საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, შოთა მურღულიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ნინოწმინდაში რეგიონებში განსახორიცლებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა დაათვალიერა. ცენტრალური ბიუჯეტიდან წელს მუნიციპალიტეტს შიდა გზების მოასფალტებისა და წყალმომარაგების სისტემის გასაუმჯობესებლად 2 მილიონ 300 ათასი ლარი გამოეყო, რაც, წინა წელთან შედარებით, 1 მილიონ 200 ათასი ლარით მეტია. ამჟამად ქალაქში 6 ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გრუნტის გზები სრულად იცვლება მოასფალტებული გზებით, რაც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემებს მოუხსნის. წესრიგდება, ასევე, სოფელ უჩმანისა და თორიის წყალმომარაგების სისტემებიც.
„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დაფინანსება წელს, შარშანდელთან შედარებით, გაორმაგებულია და სამუშოებიც მნიშნელოვანი ტარდება. მიმდინარეობს 6 დიდი ქუჩის ასფალტირება, ასევე, წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება. ჩვენ არ გვინდა გავიმეოროთ წინა ხელისუფლების შეცდომები, ამიტომ, მოასფალტებამდე, იცვლება კანალიზაციის სისტემები, შესაბამისად, ეს გზები დიდხანს იმუშავებს," - განაცხადა შოთა მურღულიამ.