სოზარ სუბარის ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ იცოდა, რომ ადვოკატთან შეხვედრის დროს ჩაწერა მიმდინარეობდა. სუბარმა განაცხადა, რომ აღნიშნული შეხვედრის ჩაწერა გასული წლის ნოემბერში მოხდა. მისივე განმარტებით, გადაღება და მოსმენა მოხდება ყოველთვის, როცა ამის კანონიერი საფუძველი იქნება, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.
"ადვოკატებისთვის არის სპეციალური შეხვედრის ოთახი. ის რომ ბაჩო ახალაიას კამერაში უნდოდა საუბარი, ამაში ძველი ხელისუფლებიდან ოპოზიციის ნაწილი გვაკრიტიკებს. ნებისმიერ წუთს, იმ სივრცეში შეეძლო გასულიყო, სადაც მათ არავინ არ მოუსმენდა. მან იცოდა რომ მეთვალყურეობის ქვეშ რომ იყო.ის, რომ ეს ჩანაწერი გასაჯაროვდა, ჟურნალისტის უფლებაა. ეს შარშანდელი ჩანაწერია, როცა სისტემაში ქაოსი იყო, თუმცა არ არის გამორიცხული იგივე არ განმეორდეს მომავალში. გადაღება და მოსმენა მოხდება ყოველთვის, როცა ამის კანონიერი საფუძველი იქნება, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ან ლეგიტიმური ინტერესებიდან გამომდინარე. "ვიკილიქსი" გაიხსენეთ, კარგად დაცული უწყებების ინფორმაციები გამოვიდა და ათასობით ტომები გამოქვეყნდა. პროკურატურა იძიებს კანონიერად გამოვიდა ეს ჩანაწერები თუ უკაონოდ. ვინ გამოიტანა და რამდენად დაარღვია კანონი" , - განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გამოშვებაში საუბრისას.