პირველად ძილის მსოფლიო დღე 2008 წლის 14 მარტს აღინიშნა და მას შემდეგ ძილისა და ჯანმრთელობის პრობლემების პროექტის ფარგლებში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ყოველწლიურად ტარდება მარტის მეორე სრული კვირის პარასკევს.
ძილი ორგანიზმის არსებობის განსაკუთრებული, რთული ფორმაა. ამ დროს ორგანიზმი აღიდგენს დღის განმავლობაში დახარჯულ ძალებს.
ძილის მსოფლიო დღეს აქტიურდება სოციალური რეკლამა, ეწყობა ძილსა და მის მოშლილობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე კონფერენციები და სიმპოზიუმები.
დაბალანსებული კვება, დღის რეჟიმის სწორი ორგანიზება, სრულფასოვანი ძილი აუცილებელია ფიზიკური და ფსიქიური ჯანმრთელობის დიდი ხნით შესანარჩუნებლად.
საშუალოდ, თითოეული ადამიანი ცხოვრების მესამედს ძილში ატარებს. ძილის დროს აღინიშნება ტვინის მინიმალური აქტივობის დონე და რეაქციების დაქვეითება. დამტკიცებულია, რომ ხშირი გამოუძინებლობა ნეგატიურად აისახება ცხოვრების ხარისხზე: იკარგება იუმორის გრძნობა, ადგილი აქვს გაღიზიანებადობას, ჩაკეტილობას, ერთსა და იმავე პრობლემებზე ჩაციკვლას.
ბევრი ძილი უძილობაზე არანაკლებ მავნებელია. მეცნიერების აზრით, ძილის იდეალური ხანგრძლივობა დღე-ღამეში 7-8 საათია. ზოგიერთ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ქალებს, მათი ემოციურობის გამო, ერთი საათით მეტი ძილი სჭირდებათ. ბავშვის ორგანიზმის ნორმალური მუშაობისთვის საჭიროა არა ნაკლებ 10 საათი ძილი. სრულფასოვან ძილს შეუძლია შეამციროს ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომის გამოვლინება.
(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)