reportiori.ge - ჩვენს ქვეყანაში სულელები არამარტო ლაპარაკობენ, საქმესაც ესენი წყვეტენ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:07
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ჩვენს ქვეყანაში სულელები არამარტო ლაპარაკობენ, საქმესაც ესენი წყვეტენ!
ავტორი:
12 მარტი, 2015. 17:30


ციკლიდან: სახელისუფლო ბარდაკი საქართველოში!"


ძვირფასო თანამემამულენო!

 

წინამდებარე წერილში საუბარი კვლავაც სახელისუფლო ბარდაკზე გვექნება, ასე თვალწარმტაცად რომ არის გამოხატული დღევანდელ საქართველოში!


ოღონდ ამჯერად თქვენს მაღალ ყურადღებას პარლამენტისკენ მივაპყრობ - ქართული პარლამენტისკენ!


საერთოდ კი ამ საკანონმდებლო ორგანოს სახელწოდება ინგლისურ-ფრანგული წარმოშობისაა და ორთავე ენაზე ფუძედ ერთი და იგივე სიტყვა - „ლაპარაკი" უდევს!


აქედან გამომდინარე, ყველა ქვეყნის პარლამენტი, ძირითადად, ლაპარაკით არის დაკავებული და საქმის გაკეთებაზე არავინ ზრუნავს!


თანაც, ლაპარაკს გააჩნია! - რომელიც ზოგჯერ და ზოგიერთ ქვეყანაში ქაქანსა და ლაზღანდარობაში გადადის!


როგორც ჩანს, ეს ცნობილი გამოთქმაც აქედან იღებს სათავეს: ქვეყანაში ჭკვიანი ხალხი ლაპარაკობს, საქმეს კი სულელები წყვეტენ!


ოღონდ, ვადასტურებ, ასე მხოლოდ მოაზროვნე სახელმწიფოებში იქცევიან, სადაც მხოლოდ ჭკვიანი ხალხი ლაპარაკობს...


ხოლო ისეთ ქვეყანაში, როგორიც ჩვენია, სულელები არამარტო ლაპარაკობენ, საქმესაც ესენი წყვეტენ!..


სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილის სახელობის საქართველოს ხელისუფლებაც ამ პრინციპზეა აგებული - მხოლოდ და მხოლოდ ლაპარაკი და ისიც - საყოველთაო სისულელეზე!..


***

ერთი წუთით გალაკტიონი უნდა გავიხსენოთ, ძვირფასო მკითხველო!


„ორ ზღვას შუა ძველის-ძველად საომარი იყო ლელო,

ის გადარჩა და სახელად ეწოდება საქართველო!.."

 

საბედნიეროდ, მაშინ კი გადარჩა, მაგრამ შემდეგ ეს ქვეყანა სააკაშვილმა არა მარტო დაანგრია, არამედ ქართველი ხალხის ნირის შეცვლაც მოინდომა!


მაგრამ, სად იყო და სად არა, ამ დროს ღმერთმა საქართველოს მზეჭაბუკობის ასაკს ოდნავ გადაცილებული გმირი მოუვლინა!


ამ ლეგენდარულმა რაინდმა სააკაშვილი საზღვარგარეთ ისე გააქცია, რომ ჩვენთვის - თავისუფლების მონიჭებისთვის - მუხრანის ბოლოს შემოყრილი ყივჩაღივით, პური არ უთხოვია, მერე რომ არ დაგვემადლებინა! -


„პური მთხოვა და ვაჭამე, ვურჩევდი თავთუხისასა!"


ღვინო არ უთხოვია, მერე რომ არ წამოგვეყვედრებინა!


„ღვინო მთხოვა და ვასმიე, ვურჩევდი ბადაგისასა!"

 

მით უმეტეს, ცოლი არ უთხოვია, ვინაიდან თავადაც მშვენიერი მეუღლე ჰყოლია!


ერთი სიტყვით, ამ რაინდმა კაცმა პირველ ჯერზე თავისუფლება ისე მოგვანიჭა, თითზე გადასახვევიც არაფერი მოუთხოვია!..


პირიქით, მშიერსაც და უპოვარსაც თვითონვე აპურებდა!


***

მეორე წრეც მშვიდობიანად დავიწყეთ და მოულოდნელად აღმოვაჩინეთ, რომ ბატონ ივანიშვილს განსაკუთრებული სურვილები ჰქონია და, რაც კი შეგვეძლო, ავასრულებინეთ კიდეც!


არადა, მის გარდა თითქმის ყველამ ვიცოდით, რომ გიორგი მარგველაშვილი არც კაცად და, მით უმეტეს, არც საქართველოს პრეზიდენტად არ ივარგებდა, მაგრამ ბატონი ბიძინას ხათრით მაინც ავირჩიეთ!


ასევე, მის გარდა თითქმის ყველამ ვიცოდით, რომ ჯოკია ბოდოკიას მეგობარი დავით ნარმანია არც კაცად და, მით უმეტეს, არც თბილისის მერად არ ივარგებდა, მაგრამ ბატონი ბიძინას ხათრით მაინც ავირჩიეთ!


და მაინც! ქართველი ხალხის მხრიდან ყველაზე დიდი დათმობა ის იყო, რომ ყოველი ჩვენგანისთვის მეტ-ნაკლებად საძულველი რესპუბლიკელები ბატონ ივანიშვილს კოალიციურ მთავრობაშიც შევაყვანინეთ და საქართველოს პარლამენტშიც!


ღმერთო ჩემო, კიდევ მეტი რაღა უნდა დაგვეთმო ამ ბატონისთვის?


ჩვენ ხომ თითქმის მთელი პარლამენტი ივანიშვილს თავისი ერთი ხელით ავარჩევინეთ, ხოლო მეორე ხელით საქართველოს მთავრობა დავაკომპლექტებინეთ?


კიდევ უფრო მეტად რითი უნდა შეგვეწყო ხელი?! - კაცს, რომელსაც არავითარი თანამდებობა არა აქვს, ქვეყანას ვამართვინებთ!


ჰოდა, ნამდვილად აღარ ვიცი, კიდევ რაღაში გვაქვს ამ კაცის ვალი?!


მით უფრო, რა დღეშიც ახლა საქართველოა, თავისუფლების ეს ხარისხი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ამდენი არ ღირს!..


თუმცა ეს ყველაფერი სხვათა შორის ვთქვი! ქვემოთ კი იმაზე ვისაუბროთ, რისთვისაც ეს წერილი დაიწერა!..


***

როგორც პრესის საშუალებები გვატყობინებენ, მეოცნებე ხელისუფლებას გადაუწყვეტია, თავის სულელ (ყველას არ ვგულისხმობ!) დეპუტატებში აქა-იქ, როგორც ფლავში ქიშმიში, საზრიანთა კლუბის წევრები ისე გაურიონ!


ნუ იზამთ იმას, ბატონებო, თქვენს ბევრ სიბრიყვეს კიდევ ერთი არ დაუმატოთ!


ამ ბიჭების საწინააღმდეგო მე არაფერი მაქვს, მაგრამ კაცმა ის რომ იცის: ვინ, სად და როდის დაიბადა, ან კიდევ:. ვინ, სად და როდის გადმოლახა მდინარე ჭოროხი, ეს ყველაფერიმხოლოდ ფაქტების აღნუსხვაა და სხვა არაფერი, რომელიც დაზეპირებას მოითხოვს და არა ცოდნას!


მე ვიცი შემთხვევები, როცა პარლამენტში დამწყებს კი არა, მწყობრად ჩამოყალიბებულ მოაზროვნე პარლამენტარსაც უმოღვაწია, მაგალითად, ბატონ თამაზ გამყრელიძეს, მაგრამ არც ამ უდიდეს მეცნიერს იქ არაფერი გაუკეთებია ისეთი, ვინმეს სურვილი რომ გასჩენოდა, თუნდაც ხათუნა გოგორიშვილში გადაეცვალა!..


სხვა საბუთიც გინდათ? კი, ბატონო! ერთი საქვეყნოდ სახელგანთქმული სწავლული ინგლისის პარლამენტში აირჩიეს, რომელმაც მთელი ოთხი წელი იქ ისე გაატარა, მხოლოდ ერთხელ ამოიღო ხმა და მაშინაც... მანდატურს უთხრა:


- თუ შეიძლება, სარკმელი მიხურეთ, დარბაზში ორპირი ქარი უბერავსო!..


***

P. S. თქვე კარგო ხალხო! - ქართული პარლამენტის ხელმძღვანელებს მოგმართავთ! - თქვენზე უკეთ ვინ იცის, ქუთაისში ისე მძლავრად უბერავს ქარი, რომ გალაკტიონი მარტო წერილებს კი არა, ხანდახან ამანათებსაც ატანდა წყალტუბოში!


ჰოდა, რომ არ გაცივდნენ, ნუ დავსვამთ ამ ახალგაზრდა მოაზროვნეებს ორპირში - თქვენს გაფუჭებულ საქმეს თქვენვე მიხედეთ!




თამაზ წივწივაძე

გაზეთი „ლიტერატურული საქართველო"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016