სოფელ „ხორგაში" ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი სამართალდამცველები თბილისში,გუშინ,გვიან ღამით , გადმოიყვანეს. ექიმის განცხადებით,ისინი მსუბუქად არიან დაჭრილები და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაჭრილები გუშინ შიანაგნ საქმეთა მინისტრმაც მოინახულა.
შს სამინისტრომ ხობის რაიონის სოფელ ხორგაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გუშინ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
განცხადების თანახმად, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ყაჩაღობისთვის ძებნილი თეიმურაზ ოკუჯავას აყვანის ოპერაცია ჩაატარეს. "ოპერაციის მსვლელობისას ორი ავტომატითა და ხელყუმბარებით შეიარაღებულმა ოკუჯავამ წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის თანამშრომლებს. ორმხრივი სროლისას თეიმურაზ ოკუჯავას ლიკვიდაცია მოხდა. სროლის შედეგად დაიღუპა სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი დავით დემურია, ასევე დაჭრილია პოლიციის ოთხი თანამშომელი. ისინი ხელყუმბარის ნამსხვრევებით მსუბუქად არიან დაჭრილები. თეიმურაზ ოკუჯავა 2013 წლის 3 აგვისტოდან ყაჩაღობის ბრალდებით იძებნებოდა. ის თანამზრახველებთან ერთად 1-ელ ოქტომბერს ხობის რაიონის სოფელ თორსაში საკუთარი ნათესავების - ქარჩავების ოჯახს თავს დაესხა. ყაჩაღური თავდასხმის შედეგად ოჯახის უფროსი დაიღუპა.
დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს, ხოლო მეორე ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფება", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.