reportiori.ge - რატომ აპატია პრემიერმა გამგებლებს დანაშაული, როცა დასჯით ემუქრებოდა?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:19
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
რატომ აპატია პრემიერმა გამგებლებს დანაშაული, როცა დასჯით ემუქრებოდა?
ავტორი:
12 მარტი, 2015. 12:46

 

 

11 მარტს პრემიერმა ღარიბაშვილმა რეგიონებიდან გუბერნატორები, მერები, გამგებლები თბილისში ჩამოიყვანა და სასტუმრო „მარიოტში" დავალებებით „გაუმასპინძლდა". ალბათ, გახსოვთ, ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა: მერებსა და გამგებლებს რომ ჰგონიათ, საქმე მთლად ისეც არ არის, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, დაისჯებაო. ამას მოჰყვა პანიკა თვითმმართველობებში და ზოგიერთმა მერმა თუ გამგებელმა ლამის თვითონ დაიდო ბორკილები ხელებზე, მაგრამ ამჯერად პრემიერ-მინისტრი მხოლოდ გაფრთხილებებით შემოიფარგლა. თბილისში ჩამოსულმა მერებმა და გამგებლებმა ისევ დაიწყეს ჟურნალისტების დაბოლება, ჩვენთან ყველაფერი კარგადაა, არ ვიცით, პრემიერი ვისზე ლაპარაკობსო. დაახლოებით ისეთი სიტუაცია შეიქმნა, დღეს ყველა რომ ლაპარაკობს, ქართველი ხალხი ავადააო და ამ დროს პერსონალურად თავს ავად არავინ მიიჩნევს. ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა შეისწავლა რეგიონებში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, იქ არსებული პოტენციალი, რესურსები და გამოვლინდა პრიორიტეტული მიმართულებები, საინვესტიციო, ტურისტული შესაძლებლობები და იქვე დასძინა: „ხდება მობილიზება ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების, ადგილობრივი ბიზნესის, პოტენციური ინვესტორების, რათა მათ შევთავაზოთ ახალი პროექტების დაწყება ჩვენი მაქსიმალური ხელშეწყობით".


იდეა კარგია, მაგრამ რამდენად განხორციელდება ეს ყველაფერი რეგიონებში და რამდენად ჩასხდებიან წილებში ადგილობრივი ჩინოვნიკები, ეს სხვა საკითხია. როგორც პრემიერი ამბობს, რეგიონებში დაიწყება სახელმწიფოს ხელში არსებული შენობა-ნაგებობებისა და სხვა ობიექტების პრივატიზაცია. თუ რამე არის კიდევ დარჩენილი ხეირიანი, კიდევ არაუშავს, მაგრამ არა მგონია, „ნაციონალებს" რამე ისეთი დაეტოვებინათ.  მთავრობა და პირადად პრემიერ-მინისტრი ეკონომიკურ გუნდთან ერთად აპირებს, მომავალი კვირიდან დაიწყოს რეგიონებში გასვლა და სიტუაციის შესწავლა. პრემიერის განცხადებით, პირველი შეხვედრა გაიმართება სამცხე-ჯავახეთში.


ინკოგნიტო წყაროს ინფორმაციით, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, გამგებლებმა და მერებმა დაიწყეს წუწუნი იმის თაობაზე, რომ ისინი კი არიან არჩეულები, მაგრამ არ გააჩნიათ რეალური ბერკეტები და არ გადაიქცნენ ფეოდალებად, როგორც ამას ზოგიერთები ამბობენო. ფაქტობრივად, კი ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები, მაგრამ უამრავი უწყება ისევ ექვემდებარება ცენტრს. კომუნიკაციები - დენი, წყალი, პოლიცია, გზების მშენებლობა ისევ იმართება ცენტრიდან. გამგებლები ამბობენ, რომ თვითმმართველობებს უნდა მიეცეთ უფრო მეტი უფლებები. თუ საქმის კეთებას გვთხოვთ, მაშინ უფლებებიც მოგვეცითო. სხდომაზე პრემიერმა ყურადღება გაამახვილა კორუფციაზე: „ჩვენ ვიქნებით დაუნდობელი კორუფციის მიმართ. ჩვენ არაერთი მაგალითი გამოვავლინეთ, თუმცა ეს არ არის სისტემური. მაგრამ მე მინდა ყველამ იცოდეს, ვინც არ უნდა იყოს ის, არავინ არ დგას კანონზე მაღლა".


პრემიერ-მინისტრმა ამ სიტყვებით ყველა გამოიყვანა მდგომარეობიდან, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, აწი დაისჯებაო. არადა, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ნოდარ ჯავახიშვილი, რომელიც სიტყვებს ჰაერში არ ისვრის, ამბობს, სატენდერო სისტემაში გარღვევებიაო. დიახ, გარღვევებია არა მხოლოდ სატენდერო სისტემაში, არამედ თვითმმართველობების სისტემაშიც - მე თვითონ ვარ მოწმე, როგორ ვერ აკეთებს გამგებელი ამა თუ იმ სოფელში წყალს, თუ თბილისში არ დარეკა და ვინმეს არ სთხოვა. მაგალითად, ამ დღეებში თავად გახლდით დუშეთის რაიონის სოფელ ბულაჩაურში, სადაც მოსახლეობა უწყლობით იხოცება. ეს უკვე ცოცხალი ანეკდოტია: ლამის მთელი თბილისი წყლით ბულაჩაურიდან მარაგდება და ამ დროს სოფელს წყალი არ აქვს. ჰკითხავ რამეს გამგებელს და ცხრა ტომს გადმოგიღებს, როგორ ჩავიდნენ თბილისიდან, როგორ დააპროექტეს, როგორ ჩაყარეს მილები მიწაში და როგორ გახარჯეს 600 ათასი ლარი. არა, გამგებლებსა თუ მერებს თავიანთი ცოდვებიც ეყოფათ, მაგრამ თბილისიდანაც რომ თავზე ადგანან და ტენდერებში წილებს ითხოვენ, ეს უკვე ნამდვილად დასაჯერებელია. სოფელში, საკუთარ ეზოში რომ ჭა გათხარო და წყალი ამოიყვანო, თბილისიდან დაგადგებიან თავზე და ათასნაირ საბუთს მოგთხოვენ, ეს წიაღისეულია და სხვანაირად არ შეიძლებაო. ადგილზე ამ საკითხს ვერავინ ვერ გადაგიწყვეტს. ეს არ გახლავთ არანაირი თვითმმართველობა, ეს არის თავის მოტყუება. უკვე რამდენი თვეა ვწერთ, რომ პარლამენტარები ერევიან ამ თვითმმართველობებში და აქვთ თავიანთი ბიზნესინტერესები, ვინმემ გადაამოწმა? ვინმემ ყურადღება მიაქცია? ერთ დღესაც გასკდება საქმეები და მერე დაიწყებენ: უი, ჩვენმა სამართალდამცავებმა მაგრად იმუშავეს და გამოავლინესო.


პრემიერმა აღნიშნა, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს ასევე პასუხისმგებლობის საკითხებზეც: „ყველასთვის არსებობს ერთი კანონი... მაგრამ მეც მომდის შეცდომა, მინისტრებს და ყველას, თქვენც მოგივათ შეცდომები, მაგრამ შეცდომების არ უნდა შეგვეშინდეს, მთავარია, ვიყოთ დარწმუნებული, რომ საქმე, რასაც ვაკეთებთ, არის მართალი".


ეს უკვე დაყვავებაა და ამ დაყვავებას ბევრი სხვანაირად გამოიყენებს, ანუ ვიღაცებს ხელი ისევ წაუცდებათ და მერე იტყვიან, გვაპატიეთ, შევცდით, გვეგონა, მართალ საქმეს ვაკეთებდითო. რას ჰქვია, შეიძლება შეცდე და ეს გეპატიება? ამ ლოგიკით ვანო მერაბიშვილიც შეცდა, ბაჩანა ახალაიაც და გიგი უგულავაც, მაშინ გამოვუშვათ ციხიდან. ამ ქვეყანას ღუპავს ლოიალობა და პატიება. ორიოდე კვირის წინ ჩვენ გვეგონა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე ადამიანს მაინც დასჯიდა, მაგრამ გამოდის, ამ ადამიანებს ისევ ფორას აძლევს და მოუწოდებს, ხელისუფლებასთან მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ.


პროექტები რომ არ ხორციელდება, ამაზე პრემიერმა ასეთი პასუხები მოისმინა: მაგალითად, ქუთაისის მერიას უნდა, რომ ქალაქში დააგოს გზა. ამ საქმეს ვერ დაიწყებს, თუ არ მიმართა წყალკანალს და ელექტროგაყვანილობის კომპანიას, დასაწყისში უნდა მოგვარდეს ეს საკითხები, რათა საქმე შეთანხმებულად გაკეთდეს და კერძო კომპანიები არ დაზარალდნენ. ესენი გეუბნებიან: მაიცა, ძმაო, ჯერ მაგისთვის არ მცალიაო. ზოგს ჰგონია, ასფალტს მოიტან, დაყრი და გადაასწორებ, აქ უამრავი სამსახურია, რომელთა ხუშტურებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო. კი, მაგრამ მიშა სააკაშვილის დროს რატომ არ იყო ეს პრობლემა? იმიტომ რომ, თუ ვინმე ყურის მოყრუებას გაბედავდა, ბიზნესი „აეხეოდა". ახლა ბიზნესებს ვეღარ „ახევენ" და თავს გაუვიდათ, ყველა „ბლატაობს".



ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა შემდეგი სახის საუბარი: „მინდა მოვისმინო თქვენი განმარტებები საკადრო პოლიტიკაზე, კონკურსებზე, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტშიგამოიკვეთა გარკვეული პრობლემა... ტენდერების ჩავარდნები, კომპანიების არასწორი შერჩევა და პროექტებისა და სამუშაოს ცუდი ხარისხი, ვადების დარღვევა, უმოქმედობა, პასუხისმგებლობის არაღება, პრობლემები ტენდერების გამოცხადების ეტაპზე. ჩემი ინფორმაციით, ამ მიმართულებით არის ხარვეზები და ეს ერთად უნდა გამოვასწოროთ... მინდა მოგიწოდოთ ყველას, რომ გაააქტიუროთ ხალხთან ურთიერთობა. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ კონტაქტი საზოგადოებასთან, იმუშავეთ ხალხში, გადით ყველა სოფელში, ყველა რაიონში, აუხსენით ხალხს, რას ვაკეთებთ ჩვენ მათთვის, მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდეთ ინფორმაცია პირადად თქვენ და გაუფრთხილდით იმ ნდობის მანდატს, რომელიც ჩვენ ხალხმა გამოგვიცხადა".


დათვს თავში ურტყამდნენ და ის მაინც იძახდა, ბანგი-ბუნგის ხმა საიდან მოდისო? ამათ ჩასძახიან, გადით, ხალხს შეხვდით, იმუშავეთ, საქმე გააკეთეთო და შეხვედრიდან გამოსულები მაინც იძახიან, ყველაფერი კარგადაა, ნეტა პრემიერი ვისზე ლაპარაკობდაო? ამაზეა ნათქვამი, ძაღლის კუდს მხოლოდ მატროსოვის ციხე გაასწორებსო!

 

გელა ზედელაშვილი

გაზეთი „ალია"


 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016