დიდი ქართველი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ოთარ კობერიძე დღეს დიდუბის პანთეონში, მეუღლის ლია ელიავას გვერდით დაკრძალეს.
ოთარ კობერიძეს პატივი მიაგეს ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, მსახიობებმა, საზოგადო მოღვაწეებმა და პოლიტიკოსებმა.
მსახიობის მეგობრებმა გაიხსენეს მისი მოღვაწეობა, შემოქმედება და აღნიშნეს, რომ ოთარ კობერიძემ საზოგადოებას დიდი განძი დაუტოვა.
ოთარ კობერიძე 9 მარტს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ოთარ კობერიძე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ჯერ სოხუმის დრამატული თეატრის, ხოლო შემდეგ მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობად მუშაობდა.
საქართველოს სახალხო არტისტი 1956 წლიდან კინოსტუდია „ქართულ ფილმის" მსახიობი და რეჟისორია. შესრულებული აქვს 50-ზე მეტი როლი. როგორც რეჟისორს, გადაღებული აქვს ათამდე ფილმი, სამი ფილმისთვის კი სცენარი თავად დაწერა.
სხვადასხვა წლებში ოთარ კობერიძეს მიღებული აქვს პრიზები და წოდებები: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, საქართველოს სახალხო არტისტის, აფხაზეთის სახალხო არტისტის. 2002 წელს გახდა მემედ აბაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი.