ორგანიზაცია „თავისუფალმა თაობამ" გიგა ბოკერიას საცხოვრებელ კორპუსთან საპროტესტო აქცია გამართა. ორგანიზაციის წევრები „ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებას და პარტიის წევრების დასჯას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეებმა, გიგა ბოკერიას კორპუსის შესასვლელთან წითელი საღებავებით გააკეთეს შემდეგი წარწერები: „ბოკერია მოღალატე", „გასამართლდეს ნაცმოძრაობის დამნაშავე რეჟიმი", „გიგა შენ ხარ მკვლელი", „ჩეკისტი ბოკერია".
„თავისუფალი თაობის" წევრებმა პროტესტის ნიშნად გიგა ბოკერიას პლაკატი დაწვეს და საზოგადოებას მოუწოდეს, არ მივიდნენ 21 მარტს დაგეგმილ აქციაზე, რადგან ეს, მათი თქმით, სამშობლოსა და ერის ღალატი იქნება. „თავისუფალი თაობის" ლიდერის, ლადო სადღობელაშვილის განცხადებით, აქცია გოკა გაბაშვილის და გიორგი ბარამიძის სახლთანაც გაიმართება.
„21 მარტამდე პერმანენტულად ჩავატარებთ აქციებს. მოსახლეობას მაქსიმალურად უნდა დავანახოთ რეალობა, რომ „ნაციონალები" გეგმავენ გადატრიალებას, არეულობას, საზოგადოებამ ამაზე უარი უნდა განაცხადოს და არ მივიდეს აქციაზე",- განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა.