელიას შვილივით 2009 წელს არ შეუწყალებია. არავის მივცემ უფლებას, ოჯახი ჩემი პოზიციების გამო კიდევ ერთხელ გახდეს თავდასხმების ობიექტი! ნურას უკაცრავად!
ძალიან საეჭვოდ ემთხვევა ამირან მესხელის და პრემიერის ახლო გარემოცვის ინტერესები ერთმანეთს. პირდაპირ ვამბობ, რამდენიმე დღის წინათ ამირან მესხელმა თავის ყოფილ კოლეგებთან დარეკა და ჩემს წინააღმდეგ კომპრომატების მოძიება სთხოვა. მას შემდეგ, რაც ვერაფერი იპოვეს, გადაწყვიტა, ჩემთვის გარკვეული რაოდენობის თანხა შემოეთავაზებინა იმის სანაცვლოდ, რომ ვანო მერაბიშვილზე მასალები არ გამომექვეყნებინა. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვამბობ, ყველა მასალას, რომელიც ჩემს ხელთ არის, აუცილებლად გამოვაქვეყნებ, მათ შორის, ძველ და ამჟამინდელ ხელისუფლებაზე. ძალიან ბევრი ფაქტის გამომზეურება შემიძლია!
– მაინც?
– მაგალითად ის, რომ პრემიერის სიმამრის სარდაფში წყდებოდა დანიშვნების საკითხი და ხშირად მაღალ თანამდებობებზე ის პირები ინიშნებოდნენ, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სხვადასხვა მძიმე დანაშაულში იყვნენ ეჭვმიტანილები. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თუ ვინმეს ჰქონდა ურთიერთობა, პრემიერ ღარიბაშვილის ცოლის ნათესავები იყვნენ! პირდაპირ გეუბნებით, თამაზაშვილმა ბიძინა ივანიშვილობა მოინდომა და საკუთარი სიძე დაღუპა! რადგანაც სიძე პრემიერი ჰყავს, იფიქრა, ამ ქვეყანაში ყველაფრის უფლება ჰქონდა. ბიძინა ივანიშვილი კი, რომლის უდიდესი დამსახურებაა 1 ოქტომბრის გამარჯვება, რეალურად ინფორმაციულ ვაკუუმში აღმოჩნდა და ამ პროცესებისგან იზოლირებული იყო, მაგრამ, როგორც იტყვიან, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო. უკვე დაიწყო კორუფციის წინააღმდეგ რეალური ბრძოლა და ზონდერების თანამდებობებიდან ჩამოცილება. ნოდარ ჯავახიშვილის განცხადება – „ატკატები“ გზების ტენდერებიდან მიდიოდა – ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე არ გაკეთდებოდა. აქვე შეგახსენებთ, ყველა მსხვილი ტენდერი ბოლო წლების განმავლობაში გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ მოიგო. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, რომელიც ზურა ადეიშვილის „ლუბიმჩიკი“ იყო და გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვაჟა ფანჩულიძე თანამდებობებზე ზვიად ჯანყარაშვილის პირადი რეკომენდაციის საფუძველზე დაინიშნენ, მეტიც, დავით შავლიაშვილს განცხადების დაწერა და თანამდებობიდან წავლა უნდოდა, მაგრამ ჯანყარაშვილმა კატეგორიულად მოსთხოვა – სანამ შეძლებ, თანამდებობა შეინარჩუნეო. მოკლედ, ინფრასტრუქტურის სამინისტროში არსებული ბომბი უახლოეს პერიოდში აუცილებლად აფეთქდება! ბიძინა ივანიშვილმა კორუფციის თემა პირად კონტროლზე აიყვანა და, სავარაუდოდ, მალე ყველა კორუფციული სქემა გაშიფრული და გახსნილი იქნება!
ივანიშვილი მის ხელში გაზრდილ პრემიერს ბრმად ენდობოდა. ამასობაში კი, ქვეყანა მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდა. პრაქტიკულად, ღარიბაშვილი ცოლის ნათესავებმა გაწირეს! რაც ამ ახალგაზრდა კაცის ადამიანური ტრაგედიაა. ივანიშვილი ცამდე მართალია ამ ჯგუფთან. მან არაერთგზის გააფრთხილა ირაკლი ღარიბაშვილი, ცოლის ნათესავებისთვის მიეხედა.
– პრემიერი ღარიბაშვილი მკვეთრი და რადიკალური ნაბიჯების გადადგომისთვის მზადაა – არ გამორიცხავს ზოგიერთი გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას...
– დააგვიანა! მეტისმეტად გვიან გაახსენდა, რომ მერები და გამგებლები, თურმე, უსაფრთხოდ არ უნდა გრძნობდნენ თავს. 2 წელია, ქვეყანა ჭაობისკენ მიექანება, სად იყო აქამდე? მეტიც, რეგიონების სამსახურის უფროსად დანიშნული ჰყავდა კაცი – ჩხენკელი, რომელიც „ქართუ ბანკის“ გაკოტრების სქემის ერთ-ერთი მონაწილე და ზურაბ ადეიშვილის მარჯვენა ხელი იყო. უკაცრავად, მაგრამ, თუ რეგიონებში ყველაფერი რიგზე არ არის, ვისი პასუხისმგებლობაა ეს? ბატონმა ივანიშვილმა რამდენჯერმე ურჩია – ძმები ჩხენკელები არ გამოგადგებაო, მაგრამ მისი რჩევა არ გაითვალისწინა.
ღარიბაშვილისა და ამ ხელისუფლების მფარველობის გამოა თაროზე შემოდებული ე.წ. „ცეკავშირის“ საქმე. ეს უზარმაზარი შენობა ნაციონალებმა ხელში მაქინაციების გზით ჩაიგდეს და დავით მუმლაძეს „უფეშქაშეს“. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „ცეკავშირის“ აქციონერები ფიქრობდნენ, საქმე დაიძვრებოდა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მუმლაძესა და სხვა დამნაშავეებისთვის ბრალი წაეყენებინათ, საქმე თაროზე შემოდეს.
– ვის გულისხმობთ სხვა „დამნაშავეები“?
– საქმეში ფიგურირებს „თიბისი ბანკი“. დანაშაულებრივი სქემა „ქრონიკა+“-ში დეტალურად გაიშიფრა. უმორჩილესად ვთხოვ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც „ცეკავშირის“ შენობა „შეასაღეს“ – „პანორამა თბილისისთვის“ აყიდვინეს, პირადად გაერკვეს „ცეკავშირის“ შენობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში. ასევე მივმართავ მთავარ პროკურორსა და შინაგან საქმეთ მინისტრს ვახტანგ გომელაურს – დღეს „ცეკავშირის“ თემა ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია და როგორმე უნდა ჩააქრონ. მეპაიეების უვადო შიმშილობის აქციას ადვოკატი არჩილ ჩუბინიძეც უერთდება, რაც ნამდვილად არ არის კარგი ფაქტი ქვეყნის იმიჯისთვის. ღარიბაშვილმა და მისმა გარემოცვამ, ნებსით თუ უნებლიეთ, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ხალხში დაგროვილი აგრესია ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართულიყო. თქვენი გაზეთის ძალისხმევითა და ჩემი დახმარებით, ვაზისუბნის საძოვრებთან დაკავშირებით სიმართლემ ბიძინა ივანიშვილამდე მიაღწია და საძოვრები ხალხს დაუბრუნდა. ჩემი ინფორმაციით, ეს პირადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. მასალების გაცნობის შემდეგ, კატეგორიულად მოითხოვა, სამართალი ამ სოფლისთვისაც აღმდგარიყო!
ბატონო ბიძინა, ამჯერად, გთხოვთ, „ცეკავშირის“ საქმეს პირადად თქვენ მიაქციოთ ყურადღება და არა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის გულგრილობის გამოც ეს საქმე დღემდე არ არის გამოძიებული. ადვოკატმა ბევრჯერ მიმართა ირაკლი ღარიბაშვილს, მაგრამ, უშედეგოდ. აქ ადამიანების ქონებაზე, მათ ბედზეა საუბარი! იცოდეთ, საბოლოო ჯამში აგრესიის ობიექტი ირაკლი ღარიბაშვილი კი არა, თქვენ იქნებით!
– ამასობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 21 მარტს აქცია დააანონსა...
– იმედია, ხელისუფლებაში მყოფ პირებს ეყოფათ გონიერება და კონტრაქციებს არ გამართავენ. ნაციონალების მიზანი დაჩაგრულის როლში თავის წარმოჩენაა, რისი საშუალებაც არ უნდა მივცეთ! რაც შეეხება მათ მიერ დაგეგმილ ხავერდოვან რევოლუციას, ვადასტურებ ჩემს წინა ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას – მიმდინარეობს 18 გამყიდველი დეპუტატის პოვნა, რომ პრემიერი გადააყენონ. ნაციონალებს აქციაზე გადააქვთ ხალხის ყურადღება, რეალური მუშაობა კი პარლამენტის შიგნით მიდის. რამდენად გამოუვა ალასანიას, იპოვოს დეპუტატები, რომლებიც მარიკა ვერულაშვილით გაიყიდებიან, ეს პოლიტიკური ტექნოლოგიებისა და ფულის ამბავია.
ფაქტია, დღეს პრემიერ ღარიბაშვილის ბედი რესპუბლიკელების ხელშია. თუ რესპუბლიკელები მოილაპარაკებენ და ბიძინა ივანიშვილთან დარჩებიან, ღარიბაშვილი პრემიერი აღარ იქნება. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება მოლაპარაკების პროცესი, მით უფრო მეტ ხანს შეინარჩუნებს პოსტს ღარიბაშვილი. პრემიერი იმ შემთხვევაშიც დაკარგავს თანამდებობას, თუ რესპუბლიკელები საბოლოოდ ნაციონალების ალიანსში გაერთიანდებიან. ირაკლი ღარიბაშვილის ბედი ყველა შემთხვევაში იმ ადამიანების ხელშია, ვისაც წინასაარჩევნო პერიოდში ასე მწარედ აგინებდა.
ჩემი ლოგიკითა და ინფორმაციით, თვის ბოლოს ივანიშვილი მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს. სხვა შემთხვევაში ის ძალიან დააგვიანებს და გაუჭირდება საკუთარ გარემოცვასთან გამკლავება. მოვუწოდებ, ვთხოვ – დადგა დრო, გადამწყვეტ მოქმედებებზე გადავიდეს, რათა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ 9-წლიანი ბრძოლა წყალში არ ჩაიყაროს!
ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი
გაზეთი „ასავალ-დასავალი“