მიმდინარე წლის 5 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ნაციონალური მოძრაობის და „თავისუფალი ზონის" მხარდამჭერ ავთანდილ კემულარიას, რომელიც დღისით, მზისით დამესხა თავს, განაჩენი გამოუტანა. მას ბიუჯეტის სასარგებლოდ 3 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა და საჯარო სამსახურში 1 წლის განმავლობაში თანამდებობას ვერ დაიკავებს.
პატივცემულო მკითხველო, ჩემი სტატია მოსამართლე მგელიაშვილის წინააღმდეგ არ არის მიმართული, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის 156-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის ფარგლებში სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ მიიჩნია, მაქსიმალურ ასპექტში ბევრად უფრო მძიმე სასჯელს - 3 წლამდე პატიმრობასაც ითვალისწინებს. შესაძლებელი იყო ბრალდებულისთვის პირობითი სასჯელის დაკისრებაც, თუმცა, მოსამართლემ მაინც ამ მუხლით გათვალისწინებული უმცირესი სასჯელი - ჯარიმა შეუფარდა ბრალდებულს. სწორედ მინდა, გამიგოთ-მეთქი, შემთხვევით არ მითქვამს. ბუნებით მიმტევებელი, თანაც, უფლებადამცველი გახლავართ და სიხარულით ვერ შევეგებები ინფორმაციას ვინმეს დაპატიმრების შესახებ, თუმცა, ამ შემთხვევაში, საკითხი პირდად მე კი არა, ჩვენი ქვეყნის არჩევანს ეხება - გვჭირდება თუ არა სამართლებრივი სახელმწიფო? პატივს ვცემთ თუ არა დემოკრატიულ ღირებულებებს? ვქმნით თუ არა სამოქალაქო საზოგადოებას, რომელშიც სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება იქნება დაცული?
ჩემი პრეცედენტი პირველია, როცა სასამართლოს სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში განაჩენი გამოაქვს ჟურნალისტის დევნისთვის და ვგონებ, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რამდენად უღირს სახელმწიფოს მედიის წარმომადგენლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა! გულმოდგინედ გამოვიკვლიე, არაერთ ექსპერტს დავეკითხე და დავადგინე, რომ ავთანდილ კემულარიამდე არც სააკაშვილის რეჟიმის და არც ახალი ხელისუფლების პირობებში, სისხლის სამართლის ფარგლებში არავის უგიაპასუხი ჟურნალისტზე თავდასხმის გამო. ახლახან დააკავეს კიდევ ერთ ჟურნალისტზე, ირაკლი გედენიძეზე თავდამსხმელი და მასაც ჯერჯერობით 3000-ლარიანი გირაო აკმარეს. გამოდის, ჟურნალისტის ცემის ნიხრი ცნობილია და ის 3 ათას ლარს შეადგენს! ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მომენტში, როცა რომელიმე ჟურნალისტის, ან სულაც ჩვეულებრივი მოქალაქის პოზიცია არ მოგეწონებათ, შეგეძლებათ, სულ რაღაც 3 ათასი ლარის სანაცვლოდ, მას დღისით, მზისით, თავ-პირი გაუერთიანოთ! ასეთი „სერვისი" განსაკუთრებით ხელმისაწვდომია ნაციონალური მოძრაობის, „თავისუფალი ზონისა" და სხვა მარგინალური ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც ფული თავზე საყრელად აქვთ და ამ ფულს დემოკრატიის მთავარი კრიტერიუმების მოსაშთობად იყენებენ!
ბედის ირონიაა, რომ ლოიალური განაჩენი, რომელიც კემულარიას მიმართ დადგა, იმ დამნაშავე ნაცების შეთხზული კანონებიდან გამომდინარეობს, რომლებიც შიმშილის გამო ფუნთუშის მოპარვისთვის ბავშვებს მრავალწლიანი პატიმრობისთვის იმეტებდნენ! სამწუხაროდ, დაზარალებულს, ანუ, ამ შემთხვევაში მე, არანაირი უფლება არ მაქვს, განაჩენი გავასაჩივრო, რადგან სააკაშვილის რეჟიმის კანონებმა აბსოლუტურად უუფლებო მდგომარეობაში ჩამაყენეს და თუ ჩემზე თავდასხმის პრეცედენტი ირაკლი გედენიძის გარდა, სხვა ჟურნალისტებზეც განივრცობა, გარწმუნებთ, ვერცერთი თქვენგანი ვერაფერს გააწყობთ ამ საკმაოდ ცბიერად შედგენილი კანონების წინაშე.
დღეს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი 2009 წელს არის მიღებული და 2010 წლის 1 ოქტომბრიდან მოქმედებს. აღნიშნული კოდექსი ნაცებს თანამედროვე აზროვნების ნიშნად მიაჩნდათ, იმის მიუხედავად, რომ ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით რიგ ანტიკონსტიტუციურ და ანტიჰუმანურ დგბულებებს შეიცავს. ამ ანტიჰუმანიზმის ერთ-ერთი გამოვლენა არის საქმეში დაზარალებულად აღიარებული პირის, ფაქტობრივად, უუფლებო მდგომარეობაში ჩაყენება, რითაც მხარეთა შორის თანასწორობის და შეჯიბრებითობის კონსტიტუციური პრინციპი ირღვევა! დაზარალებულს არა აქვს უფლება, საკასაციო ან სააპელაციო წესით გაასაჩივროს განაჩენი. ეს არის უხეში დარღვევა, რომლის გამოსწორებაზე, სამწუხაროდ, ახალ ხელისუფლებასაც არ უზრუნია!
დაზარალებულისთვის გასაჩივრების უფლების ჩამორთმევა, უწინარესად, გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების მიჩქმალვას და დავიწყებას ისახავდა მიზნად, რისი დამადასტურებელიც ვაზაგაშვილის, გირგვლიანის, ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეებია.
9 წლის განმავლობაში 151 ადამიანია დახვრეტილი და მათი ჭირისუფლები, რომლებიც დაზარალებულად არიან აღიარებულნი, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, საკუთარი უფლებები დაიცვან. დაზარალებული პირები მოწმეებთან არიან გათანაბრებულნი, რაც ყოვლად გაუმართლებელია!
არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა და მისმა დამქაშებმა - ზურაბ ადეიშვილმა, ნინო კალანდაძემ, ნიკა გვარამიამ, ოთო კახიძემ, ლევან ბეჟაშვილმა, გიგა ბოკერიამ და სხვებმა, ეს ყოველივე იმისთვის გააკეთეს, რათა საერთაშორისო სასამართლოებში სააკაშვილის რეჟიმისგან დაზარალებულებს მონაწილეობა შეზღუდვოდათ და ვერ ესარგებლათ უფლებათა ფართო სპექტრით, რაც ნორმალური, დემოკრატიული ქვეყნებისთვის არის დამახასითებელი. ახალი ხელისუფლების მოსვლიდან 2 წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში, ამ უმსგავსობის გასწორება, პოლიტიკური ნება რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ახალ ხელისუფლებასაც უადვილდება იმ მეთოდებით მუშაობა, რაც ქართველმა ამომრჩეველმა 2012 წლის 1 ოქტომბერს ერთსულოვნად დაგმო და შეაჩვენა.
ძვირფასო კოლეგა ჟურნალისტებო, თუ ამ საკითხს წაუყრუებთ, ხვალ რომელიმე თქვენგანის პოზიცია ან კრიტიკული სტატია არ მოეწონება კრიტიკის ობიექტს, ქუჩაში დაგხვდებათ და 3 ათას ლარად დაგასისხლიანებთ!
P. S. მე უკვე დავწერე განცხადება და კანონის ფარგლებში, კეულარიასთვის გამოტანილი განაჩენის გადმოცემა მოვითხოვე. როგორც კი ამ განაჩენს გადმომცემენ, შევეცდები, აღნიშნული თემა ცნობილი იურისტების განხილვის საგნად ვაქციო, რისთვისაც უკვე მივმართე ღვაწლმოსილ ექსპერტებს, პროფესორ გია მეფარიშვილს და პროფესორ ოთარ გამყრელიძეს. წინ დიდი და საინტერესო დისკუსია გველის, საიდანაც ქართველი საზოგადოება სათანადო დასკვნებს გამოიტანს და ხელისუფლებას შესაბამის მოთხოვნებსაც წაუყენებს!
ზაზა დავითაია
გაზეთი „ასავალ-დასავალი"