უკრაინაში მებრძოლ ქართულ ლეგიონში შვებულება გამოცხადდა. პეტრო პოროშენკოს მრჩევლის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანების თანახმად, ლეგიონის 300 წევრი 21 მარტამდე სხვადასხვა გზებით უნდა დაბრუნდეს საქართველოში, ნაწილი და მათ შორის, მეთაური მამუკა მამულაშვილი თბილისში არიან. ინკოგნიტო წყაროს ინფორმაციით, ამ დღეებში ისინი „ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისშიც იმყოფებოდნენ და საგანგებო თათბირიც გამართეს. როგორც კულუარებში ამბობენ, უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა „ბოევიკებმა" კიევიდან დაპირებული თანხები ვერ მიიღეს. აქ წმინდა წყლის ქართული ვარიანტია, სააკაშვილი თავიდან ოქროს კოშკებს დაჰპირდათ, მაგრამ ომში შესულმა მოხალისეებმა ბოლოს სამი თითის კომბინაცია მიიღეს, ანუ ათი ათასობით დოლარის ნაცვლად, ხმელი პური და თითო კონსერვი. ესეც არ არის საკმარისი, მოხალისე მეომრები ხშირად მშივრებიც დარჩენილან.
„ნაცმოძრაობის" ლიდერები „ბოევიკებს" ოქროს კოშკებს ახლა თბილისში უგებენ პროვოკაციებისა და ფსიქოლოგიური ტერორის სანაცვლოდ. უკრაინიდან ჩამოსული ე.წ. „ბოევიკები" რომ თბილისში „მაიდანს" ვერ მოაწყობენ, ეს ყველამ კარგად იცის, მაგრამ საზოგადოებაზე მაინც უარყოფითად აისახება და მაინც ჩნდება შიშის სინდრომი. აი, ახლაა საჭირო სწორი იდეოლოგიის გატარება და ამ შიშის გაქარწყლება. უკრაინიდან ჩამოსული სააკაშვილის „ბოევიკები" მივიდნენ „ნაცმოძრაობის" ოფისში და დასახეს გეგმები, რა უნდა გააკეთონ 21 მარტს და მას შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში - მერე რა? „ალიას" წყაროს ინფორმაციით, დასაწყისში მათ ევალებათ აქციის მონაწილე „ნაციონალების" დაცვა და სიტუაციის კონტროლი, დანარჩენ დავალებებს მიიღებენ იმის მიხედვით, რა მდგომარეობა იქნება თავისუფლების მოედანზე. ისინი ვერ გამოვლენ იარაღით და ასევე, სამხედრო ფორმით, სამოქალაქო ტანსაცმლით იქნებიან, რათა ძნელად გასარჩევები იყვნენ მომიტინგეებისგან. ამ შემთხვევაში ძალიან დიდი ყურადღება მართებს სახელმწიფო უშიშროების სამსახურს.
წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ თბილისში მდებარე ერთ-ერთ კერძო ბინაში გაიმართა კონფიდენციალური შეხვედრა, სადაც შეკრებილები იყვნენ ირაკლი ალასანიას მომხრე მოქმედი ოფიცრები და ყოფილი სამხედროები, რომლებიც 21 მარტის აქციაზე მისვლა-არმისვლის შესახებ ბჭობდნენ. მათი თქმით, ალასანიას დროს ჯარში თავს გაცილებით კარგად გრძნობდნენ, ვიდრე ახლა. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა, ალბათ, დააკვირდება, ვინ მოითხოვს 21 მარტისთვის სამსახურიდან გათავისუფლებას.
რას აპირებს შსს 21 მარტს, როგორ ემზადებიან შესაძლო არეულობის თავიდან ასაცილებლად? შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში მიიჩნევენ, რომ ამ ყველაფრის თაობაზე მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, უკვე გააკეთა განცხადება, ანუ „ვინც რამეს გაბედავს, მიიღებს კიდეც". აი, ეს არის ჩვენი სამართალდამცავების პასუხი. და კიდევ ერთი, 10 მარტს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებთან - დემიან ბრიკკოსთან და ქეითი ქენინგთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოს შსს-სა და ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროს შორის არსებული თანამშრომლობის სფეროები, მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები განიხილეს. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და სასწავლო ვიზიტებს ტრანსსასაზღვრო დანაშაულის, ტერორიზმის, კიბერდანაშაულისა და კიბერტერორიზმის, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი მიმართულებების კუთხით. როგორ ფიქრობთ, ამ შეხვედრაზე საუბარი არ იქნებოდა იმ საფრთხეების შესახებ, რასაც „ნაციონალები" უმზადებენ ქვეყანას? დარწმუნებული ვართ, იქნებოდა, ამერიკის ფედერალური ბიუროს წარმომადგენლების ჩამოსვლა თბილისში არ უნდა იყოს შემთხვევითი, ან კიდევ ერთი წლის წინათ დაგეგმილი.
გელა ზედელაშვილი
გაზეთი „ალია"