reportiori.ge - შალვა ხაჭაპურიძე: ვეკითხები მთავრობას: არის თუ არა ეს დაზარალებული ხალხის მასხრად აგდება? მიმაჩნია, რომ ეს არის მასხრად აგდებაც და უსინდისობაც!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:23
ინტერვიუ
შალვა ხაჭაპურიძე: ვეკითხები მთავრობას: არის თუ არა ეს დაზარალებული ხალხის მასხრად აგდება? მიმაჩნია, რომ ეს არის მასხრად აგდებაც და უსინდისობაც!
ავტორი:
16 მარტი, 2015. 14:11


 

 

ქონების დაბრუნების დეპარტამენტი რომ შექმნეს პროკურატურაში, იქაც დიდი გაუგებრობებია - მივიდა ხალხი და წააწყდნენ ბარიერს, ანუ შეკითხვებს: ნაციონალებმა" კი წაგართვეს ქონება, მაგრამ სანამ წაგართმევდნენ, შენ საიდან გქონდა?

 

 

ხელისუფლებაში „დემოკრატ" მიხეილ სააკაშვილის მოსვლამდე მოსამართლეებს გაცილებით მეტი უფლებები და ლავირების საშუალება ჰქონდათ, ვიდრე შემდგომი 9 წლის განმავლობაში. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში უკვე შედის ცვლილებები, რაც მოსამართლეებს მისცემს საშუალებას, სასჯელის ზომა დაბალ ზღვარზე დასწიონ. მაგალითად, თუ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, ბრალდებული არ ყოფილა ნასამართლევი და აღიარებს დანაშაულს, შეიძლება მას მიესაჯოს შინაპატიმრობა, პირობითი, ან დაეკისროს ჯარიმის გადახდა. აქამდე მოქმედებდა სააკაშვილის კანონი - „ყველა ციხეში, აქლემის ქურდიც და ნემსის ქურდიც"! სამწუხაროდ, მიშას სამართალი აქლემის ქურდებს არ იჭერდა, ის მხოლოდ ნემსის, პურის და ინდაურის ქურდებისთვის იყო განკუთვნილი 15-20-წლიანი სასჯელებით. ეს ცვლილებები კოდექსში შემოდგომაზე შევა, მანამდე კი მთავრობამ უკვე დაამტკიცა კოდექსი 18 წლამდე ასაკის პირებისთვის მართლმსაჯულების სპეციალიზებული ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებით. როგორც იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ საქართველოში იქნებიან სპეციალიზებული პოლიციელები, გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც ბავშვების საქმეებს გამოიძიებენ და განიხილავენ.  აგრეთვე, იურიდიული დახმარების ბიუროში შეიქმნება მუდმივმოქმედი ჯგუფი ადვოკატებისა, რომლებიც ბავშვთა საქმეებზე იმუშავებენ. პროექტის მიხედვით, ბრალის წარდგენიდან წინასასამართლო სხდომამდე მოზარდისთვის პატიმრობის ვადა 60-დან 40 დღემდე, ხოლო პატიმრობაში მყოფი არასრულწლოვნისთვის ბრალდებულად ყოფნის ვადა 9-დან 6 თვემდე მცირდება, იკრძალება არასრულწლოვნისთვის უვადო პატიმრობა. თეა წულუკიანის თქმით, არასრულწლოვანთათვის ასევე განიხილება შინაპატიმრობის საკითხი, თუმცა ამისთვის საჭიროა, სახელმწიფომ სპეციალური სამაჯურები შეიძინოს. მინისტრის განმარტებით, შინაპატიმრობის ხარჯზე სახელმწიფო დიდ ეკონომიას გააკეთებს. აი, ქამრების შემოჭერის მშვენიერი მიგნება, როგორც ჩანს, ჩვენს ქვეყანას „ბალანდა" ძალიან ძვირი უჯდება. აქვე აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი 14 წლით განისაზღვრება. აქამდე იყო 12 წელი. პატიმრობის, როგორც სასჯელის ფორმის გამოყენება არასრულწლოვანთან მიმართებაში მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე სასჯელის მაქსიმალური ზომა 10-15 წლით განისაზღვრება. კოდექსის თანახმად, არასრულწლოვანი ბრალდებული არ შეიძლება განთავსდეს სრულწლოვანთან ერთად არათუ ერთ საკანში, არამედ ერთ დაწესებულებაშიც კი. როგორც იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, ეს არის ევროკავშირის სტანდარტები და ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნა. ისე, ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, არ ვიცით, რომ მოზარდი 50-60 წლის კაცთან ერთად არ უნდა ჩავსვათ საკანში და ქათმის მოპარვისთვის 9 წელი არ უნდა მივუსაჯოთ? კი, ბატონო, ეს კარგია, უნდა გამოსწორდეს, მაგრამ, როგორც ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, ეს არის ერთჯერადი ინექცია, რომელიც შედეგს ვერ გამოიღებს, თუ სისტემა არ შეიცვალა:

 

 

- რა თქმა უნდა, ეს კარგი რაღაცაა, შევარდნაძის დროს კეთდებოდა კიდეც, მაგრამ მოვიდა სააკაშვილი და ყველაფერი თავდაყირა დააყენა. აქ ძირითადად ლაპარაკია მოზარდებზე და იმაზე, რომ აუცილებლად უნდა იყოს პირობითი, საპროცესო და ასე შემდეგ, მოსამართლის უფლებებში. აქამდე ყველაფერი დამოკიდებული იყო პროკურორზე, მის გარეშე მოსამართლე ვერ გამოიტანდა საპროცესო შეთანხმების გადაწყვეტილებას. მთელ მსოფლიოში სასამართლო დგას ყველაზე მაღლა, შენ ვინ ხარ, რომ ყველაფერს პროკურატურას უგდებ ხელში? თუ ეს უფლებები მოსამართლეს არ აქვს, ჩათვალეთ, რომ ის არ არის მოსამართლე.

 

 

- შალვა, შენ ამბობ, ეს არის ერთჯერადი ინექციაო, მაშინ ამიხსენი, რა არის კიდევ გასაკეთებელი?

- „ნაციონალებს" სასამართლო ჰქონდათ გაჩერებული სისტემურად. მაგალითად, იყო ასეთი შემთხვევა: ერთმა მეტყევემ აიღო ქრთამი 100 ლარი, პროკურატურამ თქვა, ამას საპროცესოს გავუფორმებთო. ეს 100 ლარიც ისე ააღებინეს, ვიღაცა მიუგზავნეს და უჩხიკინეს. სამი შვილის მამაა, თვითონ ტყეში ცხოვრობს. 5 ათასი ლარი საპროცესოში, 2 წელი ციხე, 4 წელი პირობითი, როგორია? თუ მართლა რეფორმაზეა საუბარი, ჩემი აზრით, პროკურატურა ისევ უნდა დაბრუნდეს იუსტიციის სამინისტროში, მთავარ პროკურორს უნდა ამტკიცებდეს პარლამენტი. უშიშროება შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოვიდეს ცალკე სამსახურად, ასევე ცალკე გამოეყოს საგამოძიებო სამსახური, როგორც ამერიკაშია „ფებეერი", რომელიც ექვემდებარება კონგრესს. დღეს საქართველოში იმდენი საგამოძიებო უწყებაა, გადაირევი კაცი - იძიებს თავდაცვის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ასე შემდეგ. პირადად მე მაქვს ერთი საქმე, რომელსაც სამი უწყება იძიებს ერთდროულად. დასაწყისში ყურადღებას არავინ გვაქცევდა და ყველგან შევიტანეთ განცხადება. ახლა დაიწყეს, დავდივარ სამივეგან და ვყვები ერთსა და იმავეს. ვეუბნები, ასეამეთქი. ვა, მართლაო? ხომ ხვდები, ერთი მიმართულებით რამხელა თანხები და რესურსები იხარჯება? გასაუქმებელია სამხარეო პროკურატურები, ამაზე ადრეც გითხარი, ერთი გამომძიებელი მუშაობს და ცხრა ზედამხედველი ჰყავს, რა ამბავია? ამ ზედამხედველებს კიდევ უფროსი ზედამხედველები ჰყავთ, რომლებიც გავლენას ახდენენ სასამართლოზე. ბიჭოოო, ამას ვერ გაუძლებს ვერანაირი ბიუჯეტი, რად გვინდა ამდენი სისულელე? რა, კომუნისტების დროს რომ იყო აბაშის პროკურატურა და წალენჯიხის სასამართლო, საქმე ვერ კეთდებოდა?

 

 

- გამოდის, კოდექსების ცვლა შედეგს მაინც ვერ მოგვიტანს.

 


- ეს კარგია, მაგრამ სისტემაა, ხალხო, შესაცვლელი, ამდენი პროკურორი რა ჯანდაბად გვინდა? სხვათა შორის, შევარდნაძის დროს ამერიკელებმა დადეს რეკომენდაცია, საგამოძიებო სამსახური უნდა გამოსულიყო ცალკე, დამოუკიდებლად და პიროვნებაც კი ჰყავდათ მოძებნილი, უფროსად ვინც უნდა დაენიშნათ. კანონპროექტიც მზად იყო პარლამენტში შესატანად. მაშინ ჯემალ გახოკიძეზე იყო საუბარი, ეგ უნდა დაენიშნათ. მე თუ მკითხავთ, რაკი ცვლილებებზეა ლაპარაკი, გუბერნატორების ინსტიტუტიც გასაუქმებელია, რომლებსაც ხუთ-ხუთი მოადგილე ჰყავთ. რად გინდა? დილას რომ გახვიდე, მთელ საქართველოს შემოირბენ მანქანით, ერთი ნაბიჯის გადასადგმელი მიწა გაქვს. დავანებოთ ამ კომუნისტებს თავი, აიღე გერმანული მოდელი. შენ წარმოიდგინე, ეს ყველაფერი რომ გააუქმონ, რამდენი მანქანა და საწვავი გამოგვაკლდება. აღარაფერს ვამბობ ხელფასებსა და პრემიებზე. ჩემი ანგარიშით, ეს არის მინიმუმ მილიარდი ლარი. აიღე ეს ფული და ჩაუშვი ბიზნესში. ჩავიდნენ ერთი ჰოლანდიაში და ნახონ, სად არის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ერთი პატარა, ბელეტაჟი შენობა აქვთ, დაახლოებით 50 კვადრატული. ამ ქვეყანას მეოთხედ შენობაში, შენ ვერ ეტევი? მიდიხარ მანქანით, მოგადგებიან უკნიდან სირენებით, აბა, გადაიწიე, გადმოიწიე, ფუუუ... რა გვჭირს, ეს რა უბედურებაა? კოდექსის ლიბერალიზაცია კარგია, მივესალმები, მაგრამ ამ მორალურ კოდექსს რას ვუშვრებით? მე „ქართული ოცნების" წევრი ვარ, მაგრამ არ ვერიდები, მთელ გერმანიას აქვს 16 სამინისტრო, ჩვენ გვაქვს 21 სამინისტრო. 25-კაციან ჯგუფს შეიძლება, რომ სამინისტრო ერქვას? დაწყებული შევარდნაძის დროიდან ყველა იძახის, ქამრები უნდა შემოვიჭიროთო და ჯერ შემოჭერილი არავინ მინახავს. ხედავ, ტიპი დაუბანელია, წვერებგაბურძგნული, ძველი კოსტიუმი აცვია, დანიშნავენ სადღაც, გახედავ და ერთ თვეში გასუქებულია ღორივით, კანში ვეღარ ეტევა, ამას რა კოდექსი უშველის? ახლა ვამბობ თეა წულუკიანის გასაგონად, რა არის კიდევ შესაცვლელი: „ნაციონალების" დროს დაიჭირეს კაცი, კოჭებში გადატეხეს, მუხლები დაუმტვრიეს და ასე შემდეგ. მას უთხრეს, სასამართლო პროცესზე ადგები და იტყვი, რომ სადავო არაფერი გაქვსო. ყველაფერი წაართვეს და აიძულეს, პროცესზე ეთქვა, სადავო არაფერი მაქვსო. მოვიდა ახალი ხელისუფლება, შეიცვალა პოლიტიკური სიტუაცია და ახლა გეუბნებიან: არაა, შენ მაშინ ასე რომ თქვი, რაღა პრეტენზიები გაქვსო? ახლა ჩვენების შეცვლის უფლება აღარ გაქვსო. ამას უკვე კაზუსი აღარ ჰქვია, საქმეს ვერ შეატრიალებ, თუ ჩვენებას შეცვლი, იქით დაგიჭერენ. მოსამართლე გვეუბნება: კი, სიტუაცია შეიცვალა, მაგრამ კანონი არ მაძლევს საშუალებას, რომ გაგამართლოო. მეორე - დავუშვათ, გაგანია პროცესის დროს გამოგიჩნდა მაგარი მტკიცებულება, რომელიც წამალივით შველის შენს კლიენტს. ამის შესახებ ადრე მიმართავდი მოსამართლეს, შუამდგომლობას დააკმაყოფილებდა და დაურთავდა საქმეს. ახლა გეუბნებიან: არა, მაგის საშუალება მხოლოდ ერთხელ გაქვთ, როცა საქმეს წარმოადგენთ პროცესზეო. თუ მოსამართლე გამონაკლისს დაუშვებს ერთხელ, ადვოკატი დაჯარიმდება 100-დან 1000 ლარამდე. გამოდის, თუ რაღაც ახალი მტკიცებულება აღმოაჩინე, უნდა გადააგდო, ადამიანს ვეღარ იცავ. აი, ეს არის შესაცვლელი და კიდევ ბევრი რამე, სისხლის სამართლის კოდექსი ლამის ხელახლაა დასაწერი. მეტსაც გეტყვი, ქონების დაბრუნების დეპარტამენტი რომ შექმნეს პროკურატურაში, იქაც დიდი გაუგებრობებია - მივიდა ხალხი, ბუნებრივია, ბევრს აინტერესებს თავისი საქმე და წააწყდნენ ასეთ ბარიერს, ანუ შეკითხვებს: კი, ჩემო იმანო, „ნაციონალებმა" კი წაგართვეს ქონება, მაგრამ სანამ წაგართმევდნენ, შენ საიდან გქონდა? ესე იგი, ახლა ვდგავართ ახალი რეალობის წინაშე - სანამ ქონების დაბრუნებაზე განაცხადებ პრეტენზიას, უნდა დაამტკიცო, ეს ქონება შენ საიდან გქონდა? ეს უკვე კომუნისტური მიდგომაა, როცა ადამიანს რამის ყიდვა უნდოდა, მაგალითად, მანქანის, უნდა დაესაბუთებინა, ფული საიდან ჰქონდა. ამ თემაზე მე დეტალებს ვარკვევ, ჩემთან უკვე მოდიან ადამიანები და უახლოეს ხანში ფაქტებსაც დავდებ. მე ვეკითხები მთავრობას: არის თუ არა ეს დაზარალებული ხალხის მასხრად აგდება? მე მიმაჩნია, რომ ეს არის მასხრად აგდებაც და უსინდისობაც!

 

 

გელა ზედელაშვილი

 

გაზეთი „კვირის ქრონიკა"

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016