პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც ესწრებიან, გიორგი კვირიკაშვილმა ლარის კურსის დევალვაციის შესახებ ისაუბრა.
კვირიკაშვილის თქმით, საქართველოში ლარის კურსის გაუფასურება იმ გარე შოკის მიერ არის გამოწვეული, რაც ბოლო თვეების განმავლობაში განვითარდა.
„მინდა, წარმოგიდგინოთ მიმდინარე სიტუაცია, რაც გვაქვს ეკონომიკაში. ასევე ის ხედვა, რომელიც გაგვაჩნია ჩვენ ამ პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით, და ის, თუ რას ვაკეთებთ ჩვენ ამ პრობლემების მოგვარებისთვის.
მოკლედ მიმოვიხილავ სიტუაციას, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა, ეროვნული ვალუტის კურსი გაუფასურდა, დღესდღეობით დაახლოებით 23-პროცენტიანი გაუფასურება გვაქვს, რაც დაახლოებით იმავე დონეზეა, როგორც თურქული ლირა, როგორც არის აზერბაჯანული მანათი, სომხური დრამი. გაცილებით მაღალი გაუფასურება მოხდა რუსეთსა და უკრაინაში, ჩვენ ვთვლით, რომ მნიშვნელოვანწილად ეს დევალვაცია გამოწვეულია იმ გარე შოკით, რომელშიც აღმოჩნდა საქართველოს ეკონომიკა ბოლო თვეების განმავლობაში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.