ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომის დაწყებამდე განუცხადა, რომ საკომიტეტო მოსმენის დღევანდელ ფორმატში ბანკის პოლიტიზების საფრთხეს ხედავს.
„ფორმატი - როცა ეროვნული ბანკის მოსმენა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ხდება, მე დიდად არ მომწონს, რადგან ძალიან დიდი საფრთხეა ბანკის პოლიტიზების. მიუხედავად ამისა, იმისთვის, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს ეროვნული ბანკის ქმედებებთან დაკავშირებით, მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში ვუპასუხოთ დასმულ კითხვებს. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენი მხრიდან კითხვებს პასუხები გაეცემა", - განაცხადა ქადაგიძემ.
ამ წუთებში პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის, ასევე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა იწყება, სადაც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს მოუსმენენ. მათთან ერთად საკომიტეტო მოსმენაზე მიწვეულია ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
სხდომას, კომიტეტების წევრების გარდა, ესწრებიან ის დეპუტატებიც, რომლებიც აღნიშნულ კომიტეტებში გაერთიანებული არ არიან. ასევე მთავრობის მოსასმენად პარლამენტში მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის" წევრები.
პარლამენტში იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.