რა დაფლა საიდუმლო ვითარებაში სააკაშვილის რეჟიმმა სოფელ ჭყოპიანის მახლობლად?
ქართველი საზოგადოება დღემდე შეძრულია წამების ამსახველი ვიდეოკადრებით, რომლებიც სამეგრელოს საიდუმლო სამალავებიდან დიდძალ იარაღთან ერთად ამოიღეს. საზოგადოებაში გაჩნდა აზრი, რომ მსგავსი სამალავები, შესაძლოა, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებობდეს და ახლა, როცა ნაცების მიერ დაანონსებული შეიარაღებული გადატრიალება ახლოვდება, გვერდს ვერანაირად ავუვლით იმ საყურადღებო ინფორმაციას, რომელიც ვიწრო წრეში შევიტყვე და უმალკასპის რაიონს მივაშურე.
ადგილი, სადაც 2012 წლის ზაფხულში უცნობა პირებმა კასრები ჩამარხეს, სოფელ ჩაჩუბეთის მახლობლად. ჩაჩუბეთი მთის სოფელია, სოფელ ერთაწმინდადან რამდენიმე კილომეტრში. აქ მიწის თითოეული გოჯი წინაპართა სისხლით არის გაპოხილი. სწორედ ამ მიდამოებში ჩაუდენია საარაკო გმირობა მღვდელ თევდორეს, რომელიც შემთხვევით ოსმალთა ლაშქარს გადააწყდა და ლუარსაბ მეფის ცხირეთის სასახლის მითითების ნაცვლად, მტერს გზა აუბნია, რის გამოც იგი აჩეხეს... გარშემო ულამაზესი სანახებია. სადღაც ქვემოთ, მდინარე თეძამის ხეობა მოჩანს, ზემოთ კი, გზა რკონისკენ გადადის. ჩაჩუბეთს სოფელი ჰქვია, თორემ სახლები აქა-იქ არის შემორჩენილი. სოფლის შესასვლელშივე მე-12 საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია დგას, რომელიც, თურმე, მხოლოდ 21 სექტემბერს, მარიამობას იხსნება. ტაძრის გარშემო, ადრე სასაფლაო ყოფილა. საფლავების ქვებზე შემორჩენილი ეპიტაფიები მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის მიჯნაზე გარდაცვლილთა შესახებ მოგვითხრობენ. მზიანი დღის მიუხედავად, სუსხი ტანში ატანს. პირველივე სახლთან ვჩერდებით, სადაც ადამიანს ვამჩნევთ. მასპინძელი, ვანო ქავთარაძე და მისი მეუღლე მარიამი - თბილად გვეგებებიან. არ მინდა, დავაფრთხო, ამიტომ ჯერ სოფლის ამბავს ვეკითხები.
- ადრე, 60-იანი წლების დასაწყისში, ჩაჩუბეთში 52 კომლი ცხოვრობდა. 1963 წელს აქაურები წითელწყაროში და რუსთავში გადაუსახლებიათ, სადაც მუშახელი სჭირდებოდათ. სოფელი დაიცალა. ახლა, სულ 5-6 კომლი ვართ შემორჩენილი. თავს მესაქონლეობით და მეფუტკრეობით ვირჩენთ. კარგი მიწაა მარცვლეულის მოსაყვანად, მაგრამ კომბაინი ამ გზაზე ვერ ამოდის, შიშველი ხელებით კი, მოსავლის მოწევა ძნელია.
- ბატონო ვანო, თუ გსმენიათ, რომ ახლო-მახლო 2012 წლის ზაფხულში კასრები დაფლეს?
- როგორ არ მსმენია! სადღაც ახლოს მოხდა. არ ვიცი, რამდენად უკავშირდება მაგ ამბავს, მაგრამ მას მერე რამდენიმე არცთუ ხნიერი ადამიანი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. მოსახლეობაში აზრი ორად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი ამბობს, რომ იარაღია დამარხული, სხვებს ჰგონიათ, რომ რადიოაქტიური ნარჩენები მოგვაყარეს. აი, ანზორი მოდის და ჩემზე უკეთ მოგიყვებათ.
კეთილი გამომეტყველების დაახლოებით 55 წლის მამაკაცი გერმანული ნაგაზის თანხლებით გვიახლოვდება. ძაღლი აშკარად მგელთან ნათესაურ კავშირშია, ისე მოჰგავს მტაცებელს. ანზორ გაზაშვილი - გვეცნობა მონადირე.
- გამარჯობათ. ჟურნალისტები ვართ. ჩვენი მხრივ, ვეცნობით და ვთხოვთ, მისთვის ცნობილი ინფორმაცია გაგვიმხილოს. - დიახ, მე ვიცი, რომ ასეთი ამბავი მართლაც მოხდა. თქვენ სოფელ ჭყოპიანში უნდა მიხვიდეთ და იქ ეცოდინებათ. აქვეა, ამ მთების მიღმა, მაგრამ შემოვლითი გზით უნდა იაროთ და ნახევარი საათი მაინც დაგჭირდებათ, - გვეუბნება ანზორი. მასპინძელს ვემშვიდობებით და აჩქარებით ვეშვებით ხრეშიან გზაზე, რადგან მზის ჩასვლას ბევრი არაფერი უკლია. ამის მიუხედავად, თავს მაინც ვერ ვიკავებთ, სოფელ ერთაწმინდაში, უზარმაზარ ეკლესიაში არ შევიაროთ, სადაც გადმოცემის მიხედვით, დიდი მოურავის ვაჟის, პაატას თავია დაკრძალული, რომელიც შაჰ აბასმა სააკაძეს ღალატის სანაცვლოდ გამოუგზავნა...
მთიდან ქვემოთ ვეშვებით და გზას მდინარე თეძამის ხეობისკენ მივყვებით. აი, ჭყოპიანიც... მოსახლეობა აქაც ალაგ-ალაგ არის შემორჩენილი... ერთ სახლთან ვჩერდებით და მასპინძელს ხმამაღლა ვუხმობთ.
მასპინძელი (სახელი შეცვლილია - ზ.დ.), ბატონი ტარიელი: - მართალია. 2012 წლის ზაფხული იდგა. ერთ დილით, ასე 6 საათზე, სოფლის მცხოვრებთა ყურადღება ორხიდიანმა რამდენიმე საბარგო მანქანამ მიიპყრო, რომელთაც „კოვშიანი" ტრაქტორიც მოყვებოდა. მანქანების ძარაზე რაღაც კასრების მაგვარი ეწყო, რომელსაც პოლიციელები თუ სამხედროები მიაცილებდნენ. დავინტერესდით, სოფელში ასეთი მოვლენა ყოველდღე არ ხდება... მოგეხსენებათ, მაშინ რა დრო იყო. დაშინებულმა მოსახლეობამ (ისედაც, სულ რამდენიმე კომლია) სახლებიდან ცხვირის გამოყოფაც ვერ გაბედა. რამდენიმე საათში მანქანებმა უკან ჩამოიარეს, ძარებზე უკვე აღარაფერი იდო. უცნაური სტუმრები შორს რომ დავიგულეთ, რამდენიმე კაცი იმ მიმართულებით გავემართეთ, საითაც მანქანები მიდიოდნენ. რამდენიმე კილომეტრში, უკაცრიელ აგილზე, იქ სადაც ოდესღაც სოფელი დევენამუხლი იყო, გათხრების კვალი აღმოვაჩინეთ. თავიდანვე ვირწმუნეთ, რომ ასე საიდუმლოდ აქ რადიოაქტიური ნარჩენები დაფლეს და დავიზაფრეთ, რადგან ამ მთებში არის სათავე იმ წყაროებისა, რომელსაც ჭყოპიანელები სასმელად და სარწყავად ვიყენებთ.
მას შემდეგ კი, რაც ახალმა ხელისუფლებამ სამეგრელოს ტყეებში კასრებში დამარხული იარაღი აღმოაჩინა, ვვარაუდობთ, რომ აქაც მსგავსი სამალავია მოწყობილი.
ვიღაცები ამტკიცებენ, რომ დამარხვიდან მალევე „ბოჩკები" ამოთხარეს და უკან წაიღეს, მაგრამ მე მარტო ამოტანა ვნახე და ვფიქრობ, რაც მაშინ ჩაფლეს, ძველებურად ისევ იმ ადგილზე უნდა იყოს. თუ გნებავთ, წამოგყვებით და განახებთ კიდეც, ოღონდ არც სურათი გადამიღოთ და არც ჩემი ვინაობა დააფიქსიროთ!
რა თქმა უნდა, სიხარულით ვთანხმდებით. ტარიელი ჩვენს მანქანაში ჯდება. აღმართს მივუყვებით... შეიძლება ითქვას, რომ ეს უკვე გზაც აღარ არის... სოფელ ჭყოპიანს ორიოდე კილომეტრით ვცდებით, მანქანიდან გადმოვდივართ. გზას ფეხით ვაგრძელებთ. ტარიელი წინ მიგვიძღვის. მე ყველაფერს ვიდეოკამერით ვაფიქსირებ. 60-70 მეტრის შემდეგ გორაკებს შორის შევდივართ. აი, აქ არის დამარხული! - ტარიელი ერთმანეთისგან 4 მეტრით დაშორებულ 2 მიწაყრილისკენ გვითითებს. მიწა ამობურცულია, დაახლოებით ისე, მიცვალებულის დამარხვის შემდეგ რომ რჩება ხოლმე, ოღონდ გრუნტი უკვე მყარია. ორივე ამობურცული ადგილი თეთრი, პატარა ქვებით არის მოფენილი, თითქოს ვიღაცამ მონიშნაო, თანაც ახლომახლო მსგავს ქვებს ვერსად ვამჩნევ... გადაღებას ვასრულებ, ტარიელს მხოლოდ ზურგიდან ვაფიქსირებ, ასე ვერავინ ამოიცნობს. არ ვიცი, რას ერიდება, მაგრამ დაე იყოს მისი ნება. ფასდაუდებელი სამსახური გამიწია. ზუსტად ვიცი, რომ ამ სტრიქონებს წაიკითხავს.
დედაქალაქისკენ ჩაფიქრებულები მოვდივართ. ჩამავალი მზის სხვიები ისე მოგვაცილებენ, თითქოს მნიშვნელოვან საიდუმლოს გვიმხელენ.
ბოლოთქმა
ჩვენ დავუკავშირდით კასპის რაიონის ყოფილ გამგებელს ოლეგ იაძეს, რომელიც ახალი ხელისუფლების მოსვლიდან ერთ თვეში დაინიშნა ამ თანამდებობაზე. „დიახ, მეც მსმენია, რომ ჭყოპიანთან შესაძლოა, იარაღის საიდუმლო სამარხი იყოს! იმ პერიოდში ცალკე უშიშროება, ცალკე რესპუბლიკელები მიტევდნენ და საკითხის ღრმად შესწავლა ვერ მოვასწარი. დარწმუნებული ვარ, უშიშროების სამსახურს ზუსტი ინფორმაცია ექნება!" ჰოდა, თქვე დალოცვილებო, თუ ინფორმაცია მართლაც გაქვთ, მოსახლეობას დაზაფრულ მდგომარეობაში რად ამყოფებთ? ნუთუ ნაცების „სახელის შელახვას" გაურბიხართ? იქნებ, მართლაც იარაღია, რომელსაც ოდესმე ხალხის წინააღმდეგ გამოიყენებენ? თუ იქ რადიოაქტიური ნარჩენებია, ხომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მათი გატანა! იქნებ, სამეგრელოს კასრების მსგავსად, ჭყოპიანში საიდუმლოდ დაფლულ კასრებშიც მოიპოვება ადამიანების სასტიკად წამების ამსახველი ვიდეოკადრები? იმოქმედე ხელისუფლებავ! უთხარი მოსახლეობას სიმართლე!
მოამზადა ზაზა დავითაიამ
გაზეთი „ასავალ-დასავალი"