reportiori.ge - ნიკუშა შენგელაია: საქართველოში სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობის“ რებრენდინგი გამორიცხულია!– ნორლანდმა და სხვებმა ეს შუბლზე კარგად დაიწერონ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:10
ინტერვიუ
ნიკუშა შენგელაია: საქართველოში სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობის“ რებრენდინგი გამორიცხულია!– ნორლანდმა და სხვებმა ეს შუბლზე კარგად დაიწერონ
ავტორი:
18 მარტი, 2015. 14:08

 

 

„საერთო გაზეთის" სტუმარია მხატვარი ნიკუშა შენგელაია:

 

 

- ბატონო ნიკუშა, ბოლო დროს, მოსახლეობა ხელისუფლებაზე განაწყენებულია და არცთუ უსაფუძვლოდ. მათი დიდი ნაწილისთვის ვერ აღდგა სამართლიანობა. ამით „ნაცმოძრაობა" შეგულიანდა და ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნით საპროტესტო აქციაც დაანონსა. რატომ მივიდა საქმე აქამდე, მოსახლეობამ ხომ ნაცებს სრული უნდობლობა გამოუცხადა, რამ გაათამამათ ისე, რომ საზოგადოების მათდამი განწყობას არად დაგვიდევენ?

 

 

- ხელისუფლების მიმართ ხალხის პრეტენზიები მართლაც არსებობს, მაგრამ მნიშვნელოვანია, მან, ამის სათავისოდ გამოყენების საშუალება იმ ძალებს არ მისცეს, რომლებიც ქვეყანაში არეულობის ორგანიზებას გეგმავენ. მათ ქვეყანა სულ სხვა მიზნისთვის სჭირდებათ, სხვა რამეს ემსახურებიან. ხალხმა 12 ოქტომბერს უარი თქვა - ძალადობაზე, საკუთრების წართმევაზე, ერთპიროვნულ მმართველობაზე, წამებაზე და ა.შ. ამასთან შედარებით დღევანდელი პრობლემები - არაკომპეტენტურობა, საკადრო პოლიტიკა, ზოგიერთი უწყების არაეფექტური მუშაობა, თავისი წონით და მიდგომებით იმდენად განსხვავებულია წინამორბედის შეცდომებისგან, რომ საზოგადოებამ ამის აღრევა არ უნდა დაუშვას. გუშინდელი საშინელების დავიწყება, წარმოუდგენელია. მთავარია, დღევანდელი ხელისუფლება, პრობლემების მიმართ, ადეკვატურია. რა თქმა უნდა, უფრო ეფექტური მუშაობა შესაძლებელია, ასევე, უკეთესი კადრების მოძიებაც, მაგრამ გამოსწორებადი თემებია. ხანდახან, რაღაც საკითხებზე ბევრი დრო იკარგება, მაგრამ ხომ ხედავთ, რა რეალობაში გვიწევს ცხოვრება. საგარეო ფაქტორები ჩვენზეც მნიშვნელოვნად მოქმედებს. ეკონომიკური პრობლემები, ლარის გაუფასურება დიდწილად საგარეო პრობლემებთანაა მიბმული, მცირეწილად კი საშინაო რეგულაციებთან და არაეფექტურ მუშაობასთანაც. გავიხსენოთ, ოთხმილიონიანი მოსახლეობიდან, მილიონზე მეტი იმ ქვეყნებშიცაა დასაქმებული, რომელსაც კრიზისმა დაარტყა. ასევე, შეჩერდა ექსპორტი.

 

 

დღეს, სამწუხაროდ, ადამიანებს ძალიან ადვილად ატყუებენ, რასაც მასმედიაც უწყობს ხელს. იგი ისეთ გარემოს ქმნის, თითქოს აქამდე შვეიცარია ვიყავით და ყველაფერი ახლა დაინგრა. ჩემი აზრით, ბოლო ორი წელია ჩვენ პრო-ქართული ხელისუფლება გვყავს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა ისევ შარში არ გაეხვეს. თუმცა, არის საკითხები, რომლებიც ბევრად ეფექტურად, სწრაფადაა გადასაწყვეტი, საჭიროა ინიციატივიანი ადამიანები, ბიზნესსაც მეტი თავისუფლება სჭირდება, შესაქმნელია თავისუფალი ეკონომიკური ზონები. ჩვენ, ორი რესურსი გვაქვს - გეო-პოლიტიკური მდებარეობა ანუ ტრანზიტი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და ენერგეტიკა. საჭიროა მხოლოდ ჭკვიანური ეკონომიკური პოლიტიკის განვითარება, რომლის რესურსი ადამიანები არიან. ასე, რომ „ნაციონალების" აქციაში საშიშროებას ვერ ვხედავ. მეტიც, მიკვირს, რისი იმედი აქვთ, რომ მთელ ქვეყანას ამნეზია დაემართება და გუშინდელი დღე დაავიწყდება. მაგრამ ზოგადად, ამდენსაც არ უნდა ვაბედინებდეთ, ეს ჩვენი ტოლერანტობის მაჩვენებელია. ქართველი ხალხი შურისმაძიებელი არაა. მაგრამ ეს ყოველთვის ერთნაირად არ მუშაობს - ხან კარგია, ხან ცუდი.

 

 

პასუხისმგებლიანი პოლიტიკა თუ სპეკულიანტური ურა-პატრიოტიზმი

 


„ნაციონალებს" ნამუსი არ აქვთ. ხომ გაგიგონიათ, ენას ძვალი არ აქვს და ნამუსს საზღვარიო. მასმედიაც ხელს უწყობს მათ ფეტიშირებას. გარეთ, სხვა განწყობაა. რეალურად, ხალხის ხელისუფლებისადმი მოთხოვნა მუშაობაში მეტი ეფექტურობაა, მეტი არაფერი. რაც ხდება, სულ ტელევიზიების დაგეგმილი პროვოკაციებია. ქმნიან გარემოს, თითქოს, ქვეყანა იქცევა. გგონიათ ვინმეს დაავიწყდა „ნაციონალების" გუშინდელი დღე? თუ ხალხი დაიღალა და ნაცებს ვერდიქტი გამოუტანა, ვეღარაფერი უშველით. ქართველი ხალხი ბევრად ბრძენია, ვიდრე ნაცებს წარმოუდგენიათ. მათ ხომ ხალხზე სხვა შეხედულება აქვთ - რომ ხალხი ჩამორჩენილი, ბნელია და თავად ნათელი მომავალი არიან. მთელს მსოფლიოს მიმართავდნენ ჩვენ დაგვიჯერეთ, ეს ქვეყანა ჩვენ უნდა ვმართოთო. დიდ ფასეულობებს, ტრადიციებს, კულტურას თავად არ იცნობდნენ და რა უნდა გაეკეთებინათ. ვიმეორებ, სიბრძნე, ერთიანობა გვჭირდება. წინაპრებმა ტყუილად როდი დაგვიწერეს ძალა ერთობაშიაო, ეტყობა ამის პრობლემა ყოველთვის იყო. ჩვენ, დღესაც, ვერ შევიგნეთ, რომ ერთი მიზნისთვის - ქვეყნის გადარჩენისთვის ვიმოქმედოთ,  ამის ნაცვლად ყველა ცალ-ცალკე გაიძახის - არა, მე ვარ მართალი, არა, მეო. ამ დროს ერთი ბეწო ქვეყანა ვართ და ისეთი საფრთხეების წინაშე ვდგავართ, რომელსაც შეიძლება ვერც გავუმკლავდეთ, მაგრამ მცდელობა ხომ უნდა იყოს. პასუხისმგებლიანი პოლიტიკაა საჭირო და არა სპეკულიანტური ურა-პატრიოტიზმი. ურა-პატრიოტებს არ აწუხებთ რა მოუვა ხვალ მის მეზობელს, თავად სოფელს და ა.შ არამედ საუბრობენ იმისთვის, რომ არენაზე ჩანდნენ. 2008 წელს გამომჟღავნდა რა პასუხისმგებლობასაც გრძნობენ ეს ურა-პატრიოტები ხალხის მიმართ. ეს, ალბათ, დიდ პროვოკაციაში მონაწილეობა იყო, რაც მომავალში გაირკვევა. ხელისუფლების დღევანდელი დამოკიდებულება სულ სხვაა - იგი შეცდომებსაც აღიარებს და თავის მოსახლეობას ჯინში არ უდგას. უბრალოდ, გვინდა, გარკვეულ სფეროებში - განათლება, ეკონომიკა, კულტურა და სხვა, უფრო ეფექტურად იმოქმედონ. ეს ადვილი როდია. მოსახლეობა კარგად უნდა დაფიქრდეს და  9 წლიანი და ამჟამინდელი მმართველობა ერთმანეთისგან გამიჯნოს. „ნაცმოძრაობას" მოსახლეობით მანიპულირება უნდა, ამ თამაშში არ უნდა ავყვეთ. განა მათ დადეს რაიმე გეგმა, რომ უკეთ გვაჭმევენ, უკეთ ჩაგვაცმევენ ან უკეთეს განათლებას მოგვცემენ? მხოლოდ კრიტიკით არიან დაკავებულნი და გაიძახიან, უუნარო ხელისუფლება გვყავსო. გავიხსენოთ, რა უნარები გამოამჟღავნეს თავად. ხელისუფლებაში ყოფნისას? სააკაშვილი მოსახლეობას ზიზილ-პიპილოების კეთებით ატყუებდა, მერე აპიარებდა და ადამიანს ეგონა მაგარ ქვეყანაში ცხოვრობდა და თუ ცუდად იყო, მხოლოდ მისივე ბრალეულობით. ანუ, სააკაშვილი პიარზე და დახმარებებზე იდგა. რა ფასად მოსდიოდა ეს დახმარებები? ალბათ, მომავალში გაირკვევა რისთვის მიიღეს 4 მილიარდი. ასეთ თანხას უბრალოდ, არავინ იძლევა. სად არის სამაჩაბლო? დაფიქრება გვმართებს. კი ადამიანებს უკეთესი ცხოვრება უნდათ და კიდეც უნდა მოსთხოვონ ხელისუფლებას, ოღონდ მოთხოვნები რეალური, კონსტრუქციული უნდა იყოს. თუ ვინმეს ამ მოთხოვნების უკეთ შესრულება შეუძლია, რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ის უკეთესი მოვიდეს. მთავარია, ადამიანებს სიმართლე ვუთხრათ. ერს უნდა გააჩნდეს ზოგადი მეხსიერება, რითაც ვითარდება. ერთი და იგივე შეცდომა იმავე უნარებში ორჯერ არ უნდა დავუშვათ.

 

 

- ხომ არ გეჩვენებათ, რომ ბოლო დროს, საზოგადოებას მეხსიერება დაუმოკლდა. სამოქალაქო საზოგადოება ვერა და ვერ შედგა.

 

 

- ასეა, თუმცა მიზეზს ვერ ვხვდები. ცალკე ინდივიდს თუ დაავადებული არაა, მშვენიერი მეხსიერება აქვს. საზოგადოება რატომ ივიწყებს ხოლმე ყველაფერს, ეს ცალკე საკითხია და ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურ სტილშია გასაანალიზებელი. ამას ისტორიის ფორმაციაც ხომ განაპირობებს. საქმე ისაა, რომ საკმაოდ დიდხანს ჩვენი ქვეყნის ბედზე პასუხისმგებელნი არ ვიყავით. ჩვენ, აქ მაცხოვრებელი ერი ვიყავით, რომელსაც პასუხისმგებლობა სხვა დიდი იმპერიიდან ჰქონდა ჩამორთმეული, ანუ სხვა ადგილიდან ვიმართებოდით და ადამიანები ქვეყნის ბედზე პასუხისმგებელნი არ იყვნენ. 20-25 წელი ისტორიის, ერის განვითარებისთვის ძალიან ცოტაა. შეიძლება ესეც მოქმედებს. ყველაფერი ჩვენგან დამოუკიდებლად რომ წყდებოდა, შეიძლება, ამიტომაც მოვდუნდით.

 

 

ქართველი ხალხი სააკაშვილის რებრენდინგის წინააღმდეგ

 

 

საერთაშორისო თანამეგობრები ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკურ დევნაზე გვესაუბრებიან. არ მესმის, რატომ უწოდებენ მათ ასე? ისინი კონკრეტული საქმისთვის გასამართლებული ადამიანები არიან, რომლებმაც თანამდებობაზე ყოფნისას დანაშაული ჩაიდინეს. იცით, რა ეს უკვე რაღაც მარაზმში გადადის. ვფიქრობ, მათ სწორი ანალიზისთვის შესაბამის ანალიტიკოსებთან, ისტორიკოსებთან სჭირდებათ კონსულტაციები. რატომღაც, მხოლოდ იმ ხელმოცარულ პოლიტიკურ ძალას უსმენენ და ეყრდნობიან, რომელსაც ქართველი საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს. მათ, ჭკუას უნდა მოუხმონ და კონსულტაციები იმ ადამიანებთან გაიარონ, რომელსაც ქართველი ხალხი უსმენს, პატივს სცემს. ხელის გადაფარება იმ ადამიანებზე, რომელთაც ჩვენი მოსახლეობის 80% ვერ იტანს, რაც არჩევნებითაც გამოჩნდა ნიშნავს, რომ იმ 80%-ს შეურაცხყოფას აყენებ. ანუ, მათ ქვეყანასთან კი არა, „ნაცმოძრაობასთან" უნდათ ურთიერთობა. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ საზოგადოების 80%, რომელმაც „ნაციონალებს" უარი უთხრა აქ ვცხოვრობთ და თუ მათ ეს არ ესმით, ასეთი ორმაგი სტანდარტების გამო, საგარეო პოლიტიკაში, ყველგან, პრობლემები ექნებათ. საქართველოში, სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის" რებრენდინგი, გამორიცხულია. მათ ვეუბნები - ამას ხელისუფლება კი არა, ხალხი არ დაუშვებს. პირდაპირ დაწერეთ - ნორლანდებმა და სხვებმა ეს, შუბლზე კარგად დაიწერონ.

 

 

- ბატონო ნიკუშა, „ნაციონალების" არმიის ნაწილი უკრაინაში თანამდებობებზე გადაბარგდა. იმ შემთხვევაში თუ იქაც იგივე სიავეებს ჩაიდენენ, რა საფრთხე შეიძლება დაგვემუქროს, ეს, ჩვენს მიმართ, უკრაინელების გაღიზიანებას არ გამოიწვევს?

 

 

- უკრაინელები, ჩვენზე, რატომ უნდა გაღიზიანდნენ. უკრაინის ხელისუფლებამ, ქართველი ხალხის მიმართ, აბსოლუტური უპატივცემულობა გამოიჩინა. იმიტომ, რომ ის დამნაშავეები, რომელბიც ქართველ ხალხზე ძალადობდნენ, ქვეყანა გაძარცვეს თავისთან წაიყვანეს ინფრასტრუქტურული სახელმწიფოებრივი ცვლილებების განსახორციელებლად, ეს ხომ სასაცილოა. ამაში მორალი არ დევს. სადაც მორალი არ დევს, ის პოლიტიკა დამთავრებულია. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ, ცოტა ხანში დაინახავენ ვინაა სააკაშვილი.

 

 

სად გინახავთ ასეთი რამ? - დოქტრინა, რომელზეც მერე უარი თქვეს - ის ნაძირალაა, ოღონდ ჩვენი ნაძირალაო, დღეს, ისევ ამუშავებენ? რა ხდება, არ ვითარდება ამერიკის გოსტ დეპარტამენტი? ისტორიას არ აკვირდება? ამერიკა იმიტომ კი არ გვიყვარდა რომ ამერიკა ჰქვია, არამედ იმიტომ, რომ დემოკრატიულ ფასეულობებს, ღირებულებებს ეყრდნობოდა. ასე ხომ მთავარს - განწყობას დაკარგავენ. ყველაზე დიდი პოლიტიკა ისაა, როცა ადამიანებს შენთან ყოფნის სურვილი აქვთ, მაგ დროსაა ძლიერი საგარეო პოლიტიკაც. ამერიკა თავად აკეთებს ყველაფერს რომ ეს განწყობა დაიკარგოს. დღევანდელ პოლიტიკაში ლიდერშიპები არ არიან. გაიხსენეთ, რა პრეზიდენტები, ლიდერები ყავდა ამერიკელებს, ევროპელებს. ვინ არის ეს ხალხი, მხოლოდ გადარჩენაზე და იმაზე ფიქრობენ თავიანთი შპიონები ვინ სად ჩასვან.

 

 

- ბატონო ნიკუშა, სამართლიანობის აღდგენის იმედით ხალხმა ხელისუფლება შეცვალა. თუმცა, დასაწყისშიც ვახსენე, რომ ამ მხრივ იმედგაცრუებაა.

 

 

- ეს, ძალიან რთული თემაა. ჩემი პოზიციაა, ვინც დანაშაული ჩაიდინა, გასამართლდეს, დაკარგული ქონება პატრონს დაუბრუნდეს, მაგრამ ეს პრობლემატური იქნება იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ხალხს ქონებას ართმევდა, კვლავ თავად განიხილავენ ამ საქმეებს. როგორ წარმოგიდგენიათ ეს? მე თუ მკითხავთ, ჯერ პროკურატურაში რეფორმა უნდა ჩაეტარებინათ, საქმეები უნდა განეცალკავებინათ. მაგალითად, ვიცი ადამიანები, რომელთაც მორალური რეაბილიტაცია ყოფნიდათ, მაგრამ დღემდე ვერ მიიღეს. ათასობით ადამიანი ქონების დაბრუნებას ითხოვს, რაც ვერ წარმომიდგენია, ეს ძალიან რთული პროცესი იქნება. მაგრამ აუცილებლად დასაწყები და გასაკეთებელია. ყველამ უნდა შეიგნოს რომ ყაჩაღობით, თანამდებობით არავის არაფერი შერჩება. არცერთ ქვეყანაში თანამდებობა იმის ინდულგენცია არაა, რომ მომავალში რაც მოგინდება გააკეთო, თუ დაგიჭერენ, თურმე პოლიტპატიმარი ხარ. რას ქადაგებენ? - ადამიანი ერთხელ თანამდებობაზე თუ მოხვდა, რაც არ უნდა ჩაიდინოს, შემდეგი ხელისუფლება ამ ნამოქმედარის გამო თუ დააკავებს, იგი პოლიტპატიმარია? ან თავს იშტერებენ, ან შტერები არიან. ნუ ჰგონიათ, რომ რაკი პატარა ქვეყანა ვართ და ბევრმა ინგლისურად ლაპარაკი არ იცის, სამართალს აჯობებენ. აი, იცოდნენ, მარტო გავალ მაგათთან, თან ქართულად, შეიძლება ერთი-ორი სომხური სიტყვაც ვიხმარო. სიბრძნე გვმართებს. ხალხიც დაიბნა, ხან ეუბნებიან ხვალ შვეიცარია გახდებიო, ხან რა და ხან რა, მოდით, რა საქართველო ვიყოთ. სამწუხაროდ, ჩვენი იდენტობა, კულტურა, ტრადიცია, ეთნოსი რომ შევინარჩუნოთ და გავმრავლდეთ, ამაზე არავინ საუბრობს. ვიღაცები გამოდიან და წიკვინებენ ბიძინა ივანიშვილი რატომ ერევა ქვეყნის საქმეშიო. სირცხვილი არ აქვთ? ერთი მემილიონედი მაინც გააკეთონ საქმით იმისი, რაც ივანიშვილმა, თავისი რესურსებით, ქვეყანას გაუკეთა.

 

 

დაუსრულებელი მუნიზაცია

 

 

პოლიტიკური პარტიები მუნივით არიან, ვეღარ მოვიშორეთ. ახლახან, ძველი არასაპარლამენტო ოპოზიცია კვლავ გაერთიანდა და „ნაციონალებთან" ერთად საარჩევნო კოდექსზე სამსჯელოდ დაჯდა. რა უბედურებაა ეს, რით ვეღარ მოვიშორეთ ეს ხალხი? აღარ გვჯერა, ბატონო, თქვენი, ვნახეთ ვინც ხართ, დაგვეხსენით, გაუხსენით გზა ახალგაზრდობას, იქნებ წესიერი ხალხი გამოჩნდეს, აღარ გვინდიხართ, წადით, ძმაო, სახლებში.

 

 

- როგორ ფიქრობთ, უნდა აიკრზალოს თუ არა „ნაცმოძრაობა" როგორც პოლიტიკური პარტია ისე, როგორც თავის დროზე კომუნისტური პარტია აიკრძალა.

 

 

- ეს იყო ძალადობრივი ავტორიტარული რეჟიმი. პირადად მე, ისინი ნეო-ბოლშევიკებს უფრო მახსენებს, ვიდრე კომუნისტებს. სხვათა შორის, ძალიან ბევრი პუტინის მმართველობას სააკაშვილისას ადარებდა. როგორ მოვიშოროთ? - 2 მილიონი კაცი გარეთ უნდა გამოვიდეს, გადავიღოთ როგორ ვაპანღურებთ ქვეყნიდან და ეს ამერიკის გოსტ დეპარტამენტს გავუგზავნოთ. თუ ეს ხელისუფლება ისევ კეკლუცს გააგრძელებს, ბოლოს, ყველაფერი ამით დამთავრდება. ხელისუფლებამ რა ქნას, ეკონომიურადაც რთულ მდგომარეობაში ვართ და სხვა გზა არ აქვთ მათ აზრს ისმენენ. მაგრამ ეს, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. მეგობრებო, ქართველ ხალხთან გაქვთ საქმე. ხელისუფლებას კი ნუ თხოვთ „ნაცმოძრაობის" შენდობას, დამნაშავეების გაშვებას, არამედ გააცნობიერეთ, რომ ქართველ ხალხთან გაქვთ საქმე.

 

 

- „ნაციონალების" მიერ დაგეგმილ არეულობაში ლომის წილი მასმედიასაც მიუძღვის?

 

 

- „ნაციონალებს" თავისი პროპაგანდის წყარო აქვთ - „რუსთავი-2", ისინი სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილ ნიუსებს გადმოსცემენ. ქართველ ხალხს თავმოყავრეობა რომ გვქონდეს „რუსთავი-2" არხებიდან უნდა გამოვრთოთ და რამდენიც უნდათ იმუშაონ. ხალხმა, მათ, არ უნდა უყუროს იმიტომ, რომ ეს არხი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული. ჩვენ, იმ რეალობაში უნდა განვვითარდეთ, რაშიც ვართ. ქართველობას ცხოვრებას არ აცლიან. ვილაპარაკოთ, იმაზე თუ როგორ განვვითარდეთ, რა საფრთხეები გვაქვს, როგორ ავარიდოთ თავი, ამის ნაცვლად მთელი დღე ჭამენ ერთმანეთს, დეზერტირების ბაზრის წინ რომ დაეტაკებიან ქალები ერთმანეთს, აი, იმას დაემსგავსა ჩვენი მასმედია.

 

 

 

თამარ შველიძე

 

გაზეთი „საერთო გაზეთი"

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016