reportiori.ge - ნიკოლოზ მჟავანაძე: ხელისუფლებას მივამართავთ: მაინცდამაინც რევოლუცია უნდა მოხდეს, რომ ყურები გამოიფხიკონ?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:15
ინტერვიუ
ნიკოლოზ მჟავანაძე: ხელისუფლებას მივამართავთ: მაინცდამაინც რევოლუცია უნდა მოხდეს, რომ ყურები გამოიფხიკონ?
ავტორი:
17 მარტი, 2015. 13:42


ამერიკის საელჩოსთან პროვოკაცია იგეგმება?


ვინ აპირებს ამერიკის საელჩოსთან საპროტესტოდ მისვლას? რის დაწერას აპირებენ საქართველოს შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციები?


„ალიას" ესაუბრება „უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე.


- მუდმივად ვუსმენ სააკაშვილის ამოსვლებს უკრაინაშიც და „სიენენზეც" და ეს კაცი და მისი გუნდი სულ ცდილობს იმ სტიგმის დამკვიდრებას, რომ საქართველოში არსებული ხელისუფლება პრორუსულია და ამის დამტკიცებას ისინი ცდილობენ დასავლეთისთვისაც. აქედან გამომდინარე, ძალიან საგანგაშოდ მეჩვენება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება, რომელიც ეხება ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის ბრალის დამძიმებას, სადაც ისინი აცხადებენ, რომ თურმე ძალიან შეშფოთებულები არიან ციხეში მყოფების ბედით. ასევე, პარალელურად გაკეთდა განცხადება ზუგდიდის ინციდენტთან დაკავშირებით და ამ განცხადებაში სულაც არ იყო ნახსენები, რომ ეს ხალხი ფულს არიგებს და რომ, არსებული ინფორმაციით, არეულობისთვის ემზადებიან.


- ანდა რატომ არ შფოთდება საელჩო, როცა მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ აცხადებს, ჩვენ არჩევნებამდე დავბრუნდებით ქვეყნის სათავეშიო?


- და არ არის ეს რევოლუციისკენ მოწოდება? ეს არ არის ცნობილი ამერიკის საელჩოსთვის? ჩემთვის ცნობილია, რომ აპირებენ ამერიკის საელჩოსთან გაიმართოს საპროტესტო აქციები, რადგანაც მათი განცხადებები შეურაცხყოფაა ქართველი ხალხისთვის, მაგრამ ეს არამც და არამც არ უნდა მოხდეს, რადგანაც ესაა გარკვეული პროვოკაცია. მაქვს ინფორმაცია, რომ მიდის გარკვეული ხელშეწყობა, რომ, რაც შეიძლება, დაიძაბოს 21 მარტის წინა განწყობა და მოხდეს სიტუაციის ესკალაცია. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ კომუნისტების დროს ის მეორე პირი, რომელიც იყო ცეკას მდივნის მეორე მოადგილე და რომელიც რუსებს ჰყავდათ დანიშნული, ასე ხმამაღალ განცხადებას არ აკეთებდა, რასაც დღეს ამათგან ვისმენთ. ჩემი აზრით კი, საელჩოს მიჰყავს იქითკენ საქმე, რომ რეალურად გამოვიდეს ხალხი, მერე ხელისუფლებამაც დააფიქსიროს პოზიცია და ითქვას, რომ აი, ამერიკა არ გვინდა, ამერიკა ჩვენს შინაურ საქმეებში ერევაო და ამით ისარგებლებს „ნაციონალური მოძრაობა" და ჩვენკენ გამოიშვერს ხელს: ხომ ვამბობდით, რომ ესენი პრორუსულები არიანო.


ჩვენ ცხრა წელი ვითმენდით იმას, რომ ქვეყანაში ტერორი ხორციელდებოდა და იგივე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და სხვა ქვეყნების საელჩოები რატომ იყვნენ ჩუმად და რატომ ხმას არ იღებდნენ იმ სისხლზე, რაც აქ იღვრებოდა? მათი შეშფოთება რატომ არ გვახსოვს, ქუჩაში დახვრეტებზე, უკანონო პატიმრებზე, ციხეებში გაუპატიურებებზე? ბინებისა და წილების ჩუმად გადაფორმებებზე და რატომ მაშინ არ შფოთავდნენ? დღეს რომ ლამის ქვეყანა დაანგრიონ? ამიტომ ჩვენ ხელი არ უნდა შევუწყოთ ამ პროცესების განვითარებას და მოსახლეობამაც კარგად უნდა გავიგოთ ეს.


რაც შეეხება ხელისუფლების ლიბერალობას ამ დამნაშავე ელემენტების მიმართ, რომლებიც ლამის ყოველდღე ახორციელებენ გამგეობებში შევარდნებს და პროვოკაციებს აწყობენ. ვერ გავიგე, ხულიგნობა არ არის დასჯადი ქმედება და ეს ხალხი რომ აშკარად თვითნებობს, ამაზე მათ პასუხი არ უნდა მოეთხოვოთ? ეს ქმედებები კი მიზნად ისახავს, რომ ტელევიზიების საშუალებით მკვიდრდება ის ტერმინი, რომ საქართველოში დაიწყო სამოქალაქო დაპირისპირება, რადგან სურთ, რომ საზოგადოება გაყონ და ამით თქვან, აქეთ ერთი ძალაა და იქით მეორე ძალაო. ამიტომ ხელისუფლებამ ყველა ის ძალა, რომელიც ხელს უწყობს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას და საამისოდ ფინანსდება, უნდა დაკავოს, ზოგი ადმინისტრაციული წესით უნდა გასამართლდეს და ზოგი - სისხლის სამართლის წესით! მაქვს ინფორმაცია, ხალხი მეუბნება, რომ მოდიან კოორდინატორები და 50-100 ლარს გვთავაზობენ, ოღონდაც კი გავიდეთ აქციაზეო. კარგად გაიხსენეთ ის სიები, რომელიც ამათ ამხანაგობების თავმჯდომარეებს ჰქონდათ. ის სიები ისევ ცოცხალია. მიუხედავად იმისა, რომ ეს თავმჯდომარეები თავის ადგილებზე აღარ არიან, კვლავ მიდის ამ ადამიანებზე მუშაობა და დღეს, როცა სოციალური ფონი არც ისეთი მაღალია, ბევრი შეიძლება ამაზე წავიდეს.


გაიხსენეთ, რა მოხდა როლანდ ახალაიას ოჯახთან დაკავშირებით: ახალაიების დედა რომ დადიოდა და მეზობლებში რომ ფულს არიგებდა. ამიტომ ამ ხელისუფლებას მივამართავთ: მაინცდამაინც რევოლუცია უნდა მოხდეს, რომ ყურები გამოიფხიკონ? ახლავე აღკვეთონ საქართველოში გადატრიალების მცდელობა, რომელიც, ყველა ვხედავთ, რომ დაწყებულია და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერს ზურგს უმაგრებენ დასავლეთის რეაქციული ძალები, რომლებმაც 2008 წელს სააკაშვილს ომი დააწყებინეს.


- ამ დღეებში საქართველოში ჩამოვიდა გაეროს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მოხსენების სპეციალური კომისიის დელეგაცია და გაგახსენებთ, ამ კომისიაში ჩვენი წარმომადგენელი გიორგი ტუღუშია.


- სხვათა შორის, ამ დელეგაციას დავალებული აქვს, გაკეთდეს განცხადება, რომ საქართველოში ამ კუთხით პრობლემებია და ამ კომისიაში ნამდვილადაა საქართველოს წარმომადგენელი გიორგი ტუღუში, ყოფილი „ნაციონალი" და დღესაც ამ გუნდის წევრი. ჩემი ღრმა რწმენით, ეს ადამიანები სრულიად შეგნებულად, 21 მარტამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამობრძანდნენ, რათა დაიდოს ის დასკვნა, რაც ხელს აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას". ასევე, შემთხვევითი არაა, რომ საქართველოში ჩამოვიდა ევროპარლამენტის დელეგაცია, შეხვდნენ ყოფილ „ნაციონალებს" და, ჩემი აზრით, ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ, ვიმეორებ, 21 მარტამდე დაიდოს დასკვნები ამ ორგანიზაციებიდან და სიტუაცია მოინათლოს, რომ თითქოს ქვეყანაში უბედურება ხდება და რომ ამან ერთგვარად უბიძგოს და საბოლოოდ საქართველოში ხელისუფლება დაემხოს! ამიტომ, კიდევ ვიმეორებ, ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს გონიერება და ასეთი განცხადებების ფონზე უნდა მოხდეს ამერიკის ელჩის დაბარება და საგარეო საქმეთა მინისტრმა კარგად უნდა აუხსნას ამერიკელ პარტნიორებს, რომ საქართველო არის სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა და არ შეიძლება ქვეყნის საშინაო საქმეებში ასე ხელაღებით ჩარევა. ვინ ეკითხება ამერიკის საელჩოს, ქართველები ბრალს ვის წავუყენებთ? ვისი რა საქმეა? და თუ მართლაც ასეა საქმე, როგორც ისინი ფიქრობენ, მაშინ რაღას გვატარებინებენ არჩევნებს, ის დასვან, ვინც მათ უნდათ და დამთავრდება საქმე. გავიხსენოთ, რომ სწორედ ვარდების რევოლუციის მხარდაჭერით მოხდა ქვეყანაში არნახული ტერორი, დავკარგეთ ტერიტორიების აღდგენის რეალური შანსი, პირიქით, კიდევ მივუმატეთ დაკარგული ტერიტორიები და დღეს თბილისამდეა მოსული რუსი ოკუპანტი. შევარდნაძის სისუსტე ის იყო, რომ ვერ შეაფასა ის ძალა, რომელიც მოდიოდა და ჩვენ ხომ ვიცით, ვინც არიან?

 

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016